‘თქვენი მამა გულმოწყალეა’
‘თქვენი მამა გულმოწყალეა’
„ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36).
1, 2. როგორ ცხადყო იესომ მწიგნობრების, ფარისევლებისა და თავისი მოწაფეებისთვის ნათქვამი სიტყვებით, რომ გულმოწყალება მნიშვნელოვანი თვისებაა?
მოსეს კანონი დაახლოებით 600 კანონსა და წესს შეიცავდა. ამ კანონის დაცვა აუცილებელი იყო, თუმცა გულმოწყალების გამოვლენაც არ იყო უმნიშვნელო. გავიხსენოთ, რა უთხრა იესომ უმოწყალო ფარისევლებს. იესომ გაკიცხა ისინი უმოწყალობის გამო და ორჯერ გაუმახვილა ყურადღება ღვთის მითითებაზე: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“ (მათე 9:10—13; 12:1—7; ოსია 6:6). თავისი მსახურების დასასრულს იესომ უთხრა მათ: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! იხდით პიტნის, კამისა და ზირის მეათედს, მაგრამ დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მათე 23:23).
2 როგორც ვხედავთ, იესო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გულმოწყალებას. მან უთხრა თავის მიმდევრებს: „ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36). მაგრამ ღმერთს რომ მივბაძოთ, საჭიროა გავიგოთ, რა არის სინამდვილეში გულმოწყალება (ეფესოელები 5:1). ამასთანავე, როცა კარგად გვესმის გულმოწყალების მნიშვნელოვნება, აღძრულები ვართ, მეტად გამოვავლინოთ ის ცხოვრებაში.
გულმოწყალების გამოვლენა გაჭირვებულთა მიმართ
3. რატომ უნდა ვისწავლოთ იეჰოვასგან ნამდვილი გულმოწყალების გამოვლენა?
3 ფსალმუნმომღერალი წერდა: „იეჰოვა მწყალობელი და გულმოწყალეა, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე. კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმუნი 145:8, 9). იეჰოვა ‘თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამაა’ (2 კორინთელები 1:3). სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენით ჩვენ გულმოწყალებას ვავლენთ, რაც ღვთისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მისი მაგალითიდან და მითითებებიდან ვსწავლობთ, რა არის ნამდვილი გულმოწყალება.
4. რას გვასწავლის ესაიას 49:15 გულმოწყალების შესახებ?
4 ესაიას 49:15-ში იეჰოვა ამბობს: „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?!“ ამ მუხლში „სიბრალულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვის მონათესავე სიტყვები გამოიყენება გულმოწყალების გამოსახატავად ფსალმუნის 145:8, 9-ში, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. გრძნობა, რომელიც იეჰოვას გულმოწყალებისკენ აღძრავს, შედარებულია იმ სათუთ გრძნობასთან, რომელიც დედას აქვს თავისი ჩვილის მიმართ. სიბრალული და თანაგრძნობა აღძრავს დედას, ჩვილზე იზრუნოს, როცა ბავშვი მშიერია ან სხვა რამ სჭირდება. იეჰოვას ასეთი სათუთი გრძნობები აქვს მათ მიმართ, ვისაც გულმოწყალედ ეპყრობა.
5. რით ცხადყო იეჰოვამ, რომ „გულმოწყალებით მდიდარი“ იყო ისრაელების მიმართ?
5 კარგია, როცა ვინმე გვებრალება, მაგრამ უკეთესია, თუ ეს გრძნობა გაჭირვებულების დასახმარებლად აღგვძრავს. ვნახოთ, რა გააკეთა იეჰოვამ, როცა დაახლოებით 3 500 წლის წინათ მისი თაყვანისმცემლები ეგვიპტის მონობაში იყვნენ. მან უთხრა მოსეს: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან. ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან, გამოვიყვანო იმ მიწიდან და წავიყვანო კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება“ (გამოსვლა 3:7, 8). დაახლოებით 500 წლის შემდეგ, რაც ისრაელები ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლდნენ, იეჰოვამ შეახსენა მათ: „მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან და მე გიხსენით ეგვიპტისა და თქვენი შემავიწროებელი სამეფოების ხელიდან“ (1 სამუელი 10:18). მაგრამ ისრაელები არღვევდნენ ღვთის სამართლიან ნორმებს, რის გამოც ხშირად ატყდებოდათ თავს გასაჭირი. მიუხედავად ამისა, იეჰოვას ებრალებოდა ისინი, ამიტომ არაერთხელ იხსნა მტრის ხელიდან (მსაჯულები 2:11—16; 2 მატიანე 36:15). აქედან ვხედავთ, როგორ ეპყრობა მოსიყვარულე ღმერთი გასაჭირში, საფრთხეში ან რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. იეჰოვა „გულმოწყალებით მდიდარი“ ღმერთია (ეფესოელები 2:4).
6. როგორ ბაძავდა იესო ქრისტე თავის მამას გულმოწყალების გამოვლენაში?
6 დედამიწაზე მსახურების დროს იესო ქრისტე სრულყოფილად ჰბაძავდა მამას გულმოწყალების გამოვლენაში. როგორ მოიქცა იესო, როცა ორი უსინათლო მამაკაცი ემუდარებოდა: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო“? ისინი ეხვეწებოდნენ იესოს, სასწაულებრივად აღედგინა მათთვის მხედველობა. იესო ასეც მოიქცა, ოღონდ ეს გულგრილად არ გაუკეთებია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იესოს გული დაეწვა და თვალებზე შეეხო მათ; მაშინვე აეხილათ თვალი“ (მათე 20:30—34). სიბრალულმა აღძრა იესო, მრავალი სასწაული მოეხდინა უსინათლოების, დემონით შეპყრობილების, კეთროვნებისა და იმ მშობლების დასახმარებლად, რომელთა შვილებიც იტანჯებოდნენ (მათე 9:27; 15:22; 17:15; მარკოზი 5:18, 19; ლუკა 17:12, 13).
7. რას ვსწავლობთ გულმოწყალების შესახებ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის მაგალითებიდან?
7 იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მაგალითებიდან ჩანს, რომ გულმოწყალება ორ ფაქტორს მოიცავს: გაჭირვებულთა მიმართ სიბრალულის, თანაგრძნობის გამოვლენასა და მათ დასახმარებლად სათანადო მოქმედებას. გულმოწყალების გამოსავლენად ორივე მნიშვნელოვანია. წმინდა წერილებში გულმოწყალების გამოვლენაში ხშირად გაჭირვებულთათვის სიკეთის კეთება იგულისხმება. მაგრამ როგორ ვლინდება გულმოწყალება სამართლებრივ საკითხებში? შედის ამაში დასჯისგან თავის შეკავება?
გულმოწყალების გამოვლენა შემცოდველების მიმართ
8, 9. როგორ გამოვლინდა ღვთის გულმოწყალება დავითის მიმართ, როცა მან ბათ-შებასთან შესცოდა?
8 განვიხილოთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ნათანმა ისრაელის მეფე დავითი ბათ-შებასთან მრუშობაში ამხილა. მომნანიე დავითი ლოცულობდა: „წყალობა მიყავი, ღმერთო, შენი სიკეთით. შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები. მთლიანად ჩამომრეცხე დანაშაული და განმწმინდე ჩემი ცოდვისგან, რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას. შენ, მხოლოდ ფსალმუნი 51:1—4).
შენ შეგცოდე, ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში“ (9 დავითი მთელი გულით ინანიებდა. იეჰოვამ აპატია მას ცოდვა და მკაცრად არ დასაჯა. მოსეს კანონის თანახმად, დავითი და ბათ-შება სიკვდილით უნდა დაესაჯათ (კანონი 22:22). ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ თავიანთი ცოდვის ზოგ შედეგს ვერ გაექცნენ (2 სამუელი 12:13). ღვთის გულმოწყალება ცოდვების პატიებას მოიცავს, მაგრამ ღმერთი შემცოდველს სათანადო სასჯელისგან არ ათავისუფლებს.
10. თუმცა ადამიანების გასამართლებისას იეჰოვა გულმოწყალებას ავლენს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტად ღვთის გულმოწყალება?
10 ვინაიდან „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში“ და „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, ყველა ადამიანი სიკვდილს იმსახურებს (რომაელები 5:12; 6:23). რა მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა გასამართლებისას გულმოწყალებას ავლენს! თუმცა ღვთის გულმოწყალება ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. კანონის 32:4-ში ნათქვამია: „სამართლიანია მისი [იეჰოვას] ყოველი გზა“. თუმცა იეჰოვა გულმოწყალებას ავლენს, ის არ უგულებელყოფს თავის სამართლიან ნორმებს.
11. როგორ გამოავლინა იეჰოვამ სამართლიანობა, როცა დავითმა ბათ-შებასთან შესცოდა?
11 დავითისა და ბათ-შებასთვის სასჯელის შემსუბუქებამდე ჯერ მათთვის ცოდვა უნდა ყოფილიყო მიტევებული. ისრაელ მსაჯულებს ამის უფლება არ ჰქონდათ. თუ ისინი განიხილავდნენ ამ საქმეს, ვალდებულნი იქნებოდნენ, სიკვდილით დაესაჯათ შემცოდველები. ეს კანონით მოითხოვებოდა. მაგრამ დავითთან დადებული შეთანხმების გამო იეჰოვას უნდოდა დაენახა, არსებობდა თუ არა დავითისთვის ცოდვის პატიების საფუძველი (2 სამუელი 7:12—16). ამგვარად, იეჰოვა ღმერთმა, „მთელი დედამიწის მოსამართლემ“, რომელიც ‘გულების შემმოწმებელია’, გადაწყვიტა, თავად განეხილა ეს საქმე (დაბადება 18:25; 1 მატიანე 29:17). ღმერთს შეეძლო სწორად შეეფასებინა, რამდენად გულწრფელად ინანიებდა დავითი, და ეპატიებინა.
12. როგორ შეუძლიათ ცოდვილ ადამიანებს ღვთის გულმოწყალების მიღება?
12 იეჰოვა თავის სამართლიანობასთან შეთანხმებულად ავლენს გულმოწყალებას, როცა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის სასჯელისგან გვათავისუფლებს. ცოდვების პატიებისას სამართლიანობის ნორმები რომ არ დარღვეულიყო, იეჰოვამ თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით გამოსასყიდი გაიღო, რაც უდიდესი წყალობა იყო (მათე 20:28; რომაელები 6:22, 23). ჩვენ რწმენა უნდა გამოვავლინოთ მისი ძის მიმართ, რომ ღვთის გულმოწყალება მივიღოთ და მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის სასჯელისგან გავთავისუფლდეთ (იოანე 3:16, 36).
მწყალობელი და სამართლიანი ღმერთი
13, 14. არბილებს ღვთის გულმოწყალება მის სამართლიანობას? ახსენით.
13 თუმცა გულმოწყალების გამოვლენით იეჰოვა არ არღვევს თავის სამართლიან ნორმებს, ახდენს ეს გავლენას მის სამართლიანობაზე? ამსუბუქებს გულმოწყალება ღვთის სამართლიანობას? რა თქმა უნდა, არა.
14 ოსია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ უთხრა ისრაელებს: „სამარადისოდ დაგნიშნავ ჩემზე, სიმართლით, სამართლიანობით, სიკეთითა და წყალობით დაგნიშნავ“ (ოსია 2:19). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა გულმოწყალებას ყოველთვის სხვა თვისებებთან, მათ შორის სამართლიანობასთან შეთანხმებულად ავლენს. „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, . . . პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას, თუმცა დასასჯელს დაუსჯელად არ ტოვებს“ (გამოსვლა 34:6, 7). იეჰოვა გულმოწყალებისა და სამართლიანობის ღმერთია. მის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (კანონი 32:4). ღმერთი სრულყოფილად ავლენს როგორც სამართლიანობას, ისე გულმოწყალებას. ეს თვისებები ერთმანეთზე არ უპირატესობს და არც ერთმანეთის გასაწონასწორებლად არის საჭირო. პირიქით, ორივე თვისება სრულყოფილად ერწყმის ერთმანეთს.
15, 16. ა) საიდან ჩანს, რომ ღმერთი მკაცრად არ ავლენს სამართლიანობას? ბ) რაში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი იეჰოვას თაყვანისმცემლები ბოროტ ქვეყნიერებაზე განაჩენის აღსრულებისას?
15 იეჰოვა მკაცრად არ ავლენს სამართლიანობას. სამართლიანობა, როგორც წესი, კანონის აღსრულებას უკავშირდება და დამნაშავეთა დამსახურებულ დასჯას მოითხოვს. მაგრამ ღვთის სამართლიანობა მართლების ხსნასაც გულისხმობს. მაგალითად, ლოტი და მისი ორი ქალიშვილი გადარჩნენ სოდომისა და გომორას განადგურების დროს (დაბადება 19:12—26).
16 ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბოროტ ქვეყნიერებაზე თავისი განაჩენის აღსრულებისას იეჰოვა გადაარჩენს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს, „უამრავ ხალხს“, რომლებმაც „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“. ისინი ‘დიდი გასაჭირიდან მოვლენ’ (გამოცხადება 7:9—14).
რატომ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი?
17. რა არის გულმოწყალების გამოვლენის ძირითადი მიზეზი?
17 იეჰოვასა და იესო ქრისტეს მაგალითებიდან ვსწავლობთ, რა არის სინამდვილეში გულმოწყალება. იგავების 19:17-ში გულმოწყალების გამოვლენის ძირითად მიზეზზე ნათქვამია: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“. იეჰოვას მოსწონს, რომ ვბაძავთ მას და მის ძეს და გულმოწყალებას ვავლენთ სხვების მიმართ (1 კორინთელები 11:1). ეს სხვებსაც აღძრავს, გულმოწყალენი იყვნენ (ლუკა 6:38).
18. რატომ უნდა ვცდილობდეთ, რომ გულმოწყალენი ვიყოთ?
18 გულმოწყალების გამოვლენისას სხვა მრავალ კარგ თვისებასაც ვავლენთ, მაგალითად დიდსულოვნებას, სიყვარულსა და სიკეთეს. სათუთი გრძნობები და თანაგრძნობა გვიბიძგებს, რომ გულმოწყალენი ვიყოთ. თუმცა ღვთის გულმოწყალება არ არბილებს მის სამართლიანობას, ღმერთი რისხვაში ნელია, მომთმენია და ცოდვილებს საკმარის დროს აძლევს მოსანანიებლად (2 პეტრე 3:9, 10). ასე რომ, გულმოწყალება მოთმინებასა და სულგრძელობასთან არის დაკავშირებული. ის აერთიანებს მრავალ სასურველ თვისებას, მათ შორის ღვთის სულის ნაყოფში შემავალ სხვადასხვა თვისებას, და კარგ საფუძველს ქმნის მათ განსავითარებლად (გალატელები 5:22, 23). მართლაც, რა მნიშვნელოვანია, რომ გულმოწყალენი ვიყოთ!
„ბედნიერნი არიან გულმოწყალენი“
19, 20. რა გაგებით იმარჯვებს გულმოწყალება გასამართლებაზე?
19 იაკობი გვიხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის გულმოწყალენი ვიყოთ. ის ამბობს: „გულმოწყალება იმარჯვებს გასამართლებაზე“ (იაკობი 2:13ბ). იაკობი საუბრობს ისეთ გულმოწყალებაზე, რომელსაც ღვთის თაყვანისმცემელი სხვების მიმართ ავლენს. იმ დროს, როცა ადამიანი „საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“, გულმოწყალება გაიმარჯვებს გასამართლებაზე იმ გაგებით, რომ იეჰოვა გაითვალისწინებს ამ ადამიანის გულმოწყალებას და თავისი ძის გამოსასყიდის საფუძველზე აპატიებს მას (რომაელები 14:12). უეჭველია, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა დავითს ბათ-შებასთან ჩადენილი ცოდვა აპატია, დავითის გულმოწყალება იყო (1 სამუელი 24:4—7). მეორეს მხრივ, „ვინც გულმოწყალებას არ ავლენს, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება“ (იაკობი 2:13ა). გასაკვირი არ არის, რომ ღვთის თვალსაზრისით უმოწყალო ადამიანები „სიკვდილს იმსახურებენ“ (რომაელები 1:31, 32).
20 მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათე 5:7). რა კარგად ცხადყოფს ეს სიტყვები, რომ ღვთის გულმოწყალების მისაღებად ადამიანი თავადაც გულმოწყალე უნდა იყოს! მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ გამოვავლინოთ გულმოწყალება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რა ისწავლეთ?
• რა არის გულმოწყალება?
• როგორ ვლინდება გულმოწყალება?
• რა გაგებით არის იეჰოვა გულმოწყალეც და სამართლიანიც?
• რატომ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 21 გვერდზე]
იეჰოვას ისეთივე სათუთი გრძნობები აქვს გაჭირვებულების მიმართ, როგორც დედას ჩვილის მიმართ
[სურათი 23 გვერდზე]
რას ვიგებთ გულმოწყალების შესახებ იესოს სასწაულებიდან?
[სურათი 24 გვერდზე]
დაარღვია იეჰოვამ დავითის შეწყალებით თავისი სამართლიანი პრინციპები?
[სურათი 25 გვერდზე]
ღმერთი სამართლიანად ავლენს წყალობას ცოდვილი ადამიანების მიმართ