„რა არის ჭეშმარიტება?“
„რა არის ჭეშმარიტება?“
ეს კითხვა ცინიკურად დაუსვა იესოს რომაელმა მმართველმა პონტიუს პილატემ. მას პასუხი სულაც არ აინტერესებდა და იესოსაც არაფერი უთქვამს. ალბათ, პილატესთვის ჭეშმარიტება ისეთი რამ იყო, რასაც ადამიანი ვერ ჩასწვდებოდა (იოანე 18:38).
დღესაც მრავალს აქვს ჭეშმარიტებისადმი ასეთი დამოკიდებულება, მათ შორის რელიგიურ წინამძღოლებს, განათლების მუშაკებსა თუ პოლიტიკოსებს. მათი აზრით არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, განსაკუთრებით ჭეშმარიტება ზნეობრივ და სულიერ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტება ფარდობითია და ყოველთვის იცვლება. ცხადია, ამით იმის თქმა სურთ, რომ ხალხს თავად შეუძლია განსაზღვროს, რა არის სწორი და რა — არასწორი (ესაია 5:20, 21). ეს მოსაზრება ხალხს საშუალებას აძლევს, წინა თაობების ფასეულობები და ზნეობრივი ნორმები დრომოჭმულად მიიჩნიოს და უგულებელყოს.
საყურადღებოა ის განაცხადი, რის შემდეგაც დასვა პილატემ ეს კითხვა. იესომ თქვა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოანე 18:37). იესოსთვის ჭეშმარიტება ბუნდოვანი, ჩაუწვდომელი არ ყოფილა. ის თავის მოწაფეებს დაჰპირდა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32).
სად შეიძლება ასეთი ჭეშმარიტების პოვნა? ერთხელ იესომ ღვთისადმი ლოცვაში თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). ბიბლია, ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნი, გვიმხელს ჭეშმარიტებას, რომელიც საიმედო ხელმძღვანელობასაც გვიწევს და მომავლის, მარადიული ცხოვრების, საფუძვლიან იმედსაც გვაძლევს (2 ტიმოთე 3:15—17).
პილატემ არანაირი ინტერესი არ გამოავლინა და ხელიდან გაუშვა ჭეშმარიტების გაგების შესაძლებლობა. რა შეიძლება ითქვას თქვენზე? ხომ არ სთხოვდით იეჰოვას მოწმეებს, დაგხმარებოდნენ იმ „ჭეშმარიტების“ გაგებაში, რასაც იესო ასწავლიდა? ისინი სიამოვნებით დაგთანხმდებოდნენ და გაგაცნობდნენ ამ ჭეშმარიტებას.