არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე ვიპოვე იეჰოვა მისივე დახმარებით

მე ვიპოვე იეჰოვა მისივე დახმარებით

ბიოგრაფია

მე ვიპოვე იეჰოვა მისივე დახმარებით

მოგვითხრო ფლორენს კლარკმა

გვერდიდან ვერ ვცილდებოდი მეუღლეს, რომელიც სერიოზულად იყო ავად. როგორც ანგლიკანური ეკლესიის წევრი, ღმერთს ვთხოვდი ჩემი მეუღლის გამოჯანმრთელებას. თუ ღმერთი მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, სანაცვლოდ ვპირდებოდი, რომ არ შევწყვეტდი მის ძებნას მანამ, სანამ არ ვიპოვიდი. შემდეგ კი სამუდამოდ მისი მსახური გავხდებოდი.

დავიბადე 1937 წლის 18 სექტემბერს ჩიულანგების ოჯახში. ჩვენ დასავლეთ ავსტრალიაში, შორეული კიმბერლის პლატოს ერთ-ერთ აბორიგენულ დასახლებაში ვცხოვრობდით.

სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს ბავშვობის წლებთან, რადგან ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა. გარკვეული წარმოდგენა ღვთისა და ბიბლიის შესახებ ეკლესიამ შემიქმნა, თუმცა ქრისტიანულ პრინციპებს დედა მასწავლიდა. ის რეგულარულად მიკითხავდა ბიბლიას, რის შედეგადაც ბავშვობიდანვე გამიჩნდა სულიერი საკითხებისადმი ინტერესი. აგრეთვე ძალიან მხიბლავდა დეიდას მაგალითი, რომელიც მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა მის კვალს გავყოლოდი.

ჩვენს დასახლებაში, რომელიც „ფორესტ რივერ მიშენის“ სახელით იყო ცნობილი, მხოლოდ დაწყებითი განათლების მიღება იყო შესაძლებელი. გაკვეთილებს ორი საათი ეთმობოდა. ასე თუ გაგრძელდებოდა, სრულფასოვან განათლებას ვერ მივიღებდი, ეს კი მამას ძალიან აწუხებდა. მას სურდა, შვილებს კარგი განათლება ჰქონოდათ, ამიტომ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ის ადგილი და ოჯახით ქალაქ უინდემში გადასულიყო. ჩვენი დასახლების დატოვება ძალიან გაგვიჭირდა. სამაგიეროდ, უინდემში მომდევნო ოთხი წელი (1949—1952 წწ.) სწავლების სრულ კურსს გავდიოდი. ძალიან მადლიერი ვარ მამის, რომელმაც ასეთი განათლების მიღების შესაძლებლობა მომცა.

დედა ადგილობრივ ექიმთან მუშაობდა. როდესაც 15 წლის ასაკში სწავლა დავამთავრე, ამ ექიმმა უინდემის საავადმყოფოში მედდის სამუშაო შემომთავაზა. სიხარულით დავთანხმდი, რადგან იმ დროს ძალიან რთული იყო სამუშაოს პოვნა.

რამდენიმე წელიწადში გავიცანი ალექსი, თეთრკანიანი ფერმერი. ჩვენ 1964 წელს ქალაქ დერბიში დავქორწინდით. იქ რეგულარულად დავდიოდი ანგლიკანურ ეკლესიაში. ერთხელ იეჰოვას მოწმეებმა მოგვაკითხეს. საკმაოდ მტკიცედ ვუთხარი, რომ მათი რელიგია არ მაინტერესებდა და ვთხოვე, მეორედ აღარ მოსულიყვნენ. მაგრამ იმან, რაც მათ ღვთის პირად სახელზე მითხრეს, ცოტა არ იყოს დამაფიქრა.

„შენი სიტყვებით ვერ ილოცებ?“

1965 წელს ცხოვრებაში რთული პერიოდი დამიდგა. ჩემმა მეუღლემ სამჯერ მიიღო სერიოზული ტრავმა — ერთხელ მანქანით მგზავრობისას, ხოლო ორჯერ ცხენზე ჯდომისას. საბედნიეროდ, სამივე შემთხვევაში ის გამოჯანმრთელდა და სამუშაოს დაუბრუნდა. მაგრამ ცოტა ხანში კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. მას სერიოზულად დაუზიანდა თავის ტვინი. როდესაც საავადმყოფოში მივედი, ექიმმა მითხრა, რომ ვერ გადარჩებოდა. განადგურებული ვიყავი. მედდამ ადგილობრივ მღვდელს სთხოვა, რომ ვენახე. მღვდელმა კი უთხრა: „დღეს არ შემიძლია, ხვალ მოვალ“.

მედდას ვუთხარი, რომ მსურდა, მღვდელი ჩემ გვერდით ყოფილიყო და მასთან ერთად მელოცა. მედდამ კი მითხრა: „შენი სიტყვებით ვერ ილოცებ?“. ამიტომ საეკლესიო გამოსახულებების წინაშე დავიწყე ლოცვა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. ჩემი ქმრის გამოკეთებას პირი არ უჩანდა. თავში სულ ის მიტრიალებდა, რა მეშველებოდა, თუ მეუღლე დამეღუპებოდა. ჩემს სამ შვილზე — კრისტინაზე, ნანეტზე და ჯეფრიზეც — ვწუხდი. როგორ გაუმკლავდებოდნენ მამის გარეშე ცხოვრებას? საბედნიეროდ, სამი დღის შემდეგ მეუღლეს ცნობიერება დაუბრუნდა და 1966 წლის 6 დეკემბერს საავადმყოფოდან გამოწერეს.

მართალია თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა, მაგრამ ტრავმის შედეგად მეუღლეს მეხსიერება დაუქვეითდა, უხასიათობა დასჩემდა და ზოგჯერ ძალადობასაც კი მიმართავდა. მას უჭირდა ბავშვებთან ურთიერთობა. თუ ისინი რამეს სათანადოდ ვერ აკეთებდნენ, აგრესიული ხდებოდა. მისი მოვლა საკმაოდ რთული იყო. თითქმის ყველაფერს მე ვაკეთებდი მისთვის. წერა-კითხვასაც კი თავიდან ვასწავლიდი. ოჯახის საქმეებთან ერთად ავადმყოფ მეუღლეზე ზრუნვა ისეთ მძიმე ტვირთად იქცა ჩემთვის, რომ ნერვული მოშლილობა დამემართა. შვიდი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, დროებით დავშორებულიყავით, სანამ არ გამოვჯანმრთელდებოდი.

ბავშვებთან ერთად სამხრეთით, ქალაქ პერთში გადავედი. გადასვლამდე ჩემმა დამ, რომელიც დასავლეთ ავსტრალიაში მდებარე პატარა ქალაქ კენენერეში ცხოვრობდა, მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. მან მიჩვენა სურათი, რომელიც მოცემული იყო წიგნში, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ *. სურათზე გამოსახული იყო სამოთხე დედამიწაზე, რომლის შესახებაც ბიბლია საუბრობს. ასევე ამ წიგნის დახმარებით ამიხსნა, რომ ღმერთს ერქვა იეჰოვა, რამაც ძალიან დამაინტერესა. ასეთი რამ არასდროს უთქვამთ ჩემს ეკლესიაში. ამიტომ გადავწყვიტე, როგორც კი პერთში ჩავიდოდი, ტელეფონით დავკავშირებოდი იეჰოვას მოწმეებს.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვყოყმანობდი მათთან დაკავშირებას. ერთ საღამოს ზარის ხმა გაისმა. კარი ჩემმა ვაჟმა გააღო. ის საჩქაროდ გამობრუნდა უკან და მითხრა: „დედიკო, შენ რომ დარეკვას აპირებდი, ისინი მოვიდნენ“. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ბავშვს დავავალე, მათთვის ეთქვა, რომ სახლში არ ვიყავი, მაგრამ მან მითხრა: „კარგად იცი, რომ ტყუილს არ ვიტყვი, დედა“. სხვა რა გზა მქონდა, კართან მივედი. როდესაც სტუმრებს მივესალმე, მათ სახეებზე დაბნეულობა შევნიშნე. როგორც გავიგე, ისინი სხვა მობინადრის სანახავად იყვნენ მოსულები, რომელიც ახალი გადასული იყო. მე ისინი სახლში შემოვიპატიჟე და უამრავი კითხვა დავუსვი. მათ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამცეს ბიბლიიდან.

მომდევნო კვირას მოწმეებთან რეგულარულად დავიწყე ბიბლიის შესწავლა წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. შესწავლამ კვლავ გამიღვიძა სულიერი საკითხებისადმი ინტერესი. ორი კვირის შემდეგ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დავესწარი. კვირაობით კრების შეხვედრებზე დავიწყე სიარული. ცოტა ხანში სხვა შეხვედრებზეც დავიწყე დასწრება. აგრეთვე აღვიძარი, ნასწავლი სხვებისთვის გამეზიარებინა. ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებამ ხელი შეუწყო ჩემი ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ექვსი თვის შემდეგ პერთში საოლქო კონგრესზე მოვინათლე.

რაც უფრო ვიზრდებოდი სულიერად, მით უფრო კარგად მესმოდა, რატომ მიიჩნევდა იეჰოვა წმინდად ქორწინებას. 1 კორინთელების 7:13-ში მოცემულ ბიბლიურ პრინციპზეც ვფიქრობდი: „თუ ქალს ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს“. სწორედ ამ მუხლმა აღმძრა, რომ ალექსს დავბრუნებოდი.

ვბრუნდები დერბიში

1979 წლის 21 ივნისს დერბიში დავბრუნდი. ხუთ წელზე მეტი იყო გასული, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით. გაორებული გრძნობები მქონდა; მაინტერესებდა, როგორ შემხვდებოდა ალექსი. ჩემდა გასაოცრად, მას გაუხარდა ჩემი დაბრუნება, თუმცა ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა, როცა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმე გავხდი. მან მაშინვე შემომთავაზა მის ეკლესიაში სიარული, სწორედ იქ, სადაც პერთში გადასვლამდე დავდიოდი. ავუხსენი, რომ არ შემეძლო ამის გაკეთება. ყველანაირად ვცდილობდი, მისთვის, როგორც ოჯახის თავისთვის, პატივი მეცა და როგორც ქრისტიან მეუღლეს, ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. ვცდილობდი მასთან იეჰოვაზე და მომავალთან დაკავშირებული მისი შესანიშნავი განზრახვების შესახებ მესაუბრა, მაგრამ ის არ ავლენდა ინტერესს.

დროთა განმავლობაში ალექსი არა მარტო შეეგუა ჩემი ცხოვრების ახალ წესს, არამედ ფინანსურ დახმარებასაც მიწევდა, რათა კონგრესებს და ყოველკვირეულ შეხვედრებს დავსწრებოდი. ძალიან მადლიერი ვიყავი, როცა მან მანქანა მიყიდა, რომელსაც ქრისტიანულ მსახურებაში გამოვიყენებდი. ეს მეტად საჭირო ტრანსპორტია ავსტრალიის შორეულ ტერიტორიებზე გადასაადგილებლად. ჩვენს სახლში რამდენიმე დღით ხშირად რჩებოდნენ და–ძმები, მათ შორის სარაიონო ზედამხედველიც. ამგვარად, ალექსს სხვადასხვა მოწმეების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა და, როგორც ჩანს, მათ კომპანიაში თავს კარგად გრძნობდა.

ისეთი გრძნობები მეუფლება, როგორიც ეზეკიელს

და–ძმების სტუმრობა ძალიან მახარებდა, მაგრამ ერთი პრობლემა მქონდა. ქალაქ დერბიში ერთადერთი იეჰოვას მოწმე ვიყავი. უახლოესი კრება 220 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბრუმში იყო. ამიტომ გადავწყვიტე, სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. იეჰოვას დახმარებით მეტად მობილიზებული გავხდი და კარდაკარ ქადაგება დავიწყე. ნამდვილად არ იყო ადვილი ამ დავალების შესრულება, მაგრამ გამუდმებით შევახსენებდი საკუთარ თავს პავლე მოციქულის სიტყვებს: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).

ადგილობრივი მღვდლები არ იწონებდნენ ჩემს საქმიანობას, განსაკუთრებით აბორიგენებთან ქადაგებას. ისინი ჩემ შეშინებას ცდილობდნენ, რათა ქადაგება შემეწყვიტა. მაგრამ წინააღმდეგობამ გამიძლიერა გადაწყვეტილება და უფრო მეტი ენთუზიაზმით ვქადაგებდი. დახმარებისთვის გამუდმებით მივმართავდი იეჰოვას. ხშირად მახსენდებოდა ეზეკიელის მიმართ ნათქვამი გამამხნევებელი სიტყვები: „აჰა, მე გავხადე შენი სახე მაგარი მათი სახეების პირისპირ, შენი შუბლი — მაგარი მათი შუბლების პირისპირ. ალმასივით, რომელიც ქვაზე მაგარია, გავხადე შენი შუბლი. ნუ შეგეშინდება მათი და ნუ შეკრთები მათ სახეთაგან“ (ეზეკიელი 3:8, 9).

მაღაზიაში რამდენჯერმე ეკლესიის ორმა მსახურმა ყველას გასაგონად დამცინა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ერთხელ, როდესაც განმეორებით მონახულებას ვაკეთებდი, ერთი ეკლესიის მსახური ჩემთან მოვიდა და ბრალი დამდო იმაში, რომ არ მწამდა იესო. მან ხელიდან გამომგლიჯა ბიბლია და ისევ უკან მომიგდო. მე მას თვალი გავუსწორე და საკმაოდ მშვიდად, მაგრამ დამაჯერებლად მოვუყვანე ციტატა იოანეს 3:16–დან. ამით დავარწმუნე, რომ მწამდა იესო. ჩემმა სიმტკიცემ ის გააოცა და უთქმელად გამშორდა.

დერბის მხარეში ადგილობრივ მოსახლეებთან ქადაგება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ერთი ადგილობრივი მღვდელი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ერთ დასახლებაში არ მექადაგა. საბედნიეროდ, ის სხვაგან გადაიყვანეს. ამგვარად, შესაძლებლობა მომეცა, ამ დასახლებაშიც მექადაგა სასიხარულო ცნობა. ყოველთვის მქონდა სურვილი, დეიდასავით მისიონერი გავმხდარიყავი; და ახლა სწორედ ამ საქმით ვიყავი დაკავებული — ადამიანებს ღვთის სიტყვას ვასწავლიდი. ბევრი ადგილობრივი მოსახლე დადებითად გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას. შედეგად, ბიბლიის რამდენიმე შესწავლა დავიწყე.

ვაცნობიერებ სულიერ მოთხოვნილებებს

ხუთი წლის განმავლობაში დერბიში მხოლოდ მე ვიყავი იეჰოვას მოწმე. ვგრძნობდი, რომ კრებებზე თანამორწმუნეებთან რეგულარული ურთიერთობის გარეშე რთული იყო, სულიერად ძლიერი დავრჩენილიყავი. ერთხელ ძალიან ცუდ გუნებაზე ვიყავი და გადავწყვიტე მანქანით გასეირნება. როდესაც ნაშუადღევს სახლში დავბრუნდი, ჩვენი და თავის შვიდ შვილთან ერთად მელოდებოდა. მათ მრავალი კილომეტრით დაშორებული ბრუმის კრებიდან ლიტერატურა ჩამომიტანეს. მოგვიანებით ამ დამ, ბეტი ბეტერფილდმა, ისე დაგეგმა ყველაფერი, რომ დერბიში თვეში ერთხელ ჩამოსულიყო და შაბათ–კვირას ჩემთან დარჩენილიყო. ჩვენ ერთად ვქადაგებდით და შემდეგ ვამზადებდით „საგუშაგო კოშკს“. თვეში ერთხელ მეც ჩავდიოდი ბრუმში.

ბრუმში მცხოვრები ძმები ძალიან დიდ დახმარებას მიწევდნენ. დროდადრო ისინი დიდ მანძილს გადიოდნენ დერბიში ჩამოსასვლელად, რათა მსახურებაში ჩემთვის მხარი დაეჭირათ. მათ სთხოვეს სხვა ქალაქებში მცხოვრებ და–ძმებს, რომლებსაც დერბის გავლა უწევდათ, რომ ჩემთან შემოევლოთ და ერთად გვექადაგა. ამ და–ძმებს საჯარო მოხსენებების აუდიოჩანაწერებიც მოჰქონდათ ჩემთვის. ზოგი მათგანი ჩემთან ერთად ამზადებდა „საგუშაგო კოშკს“. ეს მოკლე ვიზიტები ძალიან მამხნევებდა.

მეტი დახმარების მიღება

რამდენიმე წელიწადში, როცა დერბიში დასავლეთ ავსტრალიის სამხრეთ ნაწილიდან არტურ და მერი უილსები ჩამოვიდნენ, უფრო მეტი სტიმული მომეცა. ამ პენსიაზე გასულმა წყვილმა გადაწყვიტა, შედარებით გრილ სეზონში სამი თვით ჩამოსულიყვნენ და დამხმარებოდნენ. შეხვედრების უმეტეს ნაწილს ძმა უილსი უძღვებოდა, ასევე სამქადაგებლო საქმესაც უწევდა ხელმძღვანელობას. ჩვენ ერთად მოვინახულეთ კიმბერლის პლატოზე მდებარე უფრო მოშორებული ტერიტორიები, ვეწვიეთ შორეულ რანჩოებს. ყოველთვის, როცა ეს წყვილი სახლში ბრუნდებოდა, სიცარიელის გრძნობა მეუფლებოდა.

საბოლოოდ, 1983 წლის დასასრულს, სასიხარულო შეტყობინება მივიღე. დანი და დენიზ სტერჯენები ოთხი ვაჟითურთ საცხოვრებლად დერბიში აპირებდნენ გადმოსვლას. მათი ჩამოსვლის შემდეგ ყოველკვირეულად ვახერხებდით შეხვედრების ჩატარებასა და ქადაგებას. 2001 წელს დერბიში კრება ჩამოყალიბდა. დღეს ამ ქალაქში 24 მაუწყებლისგან შემდგარი სულიერად ძლიერი კრებაა. ჩვენს კრებაში ორი უხუცესი და ერთი მომსახურეა, რომლებიც ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე შესანიშნავად ზრუნავენ. ზოგჯერ შეხვედრას 30–მდე ადამიანი ესწრება.

ვიხსენებ განვლილ წლებს და გულს მითბობს იმაზე ფიქრი, თუ რამხელა დახმარება გამიწია იეჰოვამ. თუმცა ჩემი მეუღლე ჯერაც არ იზიარებს ჩემს რწმენას, ის კვლავ მიწევს დახმარებას. ჩემი ოჯახის ხუთი წევრი იეჰოვას მოწმე გახდა — ორი ქალიშვილი, ორი შვილიშვილი და დისშვილი. გარდა ამისა, რამდენიმე ნათესავი ამჟამად იეჰოვას მოწმეებთან სწავლობს ბიბლიას.

მართლაც ძალიან მადლობელი ვარ, რომ იეჰოვა დამეხმარა, მეპოვა იგი. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მარადიულად მას ვემსახურო (ფსალმუნები 64:3).

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ ამჟამად აღარ იბეჭდება.

[რუკა/სურათები 15 გვერდზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ავსტრალია

უინდემი

კიმბერლის პლატო

დერბი

ბრუმი

პერთი

[საავტორო უფლებები დაცულია 15 გვერდზე]

Kangaroo and lyrebird: Lydekker; koala: Meyers

[სურათი 14 გვერდზე]

უინდემის საავადმყოფოში მედდად მუშაობის დროს, 1953 წელი.

[სურათი 15 გვერდზე]

დერბის კრება, 2005 წელი.