არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში

დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში

დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში

«აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“» (საქმეები 26:28).

1, 2. როგორ აღმოჩნდა პავლე მოციქული გამგებელ ფესტუსისა და მეფე ჰეროდე აგრიპა II–ს წინაშე?

კესარიაში ახ. წ. 58 წელს რომაელ გამგებელ პორკიოს ფესტოსს (პორციუს ფესტუსი) მეფე ჰეროდე აგრიპა II და მისი და, ბერნიკე, ეწვივნენ. ისინი „დიდი ბრწყინვალებით . . . შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად“. ამის შემდეგ, ფესტუსის ბრძანებით, დარბაზში პავლე მოციქული შეიყვანეს. როგორ აღმოჩნდა გამგებელ ფესტუსის სამსჯავრო ტახტის წინ იესო ქრისტეს მიმდევარი? (საქმეები 25:13—23).

2 ამ კითხვაზე პასუხს ფესტუსის სიტყვებიდან ვიგებთ. აი, რა უთხრა მან სტუმრებს: „მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც. ყვიროდნენ, მან მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო. მაგრამ მე ვცანი, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონ მოითხოვა ავგუსტუსის სამსჯავრო, გადავწყვიტე მისი გაგზავნა. დამაჯერებელი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს. ამიტომ მოვიყვანე ეგ თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა განსჯის შემდეგ მისაწერი მექნეს. ვინაიდან უაზროდ მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული“ (საქმეები 25:24—27).

3. რატომ სდებდნენ ბრალს პავლეს რელიგიური წინამძღოლები?

3 ფესტუსის სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლეს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ, თითქოსდა ის ხალხს ამბოხებისკენ მოუწოდებდა. ასეთი დამნაშავისთვის კი სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ (საქმეები 25:11). ცხადია, პავლე უდანაშაულო იყო. იერუსალიმის რელიგიური წინამძღოლები მას შურის გამო სდებდნენ ბრალს. ისინი აღშფოთებულები იყვნენ, რომ პავლე ხალხს ეხმარებოდა, იესო ქრისტეს მიმდევრები გამხდარიყვნენ, და წინააღმდეგობას უწევდნენ მას, რათა ღვთის სამეფოს შესახებ ვეღარ ექადაგა. იერუსალიმიდან პავლე შეიარაღებული დაცვის თანხლებით ჩაიყვანეს საპორტო ქალაქ კესარიაში, სადაც მან კეისრის სამსჯავრო მოითხოვა. იქიდან ის რომში უნდა წაეყვანათ.

4. რა გასაოცარ სიტყვებს წარმოთქვამს აგრიპა?

4 წარმოიდგინეთ: პავლე გამგებლის სასახლეშია, სადაც შეკრებილებს შორის რომის იმპერიაში შემავალი მნიშვნელოვანი ტერიტორიის მმართველიც იმყოფება. მეფე აგრიპა პავლეს ეუბნება: „ნება გეძლევა ილაპარაკო“. პავლეს ლაპარაკის დროს საოცარი რამ ხდება. მისი ნათქვამი გავლენას ახდენს მეფეზე. მეფე აგრიპა პავლეს ეუბნება: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (საქმეები 26:1—28).

5. რატომ იყო ეფექტური პავლეს მიერ აგრიპასთვის ნათქვამი სიტყვები?

5 დაფიქრდით, რა მოხდა. პავლემ მოხერხებულად დაიცვა თავი, რის შედეგადაც ღვთის სიტყვის ძალამ გავლენა მოახდინა მეფეზე (ებრაელთა 4:12). რატომ გამოდგა პავლეს მიერ საკუთარი თავის დაცვა ასეთი ეფექტური? რა შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ, რაც მოწაფეების მომზადების საქმეში დაგვეხმარება? თუ დავაკვირდებით, აშკარად შევნიშნავთ ორ მხარეს: 1) პავლე დამაჯერებლად ლაპარაკობდა; 2) ის ღვთის სიტყვას ისევე მოხერხებულად იყენებდა, როგორც ხელოსანი იყენებს იარაღებს.

ილაპარაკეთ დამაჯერებლად

6, 7. ა) რას ნიშნავს ბიბლიაში სიტყვა „დამაჯერებლობა“? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია დამაჯერებლობა იმისათვის, რომ სხვებს ბიბლიური სწავლებების მიღებაში დავეხმაროთ?

6 ბიბლიის წიგნში „მოციქულთა საქმეები“ პავლესთან დაკავშირებით ხშირად არის გამოყენებული დამაჯერებლობის მნიშვნელობის მატარებელი ბერძნული სიტყვები. როგორ უკავშირდება ეს მოწაფეების მომზადების საქმეს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ?

7 ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, ქრისტიანულბერძნული წერილების ორიგინალში სიტყვა „დამაჯერებლობა“ ნიშნავს ვინმეს „შენს მხარეს გადმოყვანას“ ან „აზროვნების შეცვლას მსჯელობის თუ მორალური ხასიათის მოსაზრებების მეშვეობით“. უფრო მეტს გვეუბნება ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა. ის ნდობასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ადამიანი რომ დავარწმუნოთ ბიბლიური სწავლებების სისწორეში, საჭიროა მისი ნდობა მოვიპოვოთ, რათა მან ამა თუ იმ სწავლების ჭეშმარიტება ირწმუნოს. ცხადია, მსმენელმა რომ დაიჯეროს ჩვენი სიტყვები და შესაბამისად მოიქცეს, საკმარისი არ არის, ვუთხრათ, რა წერია ბიბლიაში. ვინც უნდა იყოს ჩვენი მსმენელი — ბავშვი თუ უფროსი ასაკის ადამიანი; მეზობელი, თანამშრომელი, თანაკლასელი თუ ნათესავი — უნდა დარწმუნდეს, რომ სიმართლეა ის, რასაც ვეუბნებით (2 ტიმოთე 3:14, 15).

8. რას მოიცავს ბიბლიურ ჭეშმარიტებაში ადამიანის დარწმუნება?

8 როგორ უნდა დაარწმუნოთ ადამიანი, რომ ჭეშმარიტებაა ის, რასაც ღვთის სიტყვიდან ეუბნებით? პავლე ლოგიკური მსჯელობით, საფუძვლიანი არგუმენტების მოყვანითა და გულწრფელი მოწოდებით ცდილობდა მსმენელების აზროვნების შეცვლას *. აქედან გამომდინარე, საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ ესა თუ ის სწავლება ჭეშმარიტია; საჭიროა, ეს სათანადოდ დაასაბუთოთ კიდეც. როგორ? უპირველესად, თქვენი ნათქვამი მხოლოდ ღვთის სიტყვაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა პირად თვალსაზრისზე. გარდა ამისა, ბიბლიაზე დაფუძნებული გულწრფელი სიტყვების დასამტკიცებლად დამატებითი არგუმენტები უნდა მოიყვანოთ (იგავები 16:23). მაგალითად, ბიბლიური სწავლება, რომ ღვთის მორჩილი ადამიანები დედამიწაზე იცხოვრებენ სამოთხეში, შეგიძლიათ ესაიას 65:21—25 მუხლებით დაასაბუთოთ. როგორ უნდა განამტკიცოთ ეს ბიბლიური აზრი? ერთ–ერთი საშუალებაა მსმენელის ყოველდღიური ცხოვრებიდან მაგალითების მოყვანა. შესაძლოა მოიხსენიოთ, რომ სრულიად უსასყიდლოდ შეგვიძლია დავტკბეთ მზის ჩასვლის ცქერით, ყვავილების სურნელით, ხილის სასიამოვნო გემოთი ან იმის დანახვით, თუ როგორ კვებავს ჩიტი თავის ბარტყებს. დაეხმარეთ მას, დაინახოს, რაზე მოწმობს ეს ყოველივე — დაეხმარეთ დარწმუნდეს, რომ შემოქმედს სურს სიცოცხლით გავიხაროთ დედამიწაზე (ეკლესიასტე 3:11, 12).

9. როგორ შეგვიძლია ქადაგებისას გონიერების გამოვლენა?

9 როცა ცდილობთ, ადამიანი ამა თუ იმ ბიბლიური სწავლების ჭეშმარიტებაში დაარწმუნოთ, ფრთხილად იყავით, რომ თქვენი ენთუზიაზმი დოგმატურობად არ იქნეს აღქმული. ეს მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს მსმენელის გულსა და გონებაზე. წიგნში „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“ ასეთი რჩევაა მოცემული: „შენი თვალსაზრისის დასამტკიცებლად არაერთი ბიბლიური მუხლიც რომ მოიყვანო, კარგ შედეგს არ მოიტანს, თუ პირდაპირ განუცხადებ ადამიანს, რომ არასწორია სწავლება, რომელსაც ის მნიშვნელოვნად თვლის და ასწავლი, რა უნდა სწამდეს. მაგალითად, საეჭვოა, მსმენელმა შეიცვალოს თვალსაზრისი ამა თუ იმ დღესასწაულის შესახებ, თუ მხოლოდ იმას ეტყვი, რომ ეს დღესასწაული წარმართული წარმოშობისაა. გონივრული მიდგომით უკეთეს შედეგს მიაღწევ“. რატომ უნდა შევეცადოთ გონივრულად მიდგომას? სახელმძღვანელოში ნათქვამია: „გონივრული მიდგომა . . . საუბრის გაგრძელების საფუძველს ქმნის; აგრეთვე მსმენელს აღძრავს, მოგვიანებითაც იფიქროს განხილულ საკითხზე და ნიადაგს ამზადებს შემდგომი საუბრებისთვის. ასეთი მიდგომა დამაჯერებელი ლაპარაკის შესაძლებლობასაც იძლევა“ (კოლასელთა 4:6).

დაარწმუნეთ ისე, რომ დადებითი გავლენა მოახდინოთ მსმენელის გულზე

10. რა სიტყვებით დაიწყო პავლემ მეფე აგრიპას წინაშე ლაპარაკი?

10 ახლა საქმეების 26–ე თავიდან დაწვრილებით განვიხილოთ, რა თქვა პავლემ თავის დასაცავად. ყურადღება მიაქციეთ, როგორ დაიწყო მან ლაპარაკი. პავლემ შესავალში აღნიშნა ის, რისთვისაც შეეძლო გულწრფელად შეექო აგრიპა, მიუხედავად იმისა, რომ მეფეს სამარცხვინო ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ დასთან, ბერნიკესთან. მოციქულმა აგრიპას მიმართა: „ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე იუდეველნი ბრალს მდებენ. მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადავო საკითხის მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო“ (საქმეები 26:2, 3).

11. როგორ გამოხატა პავლემ აგრიპას მიმართ პატივისცემა და რა დადებითი შედეგი მოჰყვა ამას?

11 შენიშნეთ, რომ პავლემ აგრიპას მაღალი მდგომარეობა აღიარა, როდესაც მას ტიტულით მიმართა, ანუ მეფე უწოდა? ამით მან პატივისცემა გამოხატა აგრიპას მიმართ; პავლემ სიტყვების სწორად შერჩევით მიაგო მეფეს პატივი (1 პეტრე 2:17). მოციქულმა აღიარა, რომ აგრიპა კარგად ერკვეოდა თავის ქვეშევრდომ იუდეველთა რთულ წეს–ჩვეულებებსა თუ კანონებში და აღნიშნა, რომ მოხარული იყო, რადგან საქმეში ჩახედული მმართველის წინაშე თავის დაცვის შესაძლებლობა ეძლეოდა. პავლე, ქრისტიანი, არ მოქცეულა აგრიპაზე, არაქრისტიანზე, მაღლა მდგომივით (ფილიპელთა 2:3). მან თავმდაბლურად სთხოვა მეფეს, მოთმინებით მოესმინა. ასეთი საქციელით პავლემ შექმნა ატმოსფერო, რომელიც აგრიპას და სხვა მსმენელებს უფრო მეტად განაწყობდა მისი ნათქვამის სწორად მისაღებად. ამით მოამზადა ნიადაგი — საერთო ენა გამონახა და საუბარი ააგო.

12. რა არის საჭირო იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას ჩვენმა სიტყვებმა მსმენელის გულამდე მიაღწიოს?

12 შევეცადოთ, მივბაძოთ პავლეს, რათა სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები, შესავლიდან დასკვნის ჩათვლით, მსმენელის გულამდე აღწევდეს. ამისათვის საჭიროა, პატივისცემა გამოვხატოთ ადამიანისადმი, რომელსაც ვუქადაგებთ და გავითვალისწინოთ მისი წარმომავლობა თუ პირადი შეხედულებები (1 კორინთელთა 9:20—23).

ეფექტურად გამოიყენეთ ღვთის სიტყვა

13. როგორ შეგიძლიათ, პავლეს მსგავსად, მოქმედებისკენ აღძრათ მსმენელები?

13 პავლეს სურდა მსმენელები აღეძრა, სასიხარულო ცნობასთან შეთანხმებულად მოქცეულიყვნენ (1 თესალონიკელთა 1:5—7). ამისათვის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მათ სიმბოლურ გულზე, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს. განვაგრძოთ აგრიპას წინაშე პავლეს თავდაცვის განხილვა და ყურადღება მივაქციოთ, როგორ შეძლო მან ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვებზე დაყრდნობით (2 ტიმოთე 2:15).

14. ახსენით, როგორ გამოიყენა პავლემ დამაჯერებლობის ხელოვნება აგრიპასთან საუბრისას.

14 პავლემ იცოდა, რომ აგრიპა ფორმალურად იუდეველი იყო. მოციქულმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აგრიპა იუდაიზმში კარგად ერკვეოდა. აგრეთვე აღნიშნა, რომ ქადაგებისას ‘არაფერს ამბობდა იმაზე მეტს, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ’ მესიის სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით (საქმეები 26:22, 23). პავლემ პირდაპირ მიმართა აგრიპას კითხვით: „წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპა?“ აგრიპა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ იტყოდა, რომ წინასწარმეტყველთა სიტყვების არ სწამდა, რეპუტაცია შეერყეოდა, როგორც იუდეველ მორწმუნეს. მეორე მხრივ, თუ პავლეს არგუმენტებს დაეთანხმებოდა, მოციქულის მხარდამჭერი გამოვიდოდა და შესაძლებელი იყო, მისთვის ქრისტიანიც კი ეწოდებინათ. პავლე გონივრულად მოიქცა და თვითონვე გასცა პასუხი თავის შეკითხვას. „ვიცი, რომ გწამს“, — თქვა მან. როგორი პასუხის გასაცემად აღძრა აგრიპა გულმა? „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“, — უპასუხა აგრიპამ პავლეს (საქმეები 26:27, 28). აგრიპა ქრისტიანი არ გამხდარა, მაგრამ, როგორც ჩანს, პავლეს სიტყვები მის გულს გარკვეულწილად შეეხო (ებრაელთა 4:12).

15. როგორ შეძლო პავლემ თესალონიკეში კრების ჩამოყალიბება?

15 მიაქციეთ თუ არა ყურადღება, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას პავლე მსმენელებს მხოლოდ ფაქტებს კი არ გადასცემდა, არამედ ასაბუთებდა კიდეც ნათქვამს? ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემის’ მიზნით ასეთი მიდგომის შედეგად, ზოგი მსმენელი მორწმუნე ხდებოდა. სწორედ ასე მოხდა თესალონიკეში, სადაც პავლე სინაგოგაში იუდეველებსა და ღვთისმოშიშ არაებრაელებს ესაუბრებოდა. საქმეების 17:2—4–ში ვკითხულობთ: „პავლე, თავისი ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო“. პავლეს ნათქვამი „ზოგმა მათგანმა ირწმუნა“. პავლე მათ დამაჯერებლად ელაპარაკებოდა. ის წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობდა; აგრეთვე, საღვთო წერილის დახმარებით მსმენელებს უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ იესო იყო აღთქმული მესია. რა მოჰყვა ამას? თესალონიკეში ქრისტიანული კრების ჩამოყალიბება.

16. რა უნდა გააკეთოთ, რომ მეტი კმაყოფილება მოგიტანოთ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებამ?

16 შეგიძლიათ თუ არა, უფრო დამაჯერებლად აუხსნათ მსმენელებს ღვთის სიტყვა? ასე თუ მოიქცევით, მეტ კმაყოფილებას მოგიტანთ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და სწავლება. ამას მოწმობს იმ მქადაგებელთა მაგალითები, რომლებმაც გაითვალისწინეს რჩევა, უკეთესად გამოეყენებინათ ბიბლია ქადაგების დროს.

17. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ეფექტურია ქადაგების დროს ბიბლიის გამოყენება, მოიყვანეთ მსახურებაში მომხდარი შემთხვევა ან მოკლედ გადმოეცით ის, რაც ამ აბზაცშია ნათქვამი.

17 ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა დაწერა: „კარდაკარ ქადაგებისას ბევრ ძმას და დას ბიბლია ხელში უჭირავს. ამით საშუალება ეძლევათ, უფრო მეტ ადამიანს წაუკითხონ ბიბლიური მუხლები. ეს როგორც მობინადრეებს, ისე მაუწყებლებს ეხმარება, რომ ჩვენი მსახურება უპირველესად ბიბლიასთან დააკავშირონ და არა მხოლოდ ჟურნალებთან და წიგნებთან“. ცხადია, ქადაგებისას ხელში დავიჭერთ თუ არა ბიბლიას, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ადგილობრივ წეს–ჩვეულებებზე. როგორც უნდა იყოს, ჩვენი მიზანია, ისეთი მქადაგებლების რეპუტაცია გვქონდეს, რომლებიც ბიბლიის დახმარებით არწმუნებენ ხალხს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა მიიღონ.

გაიზიარეთ მსახურების შესახებ ღვთის თვალსაზრისი

18, 19. ა) როგორ უყურებს ღმერთი ჩვენს მსახურებას და რატომ უნდა გავიზიაროთ მისი თვალსაზრისი? ბ) რა დაგვეხმარება განმეორებითი მონახულებებისას წარმატების მიღწევაში? (იხილეთ ჩარჩო „როგორ მივაღწიოთ წარმატებას განმეორებითი მონახულებებისას“).

18 იმისათვის, რომ ჩვენი სიტყვები მსმენელის გულამდე მივიტანოთ, ერთ–ერთი საშუალებაა, მსახურების შესახებ ღვთის თვალსაზრისი გავიზიაროთ და მოთმინება გამოვავლინოთ. ღმერთს სურს, რომ ყველანაირმა ადამიანმა „მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4). განა ჩვენც ეს არ გვსურს? აგრეთვე იეჰოვა მომთმენია და მისი მოთმინება ბევრს მონანიების შესაძლებლობას აძლევს (2 პეტრე 3:9). ამიტომაც, როდესაც ვხვდებით ადამიანს, რომელიც სამეფოს შესახებ ცნობას ისმენს, ინტერესის გასაღვივებლად აუცილებელია, ის კვლავ და კვლავ მოვინახულოთ. დრო და მოთმინებაა საჭირო იმისათვის, რომ ვუყუროთ, როგორ იზრდება ჭეშმარიტების მარცვალი (1 კორინთელთა 3:6). ჩარჩოში „როგორ მივაღწიოთ წარმატებას განმეორებითი მონახულებებისას“ მოცემულია რჩევები, რომლებიც მობინადრის ინტერესის გაღვივებაში დაგვეხმარება. გახსოვდეთ, რომ ხალხის ცხოვრება — მათი პრობლემები თუ მდგომარეობა — განუწყვეტლივ იცვლება. ხშირად მობინადრეები სახლში არ არიან და რამდენჯერმე გვიწევს მათთან მისვლა, რათა საუბრის საშუალება მოგვეცეს. ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ჩვენ გვსურს, შესაძლებლობა მივცეთ მათ, ხსნის შესახებ ღვთის ცნობა მოისმინონ. ამიტომაც, ლოცვაში ვთხოვოთ იეჰოვას, მოგვცეს სიბრძნე, რათა გავიუმჯობესოთ დამაჯერებლად ქადაგების უნარი და დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში.

19 კიდევ რა უნდა გავაკეთოთ ქრისტიანმა მსახურებმა, თუ შევხვდებით ადამიანს, რომელსაც ღვთის სამეფოს შესახებ მეტის გაგების სურვილი ექნება? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს მომდევნო სტატია.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 დამაჯერებლობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმძღვანელო „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“, თავები 48, 49, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გახსოვთ თუ არა?

• რატომ იყო ეფექტური აგრიპას წინაშე პავლეს თავდაცვა?

• რა არის საჭირო იმისათვის, რომ ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ, მსმენელის გულამდე მივიტანოთ?

• რა დაგვეხმარება, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა, რათა მან გავლენა მოახდინოს მსმენელთა გულებზე?

• ღვთის თვალსაზრისიდან გამომდინარე, როგორ უნდა ვუყურებდეთ ჩვენს მსახურებას?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათები 16 გვერდზე]

როგორ მივაღწიოთ წარმატებას განმეორებითი მონახულებებისას

• ადამიანებისადმი გულწრფელი ინტერესი გამოავლინეთ.

• საუბრისთვის შეარჩიეთ საინტერესო ბიბლიური თემა.

• საფუძველი ჩაუყარეთ ყოველ მომდევნო მონახულებას.

• მონახულების შემდეგაც იფიქრეთ მოსაუბრეზე.

• ინტერესის შესანარჩუნებლად და გასაღვივებლად მობინადრე განმეორებით რაც შეიძლება მალე, მაგალითად ერთ–ორ დღეში, მოინახულეთ.

• გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანი ბიბლიის შესწავლის დაწყებაა.

• ილოცეთ, რომ იეჰოვამ ინტერესი გაუღვივოს მობინადრეს.

[სურათი 15 გვერდზე]

პავლე დამაჯერებლად ლაპარაკობდა გამგებელ ფესტუსისა და მეფე აგრიპას წინაშე.