არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გალაადის“ კურსდამთავრებულებს მოუწოდებენ, ილაპარაკონ „დიად საქმეებზე“

„გალაადის“ კურსდამთავრებულებს მოუწოდებენ, ილაპარაკონ „დიად საქმეებზე“

„გალაადის“ კურსდამთავრებულებს მოუწოდებენ, ილაპარაკონ „დიად საქმეებზე“

დამსწრეთა საოცრად დიდმა რაოდენობამ — 52 ქვეყნიდან ჩამოსულმა 6 635 ადამიანმა — მოიყარა თავი 2003 წლის 13 სექტემბერს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 115-ე კლასის გამოსაშვებ პროგრამაზე.

მათ მოისმინეს ბიბლიაზე დაფუძნებული გამამხნევებელი სიტყვები, რომლებიც 48 სტუდენტისადმი იყო მიმართული. კურსდამთავრებულებმა „ღვთის დიადი საქმეების“ შესახებ 17 ქვეყანაში მცხოვრებთ უნდა მოუთხრონ (საქმეები 2:11). ამ ქვეყნებში ისინი შეასრულებენ თავიანთ მისიონერულ საქმიანობას.

პროგრამა გახსნა სტივენ ლეტმა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა და ამ გამოსაშვები პროგრამის თავმჯდომარემ. მან სტუდენტებს შეახსენა: „დანიშნულების ადგილას რომ ჩახვალთ, იმისდა მიუხედავად, სად და როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, გახსოვდეთ: თქვენთან ყოველთვის უფრო მეტნი არიან, ვიდრე თქვენს წინააღმდეგ“. ძმა ლეტმა მოიყვანა 4 მეფეთა მე-6 თავში ჩაწერილი შემთხვევა და სტუდენტებს უთხრა, რომ შეუძლიათ იეჰოვა ღმერთისა და მისი ურიცხვი ანგელოზების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ იმ დროს, როდესაც „ღვთის დიად საქმეებს“ ამცნობენ სხვებს (4 მეფეთა 6:15, 16). პირველი საუკუნის ქრისტიანები ქადაგებისა და სწავლების დროს ხალხის მხრიდან წინააღმდეგობასა და გულგრილობას ხვდებოდნენ; ქრისტიანი მისიონერებიც მსგავს მდგომარეობაში არიან, მაგრამ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ დახმარების იმედი როგორც ზეციდან, ისე იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციიდან (ფსალმუნები 33:8; მათე 24:45).

ილაპარაკეთ „ღვთის დიად საქმეებზე“

თავმჯდომარის შესავალი სიტყვების შემდეგ თემით „რეალისტური მოლოდინი — სიხარულის მომტანი და წარმატებული მსახურების საწინდარი“ გამოვიდა ჰაროლდ კორკერნი, შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრი. მან აღნიშნა, რომ, როგორც იგავების 13:12–შია ნათქვამი, მოლოდინის გამტყუნებამ შეიძლება ადამიანს გული გაუტეხოს. ხშირად ამის მიზეზი არარეალური იმედების გაცრუებაა. აუცილებელია, გქონდეთ გაწონასწორებული, რეალისტური თვალსაზრისი როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზე. მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ სხვებისთვის „ღვთის დიადი საქმეების“ გაცნობის დროს შეცდომებს დაუშვებთ და ამან მეტისმეტად არ უნდა დაგამწუხროთ. ძმა კორნკერმა ახალბედა მისიონერებს მოუწოდა, მინდობოდნენ იეჰოვას, რომელიც „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6).

შემდეგ გამოვიდა დენიელ სიდლიკი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, რომელმაც ილაპარაკა თემაზე „რა არის ქრისტიანული იმედი?“ მან თქვა: „იმედი ნებისმიერი ქრისტიანისთვის დამახასიათებელი რამ არის. იმედის ქონა ნიშნავს, რომ შეესაბამებოდე ნორმებს, რომლებიც სწორია და რომელთა თანახმად მოქმედებასაც ღმერთთან კარგი ურთიერთობა მოჰყვება. არაქრისტიანებისთვის შეუძლებელია ისეთი იმედის ქონა, როგორიც ჩვენ გვაქვს“. შემდეგ ძმა სიდლიკმა მოიხსენია ქრისტიანული იმედის სხვადასხვა ასპექტი, რომელიც ადამიანს ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, ოპტიმიზმის შენარჩუნებაში ეხმარება. „თუ იმედიანად ვართ, შეგვიძლია სიცოცხლის ყოველ დღეს განახლებული ძალებითა და მხიარული განწყობით შევხვდეთ“, — თქვა მან. იმედი ქრისტიანს ეხმარება, დაინახოს ღმერთი, როგორც განზრახვის ღმერთი და სიხარულით ემსახუროს მას (რომაელთა 12:12).

უოლეს ლივერანსმა, სკოლა „გალაადის“ მდივანმა, სტუდენტებს მოუწოდა: „იარეთ სულით“ (გალატელთა 5:16, აქ). მან მოიყვანა ბარუქის, იერემიას დამხმარის, მაგალითი და აღნიშნა, თუ როგორ შეწყვიტა კინაღამ მან სულით სიარული. ბარუქს დაუდგა ისეთი მომენტი, რომ დაიღალა და დიდი რამის ძიება დაიწყო (იერემია 45:3, 5). შემდეგ ძმა ლივერანსმა თქვა, რომ ზოგმა შეწყვიტა იესოს მიმდევრობა და უარყო სულიერი ჭეშმარიტება, რომელიც გადარჩენისთვისაა აუცილებელი. მიზეზი კი ის იყო, რომ ვერ ჩასწვდნენ იესოს სწავლებას და გული გაუტყდათ იმის გამო, რომ მათი მოლოდინი (რომელიც ადამიანურ სურვილებთან იყო დაკავშირებული) იმ დროს არ შესრულდა (იოანე 6:26, 27, 51, 66). რისი სწავლა შეუძლიათ ამ შემთხვევებიდან მისიონერებს, რომელთა მიზანია, ხალხის ყურადღება შემოქმედსა და მის განზრახვებს მიაპყრონ? მომხსენებელმა სტუდენტებს მოუწოდა, მეტისმეტად არ ეზრუნათ თავიანთ მდგომარეობაზე; აგრეთვე, ადამიანების მხრიდან აღიარებაზე არ ეფიქრათ და თეოკრატიული დანიშნულება პირადი მიზნებისთვის არ გამოეყენებინათ.

„გამცემნი იქნებით თუ მიმღებნი?“ — ასეთი იყო სკოლა „გალაადის“ ერთ–ერთი მასწავლებლის, მარკ ნიუმარის, მიერ დასმული კითხვა. მან თავისი სიტყვა დააფუძნა მსაჯულთა 5:2–ზე, სადაც ლაპარაკია უანგარო ისრაელ მოხალისეებზე, რომლებმაც ბარაკის ჯარში მსახურების სურვილი გამოთქვეს. მომხსენებელმა შეაქო გალაადის სტუდენტები იმისათვის, რომ გამოეხმაურნენ დიდ ბარაკს, იესო ქრისტეს, და გამოთქვეს სურვილი, უფრო მეტად მიეღოთ მონაწილეობა სულიერ ბრძოლაში. ქრისტეს მეომრები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ იმით, რომ თავიანთი მეთაურის კეთილგანწყობა მოიპოვონ. ძმა ნიუმარმა კურსდამთავრებულებს შეახსენა: „როგორც კი მთელი ყურადღება იმაზე გადაგვაქვს, თუ როგორ ვასიამოვნოთ საკუთარ თავს, მტერთან ბრძოლას ვწყვეტთ . . . მისიონერულ მსახურებაში ცენტრალური ადგილი პირად სურვილებს კი არ უჭირავს, არამედ — იეჰოვას, მის უზენაესობას და მისი ნების შესრულებას. იეჰოვას იმიტომ კი არ უნდა ვემსახუროთ, რომ ამის სანაცვლოდ ღმერთმა ბედნიერები გაგვხადოს, არამედ იმიტომ, რომ გვიყვარს ის“ (2 ტიმოთე 2:4).

შემდეგ გამოვიდა სხვა მასწავლებელი, ლორენს ბოუენი, რომელმაც წარმოთქვა მოხსენება: „განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით“ (იოანე 17:17). მან აღნიშნა, რომ 115–ე კლასის კურსდამთავრებულები ღვთის მიერ განწმენდილი მსახურები არიან. სკოლაში სწავლის დროს სტუდენტები სამქადაგებლო მსახურებაშიც მონაწილეობდნენ და ჭეშმარიტების გულწრფელად მოყვარულებს ეძებდნენ. იესოსა და პირველი საუკუნის მოწაფეების მსგავსად, სტუდენტებიც ‘თავისას არ ლაპარაკობენ’ (იოანე 12:49, 50). ისინი გულმოდგინედ ქადაგებდნენ ღვთის მიერ შთაგონებულ, სიცოცხლის მომცემ ჭეშმარიტებას. კურსდამთავრებულებმა გააკეთეს რეალური შემთხვევების ინსცენირება და აჩვენეს, თუ რა დიდი გავლენა იქონია ბიბლიამ იმ ადამიანებზე, რომლებთანაც საუბარი ჰქონდათ.

კურსდამთავრებულებს რჩევებითა და გამოცდილების გაზიარებით ამხნევებენ

სხვადასხვა ქვეყნების ფილიალის კომიტეტების წევრებს ინტერვიუ ჩამოართვეს შეერთებული შტატების ფილიალის სამსახურებრივი განყოფილების წევრებმა, ანტონი პერესმა და ანტონი გრიფინმა. მათ ისაუბრეს სირთულეებზე, რომლებსაც ახალი მისიონერები ხვდებიან და, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, პრაქტიკული რჩევები მისცეს კურსდამთავრებულებს. მოიხსენიეს ისეთი სირთულეები, როგორიცაა: განსხვავებული კულტურა, მთელი წლის განმავლობაში ტროპიკული სიცხე ან სრულიად განსხვავებული რელიგიური და პოლიტიკური მდგომარეობა. რა დაეხმარება ახალ მისიონერებს შეცვლილ მდგომარეობასთან შეგუებაში? იეჰოვასა და ხალხის სიყვარული; აგრეთვე ის, რომ უკან არ იხედებოდნენ და ნაჩქარევად არ მოქმედებდნენ. ერთ–ერთი ქვეყნის კომიტეტის წევრმა თქვა: «იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენ დაგვნიშნეს, მკვიდრი მოსახლეობა ჩვენამდე საუკუნეებით ადრე ცხოვრობდა. ამიტომ ცხადია, ჩვენც შეგვეძლო იქ ცხოვრება და იქაურობასთან შეგუება. სირთულეებს, რომლებსაც ვაწყდებოდით, ჩვენი თვისებების დასახვეწ საშუალებად ვიყენებდით. ლოცვისა და იეჰოვას სულიწმიდის იმედი გვქონდა და საკუთარ თავზე გამოვცადეთ იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „მე თქვენთანა ვარ“» (მათე 28:20).

პროგრამა დაასრულა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა სამუელ ჰერდმა მოხსენებით: „განაგრძეთ ღვთის დიადი საქმეების შესახებ ლაპარაკი“. ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ, ენთუზიაზმით აღსავსე იესოს მოწაფეები „ღვთის დიად საქმეებზე“ ალაპარაკდნენ. დღეს რა დაეხმარება ახალ მისიონერებს, რომ ღვთის სამეფოზე მსგავსი ენთუზიაზმით ილაპარაკონ? ისევ და ისევ სულიწმიდა. ძმა ჰერდმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა: «„სულით აღიგზენით“, ანთებული სულით შეუდექით თქვენი დანიშნულების შესრულებას და არასოდეს დაგავიწყდეთ, რაოდენ დასაფასებელი განათლება მიიღეთ სკოლაში» (რომაელთა 12:11). «ბიბლია ღვთისგან მოცემული ბრწყინვალე წიგნია, — თქვა ძმა ჰერდმა. — ყოველთვის სათანადოდ დააფასეთ ის. ბიბლიის ცნობა ცოცხალია და ყოველგვარ სიღრმეს სწვდება. გამოიყენეთ ის საკუთარი თავის გამოსასწორებლად. მიეცით მას საშუალება, იმოქმედოს თქვენს აზროვნებაზე. დაე, საღვთო წერილის შესწავლამ, კითხვამ და წაკითხულზე დაფიქრებამ დაიცვას თქვენი აზროვნება . . . მიზნად დაისახეთ, რომ „გალაადში“ მიღებული ცოდნა „ღვთის დიადი საქმეების“ გასაცხადებლად გამოიყენოთ“».

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი მოკითხვების წაკითხვისა და კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის შემდეგ, ერთ–ერთმა სტუდენტმა კლასის სახელით წაიკითხა წერილი, რომელშიც სკოლაში მიღებული დახმარებისთვის მადლიერება იყო გამოხატული. ამ სასიხარულო შემთხვევის დასასრულს ძმა ლეტმა წაიკითხა 2 ნეშტთა 32:7 და მეორე რჯულის 20:1, 4. მან თავისი დასკვნითი სიტყვები შესავალს დაუკავშირა და თქვა: „ამგვარად, ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გახსოვდეთ: როდესაც წახვალთ და ახალი დანიშნულების ადგილებზე სულიერ ბრძოლას გამართავთ, იეჰოვა თქვენთან იქნება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე თქვენს წინააღმდეგ“.

[ჩარჩო 25 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 7

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნნენ: 17

სტუდენტთა რაოდენობა: 48

საშუალო ასაკი: 33, 7

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 17, 8

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 13, 5

[სურათი 25 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 115-ე კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

1) ტ. ბრაუნი, ს. გოლერი, ა. ჰოფმანი, ჯ. ბრიუზისი, ს. ტრეიჰანი; 2) ნ. სმარტი, ფ. კეშმანი, კ. გარსია, მ. ლოჰანი, ს. სეიფერტი, კ. გრეი; 3) მ. ბეკეტი, ს. ნიკოლზი, კ. სმიტი, ა. გუგლიარა, ა. რაპენეკერი; 4) ს. გრეი, კ. ვასეკი, მ. ფლემინგი, ლ. ბეტელი, ტ. ჰერმანსონი, პ. ჰერმანსონი; 5) გ. რაპენეკერი, დ. ლოჰანი, ს. დიკი, კ. კიმი, ა. ტრეიჰანი, ა. ვაშინგტონი, ს. სმარტი; 6) ლ. გოლერი, ტ. ბურგჰოფერი, დ. გუგლიარა, რ. ნიკოლზი, ს. ვაშინგტონი, ჯ. კიმი; 7) მ. ბეკეტი, ჯ. დიკი, რ. სმიტი, რ. გარსია, ა. ჰოფმანი, რ. სეიფერტი, ჰ. ბრაუნი; 8) შ. ფლემინგი, პ. ბრიუზისი, ვ. ბურგჰოფერი, ტ. ბეტელი, ჯ. კეშმანი, კ. ვასეკი.