დედის რწმენამ სიკვდილზე გაიმარჯვა
დედის რწმენამ სიკვდილზე გაიმარჯვა
„თუ ამ წერილს კითხულობთ, ესე იგი, ოპერაცია ვერ გადავიტანე და უკვე აღარ ვარ თქვენთან“.
ასე იწყებოდა ერთი ქრისტიანი დედის, სახელად კარმენის, წერილი, რომელიც თავის 25, 19 და 16 წლის ქალიშვილებს მისწერა. როგორც აღმოჩნდა, ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა და, სამწუხაროდ, კარმენი დაიღუპა.
ასეთ რთულ მდგომარეობაში სამი ქალიშვილის დატოვება ნებისმიერს მოუკლავდა გულს, მაგრამ იეჰოვასა და მისი დაპირებებისადმი მტკიცე რწმენამ კარმენს აშკარად გაამარჯვებინა სიკვდილზე და შინაგანი სიმშვიდე მისცა, რაც კარგად გამოჩნდა მის გულისამაჩუყებელ წერილში. აი, რა მისწერა მან თავის ქალიშვილებს:
„უპირველესად მინდა გითხრათ, რომ უსაზღვროდ მიყვარხართ . . . თქვენ საუკეთესო შვილები ხართ და მე ვამაყობ თქვენით!
ძალიან მინდოდა თქვენთან ერთად ვყოფილიყავი ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებამდე, . . მაგრამ არ დამცალდა. ამიტომ ღმერთს ვთხოვ, ბოლომდე ერთგულება შეგანარჩუნებინოთ. ბევრი განსაცდელი აგვიტანია ერთად და იეჰოვას არასდროს მივუტოვებივართ . . . ჰოდა, ძველებურად მიჰყევით იეჰოვას ხელმძღვანელობას, თავისი ორგანიზაციის საშუალებით რომ გიწევთ, და კვლავაც ითანამშრომლეთ კრებასა და უხუცესებთან. რაც შეიძლება ხშირად იქადაგეთ და გიყვარდეთ ყველა და-ძმა.
ჩვენი დაშორება დროებითია . . . ძალიან გთხოვთ, მაპატიოთ ყველა დაშვებული შეცდომა, მაპატიეთ, თუ ზოგჯერ ვერ გიგებდით და არ გეუბნებოდით, როგორ მიყვარდით . . . ვიცი, რომ თითოეულს თქვენი მოთხოვნილებები გაქვთ და ეს იეჰოვამ თქვენზე უკეთ იცის. ის მოგცემთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ, და დაგაჯილდოებთ ყველაფრისთვის, რისი ატანაც გიწევთ.
ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი მიზანი — ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება! ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ იქ მოხვდეთ. იეჰოვამ გაკურთხოთ და ძალა მოგცეთ, ბოლომდე ერთგულება შეინარჩუნოთ . . . ჩემო საყვარელო შვილებო, ნუ მიეცემით მწუხარებას, მიყვარხართ!“
კაცს ნებისმიერ დროს შეიძლება დაატყდეს თავს უბედურება. „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“, — წერს მეფე სოლომონი (ეკლესიასტე 9:11). ვისაც ღვთისადმი მტკიცე რწმენა აქვს, ისევე იქნება დარწმუნებული, როგორც მოციქული პავლე, რომელმაც თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, . . ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (რომაელები 8:38, 39; ებრაელები 6:10).