გავიხარებთ ოდესმე ნამდვილი უსაფრთხოებით?
გავიხარებთ ოდესმე ნამდვილი უსაფრთხოებით?
ბავშვები მხიარულად თამაშობენ საყვარელ მშობლებთან ერთად. ვინ არ დატკბებოდა ასეთი სურათის ცქერით? მზრუნველი მშობლების გვერდით ბავშვები სრულიად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. თუმცა ბევრი ბავშვისთვის ასეთი ბედნიერი წუთები იშვიათია. ზოგს ყოველდღე უწევს იმაზე ფიქრი, თუ სად გაათიოს ღამე. არსებობს რაიმე იმედი უსახლკარო და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის?
მომავალი შეიძლება უიმედო ჩანს, მაგრამ ღვთის სიტყვა გვაიმედებს. ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ დადგება ისეთი დრო, როდესაც ყველა უსაფრთხოდ იცხოვრებს. მან დაწერა: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ესაია 65:21, 22).
მაგრამ არის ეს იმედი სარწმუნო? ბოლოს და ბოლოს, „იმედი“ ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გამართლდება. მაგალითად, არსებობს გამოთქმა: „ყველაზე ბოლოს იმედი კვდება“. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი მაშინაც კი არ კარგავს იმედს, როდესაც ამის არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. მაგრამ ცოცხალი ღმერთი სულ სხვაგვარ იმედს გვაძლევს. მოციქული პავლე წერდა: „არავის გაუცრუვდება იმედი, ვისაც კი სწამს [ღმერთი]“ (რომაელები 10:11). უკვე შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ღმერთის სხვა დაპირებებიც აუცილებლად შესრულდება. როცა ეს მოხდება, შეიცვლება იმ ბავშვების მდგომარეობაც, რომლებიც დღეს იძულებულნი არიან, ქუჩაში იცხოვრონ.
ბიბლიაში მოცემული პრაქტიკული რჩევა-დარიგებები დღესაც კი დიდ დახმარებას გაუწევს უიმედო მდგომარეობაში მყოფთ ცხოვრების გაუმჯობესებასა და ნამდვილი უსაფრთხოების პოვნაში. როგორ არის ეს შესაძლებელი? თქვენთან ახლოს მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ამის გაგებაში.