არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა იაროს ჩემმა შვილმა სკოლაში?

უნდა იაროს ჩემმა შვილმა სკოლაში?

უნდა იაროს ჩემმა შვილმა სკოლაში?

წარმოიდგინეთ, რომ არ შეგიძლიათ ამ გვერდზე მოცემული სიტყვების წაკითხვა, თქვენი ქვეყნის ოფიციალურ ენაზე ლაპარაკი ან მსოფლიოს რუკაზე თქვენი სამშობლოს მოძებნა. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია მრავალი ბავშვი. რის თქმა შეიძლება თქვენს შვილზე?

უნდა იაროს თქვენმა შვილმა სკოლაში? ბევრ ქვეყანაში განათლება სავალდებულოა და ხშირ შემთხვევაში უფასო. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ყველას აქვს განათლების უფლება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშიც ესმება ხაზი ამ უფლებას. თუმცაღა ზოგ ქვეყანაში განათლება არ არის უფასო და მშობლებს უჭირთ სწავლის საფასურის გადახდა. მოდი ამ საკითხს ქრისტიანი მშობლების თვალსაზრისით შევხედოთ, რომლებსაც სურთ, რომ მათი შვილები განათლებულები იყვნენ, იქნება ეს სკოლის სასწავლო პროგრამით თუ სხვა გზით.

იყვნენ თუ არა განათლებულები ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანები?

ბიბლიაში მოხსენიებულ ღვთის მსახურთა უმეტესობამ იცოდა წერა-კითხვა. იესოს მოციქულები, პეტრე და იოანე, იუდეველი მეთევზეები იყვნენ, მაგრამ ბიბლიის წიგნები ბერძნულად დაწერეს და არა მშობლიურ ენაზე *. როგორც ჩანს, მათმა მშობლებმა იზრუნეს, რომ შვილებს ძირითადი განათლება ჰქონოდათ. იგივე შეიძლება ითქვას ბიბლიის სხვა დამწერებზეც, მაგალითად მწყემს დავითზე, მიწათმოქმედ ამოსსა და იესოს ნახევარძმაზე — იუდაზე, რომელიც შესაძლოა დურგალი იყო.

იობმაც იცოდა წერა-კითხვა; ბიბლიიდან, კერძოდ მისი სახელით წოდებული წიგნიდან, ვიგებთ, რომ ის მეცნიერულ საკითხებშიც ერკვეოდა. მან სამწერლო ენაც იცოდა, რადგან წიგნ „იობში“ მისი სიტყვები პოეტური ენით არის გადმოცემული. ჩვენთვის ცნობილია, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებიც განათლებულები იყვნენ. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ თიხის ნაკეთობათა ნატეხებზე ბიბლიური წარწერები შესაძლოა სწორედ მათ მიერ არის შესრულებული.

განათლება მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის

ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გაიღრმავოს ბიბლიური ცოდნა (ფილიპელთა 1:9—11; 1 თესალონიკელთა 4:1). საღვთო წერილისა და მასზე დაფუძნებული დამხმარე სახელმძღვანელოების გულმოდგინედ შესწავლას შეუძლია სულიერად წინ წაგვწიოს. რადგან ღმერთმა წერილობითი სიტყვა გვიბოძა, თავისი თაყვანისმცემლებისგან მოელის, რომ, რამდენადაც ეს მათთვის შესაძლებელია, განათლებულები იყვნენ. ბიბლიის გააზრებულად კითხვა უფრო აადვილებს მასში ჩაწერილი რჩევების გამოყენებას. რასაკვირველია, შეიძლება რამდენჯერმეც კი დაგვჭირდეს მისი გარკვეული მონაკვეთების წაკითხვა, რათა ბოლომდე ჩავწვდეთ მოცემული აზრების მნიშვნელობას და დავფიქრდეთ მათზე (ფსალმუნები 118:104; 142:5; იგავები 4:7).

ყოველწლიურად იეჰოვას მსახურები „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ ასობით გვერდის შემცველ სასარგებლო წერილობით მასალას ღებულობენ (მათე 24:45—47). ამ ლიტერატურაში განხილული საკითხები ეხება ოჯახურ ცხოვრებას, სხვადასხვა წეს–ჩვეულებას, რელიგიას, მეცნიერებასა და ბევრ სხვა სფეროს. რაც ყველაზე მთავარია, მასში მოცემულია ბიბლიური რჩევა–დარიგებები სულიერ თემებზე. თუ თქვენს შვილებს არ ეცოდინებათ კითხვა, ისინი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას იქნებიან მოკლებული.

კაცობრიობის ისტორიის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რატომ არის საჭირო ღვთის სამეფო. გარდა ამისა, გეოგრაფიის ცოდნაც სასურველია; ბიბლიაში მოხსენიებულია ბევრი ქვეყანა, მაგალითად ისრაელი, ეგვიპტე და საბერძნეთი. შეუძლია თქვენს შვილს ამ ქვეყნების პოვნა მსოფლიოს რუკაზე? შეძლებს ის საკუთარი ქვეყნის მოძებნას? რუკის გამოყენების არცოდნამ შეიძლება დანიშნულების ადგილზე მსახურებაც კი გაგვიძნელოს (2 ტიმოთე 4:5).

პასუხისმგებლობები კრებაში

ქრისტიან უხუცესებსა და თანაშემწეებს ბევრი ისეთი პასუხიმგებლობა აკისრიათ, რომლებშიც კითხვაც შედის. მაგალითად, კრებაში საჭიროა მოხსენებებით გამოსვლა, ლიტერატურასა და შესაწირავებთან დაკავშირებით ჩანაწერების გაკეთება. ზოგადი განათლების გარეშე ძალიან ძნელია ამ დავალებების ხარისხიანად შესრულება.

როგორც ცნობილია, ღვთის ზოგი მსახური მთელ მსოფლიოში არსებულ ბეთელის ოჯახებში მსახურობს მოხალისედ. მათთვის აუცილებელია, თავიანთი ქვეყნის ოფიციალურ ენაზე იცოდნენ წერა–კითხვა, რათა სხვებთან სრულფასოვნად ითანამშრომლონ და თავიანთი მოვალეობები შეასრულონ; მაგალითად, თარგმნონ ლიტერატურა ან სხვადასხვა მექანიზმი შეაკეთონ. თუ თქვენი შვილი როდისმე მსგავს მიზანს დაისახავს, აუცილებელია, რომ ზოგადი განათლება მაინც ჰქონდეს. კიდევ რა საფუძვლიანი მიზეზების გამოა სასურველი, რომ თქვენმა შვილმა სკოლაში იაროს?

სიღარიბე და ცრურწმენა

სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები შესაძლოა სრულიად უმწეონი აღმოჩდნენ გარკვეულ ვითარებებში, მაგრამ არის შემთხვევები, როცა განათლება შეიძლება დაეხმაროს როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს ზედმეტი სირთულეების არიდებაში. ბევრ გაუნათლებელ ადამიანს ძლივძლივობით გააქვს თავი. მცირე შემოსავლის გამო ხშირად შეუძლებელია სამედიცინო დახმარების მიღება, რაც ბავშვების და ზოგჯერ მშობლების სიკვდილის მიზეზიც კი ხდება. ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისი განათლების მქონე ან სრულიად გაუნათლებელი ადამიანები ცუდად იკვებებიან და ცუდ პირობებში ცხოვრობენ. განათლებამ ან, სულ მცირე, წერა–კითხვის ცოდნამ შეიძლება ცოტათი მაინც შეამსუბუქოს მდგომარეობა.

განათლება, ამავე დროს, ეხმარება ადამიანს, ნაკლებად იყოს მიდრეკილი ცრუმორწმუნეობისკენ. რასაკვირველია, ცრურწმენა განათლებულებს შორისაც არის გავრცელებული, მაგრამ გაუნათლებელი ადამიანი შეიძლება სხვებთან შედარებით ადვილად მოატყუონ ან ბოროტი განზრახვით გამოიყენონ, რადგან მას არ შეუძლია იმ მასალის წაკითხვა, რომელიც ამხელს ასეთ სიცრუეს. ამიტომ ასეთი ადამიანები უფრო ადვილად ხდებიან ცრურწმენის მსხვერპლი და ადვილად იჯერებენ, რომ მკითხავებს სასწაულებრივად შეუძლიათ მათი განკურნება (მეორე რჯული 18:10—12; გამოცხადება 21:8).

მხოლოდ სამსახურის შოვნის მიზნით?

ბევრი ფიქრობს, რომ განათლება, ძირითადად, თავის სარჩენად არის საჭირო. თუმცა ზოგი განათლებული ადამიანი უმუშევარია ან იმდენი შემოსავალიც კი არა აქვს, რომ აუცილებელი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. ამიტომ ზოგი მშობელი თვლის, რომ არ ღირს შვილის სკოლაში გაშვება. განათლების მიზანი მხოლოდ ფულის შოვნა არ არის. სინამდვილეში, მას უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს. განათლება ბავშვს ცხოვრებისთვის ამზადებს (ეკლესიასტე 7:12). თუ ადამიანს თავისი ქვეყნის ოფიციალურ ენაზე ლაპარაკი და წერა–კითხვა შეუძლია, უფრო ადვილად და ყოველგვარი შიშის გარეშე შეძლებს სამედიცინო პერსონალთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ან ბანკის მომსახურეებთან ურთიერთობას.

ზოგან ბავშვებს ოსტატებს მიაბარებენ ხოლმე ისეთი ხელობების დასაუფლებლად, როგორიცაა აშენება, თევზაობა, კერვა ან სხვა საქმიანობა. ხელობის სწავლა მართლაც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, თუ ბავშვი არასოდეს ივლის სკოლაში, გამართულად ვერ ისწავლის წერა–კითხვას. თუ ისინი ჯერ ზოგად განათლებას მიიღებენ და შემდეგ დაეუფლებიან რაიმე ხელობას, რასაკვირველია, ნაკლებად მოტყუვდებიან და უფრო საინტერესო ცხოვრება ექნებათ.

იესო ნაზარეთელი დურგალი იყო და, როგორც ჩანს, მას ეს ხელობა თავისმა მამობილმა, იოსებმა, ასწავლა (მათე 13:55; მარკოზი 6:3). იესო განათლებულიც იყო. ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში მას შეეძლო აზრიანად ესაუბრა ტაძარში მყოფ განათლებულ მამაკაცებთან (ლუკა 2:46, 47). მისთვის ხელობის შესწავლას ხელი არ შეუშლია განათლების მიღებაში.

გოგონებსაც სჭირდებათ განათლება?

ზოგჯერ მშობლებს მხოლოდ ვაჟები დაჰყავთ სკოლაში. ალბათ, ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან ძვირი დაუჯდებათ, თუ გოგონებსაც მიაღებინებენ განათლებას. ამავე დროს, შესაძლოა, თვლიან, რომ გოგონები უფრო მეტ დახმარებას აღმოუჩენენ დედებს, თუ მთელი დღის განმავლობაში სახლში იქნებიან. მაგრამ გაუნათლებლობა გოგონებსაც შეუქმნის დაბრკოლებებს ცხოვრებაში. გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის (იუნისეფი) ერთ–ერთ გამოცემაში ნათქვამია: „არაერთი გამოკვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ, თუ გოგონები განათლებას მიიღებენ, ეს ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება იქნება სიღარიბის მარწუხებისგან გასათავისუფლებლად“ (Poverty and Children: Lessons of the 90s for Least Developed Countries). განათლებული გოგონები უკეთესად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს და უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მთელი ოჯახისთვისთვისაც არის სასარგებლო.

დასავლეთ აფრიკის ერთ–ერთ ქვეყანაში, ბენინში, ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზების გამოსარკვევად ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დედებს, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ, ხუთ წლამდე ასაკის 1 000 ბავშვიდან 167 უკვდებათ, მაშინ როცა განათლებულებს 1 000–დან მხოლოდ 38. იუნისეფის იმავე გამოცემაში გაკეთებულია შემდეგი დასკვნა: „მაშასადამე, როგორც ბენინში, ისე მთელ მსოფლიოში განათლების დონე დიდ გავლენას ახდენს ბავშვთა სიკვდილიანობაზე“. ასე რომ, გოგონებისთვის განათლების მიღება მრავალმხრივ არის სასარგებლო.

საკმარისია წერა–კითხვის შესასწავლი კურსების გავლა?

იეჰოვას მოწმეები, საჭიროებისდა მიხედვით, კრების წევრებისთვის წერა–კითხვის შესასწავლ კურსებს ატარებენ *. ამ სასარგებლო ღონისძიების წყალობით, ჩვეულებრივ, მშობლიურ ენაზე კითხვას სწავლობენ. მაგრამ სრულად შეცვლის ეს კურსები სკოლის სასწავლო პროგრამას? უნდა გქონდეთ იმის იმედი, რომ კრება იზრუნებს თქვენი შვილების განათლებაზე მაშინ, როცა შესაძლებელია განათლების სკოლაში მიღება?

თუმცა იეჰოვას მოწმეთა კრებების მიერ ორგანიზებული წერა–კითხვის შესაწავლი კურსები შესანიშნავი ღონისძიებაა, ისინი გათვალისწინებულია არაკეთილსასურველ პირობებში მცხოვრები მოზარდებისთვის, რომლებსაც ბავშვობაში არასდროს უვლიათ სკოლაში. შესაძლოა, მათ მშობლებს არ ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანია წერა–კითხვის ცოდნა, ან მათ მხარეში საერთოდ არ იყო სკოლები. ასეთებს შეუძლიათ კრებებში ორგანიზებულ წერა-კითხვის შესასწავლ კურსებზე დასწრებით მიიღონ დახმარება. მაგრამ ეს კურსები ვერ შეცვლის სკოლაში მიღებულ განათლებას, რადგან ისინი ზოგადი განათლებისთვის არ არის გამიზნული. ამ კურსების დროს არ ისწავლება ისეთი საგნები, როგორიცაა ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა და ისტორია, რაც სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული.

აფრიკაში წერა–კითხვის შესასწავლი კურსები, ძირითადად, სხვადასხვა ტომის ენაზე ტარდება და იშვიათად ქვეყნის ოფიციალურ ენაზე. სკოლებში კი გაკვეთილები, ჩვეულებისამებრ, ოფიციალურ ენაზე ტარდება. ამას უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს ბავშვებისთვის, რადგან ბევრი სახელმძღვანელო და სხვა მრავალფეროვანი საკითხავი მასალა სწორედ ოფიციალურ ენაზეა ხელმისაწვდომი. თუმცა წერა–კითხვის შესასწავლი კურსები გარკვეულ ცოდნას აძლევს ბავშვს, ეს კურსები ვერ შეცვლის ზოგად განათლებას. მაშ, თუკი ეს რამენაირად შესაძლებელია, განა არ ღირს, რომ თქვენმა შვილმა სკოლაში იაროს?

მშობლის პასუხისმგებლობა

მამაკაცები, რომლებიც კრების წევრების სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნავენ, სამაგალითო ქრისტიანები, თავიანთი ოჯახისა და შვილების „კარგი განმგებლები“ უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 3:4, 12). „კარგი განმგებლობა“ ნიშნავს, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სამომავლოდ შვილებს ზედმეტი სირთულეების არიდებაში დავეხმაროთ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღვზარდოთ.

ღმერთმა სერიოზული პასუხისმგებლობა დააკისრა ქრისტიან მშობლებს. მათ ღვთის სიტყვის თანახმად უნდა აღზარდონ შვილები და სწავლა შეაყვარონ (იგავები 12:1; 22:6; ეფესელთა 6:4). პავლე მოციქულმა დაწერა: „ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). ჩვენს მოვალეობაში ისიც შედის, რომ სათანადო განათლება მივაღებინოთ შვილებს.

ზოგჯერ სკოლებში ბავშვები ვერ იღებენ საჭირო განათლებას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ სკოლებში გათვალისწინებულზე მეტი მოსწავლეა ან სახსრების უკმარისობაა; შესაძლოა მასწავლებლები გულგრილად ეკიდებიან სწავლებას, რადგან მცირე ანაზღაურება აქვთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლები განსაკუთრებით იყვნენ დაინტერესებული იმით, თუ როგორ სწავლობენ მათი შვილები სკოლაში. გონივრული იქნება, თუ ისინი გაეცნობიან მასწავლებლებს, ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში მიაკითხავენ მათ და გაიგებენ, რაში ესაჭიროებათ მათ შვილებს გაუმჯობესება. ამგვარად მასწავლებლები იგრძნობენ, რომ ისინი საჭირონი არიან და მათ აფასებენ. ეს კი სტიმულს მისცემს მათ, უფრო ხარისხიანად ასწავლონ ბავშვებს.

განათლება დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. „ბრძენნი ცოდნას აგროვებენ“, — ნათქვამია იგავების 10:14–ში. ეს განსაკუთრებით ბიბლიურ ცოდნას ეხება. იეჰოვას ახალგაზრდა თუ ხანდაზმული მსახურები შეძლებისდაგვარად განათლებულები უნდა იყვნენ, რათა სხვებს სულიერი დახმარება აღმოუჩინონ და ‘ღმერთს საკუთარი თავი ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად წარუდგინონ’ (2 ტიმოთე 2:15; 1 ტიმოთე 4:15). ასე რომ, უნდა იარონ თუ არა თქვენმა შვილებმა სკოლაში? უეჭველია, თქვენი პასუხი დადებითი იქნება, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზით აჯობებს განათლების მიღება თქვენს ქვეყანაში. ასე თუ ისე, ქრისტიანმა მშობლებმა აუცილებლად უნდა უპასუხონ უფრო მნიშვნელოვან კითხვას: უნდა იყოს თუ არა ჩემი შვილი განათლებული? საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, განა არ ეთანხმებით, რომ ამ კითხვას დადებითად უნდა უპასუხოთ?

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 მათი მშობლიური ენა, ალბათ, არამეული ენის გალილეური დიალექტი ან ებრაული ენის რომელიმე დიალექტური ფორმა იყო (იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 144—146 [ინგლ.]).

^ აბზ. 25 იხილეთ 2000 წლის 22 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 8, 9 (რუს.).

[ჩარჩო⁄სურათი 12, 13 გვერდებზე]

როდესაც სკოლაში სიარული შეუძლებელია

ზოგჯერ ბავშვები სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლაში ვერ დადიან. მაგალითად, ჟურნალ „ლტოლვილებში“ აღნიშნულია, რომ ლტოლვილთა ბანაკებში ხუთიდან მხოლოდ ერთ ბავშვს ეძლევა სკოლაში სიარულის შესაძლებლობა. არის შემთხვევები, როცა პროტესტის ნიშნად მასწავლებლები გაფიცვას აწყობენ და ამის გამო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სკოლებში სწავლა არ მიმდინარეობს. ზოგ ადგილებში სკოლები ძალიან შორს არის ან საერთოდ არ არსებობს. ისეც ხდება, რომ ქრისტიანთა შვილებს რწმენის გამო ავიწროებენ და სკოლიდან რიცხავენ.

როგორ შეგიძლიათ შვილების დახმარება ასეთ შემთხვევებში? რის გაკეთება შეიძლება, თუ რამდენიმე შვილი გყავთ და ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც შეუძლებელია ყველა ბავშვს გადაუხადოთ სწავლის საფასური? ხომ არ გექნებოდათ საშუალება, ერთ ან ორ ბავშვს მაინც რომ ესწავლა სკოლაში, თუ ამით მათ სულიერობას საფრთხე არ დაემუქრებოდა? ამგვარად ისინი და-ძმებს გაუზიარებდნენ სკოლაში ნასწავლს.

ზოგ ქვეყანაში ბავშვებს სახლში ასწავლიან *. ასეთ შემთხვევაში მშობლები, ჩვეულებისამებრ, ყოველდღიურად რამდენიმე საათს უთმობენ ბავშვების სწავლებას. ძველ დროში მშობლები საკმაოდ ხარისხიანად ასწავლიდნენ შვილებს. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი მომზადების შედეგად ჰქონდა იაკობის ვაჟს, იოსებს, იმის უნარი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში კარგი ხელმძღვანელობა გაეწია სხვებისთვის.

სკოლის სასწავლო პროგრამით შვილების განსწავლა შეიძლება რთული იყოს ისეთ ადგილებში, როგორიც ლტოლვილთა ბანაკებია, მაგრამ მშობლებს შეუძლიათ ძირითად სასწავლო სახელმძღვანელოებად იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული ლიტერატურა გამოიყენონ. მაგალითად, „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს პატარა ბავშვებისთვის. ამ მხრივ სასარგებლოა ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“-იც, რომელშიც მოცემულია სტატიები სხვადასხვა თემაზე. წიგნის „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ გამოყენება შეიძლება მეცნიერული საგნების შესასწავლად. „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულს“ კი დართული აქვს მსოფლიოს პატარა რუკა და მოგვითხრობს სხვადასხვა ქვეყანასა და იქ მიმდინარე სამქადაგებლო საქმიანობაზე.

მართლაც ბევრ კარგ ნაყოფს მოიტანს, თუ მშობლები ხარისხიანად ასწავლიან თავიანთ შვილებს და მათი უნარის გათვალისწინებით შეარჩევენ სასწავლო მასალას. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვები რეგულარულად განაგრძობენ კითხვასა და მეცადინეობას, უფრო გაუადვილდებათ სასწავლო პროგრამის გავლა, თუ მომავალში სკოლაში სიარულის შესაძლებლობა მიეცემათ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ და ყველანაირ საშუალებას მოსინჯავთ, კარგ განათლებას მიაღებინებთ თქვენს შვილებს. ეს მართლაც ბევრ კარგ ნაყოფს გამოიღებს!

[სქოლიოები]

^ აბზ. 40 იხილეთ სტატია „განათლების სახლში მიღება — უმჯობესია თქვენთვის?“, 1993 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 9—12 (რუს.).

[სურათი]

რის გაკეთება შეიძლება, თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც თქვენს შვილს არ შეუძლია სკოლაში სიარული?