ჩვენ „საოცრად ვართ შექმნილნი“
ჩვენ „საოცრად ვართ შექმნილნი“
„შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი“ (ფსალმუნი 139:14).
1. რატომ თვლის მრავალი მოაზროვნე ადამიანი, რომ დედამიწა თავისი საოცარი ქმნილებებით ღმერთმა შექმნა?
ბუნება სავსეა საოცარი ქმნილებებით. როგორ წარმოიშვნენ ისინი? ზოგი ამას ისეთ ახსნას უძებნის, რომ გამორიცხავს გონიერ შემოქმედს. სხვები კი იმ აზრისანი არიან, რომ შემოქმედის თვითნებურად უარყოფა ადამიანს გარკვეულწილად ხელს უშლის, ჩასწვდეს ბუნებას. მათი აზრით დედამიწაზე არსებული ქმნილებები იმდენად რთული, მრავალფეროვანი და, შეიძლება ითქვას, საოცარიც კი არიან, რომ შეუძლებელია მათი წარმოშობა შემთხვევითობას მივაწეროთ. მრავალ ადამიანს, მათ შორის ზოგ მეცნიერს, ეს ყოველივე არწმუნებს იმაში, რომ სამყაროს ჰყავს ბრძენი, ყოვლადძლიერი და გულუხვი შემოქმედი *.
2. რა აღძრავდა დავითს, რომ განედიდებინა იეჰოვა?
2 ძველი ისრაელის მეფე დავითი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც სწამდა, რომ შემოქმედი განდიდებას იმსახურებს საოცარი ქმნილებების შექმნისთვის. მართალია, დავითი მეცნიერების განვითარებამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა, მაგრამ ის კარგად ხედავდა ღვთის შემოქმედებითი საქმიანობის საოცარ შედეგებს. დავითისთვის საკუთარ სხეულზე დაკვირვებაც კი საკმარისი იყო, რომ მოკრძალებული შიში გასჩენოდა ღვთის შემოქმედებითი ძალის მიმართ. მან დაწერა: „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმეები და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა“ (ფსალმუნი 139:14).
3, 4. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ჩვენგანი სერიოზულად დაფიქრდეს იეჰოვას შემოქმედებაზე?
3 დავითი სერიოზული ფიქრის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყოველივე ღვთის მიერ იყო შექმნილი. დღეს სკოლებში ადამიანის წარმოშობის შესახებ რწმენის დამანგრეველ თეორიებს ასწავლიან. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც ფართოდ ავრცელებენ ასეთ შეხედულებებს. დავითის მსგავსად ძლიერი რწმენა რომ გვქონდეს, ჩვენც სერიოზული ფიქრი გვმართებს. ჩვენი თვალსაზრისი სხვების შეხედულებებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა შემოქმედის არსებობა და მისი როლი შემოქმედებაში.
4 გარდა ამისა, იეჰოვას შემოქმედებით საქმიანობაზე დაფიქრებით უფრო მეტად განვიმსჭვალებით ღვთისადმი მადლიერებით და ეჭვი არ შეგვეპარება ღვთის სამომავლო აღთქმებში. ეს კი თავის მხრივ აღგვძრავს, რომ უკეთ გავიცნოთ იეჰოვა და ვემსახუროთ მას. ამიტომ, მოდი ვნახოთ, როგორ ადასტურებს თანამედროვე მეცნიერება დავითის სიტყვებს, რომ „საოცრად ვართ შექმნილნი“.
ჩვენი საოცარი ფიზიკური განვითარება
5, 6. ა) როგორ დავიწყეთ არსებობა? ბ) რა როლს ასრულებენ თირკმელები ჩვენს ორგანიზმში?
5 „შენ შექმენი ჩემი თირკმელები; გამოცალკევებული გყავდი დედის მუცელში“ (ფსალმუნი 139:13). თითოეულმა ჩვენგანმა არსებობა დავიწყეთ დედის სხეულში ერთი ისეთი უჯრედიდან, რომელიც ამ წინადადების ბოლოში დასმულ წერტილზე პატარა იყო. ეს მიკროსკოპული უჯრედი უაღრესი სირთულით გამოირჩეოდა. მას შეიძლება მინიატურული ქიმიური ლაბორატორიაც კი დავარქვათ! ეს უჯრედი სწრაფად იზრდებოდა. საშვილოსნოში არსებობის მეორე თვის ბოლოს ძირითადი ორგანოები თქვენ უკვე ჩამოყალიბებული გქონდათ. ამ ორგანოებს შორის თირკმელებიც იყო. როცა დაიბადეთ, თქვენი თირკმელები უკვე მზად იყო სისხლის გასაფილტრად — ტოქსინებისა და ზედმეტი წყლის გამოსადევნად და სასარგებლო ნივთიერებების შესანარჩუნებლად. თუ ზრდასრული ხართ და ჯანმრთელი თირკმელები გაქვთ, ისინი თქვენს სისხლში შემავალ წყალს ფილტრავენ — ყოველ 45 წუთში დაახლოებით 6 ლიტრს.
6 გარდა ამისა, თქვენი თირკმელები არეგულირებს სისხლში მინერალებისა და მჟავების შემცველობას და სისხლის წნევას. ისინი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებსაც ასრულებენ, მაგალითად, ვიტამინ D-ს გარდაქმნიან ისეთ აქტიურ ნაერთად, რომელიც აუცილებელია ძვლების სათანადო განვითარებისა და ჰორმონ ერითროპოეტინის წარმოსაქმნელად, რაც თავის მხრივ ძვლებში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს. გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთები თირკმელებს „ორგანიზმის მთავარ ქიმიკოსებს“ უწოდებენ *.
7, 8. ა) აღწერეთ ჯერ არშობილი ბავშვის განვითარების ადრეული სტადიები. ბ) რა გაგებით არის ჩანასახი ‘დედამიწის სიღრმეებში მოქსოვილი’?
7 „არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები, როცა დაფარულში შევიქმენი, როცა დედამიწის სიღრმეებში ვიყავი მოქსოვილი“ (ფსალმუნი 139:15). თავდაპირველი უჯრედი გაიყო, შემდეგ ახალმა უჯრედებმაც განაგრძეს დაყოფა. მალე მათ დიფერენცირება, ანუ ერთმანეთისგან გამოცალკევება დაიწყეს, რათა თანდათანობით ნერვულ, კუნთოვან, კანის თუ სხვა უჯრედებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ერთი და იმავე სახის უჯრედები დაჯგუფდნენ, რომ მათგან შემდგომში წარმოქმნილიყო ქსოვილი, შემდეგ კი — ორგანოები. მაგალითად, თქვენი ჩასახვიდან მესამე კვირის განმავლობაში დაიწყო თქვენი ჩონჩხის წარმოქმნა. იმ დროისათვის, როდესაც სულ რაღაც შვიდი კვირისა იყავით და თქვენი სიგრძე დაახლოებით 2,5 სანტიმეტრს აღწევდა, თქვენი ორას ექვსივე ძვალი უკვე წარმოქმნილი იყო, თუმცა ჯერ არ იყო გამაგრებული.
8 განვითარების ეს საოცარი პროცესი მიმდინარეობდა დედათქვენის საშვილოსნოში ადამიანის თვალისთვის უხილავად, თითქოს „დედამიწის სიღრმეებში“ ყოფილიყავით ჩამარხული. მართლაც, ბევრი რამ ჩვენი განვითარების შესახებ ადამიანისთვის უცნობი რჩება. მაგალითად, რამ გაააქტიურა თქვენს უჯრედებში კონკრეტული გენები დიფერენცირების დასაწყებად? შესაძლოა მეცნიერებამ ადრე თუ გვიან მიაგნოს ამის პასუხს, მაგრამ როგორც დავითმა შემდეგ აღნიშნა, ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვამ, ყოველთვის იცოდა ეს.
9, 10. როგორ არის ღვთის ‘წიგნში ჩაწერილი’ ემბრიონის ‘ნაწილების ჩამოყალიბება’?
9 „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაშინ, როცა ჯერ არც ერთი მათგანი არ არსებობდა“ (ფსალმუნი 139:16). თქვენი საწყისი უჯრედი შეიცავდა მთელი თქვენი სხეულის სრულ „გეგმას“. ამ „გეგმის“ მიხედვით თქვენ დაბადებამდე ცხრა თვის განმავლობაში საშვილოსნოში ვითარდებოდით. განვითარების ეს პროცესი ამით არ შეწყვეტილა. ის შემდგომშიც — დაბადებიდან ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში — გრძელდებოდა, ვიდრე ზრდასრულობის ასაკს მიაღწევდით. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი სხეული განვითარების სხვადასხვა სტადიას გადიოდა, და ეს ყოველივე საწყის უჯრედში ჩადებული პროგრამის მიხედვით ხდებოდა.
10 დავითმა არაფერი იცოდა გენებისა და უჯრედების შესახებ. მას არც მიკროსკოპი ჰქონია. მაგრამ მან სწორად განჭვრიტა, რომ მისი სხეული წინასწარი
„გეგმის“ მიხედვით განვითარდა. დავითმა შესაძლოა ზოგი რამ იცოდა ემბრიონის განვითარების შესახებ, ამიტომ მას შეეძლო დაესკვნა, რომ განვითარების თითოეული სტადია წინასწარი „გეგმისა“ და „განრიგის“ მიხედვით უნდა განვლილიყო. ამ „გეგმას“ დავითი პოეტური ენით აღწერს როგორც ღვთის ‘წიგნში ჩაწერილს’.11. რა განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ ნიშან-თვისებებს?
11 დღეს უკვე ცნობილია, რომ მშობლებისა თუ წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ნიშან-თვისებებს — თქვენს სიმაღლეს, სახის ნაკვთებს, თვალისა თუ თმის ფერსა და ათასობით სხვა თავისებურებას — თქვენი გენები განსაზღვრავს. თითოეული თქვენი უჯრედი შეიცავს ათობით ათას გენს, ხოლო თითოეული გენი წარმოადგენს დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას) გრძელი ჯაჭვის თითო რგოლს. თქვენი სხეულის „სამშენებლო პროექტი“ თქვენი პირადი დნმ-ის ქიმიურ სტრუქტურაშია „ჩაწერილი“. თქვენი უჯრედების ყოველი დაყოფისას — იქნება ეს ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად თუ ძველების ჩასანაცვლებლად — თქვენი დნმ ამ „პროექტის“ თანახმად მოქმედებს, რის წყალობითაც სიცოცხლე გინარჩუნდებათ და თქვენი გარეგნობა ძირითადად უცვლელი რჩება. რა შესანიშნავად მეტყველებს ეს ჩვენი ზეციერი შემოქმედის დიდებულ ძალასა და სიბრძნეზე!
ჩვენი უნიკალური გონება
12. განსაკუთრებით რა განასხვავებს ადამიანს ცხოველებისგან?
12 „რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის! ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი! მათი დათვლა რომ მეცადა, ქვიშის მარცვალზე მეტი იქნებოდა“ (ფსალმუნი 139:17, 18ა). ცხოველებიც საოცრად არიან შექმნილნი. ზოგიერთ მათგანს ადამიანზე მეტად აქვს განვითარებული გრძნობის ესა თუ ის ორგანო და ზოგი ცხოველის შესაძლებლობები ადამიანისას აღემატება. მაგრამ ღმერთმა მხოლოდ ადამიანს მისცა გონება, რითაც ის ნებისმიერ ცხოველზე ბევრად მაღლა დგას. „მართალია ჩვენ, ადამიანები, ბევრი რამით ვგავართ სხვა ცოცხალ არსებებს, მაგრამ დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ცოცხალი ქმნილებისგან იმით გამოვირჩევით, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს მეტყველებისა და აზროვნების უნარი, — აღნიშნულია ერთ სამეცნიერო ნაშრომში. — ჩვენ იმ მხრივაც ვართ უნიკალურები, რომ ბევრი რამ გვაინტერესებს საკუთარ თავზე, მაგალითად: როგორ არის აგებული ჩვენი სხეული? როგორ ვითარდებოდა ის?“ ასეთ კითხვებზე პასუხები დავითსაც აინტერესებდა.
13. ა) რის შესახებ ფიქრი დაეხმარა დავითს, გაეგო ღვთის აზრები? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დავითს?
13 რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველებისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს იმის უნიკალური უნარი, რომ ვიფიქროთ ღვთის აზრებზე *. ეს არის ის ერთ-ერთი განსაკუთრებული ძღვენი, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ „ღვთის ანარეკლად“ ვართ შექმნილნი (დაბადება 1:27). დავითი კარგად იყენებდა ამ ძღვენს. ის ფიქრობდა იმაზე, რაც მეტყველებდა ღვთის არსებობაზე და მის იმ შესანიშნავ თვისებებზე, რომლებიც კარგად ჩანდა შემოქმედებაში. გარდა ამისა, დავითს ჰქონდა ღმერთის მიერ შთაგონებული წმინდა წერილების ნაწილი, რომელშიც მოთხრობილი იყო ღვთისა და მისი საქმეების შესახებ. მათი კითხვა დაეხმარა დავითს, გაეცნო ღმერთი და გაეგო მისი აზრები და განზრახვები. როდესაც დავითი ფიქრობდა წმინდა წერილებზე, შემოქმედებაზე და იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდა მას ღმერთი, ის აღძრული იყო, განედიდებინა თავისი შემოქმედი.
რა იგულისხმება რწმენაში?
14. რატომ არ არის აუცილებელი, ღვთის შესახებ ყველაფერი ვიცოდეთ, რათა მისდამი რწმენა გვქონდეს?
14 რაც უფრო მეტს ფიქრობდა დავითი შემოქმედებასა და წმინდა წერილებზე, მით უფრო მეტად ხვდებოდა, რომ სრულად ვერასოდეს ჩასწვდებოდა ღვთის ცოდნასა და შესაძლებლობებს (ფსალმუნი 139:6). იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც. ჩვენც ვერასოდეს ჩავწვდებით სრულად ღვთის შემოქმედებით საქმეებს (ეკლესიასტე 3:11; 8:17). მაგრამ ღმერთი წმინდა წერილებითა და შემოქმედებით საკმარის ცოდნას ყოველთვის ‘უცხადებდა’ ადამიანებს, რათა ნებისმიერ ეპოქაში მცხოვრებ ჭეშმარიტების მაძიებლებს უტყუარ მტკიცებებზე დაფუძნებული რწმენა ჰქონოდათ (რომაელები 1:19, 20; ებრაელები 11:1, 3).
15. ახსენით, როგორ უკავშირდება რწმენა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას.
15 რწმენაში მხოლოდ იმის აღიარება არ იგულისხმება, რომ სიცოცხლესა და სამყაროს გონიერმა შემოქმედმა მისცა საწყისი. ნამდვილ რწმენაში იგულისხმება ის, რომ ვენდობოდეთ იეჰოვა ღმერთს როგორც პიროვნებას, რომელსაც სურს, ვეცნობოდეთ მას და კარგი ურთიერთობა გვქონდეს მასთან (იაკობი 4:8). ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ იმ ნდობაზე, რომელიც შვილს აქვს მოსიყვარულე მამის მიმართ. თუ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი ამბობს, რომ გაჭირვების დროს მამა არ დაგეხმარებათ, თქვენ შესაძლოა, გაგიჭირდეთ მისი დარწმუნება, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ პირადად თქვენ ერთი წამითაც არ დაეჭვდებით, რომ მამა არ მიგატოვებთ, რადგან არაერთხელ გამოგიცდიათ მისი მხარდაჭერა. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. როდესაც ვეცნობით იეჰოვას — ვსწავლობთ ბიბლიას, ვფიქრობთ შემოქმედებაზე და ვხედავთ, თუ როგორ პასუხობს ის ჩვენს ლოცვებს — ეს აღგვძრავს, მივენდოთ მას. ჩვენ გვიჩნდება იმის სურვილი, რომ უფრო მეტი გავიგოთ იეჰოვას შესახებ და უანგარო სიყვარულითა და ერთგულებით მარადიულად განვადიდოთ ის. ეს არის ყველაზე ღირსეული მიზანი, რისი დასახვაც ადამიანს შეუძლია (ეფესოელები 5:1, 2).
ეძებეთ შემოქმედის ხელმძღვანელობა!
16. რას ვსწავლობთ იქიდან, რომ დავითს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა?
16 „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე“ (ფსალმუნი 139:23, 24). დავითს ესმოდა, რომ იეჰოვამ ყველაფერი იცოდა მის შესახებ და რომ მის შემოქმედს მხედველობიდან არ რჩებოდა მისი ფიქრები, სიტყვები თუ საქმეები (ფსალმუნი 139:1—12; ებრაელები 4:13). იმის გამო, რომ ღმერთი ასე კარგად იცნობდა მას, დავითი თავს დაცულად გრძნობდა, ისევე როგორც პატარა ბავშვი გრძნობს თავს მოსიყვარულე მშობლების ხელში. დავითი ძალიან აფასებდა იეჰოვასთან ასეთ ახლო ურთიერთობას და ცდილობდა, ღვთის საქმეებზე ფიქრითა და ლოცვით გაფრთხილებოდა ამ ურთიერთობას. ფაქტობრივად, დავითის მრავალი ფსალმუნი, მათ შორის 139-ე ფსალმუნი, წარმოადგენს ლოცვებს, რომლებიც მუსიკის თანხლებით წარმოითქმებოდა. ფიქრი და ლოცვა ჩვენც დაგვეხმარება, რომ დავუახლოვდეთ იეჰოვას.
17. ა) რატომ სურდა დავითს, რომ იეჰოვას შეემოწმებინა მისი გული? ბ) რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ის, თუ როგორ ვიყენებთ ნების თავისუფლებას?
17 ვინაიდან ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილნი, ფსალმუნი 139:19—22). მას სურდა, თავი აერიდებინა შეცდომებისთვის, რომლებიც ტკივილს მოუტანდა. ამგვარად, როდესაც დავითი იეჰოვას უსაზღვრო ცოდნაზე ფიქრობდა, ის თავმდაბლად სთხოვდა ღმერთს, შეემოწმებინა მისი შინაგანი პიროვნება და გაძღოლოდა იმ გზაზე, რომელიც სიცოცხლემდე მიიყვანდა. ღვთის სამართლიანი ზნეობრივი ნორმები ყველას ეხება; ამიტომ ჩვენც სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ მას დავემორჩილოთ. თუ ასე მოვიქცევით, მის კეთილგანწყობას დავიმსახურებთ და მრავალ კურთხევას მოვიმკით (იოანე 12:50; 1 ტიმოთე 4:8). ყოველდღე იეჰოვასთან ერთად სიარული შინაგან სიმშვიდეს მოგვანიჭებს, თუნდაც უმძიმესი განსაცდელების წინაშე აღმოვჩნდეთ (ფილიპელები 4:6, 7).
ჩვენ ნების თავისუფლება გვაქვს მოცემული. ჩვენზეა დამოკიდებული, კარგს გავაკეთებთ თუ ცუდს. მართალია, თავისუფლება გვაქვს მოცემული, მაგრამ პასუხს ვაგებთ ჩვენს მოქმედებებზე. დავითს არ უნდოდა, რომ ღმერთს ის სხვებივით ბოროტად მიეჩნია (მიჰყევით ჩვენს დიდებულ შემოქმედს!
18. რა დასკვნამდე მივიდა დავითი შემოქმედებაზე ფიქრის შედეგად?
18 პატარაობაში დავითი ხშირად მწყემსავდა ფარას. როდესაც ცხვარი ბალახის ძოვით იყო გართული, დავითი ამ დროს ზეცას აკვირდებოდა. საღამოს ბინდში ის ფიქრობდა სამყაროს გრანდიოზულობაზე და იმაზე, თუ რაზე მიუთითებდა ეს სიდიადე. „ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს, — წერდა დავითი. — დღითი დღე გადასცემენ სიტყვას, ღამიდან ღამემდე ამხელენ ცოდნას“ (ფსალმუნი 19:1, 2). დავითს ესმოდა, რომ მას უნდა ეძებნა ის, ვინც ასე დიდებულად და საოცრად შექმნა ყოველივე, და მიჰყოლოდა მას. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.
19. რისი სწავლა შეგვიძლია ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს იქიდან, რომ ‘საოცრად ვართ შექმნილნი’?
19 დავითს ყოველთვის ახსოვდა თავისი შემოქმედი. მოგვიანებით მისმა ძემ, სოლომონმა ახალგაზრდებს ასეთი რჩევა მისცა: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში . . . ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლესიასტე 12:1, 13). დავითი ჯერ კიდევ სიყმაწვილეში მიხვდა, რომ ‘საოცრად იყო შექმნილი’. იმის წყალობით, რომ დავითი ამ ცოდნის თანახმად მოქმედებდა, მას ცხოვრებაში კურთხევები არ აკლდა. თუკი ჩვენ, ახალგაზრდებიცა და ხანდაზმულებიც, განვადიდებთ დიდებულ შემოქმედს და ვემსახურებით მას, ახლაც და მომავალშიც ბედნიერები ვიქნებით. მათ, ვისაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა აქვს და მისი სამართლიანი პრინციპებით ცხოვრობს, ბიბლია ჰპირდება: „გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან, ძალით სავსენი და ქორფანი, რათა აუწყონ, რომ მართალია იეჰოვა“ (ფსალმუნი 92:14, 15). გარდა ამისა, ჩვენ იმის იმედიც გვაქვს, რომ მომავალში მარადიულად გავიხარებთ ჩვენი შემოქმედის დიდებული ნახელავით.
[სქოლიოები]
^ აბზ. 1 იხილეთ 2004 წლის 22 ივნისის „გამოიღვიძეთ!“ (რუს.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 6 იხილეთ აგრეთვე 1997 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული სტატია: „თირკმელები — სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტრი“ (რუს.).
^ აბზ. 13 დავითის სიტყვები, რომლებიც ფსალმუნის 139:18ბ-შია ჩაწერილი, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე რომ, თუ ის დაძინებამდე მთელი დღე იეჰოვას აზრების დათვლას მოუნდებოდა, დილით გამოღვიძების შემდეგაც ჯერ კიდევ ბევრი რამ ექნებოდა დასათვლელი.
შეგიძლიათ ახსნათ?
• როგორ გვარწმუნებს ემბრიონის განვითარების სტადიები, რომ ‘საოცრად ვართ შექმნილნი’?
• რატომ უნდა ვიფიქროთ იეჰოვას აზრებზე?
• როგორ უკავშირდება რწმენა იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 23 გვერდზე]
ბავშვი საშვილოსნოში წინასწარი „გეგმის“ მიხედვით ვითარდება.
დნმ
[საავტორო უფლება]
Unborn fetus: Lennart Nilsson
[სურათი 24 გვერდზე]
როგორც ბავშვი ენდობა მოსიყვარულე მამას, ჩვენც ასევე ვენდობით იეჰოვას.
[სურათი 25 გვერდზე]
შემოქმედებაზე ფიქრმა დავითი იეჰოვას განდიდებისკენ აღძრა.