არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მიზანს ემსახურება შობის დღესასწაული?

რა მიზანს ემსახურება შობის დღესასწაული?

რა მიზანს ემსახურება შობის დღესასწაული?

ზუსტად ათი წლის წინ ჟურნალ „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტის“ (დეკემბრის ნომერი) გარეკანზე ასეთი სათაური იყო მოცემული — „შობის დღესასწაულის დასაბამი“. სტატია ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, გახდა თუ არა შობის დღესასწაული „წმინდა და ნაკლებად კომერციული“. რა შეიძლება ითქვას დღეს ამაზე?

სტატიაში მოყვანილი იყო მიზეზები, საიდანაც ჩანდა, რომ ამასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ჟურნალში ნათქვამია: „არ არსებობს იმის დამამტკიცებელი არანაირი წყარო, რომ ქრისტეს დაბადებას მეოთხე საუკუნემდე აღნიშნავდნენ, მანამდე, ვიდრე კონსტანტინე. . . რომის იმპერატორი გახდებოდა. გარკვეულწილად ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დანამდვილებით არავინ იცოდა, თუ როდის დაიბადა იესო“. სტატიაში ეწერა, რომ „სახარებები არ მოიხსენიებს იესოს დაბადების წელს, რომ აღარაფერი ვთქვათ ზუსტ თვესა და დღეზე“. ტეხასის უნივერსიტეტში მომუშავე ერთი ისტორიკოსის აზრით, „ადრეულ ქრისტიანებს აზრადაც არ მოსდიოდათ შობის აღნიშვნა“.

სტატიაში ერთ-ერთი ქვესათაურით „საორჭოფო საკითხი“, განხილული იყო, „თუ საიდან დაადგინა ეკლესიამ 25 დეკემბერი შობის აღნიშვნის დღედ“. ჟურნალი იუწყებოდა: «ფართოდ არის გავრცელებული ის აზრი, რომ სატურნალია და სხვა წარმართული ზეიმები განზრახ იყო „გაქრისტიანებული“ ». „ის, რომ ეკლესიის წინამძღოლებმა შობის დღესასწაულის აღნიშვნა დეკემბრის მიწურულს დააწესეს, მაშინ როცა ხალხი ისედაც მიჩვეული იყო დღესასწაულების აღნიშვნას, ამით იმის საფუძველი შექმნეს, რომ ჩვენი მხსნელის შობის დღესასწაული ფართოდ გავრცელებულიყო“. მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ამ დღესასწაულის აღნიშვნისას ყურადღება უმეტესწილად საჩუქრების მიღება-გაცემაზე გადავიდა. „შობის დღესასწაულზე საჩუქრების მირთმევამ მალევე შეუწყო ხელი საცალო ვაჭრობას; ვაჭრები და ისინი, ვინც საქონელს რეკლამას უწევდნენ, მაშინვე დაინტერესდნენ იმით, რომ ამ ჩვეულებას უფრო მეტად მოეკიდა ფეხი“.

ამგვარად, არ არსებობს არანაირი საფუძველი, გვჯეროდეს, რომ შობის დღესასწაულმა კომერციული ხასიათი დაკარგა და სუფთა ქრისტიანული სახე შეიძინა. მაშინ როცა შობის დღესასწაული დღეს „აშკარად კომერციულ მიზნებს ემსახურება“, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ აღნიშნავენ იესოს დაბადებას. უფრო მეტიც, ბიბლია ყურადღებას გამოსასყიდზე ამახვილებს, რომელიც ქრისტემ თავისი სიკვდილითა და ზეცაში აღდგომით გაიღო (მათე 20:28). ეს მოვლენა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.