არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დარჩით ჩემს სიტყვაში

დარჩით ჩემს სიტყვაში

დარჩით ჩემს სიტყვაში

„თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოანე 8:31).

1. ა) რა დაუტოვა იესომ ხალხს ზეცად ამაღლების შემდეგ? ბ) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

იესო ქრისტეს, ქრისტიანობის ფუძემდებელს, არ დაუწერია წიგნები, არ აუგია ნაგებობები და არც მემკვიდრეობა დაუტოვებია. ამის ნაცვლად, მან მოწაფეები მოამზადა და აგრეთვე ნათლად განმარტა, თუ რა მოეთხოვებათ მათ, ვისაც მისი მოწაფეობა სურს. იოანეს სახარებაში ჩაწერილია სამი აუცილებელი მოთხოვნა. რომელ მოთხოვნებს ვგულისხმობთ? რა დაგვეხმარება მათ შესრულებაში და როგორც ქრისტეს დღევანდელმა მოწაფეებმა, როგორ შევამოწმოთ ამ მხრივ საკუთარი თავი? *

2. რა მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ჩაწერილი იოანეს სახარებაში მათთვის, ვისაც იესოს მოწაფეობა სურს?

2 სიკვდილამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე იესო ჩავიდა იერუსალიმში, სადაც კარვობის ერთკვირიან დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს უქადაგებდა. რამდენიმე დღის განმავლობაში „ბევრმა ირწმუნა იგი“. იესო განაგრძობდა ქადაგებას. შედეგად, დღესასწაულის ბოლო დღესაც „ბევრმა ირწმუნა იგი“ (იოანე 7:10, 14, 31, 37; 8:30). ახლა იესო ახალმოქცეულებს მიმართავს და ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან მოთხოვნაზე მათთვის, ვისაც მისი მოწაფეობა სურს. იოანე მოციქული მის სიტყვებს ასე გადმოგვცემს: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოანე 8:31).

3. რა არის საჭირო, რომ იესოს ჭეშმარიტი მოწაფეები ვიყოთ?

3 ამ სიტყვებში იესო არ გულისხმობდა, რომ ამ ახალმოქცეულებს საკმარისი რწმენა არ ჰქონდათ. ის უფრო იმას გულისხმობდა, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდნენ მისი ჭეშმარიტი მოწაფეები, თუ მის სიტყვაში დარჩებოდნენ. მათ მიიღეს იესოს სიტყვა, მაგრამ ახლა მას უნდა მიჰყოლოდნენ (იოანე 4:34; ებრაელთა 3:14). იესო იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა მის სიტყვაში დარჩენას, რომ მოწაფეებთან უკანასკნელი საუბრის დროსაც გაამახვილა ამაზე ყურადღება. იოანეს სახარების თანახმად, იესომ ორჯერ მოუწოდა მოწაფეებს, რომ მიჰყოლოდნენ მას (იოანე 21:19, 22). პირველი ქრისტიანებიდან ბევრი ასეც იქცეოდა (2 იოანე 4). რა ეხმარებოდა მათ?

4. რა ეხმარებოდა პირველ ქრისტიანებს ქრისტეს მოწაფეებად დარჩენაში?

4 იოანე მოციქულმა, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში იყო იესოს მოწაფე, მნიშვნელოვან ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. ერთგული ქრისტიანები მან ასეთი სიტყვებით შეაქო: „ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და სძლიეთ ბოროტს“. ამ ქრისტიანებმა გადაიტანეს სიძნელეები, ანუ დარჩნენ ღვთის სიტყვაში, რადგან ღვთის სიტყვა დარჩა მათში. ისინი ძალიან აფასებდნენ მას (1 იოანე 2:14, 24). დღესაც, თუ გვსურს ‘ბოლომდე მოვითმინოთ’, საჭიროა, ღვთის სიტყვა დარჩეს ჩვენში (მათე 24:13). რა დაგვეხმარება ამაში? იესოს მიერ მოყვანილი მაგალითი გვპასუხობს ამ კითხვაზე.

„ვინც სიტყვას ისმენს“

5. ა) რა და რა სახის ნიადაგი მოიხსენია იესომ ერთ მაგალითში? ბ) რას ნიშნავს იესოს მაგალითში მოხსენიებული თესლი და ნიადაგი?

5 იესომ მთესველზე მოიყვანა მაგალითი, რომელსაც მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში ვკითხულობთ (მათე 13:1—9, 18—23; მარკოზი 4:1—9, 14—20; ლუკა 8:4—8, 11—15). ამ მაგალითში აღწერილია, რომ ერთი და იმავე სახეობის თესლი სხვადასხვა სახის ნიადაგზე ვარდება, რაც განსხვავებულ შედეგს იძლევა. თავიდან იესო მაგალითში მოიხსენიებს გამაგრებულ ნიადაგს, შემდეგ — კლდოვანს და ეკლნარს. მეოთხე სახის ნიადაგი კი, პირველი სამისგან განსხვავებით, „პოხიერია“ და „კარგი“. იესომ თვითონვე განმარტა, რომ თესლი სამეფოს შესახებ ცნობაა, რომელსაც ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, სხვადასხვა სახის ნიადაგი კი განსხვავებული გულის ადამიანებს ნიშნავს. მართალია მათ აქვთ რაღაც საერთო, მაგრამ კარგი ნიადაგით წარმოდგენილებს სხვებისგან განმასხვავებელი თვისება აქვთ.

6. ა) რით განსხვავდება მეოთხე სახის ნიადაგი პირველი სამისგან და რას ნიშნავს ეს? ბ) რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქრისტეს მოწაფეებად დავრჩეთ?

6 ლუკას 8:12—15-ში ვხედავთ, რომ ოთხივე შემთხვევაში ხალხი ისმენს სიტყვას, მაგრამ მხოლოდ „კეთილი და წრფელი გულის“ ადამიანები აკეთებენ მოსმენაზე მეტს: „იცავენ [სიტყვას] და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს“. კარგი ნიადაგი ფხვიერი და ღრმაა, რაც ფესვების გადგმის საშუალებას იძლევა, ამიტომ თესლი აღმოცენდება და ნაყოფიც გამოაქვს (ლუკა 8:8). მსგავსადვე, კარგი გულის ადამიანებს ესმით ღვთის სიტყვა; ისინი აფასებენ მას და ითვისებენ (რომაელთა 10:10; 2 ტიმოთე 2:7). ღვთის სიტყვა მათში რჩება, ამიტომ მოთმინებით გამოაქვთ ნაყოფი. ასე რომ, ქრისტეს მოწაფეებად რომ დავრჩეთ, მნიშვნელოვანია, მთელი გულით დავაფასოთ ღვთის სიტყვა (1 ტიმოთე 4:15). რა დაგვეხმარება ამაში?

გული და მიზანმიმართული ფიქრი

7. რას უკავშირებს ბიბლია კარგ გულს?

7 დაუკვირდით, ხშირად რასთან აკავშირებს ბიბლია კარგ გულს. „მართლის გული დაფიქრდება საპასუხოდ“ (იგავები 15:28). „დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო“ (ფსალმუნები 18:15). „წარმოთქვამს . . . ჩემი გულის ფიქრი გონიერებას“ (ფსალმუნები 48:4).

8. ა) რას უნდა ვერიდოთ ბიბლიის კითხვისას და რა უნდა ვაკეთოთ? ბ) რით არის კარგი ღვთის სიტყვაზე ფიქრი და ლოცვა ფიქრის დროს? (კომენტარში გამოიყენეთ აზრები ჩარჩოდან „მტკიცენი ხართ . . . ჭეშმარიტებაში“).

8 ზემოხსენებული სიტყვების დამწერთა მსგავსად, ჩვენც გვმართებს ღვთის სიტყვის დაფასება და მასზე ფიქრი. ამ დროს მნიშვნელოვანია ლოცვაც. ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვისას არ უნდა დავემსგავსოთ ზოგ ტურისტს, რომლებიც სწრაფად გადადიან ერთი ადგილიდან მეორეზე, ყველაფერს ფირზე აფიქსირებენ, სინამდვილეში კი ნორმალურად ვერაფერს ათვალიერებენ. ამის ნაცვლად, კარგია, თუკი ბიბლიას აუჩქარებლად ვკითხულობთ, ვჩერდებით და, ასე ვთქვათ, ვტკბებით პეიზაჟებით *. როდესაც წაკითხულზე ჩვენთვის ვფიქრობთ, ღვთის სიტყვა გულამდე აღწევს. ის ჩვენს გრძნობებს ეხება და აზროვნებას გვიყალიბებს. ამგვარი ფიქრი აღგვძრავს, ლოცვით მივმართოთ ღმერთს და გულისნადები გავანდოთ. შედეგად, იეჰოვასთან კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა და მისდამი სიყვარული გვივითარდება, რაც, თავის მხრივ, გვიბიძგებს, კვლავაც მივყვეთ იესოს, თუნდაც ეს ადვილი არ იყოს (მათე 10:22). ცხადია, თუ გვსურს ბოლომდე ერთგულები ვიყოთ, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ღვთის სიტყვაზე (ლუკა 21:19).

9. როგორ შევძლებთ გულის დაცვას, რომ ის კარგი ნიადაგი იყოს ღვთის სიტყვისთვის?

9 იესოს მაგალითიდან იმასაც ვიგებთ, რომ თესლის, ღვთის სიტყვის, ზრდას ბევრი რამ უშლის ხელს. ამიტომ, თუ გვსურს კვლავაც ერთგული მოწაფეები ვიყოთ, 1) უნდა შევნიშნოთ ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც მაგალითში სხვადასხვა სახის ნიადაგით არის წარმოდგენილი და 2) უნდა ვიღონოთ რამე, რომ დავძლიოთ ან საერთოდ მოვერიდოთ მათ. ამგვარად დავიცავთ გულს, რომ ის კვლავაც კარგი ნიადაგი იყოს სამეფოს შესახებ ცნობისთვის და ნაყოფიც გამოჰქონდეს.

„გზასთან დაცვენილები“ — მეტისმეტად დაკავებულები

10. აღწერეთ იესოს მაგალითში მოყვანილი პირველი სახის ნიადაგი და განმარტეთ მისი მნიშვნელობა.

10 პირველად თესლი „გზასთან დავარდა“, სადაც ის „გაითელა“ (ლუკა 8:5). ყანაზე გამავალი გზის პირას ნიადაგი დატკეპნილია ხალხის სიარულის გამო (მარკოზი 2:23). მსგავსადვეა მათი მდგომარეობაც, ვინც ცხოვრების დინებას მიჰყვება და „გამოულეველ“ საქმეებს უზომოდ სწირავს დროსა და ძალებს; ასეთი ადამიანები ხშირად იმდენად არიან დაკავებული, რომ არ სცალიათ ღვთის სიტყვის დაფასებისთვის. ისინი ისმენენ მას, მაგრამ არ ფიქრობენ მასზე. ასე რომ, მათი გული არ ღებულობს ღვთის სიტყვას. ისინი ვერც კი ასწრებენ მისდამი სიყვარულის განვითარებას, რომ „მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან“ (ლუკა 8:12). შეგვიძლია ამ პრობლემის თავიდან არიდება?

11. როგორ შეგვიძლია დავიცვათ გული, რომ უნაყოფო ნიადაგს არ დაემსგავსოს?

11 ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რომ გზისპირა, უნაყოფო ნიადაგს არ დავემსგავსოთ. დატკეპნილი და გამაგრებული ნიადაგი გაფხვიერდება და განოყიერდება, თუ მოხნავენ და მასზე გამუდმებით არ ივლიან. ჩვენი გულიც კარგი, ნოყიერი ნიადაგივით იქნება, თუ გამოვნახავთ დროს ღვთის სიტყვის წასაკითხად და მასზე დასაფიქრებლად. ამის მიღწევაში კი ის დაგვეხმარება, თუ ცხოვრებისეული საზრუნავით მეტისმეტად არ დავკავდებით (ლუკა 12:13—15). ყოველთვის გამონახეთ დრო იმაზე ფიქრისთვის, რაც „უმჯობესია“ ცხოვრებაში (ფილიპელთა 1:9—11).

კლდეზე დაცვენილებს’ შიში იპყრობს

12. სინამდვილეში, რა მიზეზით ხმება მეორე სახის ნიადაგში დათესილი თესლიდან აღმოცენებული მცენარე?

12 შემდეგ თესლი მეორე სახის ნიადაგზე ვარდება. ამ შემთხვევაში, პირველისგან განსხვავებით, ის ფესვს იდგამს და აღმოცენდება, თუმცა დროთა განმავლობაში მზის მცხუნვარება აღმოცენებულ მცენარეს ახმობს. დაუკვირდით, რა მნიშვნელოვანი აზრი იკვეთება — მცენარის გახმობის ნამდვილი მიზეზი მზის მცხუნვარება არ არის. მზე ხომ კარგ ნიადაგზე აღმოცენებული მცენარისთვისაც აცხუნებს, მაგრამ ის არ ხმება, პირიქით, ხარობს. მაშ, რაშია საქმე? იესო განმარტავს: მცენარე იმიტომ გახმა, რომ „ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა“ და „სინოტივე აკლდა“ (მათე 13:5, 6; ლუკა 8:6). კლდოვანი ფენის გამო მცენარე ფესვებს ღრმად ვერ იდგამს, მას სინოტივე აკლია და მყარად ვერ დგას. ის ხმება, რადგან ნიადაგს საკმარისი სიღრმე არა აქვს.

13. როგორი ადამიანები არიან შედარებული კლდოვან ნიადაგს და რა არის მათი მოქმედების ნამდვილი მიზეზი?

13 ეს მონაკვეთი ეხება ადამიანებს, რომლებიც სიხარულით იღებენ ღვთის სიტყვას და „მცირე ხანს“ მონდომებით მიჰყვებიან იესოს (ლუკა 8:13). როგორც კი მზე აცხუნებს ანუ გასაჭირი და დევნა იწყება, მათ იმდენად ეშინიათ, რომ სიხარულსა და ძალ-ღონეს კარგავენ და აღარ მიჰყვებიან ქრისტეს (მათე 13:21). აღსანიშნავია, რომ შიშის ნამდვილი მიზეზი დევნა არ არის. ქრისტეს მილიონობით მიმდევარს დევნიდნენ, მაგრამ მათ ერთგულება შეინარჩუნეს (2 კორინთელთა 2:4; 7:5). იმის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ უჩნდება ზოგს შიში და ტოვებს ჭეშმარიტებას, ისაა, რომ მათი გული კლდოვანი ნიადაგივითაა. ისინი საკმარისად ღრმად არ ფიქრობენ აღმშენებლურ და სულიერ საკითხებზე. ამიტომ მათი მადლიერება იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი იმდენად ზედაპირული და უმნიშვნელოა, რომ ვერ უძლებს წინააღმდეგობას. რა დაგვიცავს ასეთი მდგომარეობისგან?

14. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ გული კლდოვან ნიადაგს არ დაემსგავსოს?

14 საჭიროა ყურადღებით ვიყოთ, რომ პრობლემების გამო ჩვენი გული კლდოვან ნიადაგს არ დაემსგავსოს. ასეთი გავლენა გულზე შეიძლება მოახდინოს, მაგალითად, წყენამ, ფარულმა ეგოიზმმა ან, ერთი შეხედვით შეუმჩნეველმა, სხვა არასასიამოვნო გრძნობებმა. თუკი ასეთი გრძნობები უკვე გაგვივითარდა, მათ დამარცხებას ღვთის სიტყვის ძალით შევძლებთ (იერემია 23:29; ეფესელთა 4:22; ებრაელთა 4:12). მათი დაძლევის შემდეგ გვმართებს, კვლავაც ლოცვით ვიფიქროთ ღვთის სიტყვაზე, რაც ხელს შეუწყობს, რომ ის გულში ღრმად ‘ჩაგვენერგოს’ (იაკობი 1:21). ეს ძალასა და სიმხნევეს შეგვმატებს, რომ რთული პერიოდები გადავიტანოთ და განსაცდელების მიუხედავად ერთგულები დავრჩეთ.

„ეკალში ჩავარდნილნი“ გაორებულნი არიან

15. ა) რატომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იესოს მიერ მოხსენიებული მესამე სახის ნიადაგი? ბ) საბოლოოდ, რა ხდება მესამე სახის ნიადაგზე და რატომ?

15 მესამე სახის ნიადაგი ეკლებით არის დაფარული. ის ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან რაღაცით კარგი ნიადაგის მსგავსია. კარგ ნიადაგზე დავარდნილი თესლის მსგავსად, ეკლნარში დათესილიც ფესვს იდგამს და აღმოცენდება. თავიდან ამ ორი მცენარის ზრდა არაფრით განსხვავდება. დროთა განმავლობაში კი მდგომარეობა იცვლება — ეკლნარში აღმოცენებული მცენარე ხმება. კარგი ნიადაგისგან განსხვავებით, აქ ეკლები იზრდება, რაც ხელს უშლის მის ზრდას. გარკვეული დროის მანძილზე სინოტივე, სინათლე და ადგილი აღმოცენებული მცენარისთვისაც საკმარისია და ეკლებისთვისაც, მაგრამ შემდეგ ეკლები ‘იზრდება და აშთობს’ მცენარეს (ლუკა 8:7).

16. ა) როგორი ადამიანები ჰგვანან ეკლებით დაფარულ ნიადაგს? ბ) რას ნიშნავს ეკალი ამ მაგალითში, როგორც ამას სამი სახარების შედარება გვიჩვენებს? (იხილეთ სქოლიო).

16 როგორი ადამიანები არიან წარმოდგენილი ეკლებით დაფარული ნიადაგით? იესო განმარტავს: „ეკალში ჩავარდნილნი ისინია, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აშთობენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება“ (ლუკა 8:14). ისევე როგორც ეკალი და მთესველის მიერ დათესილი თესლი იზრდება ერთდროულად, ზოგი ცდილობს ღვთის სიტყვაც მიიღოს და, ამავე დროს, „განცხრომასაც“ მიეცეს. მათ გულში ჩაითესა ღვთის სიტყვის თესლი, მაგრამ მის ზრდას ხელს უშლის სხვა მიზნები, რომლებიც დროსა და ყურადღებას მოითხოვს. მათი სიმბოლური გული გაორებულია (ლუკა 9:57—62). ეს ხელს უშლის მათ, საკმარისი დრო დაუთმონ ღვთის სიტყვაზე მიზანმიმართულ და ლოცვით ფიქრს. ისინი სრულად ვერ ითვისებენ ღვთის სიტყვას და ამიტომ არ აფასებენ მას. ღვთის სიტყვის დაფასება კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავრჩეთ ქრისტეს მოწაფეებად. თანდათანობით მათ სულიერ მიზნებს სხვა მისწრაფებები ჩრდილავს და, საბოლოოდ, „აშთობენ“ კიდეც *. რა სამწუხარო შედეგი მოჰყვება იმას, თუ ადამიანს მთელი გულით არ უყვარს იეჰოვა! (მათე 6:24; 22:37).

17. როგორ უნდა წარვმართოთ ცხოვრება, რომ იესოს მაგალითში მოხსენიებულმა სიმბოლურმა ეკლებმა არ გვშთანთქას?

17 სულიერი საკითხებისთვის უფრო მეტი ყურადღების დათმობა გვიცავს, რომ არ გვშთანთქას ქვეყნიურმა საზრუნავმა და სიამოვნებებმა (მათე 6:31—33; ლუკა 21:34—36). არასოდეს უნდა უგულებელვყოთ ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე ფიქრი. თუ ცხოვრებას, შეძლებისდაგვარად, გავიმარტივებთ, მეტი დრო გვექნება მიზანმიმართული და ლოცვით ფიქრისთვის (1 ტიმოთე 6:6—8). იეჰოვა აკურთხებს თავის მსახურებს, რომლებიც ასე იქცევიან; რომლებმაც, ასე ვთქვათ, ამოძირკვეს ეკალი, რომ ნაყოფის მომცემ მცენარეს მეტი სინოტივე, სინათლე და ადგილი ჰქონოდა. მაგალითად, 26 წლის სანდრა ამბობს: „როდესაც ვფიქრობ, როგორი კურთხეული ვარ ჭეშმარიტების ცოდნის გამო, ვხედავ, რომ ქვეყნიერება ამაზე უკეთეს ვერაფერს შემომთავაზებს“ (ფსალმუნები 83:12).

18. რა დაგვეხმარება, რომ დავრჩეთ ღვთის სიტყვაში და კვლავაც ქრისტიანები ვიყოთ?

18 ცხადია, თუკი ღვთის სიტყვა რჩება ჩვენში, ჩვენც, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, დავრჩებით მასში და კვლავაც ქრისტეს მოწაფეები ვიქნებით. ამიტომ ყველაფერი ვიღონოთ, რომ ჩვენი სიმბოლური ნიადაგი არასოდეს გამაგრდეს, არასოდეს გახდეს კლდოვანი ან ეკლებით დაფარული. ყველა ღონე მოვახმაროთ, რომ ის ყოველთვის ფხვიერი და საკმარისი სიღრმის იყოს. ეს კი, თავის მხრივ, დაგვეხმარება, რომ ბოლომდე შევითვისოთ ღვთის სიტყვა და ‘მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი’ (ლუკა 8:15).

[სქოლიოები]

^ აბზ. 1 ამ სტატიაში იესო ქრისტეს მიერ მოყვანილ პირველ მოთხოვნას გავარჩევთ. მეორე და მესამე მოთხოვნებს კი მომდევნო სტატიებში განვიხილავთ.

^ აბზ. 8 ბიბლიიდან რომელიმე მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ შეგეძლოთ საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვები დაგესვათ: ვხედავ წაკითხულში იეჰოვას რომელიმე თვისებას? როგორ უკავშირდება ეს მონაკვეთი ბიბლიის თემას? როგორ შემიძლია წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენება ან მისით სხვების დახმარება?

^ აბზ. 16 სამი სახარების თანახმად, იესოს მაგალითში თესლს აშთობს ქვეყნიური პრობლემები და სიამოვნებები: „წუთისოფლის საზრუნავი“, „სიმდიდრის საცდური“, „სხვა გულისთქმანი“ და „განცხრომანი“ (მარკოზი 4:19; მათე 13:22; ლუკა 8:14; იერემია 4:3, 4).

როგორ უპასუხებდით?

• რატომ უნდა ‘დავრჩეთ იესოს სიტყვაში’?

• რა დაგვეხმარება, რომ ღვთის სიტყვა დარჩეს ჩვენს გულში?

• როგორი ადამიანები არიან წარმოდგენილი იესოს მაგალითში ოთხი სახის ნიადაგით?

• როგორ გამოვნახოთ დრო ღვთის სიტყვაზე ფიქრისთვის?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]

„მტკიცენი ხართ . . . ჭეშმარიტებაში“

ქრისტეს მრავალი მოწაფე წლების განმავლობაში ‘მტკიცედ არის ჭეშმარიტებაში’ (2 პეტრე 1:12). რა ეხმარება მათ ამაში? მოვუსმინოთ რამდენიმე მათგანს:

„ყოველდღე, ძილის წინ, ბიბლიას ვკითხულობ და ვლოცულობ. შემდეგ კი წაკითხულზე ვფიქრობ“ (ჯინი, მოინათლა 1939 წელს).

„იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ასე აღმატებულია ჩვენზე და მაინც ასე ძალიან ვუყვარვართ, მამშვიდებს და ძალებს მმატებს ერთგულების შესანარჩუნებლად“ (პატრიცია, მოინათლა 1946 წელს).

«დღემდე რომ ერთგულად ვმსახურობ, ამაში ბიბლიის შესწავლის ჩვევა და „ღვთის სიღრმეების“ შეთვისება მეხმარება» (1 კორინთელთა 2:10; ანა, მოინათლა 1939 წელს).

„ბიბლიასა და ჩვენს ბიბლიურ პუბლიკაციებს საკუთარი გულისა და გრძნობების გამოკვლევის მიზნით ვკითხულობ“ (ზელდა, მოინათლა 1943 წელს).

„ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დრო მაშინ არის, როცა ვსეირნობ და იეჰოვას ლოცვაში ვესაუბრები ჩემს გრძნობებზე“ (რალფი, მოინათლა 1947 წელს).

„ჩემთვის დღე ყოველდღიური მუხლის განხილვითა და ბიბლიის კითხვით იწყება. ეს კი კარგი მასალაა დღის განმავლობაში ფიქრისთვის“ (მარი, მოინათლა 1935 წელს).

„ძალიან მამხნევებს ბიბლიის წიგნების თითოეული მუხლის თანმიმდევრულად განხილვა“ (დანიელი, მოინათლა 1946 წელს).

თქვენ როდის ლოცულობთ და ფიქრობთ ღვთის სიტყვაზე? (დანიელი 6:10ბ; მარკოზი 1:35; საქმეები 10:9).

[სურათი 13 გვერდზე]

თუ სულიერ საკითხებს მეტ ყურადღებას დავუთმობთ, ‘მოთმინებით გამოვიღებთ ნაყოფს’.