იყავით „დიდად თანამგრძნობნი“
იყავით „დიდად თანამგრძნობნი“
შიმშილით, ავადმყოფობით, სიღარიბით, დამნაშავეობით, სამოქალაქო ომებითა და სტიქიური უბედურებებით დატანჯულ ადამიანებს დღეს ისე როგორც არასდროს სჭირდებათ თანაგრძნობა. თანაგრძნობა არის გასაჭირში მყოფი ადამიანის ტკივილის გაზიარება და მისთვის ამ ტკივილის შემსუბუქების სურვილი. თანაგრძნობა მზის თბილი და მოალერსე სხივებივით მალამოდ ედება დამწუხრებულ სულს, ამსუბუქებს ტკივილს და მხნეობას მატებს კაცს.
თანაგრძნობა შეგვიძლია სიტყვითა თუ საქმით გამოვავლინოთ — ვიზრუნოთ სხვებზე და საჭიროების შემთხვევაში მათ გვერდით ვიყოთ. კარგია, თუ თანაგრძნობას მხოლოდ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნაცნობების მიმართ არ გამოვავლენთ. საჭიროა მათაც თანავუგრძნოთ, ვისაც არც კი ვიცნობთ. მთაზე ქადაგებისას იესომ დასვა კითხვა: „თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით?“ თანამგრძნობმა იესომ აგრეთვე თქვა: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 5:46, 47; 7:12).
ოქროს წესად ცნობილი ეს სიტყვები ბიბლიაში წერია. მრავალი ეთანხმება იმ აზრს, რომ ბიბლია საუკეთესო სახელმძღვანელოა თანაგრძნობის გამოსავლენად. ბიბლია არაერთხელ შეგვახსენებს ჩვენს ვალდებულებას, დავეხმაროთ მათ, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო დახმარება ესაჭიროებათ. ბიბლია თავის ავტორს და ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, ყველაზე თანამგრძნობ პიროვნებად აღგვიწერს.
მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღმერთი] სამართალს უჩენს უმამო ბავშვებსა და ქვრივებს, უყვარს ხიზნები და პურსა და ტანსაცმელს აძლევს მათ“ (კანონი 10:18). საღვთო წერილში იეჰოვა ღმერთის შესახებ ნათქვამია: „სამართალს უჩენს მათ, ვისაც რაღაც გამოსძალეს, და ვინც პურს აძლევს მშივრებს“ (ფსალმუნი 146:7). ისრაელში მცხოვრები სხვა ერების შესახებ იეჰოვამ ბრძანა: „არ განასხვაო შენთან მცხოვრები ხიზანი მკვიდრისგან; საკუთარი თავივით შეიყვარე იგი“ (ლევიანები 19:34).
მაგრამ თანაგრძნობის გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ არის. მოციქული პავლე კოლოსელ ქრისტიანებს სწერდა: „გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, კოლოსელები 3:9, 10, 12).
რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ. ამიტომ შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით . . . როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები“ (ამგვარად, თანაგრძნობის გამოსამუშავებლად ძალისხმევაა საჭირო. თანაგრძნობა იმ „ახალი პიროვნების“ ნაწილია, რომლითაც ქრისტიანები უნდა შეიმოსონ. პავლე ძველი რომის სასტიკ იმპერიაში ცხოვრობდა. ის თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, მნიშვნელოვანწილად შეეცვალათ თავიანთი პიროვნება, რათა უფრო თანამგრძნობნი ყოფილიყვნენ.
თანაგრძნობის ძალა
თანამგრძნობ ადამიანს ზოგიერთი სუსტ და ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანად მიიჩნევს. არის ასეთი შეხედულება სწორი?
ნამდვილად არა! თანაგრძნობას ავლენს ისეთი ადამიანი, რომელსაც დიდი სიყვარული შეუძლია; ეს თვისება კი მომდინარეობს ღვთისგან, რომელიც სიყვარულის განსახიერებაა. „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:16). იეჰოვას მართებულად ეწოდება „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“ (2 კორინთელები 1:3). „თანაგრძნობად“ ნათარგმნი ფრაზა ძირითადად „შებრალებას და სხვისი ჭირ-ვარამის გაზიარებას“ ნიშნავს. იეჰოვა „უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია“ (ლუკა 6:35).
ჩვენი შემოქმედი მოითხოვს, რომ ჩვენც გამოვავლინოთ ისეთი კეთილშობილური თვისება, როგორიცაა თანაგრძნობა. მიქას 6:8-ში ვკითხულობთ: „მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი. რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, [და] სიკეთის სიყვარულს“. იგავების 19:22-ში ნათქვამია: „კაცში სიკეთე ფასობს“. ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, რომელიც სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს, მსგავსი დარიგება მისცა თავის მიმდევრებს: „ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36). „იერუსალიმის ბიბლიაში“ ეს მუხლი შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „იყავით თანამგრძნობნი ისევე, როგორც თქვენი მამაა თანამგრძნობი“.
ამგვარად მოქმედებისთვის საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რადგან თანაგრძნობის გამოვლენას უხვი კურთხევები მოჰყვება. ხშირად ჩვენ ვხედავთ იგავების 11:17-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „კეთილი კაცი აჯილდოებს თავის სულს“. როდესაც გასაჭირში მყოფის მიმართ თანაგრძნობას ვავლენთ, ღმერთი ამას თავისთვის გაკეთებულ სიკეთედ მიიჩნევს. ღმერთი თავს ვალდებულად თვლის, რომ სხვის მიმართ თანაგრძნობის გამომვლენ თავის მსახურს, სიკეთით გადაუხადოს. მეფე სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“ (იგავები 19:17). მოციქულმა პავლემ აღნიშნა: „იცით, რომ თითოეული . . . რასაც კარგს გააკეთებს, იმასვე მიიღებს იეჰოვასგან“ (ეფესოელები 6:8).
თანაგრძნობა ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებასა და კონფლიქტების მოგვარებას. თანაგრძნობა ნათელს ჰფენს ყოველგვარ გაუგებრობას და აადვილებს პატიებას. ყოველთვის სასურველი სახით ვერ გამოვხატავთ ჩვენს აზრებსა და გრძნობებს, რაც გაუგებრობის მიზეზი ხდება; გაუგებრობა შეიძლება ჩვენი საქციელის არასწორად გაგებამაც გამოიწვიოს. ამ დროს მდგომარეობას თანაგრძნობა განმუხტავს და მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ადვილია იმ ადამიანის პატიება, რომელსაც ყველა თანამგრძნობ ადამიანად იცნობს. თანაგრძნობა გვეხმარება გამოვიყენოთ პავლეს რჩევა: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).
თანაგრძნობის გამოვლენა
თანაგრძნობას ტკივილის შემსუბუქების ძალაც შესწევს. როგორც დავინახეთ, თანამგრძნობი ადამიანი იზიარებს გასაჭირში მყოფი კაცის საწუხარს და მასთან ერთად წუხს. თანამგრძნობი ადამიანი გაჭირვებულის მდგომარეობაში შედის და დახმარების ხელს უწვდის მას.
თანაგრძნობის გამოვლენით ქრისტიანები იესოს ჰბაძავენ. ის არასდროს იყო იმდენად დაკავებული, რომ სხვებს მატერიალურად თუ სულიერად არ დახმარებოდა. როდესაც ხედავდა, რომ სხვას უჭირდა, თანაგრძნობით აღძრული იესო ყოველთვის ცდილობდა მის დახმარებას.
ვნახოთ, როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს, როდესაც დაინახა ადამიანები, რომელთა სულიერი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ იყო: „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათე 9:36). ერთი ბიბლეისტის სიტყვების თანახმად, აქ „გული ეწვოდად“ ნათარგმნი სიტყვა „ძალიან ძლიერ შინაგან გრძნობას“ გამოხატავს. ფაქტობრივად, ბერძნულ ენაში თანაგრძნობას ყველაზე მძაფრად ამ სიტყვებით გამოხატავენ.
მსგავსად, თანამგრძნობი ქრისტიანი დაუყოვნებლივ იღებს ზომებს, როდესაც ხედავს, რომ სხვებს მატერიალურად და სულიერად უჭირთ. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი“ (1 პეტრე 3:8). მაგალითად, ერთხელ, როდესაც ერთ ღარიბ ქრისტიან ოჯახს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხვაგან გადასვლა მოუწია, ისინი თანამორწმუნეებმა მიიღეს, რომლებთანაც ექვსი თვის განმავლობაში ყოველგვარი ქირის გარეშე ცხოვრობდნენ. ქმარი ჰყვება: „ჩვენი მასპინძლები ყოველდღე მოდიოდნენ და იგებდნენ ჩვენს მდგომარეობას; მათი საუბრები გამამხნევებელი იყო და თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში“.
ჭეშმარიტი ქრისტიანები უცხოებზეც ზრუნავენ. ისინი თავიანთ დროს, ენერგიასა და სახსრებს არ იშურებენ იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომლებსაც არც კი იცნობენ. წინა სტატიაში მოხსენიებული მოხალისეები, რომლებიც უცხო ადამიანებს ეხმარებოდნენ, იეჰოვას მოწმეები იყვნენ.
ქრისტიანულ კრებაში თანაგრძნობა და სიკეთე სუფევს. სიყვარულით აღძრული ქრისტიანული კრების წევრები იმის საშუალებებს ეძებენ, როგორ მოემსახურონ სხვებს. კრებაში ქვრივ-ობლებს სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებლად თქვენი მზრუნველობა და თანაგრძნობა სჭირდებათ. ისინი შეიძლება ღარიბები არიან, არ ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, ხელი არ მიუწვდებათ სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე ან სხვა სირთულეებთან უწევთ გამკლავება. შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ?
განვიხილოთ საბერძნეთში მცხოვრები ერთი წყვილის შემთხვევა. ოჯახის თავს ინსულტი დაემართა. ის და მისი მეუღლე ასობით კილომეტრით დაშორებულ საავადმყოფოში წავიდნენ. მათი მიზერული შემოსავალი ფორთოხლის დაკრეფასა და გაყიდვაზე იყო დამოკიდებული. ვინ გააკეთებდა ამას მაშინ, როდესაც ისინი საავადმყოფოში იყვნენ?
ამ საქმეს ადგილობრივი კრების წევრები შეეჭიდნენ. მათ დაკრიფეს და გაყიდეს ფორთოხალი და აღებული თანხა გასაჭირში მყოფ წყვილს გადასცეს, რითაც საზრუნავი შეუმცირეს.თანაგრძნობის გამოვლენა მრავალი სახით შეიძლება. მაგალითად, თანამგრძნობ ქრისტიანებს ესმით, რომ ზოგჯერ გასაჭირში მყოფთ მომსმენი ყური, თანაგრძნობა და ბიბლიური ნუგეში სჭირდებათ (რომაელები 12:15).
იყავით თანამგრძნობ ადამიანთა შორის
მსოფლიო ქრისტიანული კრება სიმშვიდისა და ნუგეშის წყაროა; ამ კრების წევრები თანაგრძნობასა და სიკეთეს ავლენენ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით, რომ თანაგრძნობა მიმზიდველი თვისებაა მაშინ, როდესაც სისასტიკე ყველასთვის საძულველია. ამგვარად, ისინი ჰბაძავენ ზეციერ მამას და ცდილობენ, იყვნენ „დიდად თანამგრძნობნი“.
იეჰოვას მოწმეები გულითადად გიწვევენ, გამოსცადოთ ის თანაგრძნობა, სიყვარული და მზრუნველობა, რომელიც ქრისტიანებს შორის მეფობს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათ შორის არსებული თბილი ატმოსფერო თქვენთვის მიმზიდველი და სასურველი იქნება (რომაელები 15:7).
[სურათი 5 გვერდზე]
პავლე კოლოსელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, შემოსილიყვნენ თანაგრძნობით
[სურათები 7 გვერდზე]
იესო ეხმარებოდა გასაჭირში მყოფ ადამიანებს