არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი ქრისტიანულ საძმოს მსოფლიო მასშტაბით ემსახურებიან

ისინი ქრისტიანულ საძმოს მსოფლიო მასშტაბით ემსახურებიან

ისინი ქრისტიანულ საძმოს მსოფლიო მასშტაბით ემსახურებიან

გსმენიათ ასეთი ტერმინები: „საერთაშორისო მსახურები“ და „საერთაშორისო მოხალისეები“? იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ასეთი სახით მსახურობენ, სიხარულით სწირავენ საკუთარ დროსა და ცოდნას იმ შენობების აგებას, რომლებიც ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას უწყობს ხელს. მათი დახმარებით შენდება საკონგრესო და სამეფო დარბაზებიც, სადაც ხდება ბიბლიის შესწავლა. ამჟამად ეს მოხალისეები 34 ქვეყანაში მსახურობენ მსგავს მშენებლობებზე. ამ ქვეყნებიდან უმეტესობა შეზღუდული სახსრების მქონეა. რა სირთულეებს ხვდებიან ქრისტიანული საძმოს საერთაშორისო მსახურები და რა ანიჭებთ სიხარულს? როგორ უყურებენ ისინი წმინდა მსახურებას, რომელსაც ასრულებენ? (გამოცხადება 7:9, 15). ამის გასაგებად, მოდი მექსიკაში მომსახურე ზოგ მოხალისეს გავეცნოთ.

მექსიკაში უცხოელი მოხალისეები პირველად 1992 წლის მაისში ჩავიდნენ. ამის შემდეგ მათ მალევე დაიწყეს მექსიკის ფილიალის გაფართოება, რომელიც ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობას უწევს ზედამხედველობას. ფილიალის გაფართოების პროგრამით მათ უნდა აეგოთ 14 ახალი შენობა: რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ფილიალში მომსახურე მოხალისეებისთვის და ოფისებისა და ტიპოგრაფიისთვის განკუთვნილი შენობები.

ამ მშენებლობაში დასახმარებლად 730-ზე მეტი მოხალისე ჩავიდა კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ისინი მხარდამხარ მსახურობდნენ მექსიკის ყველა რეგიონიდან ჩასულ ასობით მოხალისესთან ერთად. ამას გარდა, შაბათ-კვირაობით ფილიალის ახლოს მდებარე 1 600 კრებიდან, მთლიანობაში, 28 000-ზე მეტმა მოწმემ მიიღო მონაწილეობა ამ მშენებლობაში. ისინი დიდი მონდომებით და უანგაროდ შრომობდნენ; თავს ბედნიერად თვლიდნენ, რომ შესაძლებლობა მიეცათ, იეჰოვასთვის ასეთი სახით ემსახურათ. მათ მთელი მშენებლობის პროცესში ახსოვდათ ფსალმუნების 126:1-ში ჩაწერილი ღვთივშთაგონებული სიტყვები: „სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“.

სირთულეები, რომლებსაც ისინი ხვდებიან

რა სირთულეებს ხვდებიან ეს მოხალისეები სხვა ქვეყნებში მსახურებისას? შეერთებულ შტატებში მცხოვრებ წყვილს, კურტისსა და სალის, მრავალ საერთაშორისო მშენებლობაში აქვთ მიღებული მონაწილეობა. მათ შორის, გერმანიაში, ზამბიაში, ინდოეთში, მექსიკაში, პარაგვაიში, რუმინეთში, რუსეთსა და სენეგალში. კურტისი ამბობს: „პირველი სირთულე ის იყო, რომ უნდა დაგვეტოვებინა ჩვენი ქალიშვილი, რომელიც პიონერად [სრული დროით] მსახურობდა, და მშობლიური კრება მინესოტაში. მე და ჩემი მეუღლე 24 წელი ვიყავით ამ კრებაში და იქ თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ ოჯახში“.

სალი ამატებს: „ძნელია ისეთ პირობებში ცხოვრება, რომელსაც შეჩვეული არა ხარ. ეს კი მამაკაცებზე მეტად ქალებს უჭირთ, მაგრამ ვისწავლე, რომ შეგუება შესაძლებელია. აღარც მწერები მაღიზიანებს“. ის ამატებს: „ერთ ქვეყანაში ათი მოხალისე ვცხოვრობდით ერთ ბინაში, სადაც სამზარეულო არ გვქონდა და მხოლოდ ორი აბაზანა იყო. მაშინ ვისწავლე, უფრო მომთმენი გავმხდარიყავი“.

კიდევ ერთ სირთულეს უცხო ენის შესწავლა წარმოადგენს, რაც ძალისხმევასა და თავმდაბლობას მოითხოვს. შარონი, რომელიც თავის ქმართან ერთად არაერთ საერთაშორისო მშენებლობაში მონაწილეობდა, ამბობს: „რთულია, როდესაც არ იცი იმ ქვეყნის ენა, სადაც მსახურობ. თავიდან გიჭირს სულიერ და-ძმებთან დაახლოება, რადგან შენს გრძნობებს თავისუფლად ვერ გამოხატავ. ამან შეიძლება გულგატეხილობამდეც კი მიგიყვანოს. მაგრამ ადგილობრივი ძმები ცდილობენ ხოლმე, გაგვიგონ და ძალიან არიან დაინტერესებული ჩვენი კეთილდღეობით. მალევე, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, როგორღაც ვახერხებთ ურთიერთობის დამყარებას“.

მსახურებაში მონაწილეობა გამბედაობას მოითხოვს

თუმცა ამ თავგანწირულ მოხალისეებს უდიდესი წვლილი შეაქვთ სამშენებლო საქმეში, მათ ესმით, რომ ისინი, პირველ რიგში, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებლები არიან. ამიტომაც, მთელი გულით უჭერენ მხარს სამქადაგებლო საქმიანობას იმ კრებებში, რომლებსაც ესწრებიან. ოკა და ინგ-მარი, რომლებიც გვადელუპაში, მალავიში, მექსიკასა და ნიგერიაში მსახურობდნენ, აღიარებენ, რომ უცხო ქვეყანაში სხვა ენაზე ქადაგება გამბედაობას მოითხოვს.

ინგ-მარი გვეუბნება: „თავიდან ცოტას ვქადაგებდით, რადგან მსახურებაში ყოველთვის ადგილობრივ მოწმეებს დავყვებოდით და უხერხულობის გამო, ხშირად, მხოლოდ ისინი საუბრობდნენ. ერთ დილით კი გადავწყვიტეთ, მათ გარეშე წავსულიყავით. თუმცა ძალიან ვღელავდით, გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. შევხვდით ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელმაც მოისმინა ჩემი წინასწარ მომზადებული შეთავაზება. ბიბლიიდან ერთი მუხლი ამოვუკითხე და ლიტერატურა შევთავაზე. მან მითხრა: „ჩემი ნათესავი იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობს. შეგიძლიათ, მითხრათ, მე როგორ შემიძლია ამის გაკეთება?“. გაოცებისგან ენა ჩამივარდა. ბოლოს კი ვუთხარი, რომ შესწავლაში დავეხმარებოდი“.

ინგ-მარი ამატებს: „ძალიან ბედნიერი ვიყავი და უდიდეს მადლიერებას ვგრძნობდი იეჰოვასადმი, რომ მან აკურთხა ჩვენი ინიციატივა და ჭეშმარიტების გაზიარების სურვილი“. ამ ახალგაზრდა ქალმა მალე სულიერად წინ წაიწია და მეხიკოში გამართულ საოლქო კონგრესზე მოინათლა. აკისა და ინგ-მარის თავიანთ მსახურებასთან დაკავშირებით ასეთი აზრი აქვთ: „ძალიან ვაფასებთ ჩვენს მსახურებას საერთაშორისო მშენებლობებზე, მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ სიხარულსა და კმაყოფილებას, რომელსაც მაშინ განიცდი, როდესაც ვინმეს ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარები“.

თავგანწირვის სული

იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ძმებს მოემსახურონ, მოხალისეები არაერთ მსხვერპლს იღებენ. მიუხედავად ამისა, ასეთი მსახურება უზომო სიხარულის მომტანია. როგორ?

ჰოვარდი, რომელიც მეუღლესთან, პამელასთან ერთად მსახურობდა ანგოლაში, გაიანაში, ეკვადორში, კოლუმბიაში, მექსიკაში, პუერტო-რიკოსა და სალვადორში, ამბობს: „ბედნიერებაა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული და-ძმების გაცნობა და იმ სიყვარულის პირადად განცდა, რომელიც ჩვენს საერთაშორისო საძმოში სუფევს. ერთია, როდესაც კითხულობ ამის შესახებ, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც სხვა კულტურისა და წარმომავლობის და-ძმებთან ერთად ცხოვრობ და მსახურობ. ამ დროს უფრო მეტად აფასებ ძვირფას საძმოს“.

გარისაც, რომელიც მშენებლობაზე ეხმარებოდა ძმებს ეკვადორში, ზამბიაში, კოლუმბიაში, კოსტა-რიკასა და მექსიკაში, ბევრი რამ შესძინა მსახურების ამ სფეროში მონაწილეობამ. ის ამბობს: „წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე მოწიფულ ძმებთან ურთიერთობით, რომლებიც იმ ქვეყნის ფილიალებში მსახურობდნენ, სადაც მაგზავნიდნენ. ასეთი სახით მიღებული გამოცდილება დამეხმარა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც უნდა ვიმსახურო, მზად ვიყო სიძნელეებთან შესახვედრად. ეს მსახურება რწმენის განმამტკიცებელია, რადგან ამ დროს შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვს, დაინახო იეჰოვას მსოფლიო ორგანიზაციის ერთიანობა; ერთიანობა, რომელიც სცილდება ენობრივ, რასობრივ თუ კულტურულ საზღვრებს“.

ამასობაში, მექსიკაში მშენებლობა დასრულდა და წელს ფილიალის ახალი შენობების მიძღვნაც ჩატარდა. ღვთის სიყვარულით აღძრულ საერთაშორისო მსახურებსა და საერთაშორისო მოხალისეებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გაფართოებაში მექსიკასა თუ სხვა ქვეყნებში. იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ძალიან აფასებენ მათ მზადყოფნასა და თავგანწირვის სულს, რომელსაც ისინი სხვა ქვეყნებში მცხოვრები ძმებისთვის ავლენენ.

[სურათი 25 გვერდზე]

ეკვადორი

[სურათი 25 გვერდზე]

კოლუმბია

[სურათი 25 გვერდზე]

ანგოლა

[სურათი 26 გვერდზე]

ახალი მშენებლობის დაწყება მექსიკის ფილიალში.

[სურათი 26 გვერდზე]

ფილიალის ბაღი

[სურათი 26 გვერდზე]

ქვემოთ: ზოგი მოხალისე სამშენებლო განყოფილებიდან, ახალი კომპლექსის წინ.

[სურათი 27 გვერდზე]

მშენებელი მოხალისეები დიდ სიხარულს განიცდიან, რომ ადგილობრივ კრებებთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობენ.