სიღარიბე უეჭველად აღმოიფხვრება
სიღარიბე უეჭველად აღმოიფხვრება
მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე მსოფლიო პრობლემაა და სიტუაცია არც იმდენად დამაიმედებელია, ზოგიერთი კვლავაც ოპტიმისტურად არის განწყობილი და რეალურად მიიჩნევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით მდგომარეობის გამოსწორებას. მაგალითად, „მანილა ბიულეტენში“ დაბეჭდილ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ „აზიის განვითარების ბანკის“ ვარაუდით, „აზიაში სიღარიბე დაახლოებით 25 წელში აღმოიფხვრება“. ბანკი უკიდურესი სიღარიბისგან თავის დაღწევის გზად ეკონომიკის განვითარებას ასახელებს.
სხვა ორგანიზაციებსა და მთავრობებს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად არაერთი გეგმა აქვთ შემუშავებული. მათ შორის არის: სოციალური დაზღვევის პროგრამების ამოქმედება, განათლების სისტემის გაუმჯობესება, განვითარებადი ქვეყნებისთვის განვითარებული ქვეყნებისგან აღებული სესხების გაუქმება, გაჭირვებულთა უზრუნველყოფა იაფი საცხოვრებლებით და საქონლის იმპორტირებაზე უარის თქმა (რათა ქვეყნებმა, სადაც ღარიბი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი მაღალია, საკუთარი პროდუქცია უფრო თავისუფლად გაყიდონ).
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დასახა მიზნები, რომლებიც 2015 წლამდე უნდა განხორციელდეს, — მათ შორის სიღატაკის, შიმშილისა და ერთი ქვეყნის ფარგლებში ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა. რამდენად კეთილშობილურიც უნდა იყოს ასეთი მიზნები, ბევრი საეჭვოდ მიიჩნევს დღევანდელ დანაწევრებულ მსოფლიოში მათ რეალურად განხორციელებას.
პრაქტიკული რჩევები სიღარიბესთან გასამკლავებლად
რა უნდა ვიღონოთ, თუ მსოფლიო მასშტაბით შექმნილი მდგომარეობა ვერაფრით გვაიმედებს? როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს პრაქტიკული სიბრძნის წყარო, რომელიც დღესვე დაგვეხმარება. რა სიბრძნეზეა ლაპარაკი? სიბრძნეზე, რომელიც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია მოცემული.
რით განსხვავდება ბიბლია ინფორმაციის ყველა სხვა წყაროსგან? ის მოცემულია უზენაესის, ჩვენი შემოქმედის მიერ. ღმერთი ბიბლიის ფურცლების მეშვეობით გვაძლევს ფასდაუდებელ სიბრძნეს — პრაქტიკულ პრინციპებს, რომლებიც ყველასთვის, ყველგან და ყოველთვის სარგებლობის მომტანია. ამ პრინციპების გამოყენება ღარიბებს დაეხმარება, დღესვე უფრო კმაყოფილი იყვნენ საკუთარი ცხოვრებით. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
სწორი თვალსაზრისი გქონდეთ ფულზე. ბიბლიაში ნათქვამია: „სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს“ (ეკლესიასტე 7:12, სსგ). რას ნიშნავს ეს? ფული არ არის ყველაფერი. მართალია, ის გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტია და საჭირო ნივთების შეძენის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ყოველთვის ვერ დაგვეხმარება. არსებობს მრავალი ძვირფასი რამ, რასაც ფულით ვერ შეიძენ. ამ ფაქტის აღიარებით სწორ თვალსაზრისს შევინარჩუნებთ მატერიალურ ქონებასთან დაკავშირებით. ამით იმედგაცრუებასაც მოვერიდებით მათგან განსხვავებით, ვინც მთელ ცხოვრებას ფულის დაგროვებას ახმარს. ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი. სიბრძნით მოქმედება კი ცხოვრებაში ბევრი რამისგან დაგვიცავს და მარადიული სიცოცხლის გზას გაგვიხსნის.
იმყოფინეთ შემოსავალი. ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი არ არის გვქონდეს ის, რის შეძენაც გვსურს. ამიტომაც, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იმას, რაც ნამდვილად საჭიროა. ადვილად შეიძლება დავირწმუნოთ თავი, რომ ესა თუ ის ნივთი გვჭირდება, მაშინ როდესაც მისი ყიდვით, სინამდვილეში, მხოლოდ საკუთარ სურვილს დავიკმაყოფილებთ. გონივრულია, რომ პირველ რიგში თანხა საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის, ბინის ქირისთვის თუ სხვა აუცილებელი ხარჯებისთვის გადავდოთ. შემდეგ კი, ვიდრე ფულს რაიმე არააუცილებელზე დავხარჯავთ, კარგი იქნება იმის განსაზღვრა, გვეყოფა თუ არა დარჩენილი თანხა დამატებითი ხარჯებისთვის. თავის ერთ-ერთ იგავში იესომ აღნიშნა, რომ საჭიროა ‘დაჯდე და გამოთვალო ხარჯები’ (ლუკა 14:28, სსგ).
ფილიპინებში სამი შვილის დედას, რომელიც ქმარმა მიატოვა და ბავშვებს გაჭირვებით მარტო ზრდიდა, მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული, თუ რაზე რამდენს დახარჯავდა. მან შვილებსაც ასწავლა პრიორიტეტების დადგენა და ფულის სათანადოდ ხარჯვა. ზოგჯერ ბავშვები რამეს დაინახავდნენ და ყიდვას სთხოვდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებისთვის მხოლოდ უარი ეთქვა, ის მათთან ერთად მსჯელობდა: „თუ გინდათ, გიყიდით, მაგრამ მოიფიქრეთ, რა გირჩევნიათ. ფული ერთ-ერთზე გვეყოფა. შეგვიძლია დავხარჯოთ იმაზე, რაც თქვენ გინდათ ან შეგვიძლია ცოტა ხორცი ან ბოსტნეული ვიყიდოთ, რომ ამ კვირაში ბრინჯთან ერთად ვჭამოთ. რომელი გირჩევნიათ? თქვენ თვითონ მოიფიქრეთ“. ჩვეულებრივ, ბავშვები მაშინვე ხვდებოდნენ, რომ უმჯობესი იყო საჭმელი ეყიდათ, ვიდრე ფული სხვა რამეზე დაეხარჯათ.
იყავით კმაყოფილი. „თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“, — ბიბლიაში ასეთი პრინციპიც არის მოცემული (1 ტიმოთე 6:8). ფულს არ მოაქვს ბედნიერება. ბევრი მდიდარი თავს უბედურად თვლის, მაშინ როდესაც ბევრი ღარიბი ბედნიერია. ამ ღარიბებმა ისწავლეს, როგორ დაკმაყოფილდნენ მცირეოდენით. იესომ აღნიშნა, რამდენად საჭიროა, გვქონდეს ‘სუფთა თვალი’, რომელიც იმას ხედავს, რაც მნიშვნელოვანია (მათე 6:22). ეს ადამიანს ეხმარება, კმაყოფილი იყოს. ბევრი ღარიბი კმაყოფილია ცხოვრებით, რადგან ხარობენ ღმერთთან კარგი ურთიერთობით და აქვთ ბედნიერი ოჯახები — სწორედ ის, რასაც ფულით ვერ შეიძენ.
ასეთია ბიბლიაში მოცემული რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება ღარიბებს. ბიბლია სხვა რჩევებსაც გვაძლევს. მაგალითად, მოერიდეთ მავნე ჩვევებს — მოწევასა თუ აზარტულ თამაშებს — რომლებზეც ბევრი ფული იხარჯება; ცხოვრებაში იმას მიაქციეთ ყურადღება, რაც მნიშვნელოვანია — სულიერი მიზნები დაისახეთ; სამსახურის შოვნა თუ ძნელია, მზად იყავით იმ სამუშაოს შესასრულებლად, რაზეც მოთხოვნაა (იგავები 22:29; 23:21; ფილიპელთა 1:9—11). ბიბლია ‘გონიერებისკენ და განსჯისკენ’ მოგვიწოდებს, რადგან ეს ‘სიცოცხლე იქნება ჩვენთვის’ (იგავები 3:21, 22).
მართალია, ბიბლიური რჩევები გარკვეულწილად დაგვეხმარება სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ უპასუხოდ რჩება რამდენიმე კითხვა მომავალთან დაკავშირებით. დააღწევენ ოდესმე თავს გაჭირვებულები სიღარიბეს? დადგება დრო, როდესაც აღარ იარსებებს ფუფუნებით მცხოვრებთა და ღატაკთა შორის არსებული უთანასწორობა? გამოსავალი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არაფერი იცის.
ბიბლია იმედის საფუძველს გვაძლევს
ბევრი აღიარებს, რომ ბიბლია კარგი წიგნია. მაგრამ ხშირად მათთვის უცნობია ბიბლიაში მოცემული კონკრეტული ინფორმაცია იმ დიდი ცვლილებების შესახებ, რომლებიც მალე მოხდება.
ღმერთს განზრახული აქვს, გადაჭრას კაცობრიობის პრობლემები, მათ შორის სიღარიბის პრობლემა. რადგანაც ადამიანთა მთავრობებს ან არ შესწევთ ამის ძალა, ან სურვილი არ გააჩნიათ, ღმერთი შეცვლის მათ. როგორ? დანიელის 2:44-ში ხაზგასმით არის აღნიშნული: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“.
ამ „სამეფოების“ ანუ მთავრობების განადგურების შემდეგ ღვთის მიერ დანიშნული მმართველი ამოქმედდება. ეს მმართველი ადამიანი კი არ იქნება, არამედ ღვთის მსგავსი ძლიერი ზეციერი არსება, რომელიც შეძლებს არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად სათანადო ცვლილებების მოხდენას. ამისათვის ღმერთმა საკუთარი ძე ამოირჩია (საქმეები 17:31). ფსალმუნების 71:12—14-ში აღწერილია, რას გააკეთებს ეს მმართველი: „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“. რა დიდებული პერსპექტივაა! გაჭირვებულები ბოლოს და ბოლოს შვებას პოვებენ! ღვთის მიერ დადგენილი მმართველი ღარიბ-ღატაკთა საკეთილდღეოდ ამოქმედდება.
იმ დროისათვის გადაიჭრება სიღარიბესთან დაკავშირებული სხვა მრავალი პრობლემაც. 71-ე
ფსალმუნის მე-16 მუხლში ნათქვამია: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე“. არავის დააკლდება საკვები შიმშილობის, ფულის უქონლობის ან მთავრობის არასწორი მმართველობის გამო.გადაიჭრება სხვა პრობლემებიც. მაგალითად, დღეს უმრავლესობას არა აქვს თავისი სახლი. ღმერთი კი გვპირდება: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ხის დღეებივით იქნება ჩემი ერის დღეები და თავიანთი ხელის ნაკეთებს გაცვეთენ ჩემი რჩეულნი“ (ესაია 65:21, 22). ყველას ექნება საკუთარი სახლი და სასიამოვნო სამუშაო. ღმერთი გვპირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს მთელ დედამიწაზე სიღარიბეს. აღარ იარსებებს მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული და აღარავის მოუწევს ბრძოლა არსებობისათვის.
ეს ბიბლიური აღთქმები თავიდან შეიძლება არარეალური მოგეჩვენოთ. მაგრამ ბიბლიის საფუძვლიანი გამოკვლევით ჩანს, რომ წარსულში ღვთის ყველა აღთქმა შესრულდა (ესაია 55:11). ასე რომ, საკითხავი ნამდვილად არ არის, შესრულდება თუ არა ღვთის აღთქმები; უფრო მართებული იქნებოდა გვეკითხა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენც მოგვიტანოს სარგებლობა ღვთის დანაპირების შესრულებამ.
თქვენც იქნებით იქ?
რადგანაც საუბარია ღვთის მთავრობაზე, ისეთი ადამიანები უნდა ვიყოთ, როგორებსაც ღმერთი ამ მთავრობის ქვეშევრდომობით ცხოვრების ნებას მისცემს. ღმერთს არ დაუმალავს ჩვენთვის, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მის მოთხოვნებს შევესაბამებოდეთ. ამის გაგება ბიბლიიდან შეგვიძლია.
ღვთის მიერ დადგენილ მმართველს, ღვთის ძეს, სიმართლე უყვარს (ესაია 11:3—5). აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც ამ მთავრობის ქვეშევრდომობით იცხოვრებს, მართალი ადამიანი უნდა იყოს. იგავების 2:21, 22-ში (სსგ) ნათქვამია: „ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან“.
არის თუ არა შესაძლებელი, ღვთის მოთხოვნების შესრულება ისწავლოთ? დიახ, ეს შესაძლებელია. ბიბლიის შესწავლა და მასში მოცემული მითითებების გამოყენება სასწაულებრივ მომავალს მოგიტანთ (იოანე 17:3). იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამაში. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და გახდით იმ საზოგადოების ნაწილი, რომელშიც არც სიღარიბე იქნება და არც უსამართლობა.
[სურათი 5 გვერდზე]
„მკაცრად გვაქვს განსაზღვრული, თუ რაზე რამდენს დავხარჯავთ, რათა იმის შეძენა შევძლოთ, რაც ნამდვილად გვჭირდება“.
[სურათუბი 6 გვერდზე]
ღმერთთან კარგ ურთიერთობასა და ოჯახურ ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი.