თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ გაურკვევლობა
თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ გაურკვევლობა
„უდავოდ“, „უეჭველად“, „ასი პროცენტით“ — ამგვარი ფრაზები ხშირად გექნებათ გაგონილი. მაგრამ ჩვენს დროში ბევრ რამეში არა ვართ დარწმუნებული. ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე და ხშირად გვაფიქრებს, არსებობს თუ არა ისეთი რამ, რაშიც დანამდვილებით შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული. ეჭვი და გაურკვევლობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
გასაგებია, რომ უმეტესობას სურს საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება და ბედნიერება. ბევრი დღესა და ღამეს ასწორებს ფულის საშოვნელად და ქონების შესაძენად, რაც, როგორც ფიქრობენ, მათი ბედნიერებისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება. მაგრამ მიწისძვრამ, ქარიშხალმა, უბედურმა ან კრიმინალურმა შემთხვევამ ადამიანს შეიძლება უეცრად ხელიდან გამოაცალოს ყველაფერი. გარდა ამისა, სერიოზული დაავადება, განქორწინება ან სამუშაოს დაკარგვა ძალიან სწრაფად ცვლის ცხოვრებას. ასეთი რამ, შესაძლოა, პირადად არასდროს დაგვემართოს, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი, რომ უბედურება ნებისმიერ წუთს შეიძლება დაგვატყდეს, თავზარს გვცემს და მოსვენებას გვიკარგავს. თუმცა, მხოლოდ ეს როდია ერთადერთი პრობლემა.
თითქმის ერთსა და იმავეს ნიშნავს, „გქონდეთ გაურკვევლობის გრძნობა“ და „რაღაცაში ეჭვი გეპარებოდეთ“. ეჭვს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი განმარტავს, როგორც „რწმენის, დარწმუნების უქონლობას“. ეს კი ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებას. თანახმად წიგნისა „საკუთარი გონების მართვა“, „მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული გაურკვევლობა დარდისა და წუხილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია“. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნამ, შეიძლება, აფორიაქება, იმედგაცრუება და გულისწყრომა გამოიწვიოს. დიახ, იმაზე დარდი, თუ რა შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს, ადამიანის ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ვნებს.
შედეგად, ზოგი მეორე უკიდურესობაში ვარდება. ისინი იმავეს გრძნობენ, რასაც ერთი ბრაზილიელი ახალგაზრდა, რომელმაც თქვა: „საერთოდ რატომ უნდა მაწუხებდეს ის, თუ რა მოხდება? დღეს დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ხვალ ხვალინდელი დღით ვიცხოვრებ“. ასეთ ფატალისტურ განწყობას — „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ — მხოლოდ იმედგაცრუებამდე, მწუხარებამდე და, საბოლოოდ, სიკვდილამდე მიჰყავს ადამიანი (1 კორინთელთა 15:32). ბევრად უკეთესია მივმართოთ ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, რომელთანაც, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა“ (იაკობი 1:17). თუ ღვთის სიტყვას — ბიბლიას — გამოვიკვლევთ, მასში ვიპოვით გონივრულ რჩევებსა და პრინციპებს, რომლებიც გაურკვევლობასთან გამკლავებაში დაგვეხმარება. ასეთი გამოკვლევით გავიგებთ, რატომ იქმნება ხშირად ცხოვრებაში ასეთი სიტუაციები.
გაურკვევლობის მიზეზი
ბიბლია ცხოვრებაზე რეალურ შეხედულებას გვიქმნის და გაურკვევლობისა და ცვლილებების შესახებ სწორ თვალსაზრისს გვინვითარებს. მართალია, ოჯახური ურთიერთობები, საზოგადოებრივი მდგომარეობა, განათლება თუ ჯანმრთელობა, გარკვეულწილად, უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ეს ყოველივე ცვალებადია და უზრუნველი ცხოვრების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „არც მკვირცხლებს აქვთ წარმატება სირბილში და არც მამაცებს — ომში, და არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ — სიმდიდრე და არც მცოდნეთ — მოწონება“. რატომ? იმიტომ რომ „ჟამი და შემთხვევა ელოდება მათ ყველას“. აქედან გამომდინარე, სოლომონი შემდეგ გაფრთხილებას იძლევა: „მსგავსად თევზებისა, ჩაჭიდებულნი რომ არიან ბოროტ ბადეს და მსგავსად ფრინველებისა, გაბმულნი რომ არიან მახეში, მათსავით შეპყრობილ იქნებიან ადამის ძენიც უბედურების ჟამს, უცებ რომ დაატყდება მათ“ (ეკლესიასტე 9:11, 12).
იესო ქრისტე ლაპარაკობდა უკიდურესი აფორიაქებულობისა და გაურკვევლობის დროზე, რომელიც კაცობრიობას დაუდგებოდა. მან შთამბეჭდავად აღწერა ეს პერიოდი: „იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე, ხოლო დედამიწაზე — ხალხთა შეჭირვება შფოთში, ზღვის ხმაურისა და აზვირთების გამო. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და ქვეყნად მომავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან“. იესომ ასეთი მდგომარეობის დადებით მხარეზეც გაამახვილა გულწრფელ ადამიანთა ყურადღება: „როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 21:25, 26, 31). ჩვენც, ნაცვლად იმისა, რომ მომავლის შიში გვქონდეს, ღვთისადმი რწმენა გვაქვს. ეს გვეხმარება, მოჩვენებითი გაურკვევლობის მიღმა სასწაულებრივი, უსაფრთხო მომავალი დავინახოთ.
იმედში დარწმუნება
შეუძლებელია, დარწმუნებულები ვიყოთ ყველაფერში, რაც გვესმის, რასაც ვკითხულობთ და ვხედავთ, მაგრამ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, ვენდოთ შემოქმედს. ის მხოლოდ უზენაესი მმართველი როდია; ღმერთი ასევე მოსიყვარულე მამაა, რომელიც ზრუნავს თავის მიწიერ შვილებზე. თავისი სიტყვის შესახებ ღმერთი ამბობს: „არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე“ (ესაია 55:11).
იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებას ასწავლიდა და ბევრი მისი მსმენელი დარწმუნებული იყო, რომ სიმართლეს ლაპარაკობდა. მაგალითად, გულწრფელმა სამარიელებმა ქალს, რომელმაც სხვებზე ადრე მოუსმინა იესოს, უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის წუთისოფლის მხსნელი“ (იოანე 4:42). დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილურ დროში ვცხოვრობთ, გაურკვევლობაში არ უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვწამდეს.
რაც შეეხება რწმენას, ბევრი ფიქრობს, რომ საჭირო არ არის, ყველაფერი გვესმოდეს და საკმარისია, უბრალოდ გვწამდეს. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, ლუკა, ამ აზრს არ იზიარებდა. მან ყოველივე გამოიკვლია და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა მსმენელებს, რათა სხვებსაც ‘შეეცნოთ ჭეშმარიტება’ იმისა, რასაც წერდა (ლუკა 1:4). ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, შესაძლოა შიშობენ, რომ, როგორც მორწმუნეები, ბოლოს გულგატეხილები და იმედგაცრუებულები დავრჩებით. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ჩვენი რწმენის დაცვა შეგვეძლოს (1 პეტრე 3:15). სხვების დახმარებას იმაში, რომ ღმერთს მიენდონ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ ზუსტად გვეცოდინება, რა და რატომ გვწამს. იეჰოვა ბიბლიაში აღწერილია შემდეგი სიტყვებით: „კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმე, რადგან სამართლიანია ყოველი მისი გზა. სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა. მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4).
ყურადღება მიაქციეთ უკანასკნელ სიტყვებს: „მართალი და წრფელია იგი“. რის საფუძველზე შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში? პეტრე მოციქული სრულიად დარწმუნებული იყო ამაში. მან რომაელთა ჯარის ასისთავს და მისი ოჯახის წევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). პეტრემ ეს სიტყვები წარმოთქვა, რადგან ის-ის იყო დაინახა, რა გააკეთა ღმერთმა, რომ მისთვის მისაღები გამხდარიყო ეს არაებრაელი ოჯახი, რომელიც მანამდე უწმინდურად ითვლებოდა. პეტრეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დავრწმუნდეთ ღვთის მიუკერძოებლობასა და სიმართლეში, როცა საკუთარი თვალით ვხედავთ მსოფლიოს 230-ზე მეტი ქვეყნიდან შეკრებილ „უამრავ ხალხს“ — ღვთის ექვს მილიონზე მეტ თაყვანისმცემელს, რომლებმაც მიატოვეს ცხოვრების წინანდელი წესი და სიმართლის გზით სიარული დაიწყეს (გამოცხადება 7:9; ესაია 2:2—4).
ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები, ფანატიკოსები და დოგმატიკოსები არა ვართ და თავმდაბლობასა და გონიერებას ვავლენთ. მიუხედავად ამისა, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რაც გვწამს და რასაც მოველით. პირველი საუკუნის ქრისტიანებს პავლე მოციქულმა მისწერა: «გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, იმედის სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე [„მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე სრულად იყოს დარწმუნებული იმედში“, აქ]» (ებრაელთა 6:11). ბიბლიაში მოცემულმა სასიხარულო ცნობამ ჩვენც ‘სრულად დაგვარწმუნა იმედში’. როგორც პავლე გვეუბნება, ეს იმედი, რომელიც ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული, „არ გაგვაწბილებს“ (რომაელთა 5:5, აქ).
უფრო მეტიც, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბიბლიაში მოცემული სასიხარულო ცნობის სწავლებით სხვებსაც დავეხმარებით, უფრო უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნონ თავი არა მხოლოდ სულიერად, არამედ ემოციურად და ფიზიკურადაც კი. პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: „ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით“ (1 თესალონიკელთა 1:5).
სულიერი უსაფრთხოების შედეგად მიღებული კურთხევები
მართალია, დღეს შეუძლებელია ყოველმხრივ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი, მაგრამ ცხოვრებაში შედარებითი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა მაინც შეგვიძლია. მაგალითად, ქრისტიანული კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება ხელს უწყობს სტაბილურ ცხოვრებას, რადგან შეხვედრებზე სწორი პრინციპებისა და ჭეშმარიტი ღირებულებების სიყვარულს ვსწავლობთ. პავლე მოციქულმა დაწერა: „ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად“ (1 ტიმოთე 6:17). ბევრმა თავი დააღწია აფორიაქებასა და იმედგაცრუებას, როცა წარმავალ სიმდიდრეზე იმედის დამყარების ნაცვლად, იეჰოვაზე მინდობა ისწავლეს (მათე 6:19—21).
გარდა ამისა, კრებაში მოსიყვარულე ძმობის ნაწილად ვგრძნობთ თავს და ყოველთვის ვიღებთ მხარდაჭერასა და დახმარებას. ერთხელ, მისიონერული მოგზაურობისას, პავლე მოციქული და სხვა ძმები „გაუსაძლის“ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ‘სიცოცხლის იმედიც კი აღარ ჰქონდათ’. სად ჰპოვა პავლემ მხარდაჭერა და შვება? მართალია, მას ღვთისადმი ნდობა არასდროს დაუკარგავს, მაგრამ გამხნევებითა და ნუგეშისცემით დიდი დახმარება გაუწიეს თანაქრისტიანებმა (2 კორინთელთა 1:8, 9; 7:5—7, აქ). დღესაც, როცა სტიქიური უბედურება ხდება ან მოსახლეობა სხვა მიზეზით ზარალდება, ჩვენი ქრისტიანი ძმები როგორც თანაქრისტიანებს, ისე სხვებს მატერიალურად თუ სულიერად ყოველთვის დაუყოვნებლივ ეხმარებიან.
ფსალმუნები 9:10). ზოგი მშობელი არ ასრულებს მოვალეობას და არ ზრუნავს საკუთარ შვილზე. იეჰოვა კი ყოველთვის მზად არის დაგვეხმაროს და დაგვამშვიდოს, როცა რაღაცის გვეშინია ან გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. შეგვიძლია ლოცვაში იეჰოვას მივანდოთ ჩვენი საზრუნავი და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მას შეუძლია „მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ“ (ეფესელთა 3:20).
გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნისას ლოცვაც დაგვეხმარება. ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, როცა კი მოულოდნელად სტრესულ მდგომარეობაში ვვარდებით. „უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს“ (ლოცულობთ რეგულარულად? დარწმუნებული ხართ, რომ ღმერთს ესმის თქვენი ლოცვები? „დედამ მითხრა, რომ უნდა მელოცა, — ამბობს სან-პაულუში მცხოვრები ერთი გოგონა, — მაგრამ საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ უნდა ველაპარაკო მას, ვისაც არც კი ვიცნობ-მეთქი. მოგვიანებით იგავების 18:10 დამეხმარა, მივმხვდარიყავი, რომ ჩვენ ღვთის დახმარება გვჭირდება და აუცილებელია, მას ლოცვით მივმართოთ“. ამ მუხლში ნათქვამია: „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება“ (სსგ). როგორ ვისწავლით იეჰოვაზე მინდობას, თუ მას რეგულარულად არ დაველაპარაკებით? სულიერად რომ დაცული ვიყოთ, აუცილებელია ყოველდღე გულწრფელად ვილოცოთ. იესომ თქვა: „მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:36).
არის კიდევ ერთი რამ, რაც ნამდვილად სარწმუნოა — ღვთის სამეფოს იმედი. ყურადღება მიაქციეთ დანიელის 2:44-ში ჩაწერილ სიტყვებს: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“. ეს იმედი საფუძვლიანია და მის უტყუარობაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ. ადამიანთა დანაპირები ხშირად ფუჭია, იეჰოვას სიტყვა კი — ყოველთვის სანდო. ღმერთი კლდესავით მტკიცე და საიმედოა. ჩვენ ვუერთდებით დავითის სიტყვებს: „ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ. ფარია ჩემი და თავშესაფარი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისაგან!“ (2 მეფეთა 22:3).
წიგნში „საკუთარი გონების მართვა“, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ასეთი რამ არის ნათქვამი: „რაც უფრო მეტს ფიქრობს ადამიანი იმ უსიამოვნებასა და საშინელებაზე, რაც შეიძლება მოხდეს, მით უფრო რეალური ეჩვენება ის და მით უფრო უჭირს გამოსავლის დანახვა“. მაშ, განა უნდა დავუშვათ, რომ წუთისოფელში არსებულმა გაურკვეველმა სიტუაციებმა დაგვამძიმოს? რამდენად უმჯობესია, რომ ამ არასანდო ქვეყნიერების ნაცვლად, იმედი ღვთის უტყუარ დანაპირებზე დავამყაროთ! ბიბლიის თანახმად, მათგან, ვისაც მტკიცედ სწამს იეჰოვას უტყუარი დაპირებების, „არავის გაუცრუვდება იმედი“ (რომაელთა 10:11, აქ).
[ჩანართი 29 გვერდზე]
ღვთის სიტყვა კურთხევებს აღუთქვამს კაცობრიობას
[ჩანართი 30 გვერდზე]
„არავის გაუცრუვდება იმედი, ვისაც კი სწამს იგი“.
[სურათი 31 გვერდზე]
სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის დახმარებით ხალხი მომავლის შიშს სძლევს.