გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
• რამდენი თავისგან შედგება მიქას წიგნი, როდის დაიწერა ის და რა მდგომარეობა იყო მისი დაწერის პერიოდში?
მიქას წიგნი შედგება შვიდი თავისგან. წინასწარმეტყველმა მიქამ ეს წიგნი ძვ. წ. VIII საუკუნეში დაწერა. იმ პერიოდში ხალხი, რომელთანაც ღმერთმა შეთანხმება დადო, ორ ნაწილად — ისრაელისა და იუდას სამეფოებად — იყო გაყოფილი (15. 08, გვერდი 9).
• მიქას 6:8-ის თანახმად, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
ღმერთი ჩვენგან „სამართლის ქმნას“ მოითხოვს. სამართლიანობის ეტალონი თვითონ იეჰოვას მოქმედებებია, ამიტომ პატიოსნებასა და უმწიკვლობასთან დაკავშირებით მის მიერ მოცემულ პრინციპებს უნდა მივყვეთ. იეჰოვა აგრეთვე გვეუბნება, რომ ‘გვიყვარდეს წყალობა’. ქრისტიანები წყალობას, ანუ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს, ავლენენ მათ მიმართ, ვისაც დახმარება ესაჭიროება. მაგალითად, ისინი სტიქიური უბედურებების დროს გაჭირვებაში ჩავარდნილებს ეხმარებიან. ჩვენ „მოწიწებით სიარულიც“ გვმართებს იეჰოვას წინაშე. ეს ნიშნავს, ვაღიაროთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და ღმერთს მივენდოთ (15.08, გვერდები 20—22).
• რისი გაკეთება შეუძლია ქრისტიანს, თუ სამუშაოს კარგავს?
ასეთ დროს გონივრული იქნებოდა, ქრისტიანს საკუთარი ცხოვრების წესი შეემოწმებინა. მან შეიძლება ცხოვრების გამარტივება შეძლოს, თუ საცხოვრებლად ნაკლები ფართის სახლში გადავა ან არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლდება. რასაკვირველია, ქრისტიანი მეტისმეტად არ უნდა წუხდეს პირველი საჭიროების საგნებზე და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ღმერთი უზრუნველყოფს ყოველივე აუცილებლით (მათე 6:33, 34) (01.09, გვერდები 14, 15).
• რა უნდა გვახსოვდეს საქორწილო საჩუქრების გაკეთების ან მიღების დროს?
აუცილებელი არ არის ძვირადღირებული საჩუქრების გაკეთება და არც იმის მოლოდინი, რომ ასეთ საჩუქრებს მივიღებთ. ყველაფერზე მეტად დასაფასებელია დამსაჩუქრებლის სწორი მოტივები (ლუკა 21:1—4). უმჯობესია, მოვერიდოთ დამსაჩუქრებლის სახელის სახალხოდ გამოცხადებას, რადგან ამის გამო ის შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ (მათე 6:3) (01.09, გვერდი 29).
• რატომ უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ?
რეგულარულად ლოცვა იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას გვაძლევს და მძიმე განსაცდელების გადატანაში გვეხმარება. ჩვენი საჭიროებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, პირადი ლოცვები შეიძლება იყოს როგორც მოკლე, ისე ვრცელი. ლოცვა რწმენას გვიმტკიცებს და პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება (15.09, გვერდები 15—18).
• რა არის ნაგულისხმები 1 კორინთელთა 15:29-ში, სადაც ბიბლიის ზოგ თარგმანში მოხსენიებულია ‘მკვდართათვის მონათვლა’?
პავლე მოციქული იმას გულისხმობდა, რომ ცხებული ქრისტიანები მოინათლნენ, ანუ დაადგნენ ცხოვრების ისეთ გზას, რომელიც მათ, ქრისტეს მსგავსად, სიკვდილამდე მიიყვანდა; ისინი მასსავით სიკვდილამდე ერთგულები იქნებოდნენ. შემდეგ კი სულიერ სხეულში აღდგებოდნენ, როგორც ქრისტე აღდგა (01.10, გვერდი 29).
• რის საფუძველზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქრისტიანად გახდომა 1 კორინთელთა 6:9—11-ში მოხსენიებული, ღვთისთვის მიუღებელი საქმეების მიტოვებაზე მეტს მოითხოვს?
პავლეს მხოლოდ ცოდვილი საქმეების — მრუშობის, კერპთაყვანისმცემლობისა და ლოთობის — მიტოვებაზე არ გაუმახვილებია ყურადღება. შემდეგ მუხლში პავლე გვიჩვენებს, რომ დამატებითი ცვლილებების მოხდენაც საჭიროა: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (15.10, გვერდები 18, 19).
• ძველად მცხოვრებმა რომელმა ერთგულმა ქალებმა გაუხარეს გული იეჰოვას?
ებრაელმა ბებიაქალებმა, შიფრამ და ფუყამ, რომლებიც ფარაონის მიერ გაცემული ბრძანების საწინააღმდეგოდ მოიქცნენ და არ მოკლეს ახალდაბადებული ებრაელი ვაჟები (გამოსვლა 1:15—20). ქანაანელმა მეძავმა, რახაბმა, რომელმაც ორი ისრაელი მზვერავი გადამალა (იესო ნავეს ძე 2:1—13; 6:22, 23). აბიგაილმა, რომლის გონიერებამ მრავალი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა და დავითი სისხლის ღვრისგან შეაკავა (1 მეფეთა 25:2—35). მათ კარგი მაგალითი დაუტოვეს დღევანდელ ქალებს (01.11, გვერდები 8—11).
• რა გაგებით ‘ებრძოდნენ სისარას ზეციდან ვარსკვლავები’, როგორც მსაჯულთა 5:20-შია ნათქვამი?
ზოგის აზრით, ეს სიტყვები ღვთის ჩარევაზე მიუთითებს; სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მიანიშნებს ანგელოზების მიერ აღმოჩენილ დახმარებაზე, მეტეორიტების წვიმაზე ან სისარას რწმენაზე ასტროლოგიისადმი. ბიბლიაში არ არის ახსნილი, რა გაგებით იბრძოდნენ ვარსკვლავები. ამიტომ, ამ სიტყვებს შეგვიძლია მოვუძებნოთ მარტივი ახსნა: ისრაელთა ჯარის სასარგებლოდ ღმერთი მოქმედებდა (15.11, გვერდი 30).
• რატომ სწამს ჯერ კიდევ ბევრს ღმერთი, როცა აპათია და რელიგიისადმი გულგრილობა საყოველთაოდ არის გავრცელებული?
ზოგი რელიგიაში სულის სიმშვიდეს ეძებს. სხვები სიკვდილის შემდეგ მარადიულ სიცოცხლეს, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, სიმდიდრის შეძენასა და წარმატების მიღწევას მოელიან. ზოგ ქვეყანაში ადამიანები ცდილობენ, როგორმე შეივსონ სულიერი სიცარიელე, რომელსაც იწვევს ქვეყანაში კომუნისტური იდეოლოგიის თანდათანობით კაპიტალისტური მისწრაფებებით შეცვლა. ამ მიზეზების ცოდნა ქრისტიანებს ეხმარება, ადამიანებთან აზრიანი და სასარგებლო საუბარი წარმართონ (01.12, გვერდი 3).