არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შემთხვევას ნუ მიანდობთ შვილების აღზრდას!

შემთხვევას ნუ მიანდობთ შვილების აღზრდას!

შემთხვევას ნუ მიანდობთ შვილების აღზრდას!

კარგი მექოთნის ხელში თიხის ჩვეულებრივი გუნდა ლამაზ ჭურჭლად გადაიქცევა. მხოლოდ ოსტატს შეუძლია ასეთი უბრალო მასალისგან დიდებული ნივთების დამზადება. მექოთნეები ოდითგანვე დიდ სამსახურს უწევენ საზოგადოებას, რომელიც მათ ნახელავს — ფინჯნებს, თეფშებს, ქოთნებს, დოქებსა და დეკორატიულ ვაზებს — ფართოდ იყენებს.

საზოგადოებას მშობლებიც ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ შვილების ხასიათისა და პიროვნების ფორმირებით. ბიბლიაში თითოეული ჩვენგანი თიხას ვართ შედარებული. „თიხისთვის“ ფორმის მიცემის ანუ შვილების აღზრდის სერიოზული პასუხისმგებლობა კი ღმერთმა მშობლებს დააკისრა (იობი 33:6; დაბადება 18:19). როგორც თიხისგან ლამაზი ჭურჭლის დამზადება არ არის ადვილი, ისე ბავშვის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაც რთული საქმეა. ასეთი ცვლილება თავისთავად არ ხდება.

ჩვენი შვილების ჩამოყალიბებაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. სამწუხაროდ, ისინი უარყოფითი გავლენის ქვეშაც ექცევიან. ამიტომაც, გონიერი მშობელი სერიოზულად მოეკიდება თავის პასუხისმგებლობას და შეეცდება, აღზარდოს შვილი „მისი გზის მიხედვით“, იმ იმედით, რომ „კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან“ (იგავები 22:6).

აღზრდის ხანგრძლივ და ნამდვილად მნიშვნელოვან პერიოდში წინდახედული ქრისტიანი მშობლები დიდ დროს უთმობენ შვილს, რათა უარყოფითი ზეგავლენისგან დაიცვან მათი გული. მშობლებს შვილის სიყვარული ეხმარება, მოთმინება გამოავლინონ და ის „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღზარდონ (ეფესელთა 6:4). ცხადია, მათთვის გაცილებით ადვილი იქნება ამის გაკეთება, თუ რაც შეიძლება ადრე დაიწყებენ შვილის პიროვნების ჩამოყალიბებას.

დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე

მექოთნეებს მუშაობა უყვართ თიხის საკმაოდ რბილ და პლასტიკურ მასაზე, რომელიც დასამუშავებლად ადვილია, მაგრამ მიცემულ ფორმას არ კარგავს. ისინი ცდილობენ, თიხა არასასურველი მინარევების მოშორებიდან ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენონ. ამის მსგავსად, შვილის პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვის დასაწყებად მშობლებისთვის საუკეთესოა პერიოდი, როდესაც ბავშვი ყველაფერს იოლად ითვისებს და მისი ფორმირება ადვილია.

სპეციალისტების აზრით, რვა თვის ასაკში ბავშვი უკვე ცნობს მშობლიური ენის ბგერებს, მას უკვე ახლო ურთიერთობა აქვს მშობლებთან, განვითარებული აქვს აღქმის უნარი, დაწყებული აქვს გარემოს შესწავლა. აქედან გამომდინარე, ბავშვის პიროვნების ფორმირება მშობლებმა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყონ. რამდენად კარგი იქნება თქვენი შვილისთვის, თუ ტიმოთესავით ‘ჩვილობიდანვე ეცოდინება საღვთო წერილები’ * (2 ტიმოთე 3:15, აქ).

პატარები, ჩვეულებრივ, მშობლებს ჰბაძავენ. გარდა იმისა, რომ მათსავით იწყებენ ლაპარაკსა და ჟესტიკულირებას, ისინი მშობლებისგან სიყვარულის, სიკეთისა და თანაგრძნობის გამოვლენასაც სწავლობენ. ამიტომაც, თუ გვსურს, რომ შვილებს იეჰოვას ნორმების სიყვარული ჩავუნერგოთ, მნიშვნელოვანია, ჩვენ თვითონ გვიყვარდეს ღვთის მცნებები. ასეთ შემთხვევაში სურვილი გვექნება, რეგულარულად ველაპარაკოთ მათ იეჰოვასა და მის სიტყვაზე. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ღვთის შესახებ შვილებს „სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ ვესაუბროთ (მეორე რჯული 6:6, 7). ამასთან დაკავშირებით ქვემოთ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ ფრანცისკო და როზა, რომლებსაც ორი შვილი ჰყავთ *.

„ყოველდღიური საუბრების გარდა, ვცდილობთ, ბავშვებს ცალ-ცალკე, დღეში 15 წუთი მაინც ველაპარაკოთ. როდესაც რაღაც პრობლემას ვამჩნევთ, რომლებიც დროდადრო ნამდვილად წამოიჭრება, უფრო მეტ დროს ვუთმობთ. მაგალითად, ამას წინათ სკოლიდან მოსვლის შემდეგ ჩვენმა ხუთი წლის ბიჭუნამ გვითხრა, იეჰოვა არ მწამსო. საუბარში გამოირკვა, რომ თანაკლასელს დაუცინია და უთქვამს, ღმერთი არ არსებობსო.

ამ წყვილმა დაინახა, რომ საჭიროა, შვილებს შემოქმედის რწმენა ჩაუნერგონ. ბავშვებს, ჩვეულებრივ, იზიდავს ღვთის ქმნილებები. სწორედ ეს შეიძლება დაეხმაროს მშობლებს შვილებისთვის რწმენის ჩანერგვაში. გაიხსენეთ, როგორ უყვართ ბავშვებს ცხოველები, ყვავილები და ზღვის ნაპირზე ქვიშაში თამაში! მშობლები უნდა შეეცადონ, რომ პატარებს ქმნილებებში შემოქმედი დაანახვონ (ფსალმუნები 99:3; 103:24, 25). იეჰოვას ქმნილებების მიმართ ბავშვობაში ჩანერგილი მოწიწება და პატივისცემა მათ შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ (ფსალმუნები 110:2, 10). უფრო მეტიც, ბავშვებს გაუჩნდებათ სურვილი, ასიამოვნონ ღმერთს, და განუვითარდებათ შიში იმისა, რომ არ აწყენინონ მას; ეს კი აღძრავს მათ, ‘განუდგნენ ბოროტს’ (იგავები 16:6).

მართალია, ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან და ყველაფერს ადვილად ითვისებენ, მაგრამ მათ უმრავლესობას არ ახასიათებს მორჩილება (ფსალმუნები 50:7). ზოგჯერ ისინი თავისას იჟინებენ ან მოითხოვენ, რომ მშობლებმა ყველაფერი უყიდონ. მშობლებს სიმტკიცე, მოთმინება და ზოგჯერ შვილების დასჯა სჭირდებათ, რათა ბავშვებს არასწორი აზროვნება არ განუვითარდეთ (ეფესელთა 6:4). აი, რას მოგვითხრობენ ფილისი და პოლი, რომლებმაც ხუთი შვილი აღზარდეს.

ფილისი იხსენებს: «ბავშვები ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ საერთო ის ჰქონდათ, რომ ყველას თავის ჭკუაზე სიარული უნდოდა. არ იყო ადვილი, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ისწავლეს სიტყვა „არას“ მნიშვნელობა». პოლი, მისი მეუღლე, ამბობს: „ხშირად, თუ მათთვის გასაგები იქნებოდა, ვუხსნიდით ხოლმე უარის მიზეზს. ყოველთვის ვცდილობდით, რბილად მოვქცეოდით, მაგრამ გვესწავლებინა, რომ პატივი უნდა ეცათ ჩვენი უფლებებისთვის, რომლებიც, როგორც მშობლებს, ღვთისგან გვქონდა მოცემული“.

ცხადია, პატარაობის წლები პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ბევრი მშობლის აზრით, ყველაზე დიდი სირთულეები მოზარდობის დროს იქმნება, როდესაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გული მრავალი ახალი პრობლემის წინაშე დგება.

მოზარდის გულში ჩაწვდომა

მექოთნემ თიხის გამოშრობამდე უნდა მოასწროს მასისთვის ფორმის მიცემა. ზოგჯერ ის მასას წყალს უმატებს, რომ თიხამ უფრო მეტხანს შეინარჩუნოს ტენი და პლასტიკურობა. ამის მსგავსად, მშობლებსაც დიდი შრომა სჭირდებათ, რომ მოზარდს გული არ გაუუხეშდეს, ანუ შეუძლებელი არ გახდეს მისი ფორმირება. მათი მთავარი იარაღი, ცხადია, ბიბლიაა, რომლის გამოყენებაც შეიძლება ‘სამხილებლად, გამოსასწორებლად და ყოველი კეთილი საქმისათვის მოსამზადებლად’ (2 ტიმოთე 3:15—17).

მოზარდმა შეიძლება ისე ადვილად აღარ მიიღოს მშობლის რჩევა, როგორც ბავშვობაში იღებდა. ახლა ის, ალბათ, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს თანატოლების აზრს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მშობლებთან მის გულახდილ ურთიერთობას. ამ პერიოდში, როდესაც მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა იცვლება, მშობლებს მეტი მოთმინება და გამჭრიახობა მართებთ. მოზარდში ფიზიკური და ემოციური გარდატეხა ხდება. მან უნდა დაიწყოს იმ გადაწყვეტილებების მიღება და მიზნების დასახვა, რომლებიც გავლენას მოახდენს მის ცხოვრებაზე (2 ტიმოთე 2:22). ამ ურთულეს პერიოდში მას უწევს ჭიდილი პიროვნული განვითარებისთვის საკმაოდ სახიფათო ძალასთან — თანატოლების ზეგავლენასთან.

თანატოლები მოზარდზე მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში როდი ახდენენ ზეგავლენას. ისინი განუწყვეტლივ ზემოქმედებენ მასზე თავიანთი კომენტარებითა და მოქმედებებით. ამგვარად, მას სუსტი მხრიდან უტევენ — მოზარდს ხომ ძლიერ ეშინია თანატოლების მიერ უარყოფის. უხერხულობა და თანატოლების მიერ აღიარების სურვილი შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ მოზარდმა წუთისოფლის ახალგაზრდების მსგავსად დაიწყოს მოქმედება (1 იოანე 2:15—17; რომაელთა 12:2).

მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს არასრულყოფილი ადამიანის მიდრეკილებები. მოზარდს შეიძლება მოსწონდეს ის თვალსაზრისი, რომ დრო უნდა ატაროს და თავის ნებაზე მოიქცეს. მარია თავის შემთხვევას იხსენებს: „ჩემს ამხანაგებს ვუსმენდი. მათი აზრით, რაც გინდა მომხდარიყო, უფლება გვქონდა, დრო ჩვენს ნებაზე გაგვეტარებინა. სურვილი მქონდა, მეც მათსავით მოვქცეულიყავი, რის გამოც ძლივს გადავურჩი სერიოზულ პრობლემებს“. ალბათ, გსურთ დაეხმაროთ შვილს თანატოლების ზეგავლენის დაძლევაში, მაგრამ რის გაკეთება შეგიძლიათ მის დასახმარებლად?

სიტყვითა და საქმით ხშირად დაარწმუნეთ, რომ ნამდვილად ზრუნავთ მასზე. დაინტერესდით, რას ფიქრობს და რას გრძნობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. შეეცადეთ გაიგოთ, რა აწუხებს. მას, ალბათ, ბევრად უფრო რთული პრობლემები აქვს, ვიდრე თქვენ გქონდათ სკოლაში. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შვილისთვის სანდო მეგობარი იყოთ (იგავები 20:5). მისი მოქმედება და განწყობა დაგანახვებთ, თუ წუხს ან აფორიაქებულია რაღაცის გამო. ყურადღება მიაქციეთ მის უთქმელ დარდს და ‘ანუგეშეთ სიყვარულით’ (კოლასელთა 2:2).

რა თქმა უნდა, აუცილებელია სიმტკიცის შენარჩუნებაც. ბევრი მშობელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თავიანთი სწორი გადაწყვეტილება არ უნდა შეცვალონ და შვილს თავისი არ უნდა გაატანინონ, როდესაც რაღაცას იჟინებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, კარგად გაერკვეთ სიტუაციაში, სანამ გადაწყვეტდეთ, დასაჯოთ თუ არა შვილი, და თუ საჭიროდ ჩათვლით დასჯას, კარგად აწონ-დაწონეთ, რა ფორმით ჯობს ამის გაკეთება (იგავები 18:13).

კრებაშიც კი

თიხის ჭურჭელს შეიძლება საბოლოო სახე ჰქონდეს მიცემული, მაგრამ ღუმელში თუ არ გამოიწვება, მას ადვილად დააზიანებს სითხეები, რომელთა ჩასასხმელადაც იყო ის დამზადებული. ბიბლიაში გამოწვის პროცესთან არის შედარებული ის განსაცდელები და სირთულეები, რომლებსაც სააშკარაოზე გამოაქვს ჩვენი პიროვნული თვისებები. ცხადია, ბიბლიაში, ძირითადად, ლაპარაკია განსაცდელებზე, რომლებითაც ჩვენი რწმენა იცდება, მაგრამ იმავეს თქმა შეიძლება ნებისმიერ განსაცდელსა და სირთულეზე (იაკობი 1:2—4). როგორი გასაკვირიც უნდა მოგვეჩვენოს, ზოგჯერ სირთულეები ახალგაზრდებს თვით კრებაშიც კი ექმნებათ.

მოზარდი, რომელიც სულიერად ჯანმრთელი ქრისტიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, შეიძლება გაორებული იყოს (3 მეფეთა 18:21). მაგალითად, მეგანი წუთისოფლისეული აზროვნების ზეგავლენის ქვეშ იმ ამხანაგებმა მოაქციეს, რომლებსაც სამეფო დარბაზში ხვდებოდა.

«ჩემზე ზეგავლენას ახდენდნენ ამხანაგები, რომლებიც ქრისტიანობას მომაბეზრებლად თვლიდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ხელი ეშლებოდათ გართობაში. მათგან მესმოდა ასეთი ფრაზები: „როგორც კი 18 წლის გავხდები, მაშინვე უარს ვიტყვი რწმენაზე“ ან „ერთი სული მაქვს, თავი დავაღწიო ამ ყველაფერს“. ისინი ერიდებოდნენ იმ ბავშვებს, რომლებიც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდნენ და მათ წმინდანებს ეძახდნენ».

არასწორი აზროვნების მქონე ერთი-ორი მოზარდიც საკმარისია, რომ დანარჩენები გავლენის ქვეშ მოექცნენ. მოზარდები ხშირად უმრავლესობას მიჰყვებიან. გამოუცდელობამ და ბავშვურმა სითამამემ მოზარდს შეიძლება უგუნური საქციელი ჩაადენინოს. ბევრ ქვეყანაში მომხდარა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ქრისტიან ახალგაზრდებს სხვებისთვის მიბაძვის გამო სერიოზული პრობლემები შექმნიათ.

ცხადია, მოზარდებს ურთიერთობა და გართობა სჭირდებათ. რის გაკეთება შეგიძლიათ მშობლებს? ყველანაირად შეეცადეთ, რომ მათ სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო. ერთად მოიფიქრეთ ისეთი რამის გაკეთება, რაც მათ დააინტერესებთ. კარგი იქნება, თუ ზოგჯერ სხვებიც — როგორც ახალგაზრდები, ისე უფროსი ასაკის მეგობრები — შემოგიერთდებიან. გაიცანით შვილის ამხანაგები. დაპატიჟეთ ოჯახში ან სადმე მათთან ერთად გაატარეთ საღამო (რომაელთა 12:13). ხელი შეუწყეთ შვილს, რომ სასარგებლო საქმით დაკავდეს — მაგალითად, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან უცხო ენა ისწავლოს, ანდა რამე ხელობას დაეუფლოს. ხშირ შემთხვევაში, ამის გაკეთებას ის ოჯახშიც შეძლებს, სადაც უარყოფითი ზეგავლენისგან დაცული იქნება.

სწავლა-განათლების როლი

მოზარდს სწავლა დაეხმარება იმაში, რომ მხოლოდ გართობას არ იყოს გადაყოლილი. ლოლი, პედაგოგი, რომელიც 20 წელია, რაც სკოლის დირექტორია, ამბობს: „ჩვენთან იეჰოვას მოწმეთა ბევრ ბავშვს უსწავლია. ბევრი მათგანი გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით, მაგრამ ზოგი არაფრით განსხვავდებოდა სხვა მოსწავლეებისგან. სამაგალითო ყოველთვის ის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც კარგად სწავლობდნენ. დაბეჯითებით ვთხოვ მშობლებს, დაინტერესდნენ, როგორ სწავლობენ მათი შვილები, გაიცნონ მასწავლებლები და დაეხმარონ ბავშვებს იმის შეგნებაში, რომ საჭიროა კარგად სწავლა. ცხადია, ყველა ერთნაირად ვერ ისწავლის, მაგრამ თითოეულს შეუძლია დამაკმაყოფილებელ დონეს მიაღწიოს და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით განაწყოს მასწავლებლები“.

სწავლა მოზარდს სულიერად ზრდაშიც დაეხმარება. სწავლის დახმარებით ის თვითდისციპლინას მიეჩვევა, გონების მოკრებას ისწავლის და პასუხისმგებლობის გრძნობას შეიძენს. აგრეთვე გაიუმჯობესებს კითხვისა და აზრების აღქმის უნარს, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ღვთის სიტყვის უკეთესი მკვლევარი და მასწავლებელი იყოს (ნეემია 8:8). თუ ის პასუხისმგებლობით მოეკიდება დავალებების მომზადებას და სულიერი საკითხების შესწავლას, გართობას თავის ადგილს მიუჩენს ცხოვრებაში.

თქვენს საამაყოდ და იეჰოვას განსადიდებლად

ძველ საბერძნეთში დამზადებულ ბევრ ჭურჭელს ორი ადამიანის — მექოთნისა და მხატვრის — სახელი ეწერა. ჩვეულებრივ, სწორედ ორი ადამიანი მონაწილეობს შვილის აღზრდაშიც. ბავშვის პიროვნების ფორმირებაში ორივე მშობელს — როგორც მამას, ისე დედას — შეაქვს წვლილი. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შვილის პიროვნებაზე ორივე თქვენგანის „სახელი“ იქნება აღბეჭდილი. კარგი მექოთნის და (ან) მხატვრის მსგავსად, დაე თქვენც შეძლოთ იამაყოთ, რომ შვილი ღირსეულ პიროვნებად აღზარდეთ (იგავები 23:24, 25).

ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეეცადეთ შვილის გულის ფორმირებას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც თამამად იტყვით საკუთარ შვილზე: „რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები“ (ფსალმუნები 36:31). ბავშვის აღზრდა სერიოზული საკითხია, ამიტომ შემთხვევას ნუ მიანდობთ მას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 ზოგი მშობელი თავის ახალშობილს ბიბლიას უკითხავს. ამ სასიამოვნო წუთებმა და მშობლის მშვიდმა ხმამ პატარას შეიძლება ბავშვობიდანვე ჩაუნერგოს კითხვის სიყვარული.

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.