არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არც ერთ იარაღს შენ წინააღმდეგ არ ექნება წარმატება

არც ერთ იარაღს შენ წინააღმდეგ არ ექნება წარმატება

არც ერთ იარაღს შენ წინააღმდეგ არ ექნება წარმატება

„არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“ (ესაია 54:17).

1, 2. როგორ ცხადყოფს ალბანელ იეჰოვას მოწმეთა მაგალითი ესაიას 54:17-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას?

ათწლეულების წინ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ პატარა მთაგორიან ქვეყანაში უშიშარ ქრისტიანთა ჯგუფი ემსახურებოდა ღმერთს. კომუნისტური მთავრობა ყველაფერს აკეთებდა მათი საქმიანობის შესაჩერებლად. მაგრამ წამებამ, შრომა-გასწორების კოლონიებმა თუ მასმედიის მიერ გაწეულმა უარყოფითმა პროპაგანდამ ისინი ვერ შეაჩერა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ალბანელი იეჰოვას მოწმეები. კრების შეხვედრების ჩატარება და ქადაგება მათთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მათმა დაუცხრომელმა მცდელობამ ღირსეულად წარმოაჩინა ქრისტიანობა და განადიდა იეჰოვას სახელი. გასულ წელს თავიანთ ქვეყანაში ფილიალის ახალი შენობების მიძღვნისას იეჰოვას ერთმა დიდი ხნის ერთგულმა მსახურმა თქვა: „როგორც უნდა ეცადოს სატანა, ის ყოველთვის წაგებული გამოვა და იეჰოვა — ყოველთვის გამარჯვებული!“

2 ეს და სხვა მსგავსი შემთხვევები იმ დანაპირების შესრულების ცოცხალი მაგალითებია, რომელიც ესაიას 54:17-შია ჩაწერილი: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს“. ისტორია ცხადყოფს, რომ სატანის ქვეყნიერება ვერასდროს შეაჩერებს იეჰოვასათვის მიძღვნილ მსახურთა თაყვანისცემას.

სატანის წარუმატებელი მცდელობა

3, 4. ა) რა იარაღებს იყენებს სატანა? ბ) როგორ აღმოჩნდა წარუმატებელი სატანის იარაღები?

3 ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა წინააღმდეგ გამოყენებულ იარაღთა შორის იყო: აკრძალვები, ბრბოს თავდასხმები, დაპატიმრებები და ‘დადგენილებებით სირთულეების შექმნა’ (ფსალმუნი 94:20). დღესაც კი, როდესაც იეჰოვას მოწმეები ამ სტატიას განიხილავენ, ზოგ ქვეყანაში ჭეშმარიტი ქრისტიანების ღვთისადმი ერთგულება იცდება (გამოცხადება 2:10).

4 მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა ერთი ფილიალის მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, მხოლოდ გასულ წელს მსახურებაში მონაწილეობის დროს ღვთის მსახურებს 32-ჯერ დაესხნენ თავს. გარდა ამისა, პოლიციამ 59-ჯერ დააკავა ქადაგების დროს მოწმეები — ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, კაცები თუ ქალები. ბოროტმოქმედივით ზოგს თითის ანაბეჭდი აუღეს, სურათი გადაუღეს და დააპატიმრეს. სხვებს ცემით დაემუქრნენ. სხვა ქვეყანაში დაფიქსირებულია იეჰოვას მოწმეების დაპატიმრების, დაჯარიმების ან ცემის 1 100 შემთხვევა. ამ შემთხვევათაგან 200-ზე მეტი იმ დღეს მოხდა, როდესაც მოწმეები იესოს სიკვდილის გახსენების აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მაგრამ როგორც ამ ორ, ისე სხვა ქვეყნებში, რთული გამოცდების მიუხედავად, იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით მოწმეებმა შეძლეს განსაცდელების ატანა (ზაქარია 4:6). იეჰოვას განმადიდებელ ბაგეებს მტრის რისხვა ვერ დაადუმებს. დიახ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის განზრახვის შესრულებას ვერანაირი იარაღი ვერ შეუშლის ხელს.

ცრუ ენებს მსჯავრი ედება

5. როგორ ‘აღსდგა ცრუ ენები’ იეჰოვას მსახურების წინააღმდეგ პირველ საუკუნეში?

5 ესაია წინასწარმეტყველებდა, რომ ღვთის ხალხი მსჯავრს დასდებდა ყველა ენას, რომელიც მათ წინააღმდეგ აღსდგებოდა. პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ხშირად ცილს სწამებდნენ და ბოროტმოქმედებად აცხადებდნენ. ასეთი ბრალდებების ტიპიური მაგალითი ჩაწერილია საქმეების 16:20, 21-ში: „ამ კაცებს დიდი არეულობა შემოაქვთ ჩვენს ქალაქში  . . . და ისეთ ჩვეულებებს ავრცელებენ, რომელთა მიღება ან დაცვა ჩვენთვის, რომაელებისთვის, ნებადართული არ არის“. სხვა შემთხვევაში რელიგიური მოწინააღმდეგენი შემდეგი სიტყვებით შეეცადნენ, ქალაქის მმართველები ქრისტეს მიმდევრების წინააღმდეგ განეწყოთ: „ამათ ქვეყანა ყირაზე დააყენეს და აქაც მოვიდნენ  . . . ესენი კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებიან“ (საქმეები 17:6, 7). მოციქულ პავლეს „მავნებელი“ და იმ სექტის წინამძღოლი უწოდეს, რომელიც „მთელ მსოფლიოს“ ამბოხებისკენ მოუწოდებდა (საქმეები 24:2—5).

6, 7. რა სახით სდებენ მსჯავრს ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ ბრალმდებლებს?

6 შესაბამისად არც დღეს გვიკვირს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ცილს სწამებენ და მათ შესახებ საშინელ სიცრუეს ავრცელებენ. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მსჯავრს ვდებთ მათ, ვინც ამგვარად გვესხმის თავს? (ესაია 54:17).

7 იეჰოვას მოწმეების კარგი საქმეები აბათილებს ასეთ ბრალდებებსა და მასობრივ ცილისწამებას (1 პეტრე 2:12). როდესაც ქრისტიანები სახელმწიფო კანონებისადმი მორჩილებას ავლენენ და ხალხი მათ კარგ და სხვების კეთილდღეობაზე გულწრფელად მზრუნველ ადამიანებად იცნობს, ცხადი ხდება, რომ მათთვის წაყენებული ბრალდებები ცრუა. ჩვენს სიმართლეზე ჩვენი კარგი საქმეები მოწმობს. ჩვენი კარგი საქციელი ხშირად სხვებს აღძრავს, განადიდონ ჩვენი ზეციერი მამა და აღიარონ, რომ ღვთისმოსაწონად ცხოვრება საუკეთესო არჩევანია (ესაია 60:14; მათე 5:14—16).

8. ა) ზოგჯერ რა შეიძლება გახდეს აუცილებელი ჩვენი ბიბლიური შეხედულებების დასაცავად? ბ) იესოს მიბაძვით, როგორ ვსდებთ მსჯავრს მოწინააღმდეგეებს?

8 ღვთისმოსაწონად მოქმედების გარდა, ზოგჯერ ჩვენი ბიბლიური შეხედულების დასაცავად შეიძლება აუცილებელი გახდეს გაბედულად მოქმედება. ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალება მთავრობისთვის და სასამართლოსთვის მიმართვაა (ესთერი 8:3; საქმეები 22:25—29; 25:10—12). დედამიწაზე ყოფნისას იესო საჯაროდ ამხელდა თავის გამკრიტიკებლებს და ამგვარად აქარწყლებდა მათ ცრუ ბრალდებებს (მათე 12:34—37; 15:1—11). ჩვენ ვბაძავთ იესოს და ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას, სხვებს ჩვენი მრწამსი გავაცნოთ (1 პეტრე 3:15). თანასკოლელების, თანამშრომლებისა თუ ნათესავების დაცინვას არასოდეს მივცეთ იმის საშუალება, რომ ღვთის სიტყვიდან ჭეშმარიტების შესახებ ლაპარაკი შეგვაწყვეტინოს (2 პეტრე 3:3, 4).

იერუსალიმი — „მძიმე ქვა“

9. რომელი იერუსალიმია წარმოდგენილი ზაქარიას 12:3-ში „მძიმე ქვით“ და ვინ წარმოადგენს მას დღეს დედამიწაზე?

9 ზაქარიას წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რატომ ეწინააღმდეგებიან ხალხები ჭეშმარიტ ქრისტიანებს. აი, რა არის ნათქვამი ზაქარიას 12:3-ში: „იმ დღეს მძიმე ქვად ვაქცევ იერუსალიმს ყველა ხალხისთვის“. რომელ იერუსალიმზეა ამ წინასწარმეტყველებაში საუბარი? იერუსალიმის შესახებ ზაქარიას წინასწარმეტყველებაში საუბარია „ზეციერ იერუსალიმზე“, ზეციერ სამეფოზე, სადაც ცხებული ქრისტიანები მმართველობენ (ებრაელები 12:22). მესიანური სამეფოს მემკვიდრეების მცირერიცხოვანი ჯგუფი ჯერ კიდევ დედამიწაზეა. თავიანთ თანამსახურ „სხვა ცხვართან“ ერთად ისინი ხალხს მოუწოდებენ, გახდნენ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები მანამ, სანამ ჯერ კიდევ დროა (იოანე 10:16; გამოცხადება 11:15). როგორ რეაგირებენ ამაზე ისინი? დღეს როგორ უჭერს მხარს იეჰოვა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მოდი, უფრო ღრმად გამოვიკვლიოთ ზაქარიას მე-12 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების მნიშვნელობა. შედეგად, უფრო დავრწმუნდებით, რომ იეჰოვას ცხებულებისა და მათი თანამსახურების წინააღმდეგ ‘ვერც ერთი იარაღი ვერ იქნება წარმატებული’.

10. ა) რატომ ესხმიან თავს ღვთის ხალხს? ბ) რა ემართება მათ, ვინც „მძიმე ქვის“ გზიდან ჩამოშორებას ცდილობს?

10 ზაქარიას 12:3 მიუთითებს, რომ ერები ‘მწარედ იკაწრებიან’. როგორ ხდება ეს? ღვთის მითითების თანახმად, მის მსახურებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგათ. იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან ამ ვალდებულებას. მაგრამ კაცობრიობის ერთადერთ იმედად სამეფოს გამოცხადება ერებისთვის „მძიმე ქვაა“. ამიტომ ისინი ერევიან სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეში და ამ ქვის გზიდან ჩამოშორებას ცდილობენ. შედეგად კი ‘მწარედ იკაწრებიან’. დამამცირებელი მარცხის შედეგად ილახება მათი რეპუტაციაც. მათ ძალა არ შესწევთ, დაადუმონ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, რომლებიც დიდ პატივად მიიჩნევენ ამ ქვეყნიერების აღსასრულის დადგომამდე ღვთის მესიანური სამეფოს შესახებ „მარადიული სასიხარულო ცნობის“ ქადაგებას (გამოცხადება 14:6). აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ციხის ერთმა ზედამხედველმა იეჰოვას მსახურების წინააღმდეგ მოქმედთ, ფაქტობრივად, უთხრა: „ამ ხალხის დევნით დროს ტყუილად კარგავთ. ისინი არასდროს წავლენ კომპრომისზე. დევნით მხოლოდ მათ რიცხობრივ ზრდას შეუწყობთ ხელს“.

11. როგორ შეასრულა ღმერთმა ზაქარიას 12:4-ში ჩაწერილი დანაპირები?

11 წაიკითხეთ ზაქარიას 12:4. იეჰოვა ხალხს ჰპირდება, რომ გადატანითი მნიშვნელობით დააბრმავებს და ‘დააბნევს’ მათ, ვინც სამეფოს შესახებ თავისი გაბედული მაცნეების წინააღმდეგ იბრძვის. ის ასრულებს თავის დანაპირებს. მაგალითად, ერთ ქვეყანაში, სადაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აკრძალული იყო, მოწინააღმდეგეებმა ვერ შეძლეს ღვთის ხალხის სულიერი საკვების გარეშე დატოვება. გაზეთში ისიც კი იყო აღნიშნული, რომ იეჰოვას მოწმეები ქვეყანაში ბიბლიური ლიტერატურის შესატანად აეროსტატებს იყენებდნენ! ამგვარად შესრულდა ღვთის მიერ თავისი ერთგული მსახურებისთვის მიცემული დაპირება, რომ ‘თვალს დაიჭერდა მათზე და დააბრმავებდა ხალხთა ცხენებს’. რისხვისგან დაბრმავებულმა ღვთის სამეფოს მტრებმა არ იციან რა მიმართულებით იმოქმედონ. ჩვენ კი დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა მთლიანობაში დაიცავს თავის ხალხს და იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე (2 მეფეები 6:15—19).

12. ა) დედამიწაზე ყოფნისას, რა გაგებით დაანთო იესომ ცეცხლი? ბ) სულიერი გაგებით როგორ დაანთეს ცხებულებმა ცეცხლი და რა მოჰყვა ამას შედეგად?

12 წაიკითხეთ ზაქარიას 12:5, 6. სიტყვები „იუდას თავკაცები“ მიუთითებს ღვთის იმ მსახურებზე, რომლებსაც ზედამხედველობა აკისრიათ. იეჰოვა ამ ცხებულ ზედამხედველებს ენთუზიაზმით ანთებს, რათა მათ დედამიწაზე სამეფოს ინტერესებზე იზრუნონ. ერთხელ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დედამიწაზე ცეცხლის გასაჩაღებლად მოვედი“ (ლუკა 12:49). გადატანითი მნიშვნელობით მან მართლაც დაანთო ცეცხლი. იესო ენთუზიაზმით ქადაგებდა, რამაც ღვთის სამეფო ხალხის უმნიშვნელოვანეს სალაპარაკო თემად აქცია. ამან კი იუდეველებს შორის გაცხარებული კამათი გამოიწვია (მათე 4:17, 25; 10:5—7, 17—20). ‘ხეთა შორის ცეცხლიანი ქოთანივით და ახალმომკილი მარცვლეულის ძნებში ჩირაღდანივით’ ქრისტეს თანამედროვე მიმდევრები სულიერი გაგებით ანთებენ ცეცხლს. 1917 წელს გამოცემული წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ * გაბედულად ამხელდა ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობას. ამას სამღვდელოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. არც ისე დიდი ხნის წინათ №37 ცნობამ სამეფოს შესახებ „ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“ მრავალი ადამიანი აღძრა არჩევნის გასაკეთებლად — ან ღვთის სამეფოსთვის დაეჭირა მხარი, ან მისი წინააღმდეგი ყოფილიყო.

„იუდას კარვების“ გადარჩენა

13. რას ნიშნავს ფრაზა „იუდას კარვები“, და რატომ შველის იეჰოვა მათ?

13 წაიკითხეთ ზაქარიას 12:7, 8. ძველ ისრაელში გალავნიანი ქალაქის გარეთ ხშირად ნახავდით კარვებს, რომლებშიც დროდადრო მწყემსები და გლეხები ცხოვრობდნენ. იერუსალიმის ასაღებად მისული მტერი პირველ რიგში მათ დაესხმოდა თავს და მათ დასჭირდებოდათ დაცვა. გამოთქმა „იუდას კარვები“ მიუთითებს დღეს, ასე ვთქვათ, გამაგრებული ქალაქის გარეთ, დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებზე. აქ ისინი უშიშრად იცავენ მესიანური სამეფოს ინტერესებს. ლაშქართა იეჰოვა „პირველად იუდას კარვებს“ გადაარჩენს, რადგან უპირველესად ისინი არიან სატანის სამიზნე.

14. როგორ შველის იეჰოვა „იუდას კარვებში“ მყოფთ და როგორ იცავს მათ წაბორძიკებისგან?

14 ისტორია ცხადყოფს, რომ იეჰოვა იცავდა და იცავს სამეფოს ამ ცხებულ ელჩებს, რომლებიც მინდორში „კარვებში“ არიან *. ღმერთი „წაბორძიკებისგან“ იცავს ცხებულებს იმ გაგებით, რომ ის მათ დავითის, მებრძოლი მეფის, მსგავს სიძლიერესა და გაბედულებას აძლევს.

15. რატომ აქვს გადაწყვეტილი იეჰოვას „ყველა ხალხის განადგურება“ და როდის გააკეთებს ის ამას?

15 წაიკითხეთ ზაქარიას 12:9. რატომ აქვს იეჰოვას გადაწყვეტილი „ყველა ხალხის განადგურება“? იმიტომ, რომ ისინი არ წყვეტენ მესიანური სამეფოს წინააღმდეგ მოქმედებას. ღვთის ხალხის შევიწროებითა და მათი დევნით მოწინააღმდეგეები მსჯავრს იტეხენ თავს. მალე სატანის მიწიერი მხარდამჭერები ბოლო იერიშს მიიტანენ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე, რაც მსოფლიოს არმაგედონამდე მიიყვანს (გამოცხადება 16:13—16). ამგვარად მოქმედებით უზენაესი მოსამართლე დაიცავს თავის მსახურებს და ერების თვალში განწმენდს თავის სახელს (ეზეკიელი 38:14—18, 22, 23).

16, 17. ა) რა არის „იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა“? ბ) რაზე მეტყველებს ის, რომ სატანის თავდასხმებს ვიტანთ?

16 სატანას არა აქვს ისეთი იარაღი, რომლითაც ღვთის ხალხს რწმენას შეუსუსტებდა ან ენთუზიაზმს გაუნელებდა. სულიერი სიმშვიდე, რომელიც იეჰოვას მხარდაჭერას მოაქვს, არის „იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა“ (ესაია 54:17). ძალით ვერავინ წაგვართმევს ამ სიმშვიდესა და სულიერ კეთილდღეობას (ფსალმუნი 118:6). სატანა კვლავაც აღძრავს ადამიანებს ჩვენ წინააღმდეგ და ეცდება, გასაჭირში ჩაგვყაროს. ლანძღვის ატანა იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის სული ჩვენზეა დავანებული (1 პეტრე 4:14). ღვთის უკვე დამყარებული სამეფოს შესახებ ქადაგება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. დღეს ღვთის ხალხს წინააღმდეგობის მრავალ ‘შურდულის ქვას’ ესვრიან. მაგრამ იეჰოვას ძალით მისი მსახურები იგერიებენ ასეთ ქვებს (ზაქარია 9:15). ცხებულები და მათი ერთგული თანამსახურები კვლავაც განაგრძობენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემას!

17 ჩვენ მოველით დროს, როდესაც სრულიად განვთავისუფლდებით სატანის თავდასხმებისგან. მანუგეშებელია ის, რომ ‘არც ერთ იარაღს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, მსჯავრი დაედება’!

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ უკვე აღარ იბეჭდება.

^ აბზ. 14 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 675—676, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ (რუს.).

როგორ უპასუხებდით?

• რა ცხადყოფს, რომ სატანის იარაღები წარუმატებელი აღმოჩნდა?

• როგორ არის ზეციერი იერუსალიმი „მძიმე ქვა“?

• როგორ იცავს იეჰოვა „იუდას კარვებს“?

• რაში ხართ დარწმუნებული დღეს, როდესაც არმაგედონი კარს არის მომდგარი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 21 გვერდზე]

სატანის თავდასხმების მიუხედავად, ალბანეთში იეჰოვას ხალხმა ერთგულება შეინარჩუნა

[სურათი 23 გვერდზე]

იესომ დაამტკიცა, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო

[სურათები 24 გვერდზე]

სასიხარულო ცნობის მქადაგებელთა წინააღმდეგ შექმნილ არც ერთ იარაღს არ ექნება წარმატება