არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შევიძინოთ ჭეშმარიტი ცოდნა

შევიძინოთ ჭეშმარიტი ცოდნა

შევიძინოთ ჭეშმარიტი ცოდნა

ეს მოხდა 1810 წლის 18 დეკემბერს. ღამდებოდა. შოტლანდიის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროსთან, აღელვებულ ზღვაში დიდი ბრიტანეთის სამხედრო–საზღვაო ფრეგატმა HMS–პალასმა, კურსი დაკარგა. სიბნელისა და ძლიერი თოვის გამო ეკიპაჟის წევრებს უფრო და უფრო უძნელდებოდათ სასიგნალო შუქურების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რაც აუცილებელი იყო გემის უსაფრთხოებისთვის. წარმოიდგინეთ, რა შვებას იგრძნობდნენ ისინი, როცა სინათლე დაინახეს! მათ მაშინვე იქით აიღეს კურსი. სამწუხაროდ, ისინი მოტყუვდნენ. სინამდვილეში, ისინი სანაპიროზე მუშების მიერ დანთებულ კოცონს ხედავდნენ. „პალასი“ თავთხელზე დაჯდა და მთლიანად დაიმსხვრა. თერთმეტი მეზღვაური დაიხრჩო. ასე ტრაგიკულად დასრულდა მათი სიცოცხლე!

„პალასის“ ეკიპაჟის წევრებს შეცდომა სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. თუმცა სხვა შემთხვევებში მოგზაურები უფრო დიდი საფრთხის წინაშეც დგებოდნენ. ისინი ცრუ შუქურებს ხედავდნენ. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, მეკობრეები ცრუ შუქურებით იტყუებდნენ მეზღვაურებს კლდოვან ნაპირთან, რათა დამსხვრეული გემი გაეძარცვათ (Wrecks, Wreckers and Rescuers).

‘წმინდა წერილები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი გადარჩენა’

ჭეშმარიტი ცოდნის ძიებაში თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ საფრთხის წინაშე, როგორც ეს მეზღვაურების შემთხვევაში იყო. შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ არასწორმა ინფორმაციამ ან გამიზნული სიცრუის მსხვერპლიც კი გახდეთ. ორივე შემთხვევა სავალალო შედეგებამდე მიგიყვანდათ. რის გაკეთება შეგიძლიათ თავის დასაცავად? დარწმუნდით, რომ ცოდნის შესაძენად სწორ და საიმედო წყაროს მიმართავთ. 125 წელზე მეტია, რაც ეს ჟურნალი ყურადღებას ამახვილებს ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, როგორც ცოდნის შეძენის ყველაზე საიმედო წყაროზე. ამის მიზეზი ისაა, რომ ბიბლია შეიცავს წმინდა წერილებს, რომელთაც „შეუძლიათ შენი დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმოთე 3:15—17).

ცხადია, იმაში დასარწმუნებლად, რომ ბიბლია სანდო სახელმძღვანელოა, მართებული იქნება, თუ შეამოწმებთ მის უტყუარობას (ფსალმუნები 118:105; იგავები 14:15). მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელმაც მილიონები დაარწმუნა იმაში, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთისგან არის შთაგონებული. მაგალითად, შეგიძლიათ წაიკითხოთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ *. მასში მოცემული ინფორმაცია დაგანახვებთ, რომ ბიბლია ზუსტი, სარწმუნო და ღვთისგან შთაგონებულია.

ჭეშმარიტ ცოდნას ბიბლია გვთავაზობს

რომელია ჭეშმარიტი ცოდნის მისაღებად საჭირო ძირითადი სწავლებები, რომლებსაც „წმინდა წერილები“ გვთავაზობს? განვიხილოთ ზოგი მათგანი.

არსებობს ერთადერთი ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველივე (დაბადება 1:1). ჩვენ მხოლოდ იმის წყალობით ვარსებობთ, რომ ‘ღმერთმა შექმნა ყველაფერი’ და მოგვცა სიცოცხლე (გამოცხადება 4:11). ამიტომ ის ერთადერთია, ვინც იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემას. ის არის ყოველგვარი ცოდნის წყარო (ფსალმუნები 35:10; ესაია 30:20, 21; 48:17, 18). ღმერთს აქვს სახელი და სურს, რომ მას ამ სახელით მივმართავდეთ (გამოსვლა 3:15). ებრაული ასოებით დაწერილი ღვთის სახელი, რომლის ტრანსლიტერაციაც არის „ჲჰვჰ“, ბიბლიაში დაახლოებით 7 000–ჯერ გვხვდება. ქართულ ენაზე მისი გავრცელებული შესატყვისია „იეჰოვა“ (ფსალმუნები 83:18, აქ [82:19]).

იეჰოვამ ადამიანები იმ მიზნით შექმნა, რომ მათ მარადიულად ეცხოვრათ დედამიწაზე, სამოთხეში. ღმერთმა ადამიანები თავის ანარეკლად შექმნა. მან ისინი სხვადასხვა ნიჭითა და უნარით დააჯილდოვა, რათა მათთვის დედამიწაზე უსასრულო ცხოვრება სასიამოვნო ყოფილიყო (დაბადება 1:26—28). მას დედამიწა იმ მიზნით არ შეუქმნია, რომ ყოფილიყო საცდელი ადგილი, სადაც ადამიანებს ზეცაში საცხოვრებლად მოამზადებდა. ღმერთთან დასაახლოებლად აუცილებელი არ არის ზეცაში წასვლა.

ადამიანში არანაირი ბოროტება არ იყო, როცა ღმერთმა ის შექმნა. ბოროტება მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ღვთის ზოგმა მიწიერმა თუ ზეციერმა ქმნილებამ ბოროტად გამოიყენა ნების თავისუფლება და ღმერთს დაუპირისპირდა (მეორე რჯული 32:5). ჩვენმა პირველმა წინაპრებმა არჩიეს, თავად გადაეწყვიტათ, რა იყო სწორი და რა — არასწორი (დაბადება 2:17; 3:1—5). ასეთმა მოქმედებამ მათაც და მათ შთამომავლობასაც სიკვდილი მოუტანა (დაბადება 3:19; რომაელები 5:12). მათმა დაპირისპირებამ წამოჭრა საკამათო საკითხი, რომლის გადასაწყვეტადაც იეჰოვამ დროებით დაუშვა ბოროტების არსებობა. მიუხედავად ამისა, ღვთის განზრახვა დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით არ შეცვლილა (ესაია 45:18). სამოთხე კვლავ აღდგება და ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ გაწმენდილ დედამიწაზე (მათე 6:10; გამოცხადება 21:1—5).

იესო ქრისტე არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. ის ღვთის ძეა. იესო თავად ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). ის არასოდეს ამბობდა, რომ ღვთის თანასწორი იყო. პირიქით, მან თქვა: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28).

იესო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვთის განზრახვის განხორციელებაში. ღმერთმა გამოგზავნა იესო დედამიწაზე. ბიბლიაში მის შესახებ ნათქვამია: „მე სინათლედ მოვედი ქვეყნიერებაში, რათა ვისაც მე ვწამვარ, ბნელში არ დარჩეს“ (იოანე 12:46). მოციქული პეტრე ამბობს, რომ „სხვა არავისში არ არის ხსნა“ (საქმეები 4:12). ეს ნამდვილად ასეა, რადგან ჩვენი ხსნა ქრისტეს მიერ დაღვრილ ძვირფას სისხლზეა დამოკიდებული (1 პეტრე 1:18, 19). იესო ქრისტემ სიცოცხლე გამოსასყიდად გაიღო, რათა ჩამოეშორებინა ცოდვა, რომელიც ჩვენმა პირველმა მშობლებმა — ადამმა და ევამ — კაცობრიობას გადასცეს (მათე 20:28; 1 ტიმოთე 2:6). ამას გარდა, ღმერთმა იესო გამოიყენა იმისათვის, რომ ადამიანებისთვის მისი ნება და განზრახვები გაეცხადებინა (იოანე 8:12, 32, 46, 47; 14:6; საქმეები 26:23).

ღმერთმა დააარსა ზეციერი სამეფო ანუ მთავრობა, რომელშიც შედიან იესო ქრისტე და ადამიანთაგან ამორჩეული წევრები. ეს თემა მთელ ბიბლიას გასდევს. ღმერთმა ამ მთავრობას მიანდო თავისი ნების შესრულება დედამიწაზე, ისე როგორც ეს ზეცაშია (მათე 6:10). ღვთის თავდაპირველ განზრახვაში არ შედიოდა ის, რომ ადამიანთაგან ვინმე ზეცაში წასულიყო. ადამიანებს დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველმა წყვილმა ცოდვა ჩაიდინა, ღმერთმა რაღაც ახალი განიზრახა. მან ამოარჩია ადამიანები „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“, რათა ქრისტესთან იმეფონ ზეციერ სამეფოში (გამოცხადება 5:9, 10). ეს სამეფო მალე „შემუსრავს და დააქცევს“ ყველა მიწიერ სამეფოს, რომელსაც ამდენი ტანჯვა და ტკივილი მოაქვს ადამიანებისთვის (დანიელი 2:44).

სული კვდება. ბიბლიის ეს ძირითადი სწავლება ნათელს ჰფენს ადამიანისა და მისი მომავალი ცხოვრების შესახებ ბევრ დეტალს. ასევე გვიხსნის მკვდრების მდგომარეობას, რითაც გვიცავს საყოველთაოდ გავრცელებული არასწორი შეხედულებებისგან.

ბიბლიის პირველივე წიგნში ნათქვამია: „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“ (დაბადება 2:7, აქ). იცით, რას ნიშნავს ეს? სული არ არის ადამიანის სხეულში არსებული აჩრდილის მსგავსი რამ. ადამიანს არ აქვს სული. ის თავად არის სული, რომელიც შედგება „მიწის მტვრის“ ელემენტებისა და ღვთისგან მომდინარე სასიცოცხლო ძალისგან. სული არ არის უკვდავი. როცა ადამიანი კვდება, სულიც კვდება (დაბადება 3:19; ეკლესიასტე 9:5, 10).

გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ. როცა ღვთის მიერ დროებით დაშვებული ბოროტება მოისპობა, „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). აღდგენილები სამოთხეში იცხოვრებენ დედამიწაზე, როგორც ეს ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად უნდა ყოფილიყო.

ყოველდღე გულდასმით იკვლიეთ ბიბლია

დაგეხმარებათ ბიბლიის ძირითადი სწავლებების ცოდნა ცხოვრებაში? ამ მძიმე, მშფოთვარე დროში ასეთი ცოდნა დაგიცავთ «ეგრეთ წოდებული „ცოდნისგან“», რომლის გავრცელებასაც სატანა ეშმაკი უწყობს ხელს. ის „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ და „მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ“ (1 ტიმოთე 6:20; 2 კორინთელები 11:13—15). ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა დაგიცავთ ცოდნისგან, რომელიც დაფუძნებულია იმ „ბრძენებისა და ჭკვიანების“ ქვეყნიურ ფილოსოფიაზე, რომლებმაც „მოიძულეს . . . უფლის სიტყვა“ (მათე 11:25; იერემია 8:9).

პირველ საუკუნეში შეცდომაში შემყვანი მრავალი სწავლება და ფილოსოფია არსებობდა. ამიტომ მოციქულმა იოანემ ქრისტიანები გააფრთხილა: „ყველა შთაგონებულ სიტყვას . . . ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1 იოანე 4:1). დაფიქრდით შემდეგ მაგალითზე. თუ ისეთ ამბავს გაიგებდით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას იქონიებდა, მაშინვე დაიჯერებდით მას მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი შეხედვით სანდო წყაროდან გაიგეთ? რა თქმა უნდა, არა. გარკვეული ნაბიჯების გადადგმამდე თქვენ შეამოწმებდით, შეეფერება თუ არა ის სინამდვილეს.

ბიბლიის საშუალებით ღმერთი გვაძლევს შესაძლებლობას, შევამოწმოთ, სანდოა თუ არა „შუქურა“, რომელსაც მივყვებით (1 თესალონიკელები 5:21). ბიბლიაში დადებითად არიან მოხსენიებულნი პირველ საუკუნეში, ბერეაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც „ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ მიერ მოსმენილი ნამდვილად ჭეშმარიტება იყო (საქმეები 17:11). თქვენც შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ. დაე ბიბლია, „ლამპარი, რომელიც ანათებს სიბნელეში“, იყოს თქვენი მეგზური (2 პეტრე 1:19—21). თუ ასე მოიქცევით, შეიძენთ ჭეშმარიტ ცოდნას — „ცოდნას ღვთის შესახებ“ (იგავები 2:5, აქ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 4 გვერდზე]

ღვთის სიტყვა ლამპარივით გვინათებს გზას.

[სურათი 5 გვერდზე]

რა ჰქვია ღმერთს?

[სურათი 5 გვერდზე]

რა ელის კაცობრიობას მომავალში?

[სურათი 6 გვერდზე]

ყოვლისშემძლე ღმერთია იესო?

[სურათი 6 გვერდზე]

სად არიან გარდაცვლილები?

[სურათი 7 გვერდზე]

მკვდრეთით აღდგომა ბიბლიის ერთ-ერთი ძირითადი სწავლებაა.