არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარული გამოავლინეთ ოჯახში

სიყვარული გამოავლინეთ ოჯახში

სიყვარული გამოავლინეთ ოჯახში

„დაწვი თუ შეგიძლია, დაწვი!“ — ეუბნებოდა თორუ თავის ცოლ იოკოს *. „თვალსაც არ დავახამხამებ“, — თქვა იოკომ და თავიანთ სურათს ცეცხლი მოუკიდა. „სახლსაც დავწვავ!“ — მკვახედ დასძინა შემდეგ. თორუმ კი პასუხად ცოლს სილა გააწნა და ასე დამთავრდა ყველაფერი.

სამი წლის წინათ კი თორუ და იოკო ახალდაქორწინებული, ბედნიერი წყვილი იყო. მაშ, ახლა რა მოხდა? თუმცა თორუ სასიამოვნო მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ცოლი გრძნობდა, რომ მის მიმართ სიყვარულს არ ავლენდა და მის გრძნობებს იშვიათად ითვალისწინებდა. როგორც ჩანს, ის ცოლის სიყვარულს არ ეხმაურებოდა. იოკო კი ამას ვერ ურიგდებოდა და სულ უფრო ღიზიანდებოდა და ბრაზდებოდა. ამის გამო უძილობა და წუხილი დასჩემდა, დაკარგა მადა, გახდა ფიცხი და დეპრესიული, პანიკიორიც კი. თორუ კი არხეინად იყო და, როგორც ჩანს, სულაც არ ადარდებდა, რომ ოჯახში ვითარება იძაბებოდა. ეს მისთვის ჩვეულებრივი რამ იყო.

„საზარელი ჟამი“

ასეთი პრობლემები დღეს იშვიათი არ არის. მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენს დროში ადამიანები იქნებოდნენ „არამოყვარულნი“ (2 ტიმოთე 3:1—5, აფ). ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ „არამოყვარულად“ არის გადმოთარგმნილი, დაკავშირებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ თბილ გრძნობებთან. ჩვენს დროში ოჯახები ასეთი გრძნობის ნაკლებობას განიცდიან. მაშინაც კი, თუ ოჯახის წევრებს ერთმანეთი უყვართ, ამას იშვიათად ავლენენ ერთმანეთის მიმართ.

დღეს ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ გამოავლინოს შვილების მიმართ სიყვარული. ზოგი ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც ერთმანეთისადმი სიყვარულს ძალიან იშვიათად ავლენდნენ. ისინი შეიძლება ვერც კი ხვდებიან, რომ უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუკი ამ გრძნობის გამოხატვას ისწავლიდნენ. როგორც ჩანს, თორუს შემთხვევაში ეს ასე იყო. როდესაც პატარა იყო, მამამისი ბევრს მუშაობდა და სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა; იშვიათად თუ ესაუბრებოდა თორუს და ისიც სალანძღავი სიტყვებით. დედამისიც მთელი დღე მუშაობდა და მასთან ძალიან მცირე დროს ატარებდა. ბავშვის ძიძა კი ტელევიზორი იყო. ოჯახში ურთიერთობაც კი არ ჰქონდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ შექებაზე.

კულტურამაც შეიძლება თავისი წვლილი შეიტანა. ლათინური ამერიკის ზოგიერთ ნაწილში თუ მამაკაცი ცოლის მიმართ სიყვარულს გამოხატავს, ტრადიციას არღვევს. აღმოსავლეთისა და აფრიკის ბევრ ქვეყანაშიც ტრადიციის დარღვევაა სიტყვითა თუ საქმით სიყვარულის გამოხატვა. მამაკაცებს ძალიან უჭირთ ცოლების ან შვილებისთვის იმის თქმა, რომ უყვართ. მიუხედავად ამისა, ოჯახურ ურთიერთობასთან დაკავშირებით კარგი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია შესანიშნავი ოჯახისგან, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო.

სამაგალითო ოჯახური ურთიერთობები

ოჯახებისთვის ყველაზე კარგი მაგალითი იეჰოვა ღმერთსა და მის მხოლოდშობილ ძეს, იესო ქრისტეს, შორის ახლო ურთიერთობაა. ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულს სრულყოფილად ავლენენ. უხსოვარი დროიდან მოყოლებული ის სულიერი პიროვნება, რომელიც მოგვიანებით იესო ქრისტე გახდა, მამასთან ბედნიერი ურთიერთობით ტკბებოდა. ის ასე აღწერს ამას: „დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი“ (იგავნი 8:30). ძე ისე ძლიერ იყო დარწმუნებული მამის სიყვარულში, შეეძლო ეთქვა სხვებისთვის, რომ იეჰოვა მისთვის დღენიადაგ მოსიყვარულე იყო. მუდმივად მამასთან ყოფნა მას ძლიერ ახარებდა.

იესო, ღვთის ძე, დედამიწაზე ყოფნისასაც კი დარწმუნდა მამის ღრმა სიყვარულში. მონათვლის შემდეგ მან მამის ხმა გაიგონა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე 3:17). რა დიდებული გამხნევება იყო იესოსთვის ეს დედამიწაზე მსახურების დაწყების წინ! ეს სიტყვები მის გულს უნდა შეხებოდა, რადგან თავისი ზეციერი ცხოვრება გაახსენდა.

ამგვარად, იეჰოვამ თავის დიდებულ ოჯახში სიყვარულის სრულად გამოვლენის საუკეთესო მაგალითი მოგვცა. თუ ვიღებთ იესო ქრისტეს, იეჰოვას ჩვენც ვეყვარებით (იოანე 16:27). თუმცა ზეციდან ვერ მოვისმენთ სიტყვებს, იეჰოვას სიყვარულს სამყაროში, იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლში და სხვა რამეშიც დავინახავთ (1 იოანე 4:9, 10). იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს და ჩვენს სასიკეთოდ გვპასუხობს (ფსალმუნი 144:18; ესაია 48:17). როდესაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას ვავითარებთ, მისი მზრუნველობისადმი მადლიერების გრძნობა გვიღრმავდება.

იესომ თავისი მამისგან ისწავლა სხვებისადმი თანაგრძნობის, ყურადღების, სიკეთის გამოვლენა და ზრუნვა. მან თქვა: „რასაც ის [მამა] აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას“ (იოანე 5:19, 20). სიყვარულის გამოხატვის სწავლა იესოს მიერ დედამიწაზე ცხოვრებისას მოცემული მაგალითიდან შეგვიძლია (ფილიპელთა 1:8).

როგორ შეიძლება ოჯახში სიყვარულის გამოხატვა?

რადგან „ღმერთი სიყვარულია“ და ჩვენ კი მის „ხატად“ ვართ შექმნილი, სიყვარულის როგორც შეგრძნება, ასევე გამოხატვაც შეგვიძლია (1 იოანე 4:8; დაბადება 1:26, 27). მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიყვარულის გამოხატვა ავტომატურად შეგვიძლია. იმისათვის, რომ ცოლ-შვილის მიმართ სიყვარული გამოვხატოთ, რა თქმა უნდა, ჯერ უნდა გვიყვარდეს ისინი. დაუკვირდით მათ კარგ თვისებებს, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი გეჩვენებათ და შემდეგ დაფიქრდით მათზე. „ჩემს ქმარს [ცოლს ან შვილს] მიმზიდველი არაფერი აქვს“, — შეიძლება თქვათ. ზოგს შეიძლება ცხოვრების თანამგზავრი მშობლებმა აურჩიეს და ამიტომაც მისადმი დიდ სიყვარულს ვერ გრძნობს. ზოგს შეიძლება ბავშვი არ უნდოდა. მიუხედავად ამისა, გაიხსენეთ, როგორი გრძნობები ჰქონდა თავისი ფიგურალური ცოლის, ისრაელი ერის, მიმართ იეჰოვას ძვ. წ. X საუკუნეში. როდესაც მისმა წინასწარმეტყველმა ელიამ დაასკვნა, რომ ისრაელი ერის ათ შტოში იეჰოვას თაყვანისმცემელი აღარავინ იყო, იეჰოვამ გულდასმით გამოიკვლია ისინი და მათ შორის საკმაოდ ბევრი, 7 000 ადამიანი, იპოვა, რომელთაც მისი მოსაწონი თვისებები ჰქონდათ. შეგიძლიათ მიჰბაძოთ იეჰოვას და კარგი თვისებები ეძებოთ ოჯახის წევრებში (მესამე მეფეთა 19:14—18).

ოჯახის წევრებმა რომ დაინახონ თქვენი სიყვარული, ამ გრძნობის გამოხატვა უნდა ისწავლოთ. როგორც კი რაიმე შესაქებს დაინახავთ, არ დაიზაროთ და ეს სიტყვებით გამოხატეთ. გამრჯე ცოლის შესახებ საუბრისას ღვთის სიტყვა მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით ერთ საინტერესო დეტალს მოიხსენიებს: „დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი — და აქებს მას“ (იგავნი 31:28). ყურადღება მიაქციეთ, როგორ თავისუფლად ავლენენ ერთმანეთის მიმართ ოჯახის წევრები მადლიერებას. ცოლის შექებით მამა ვაჟებს კარგ მაგალითს აძლევს, რომ მათაც არ დაიშურონ ქების სიტყვები ცოლებისთვის, როდესაც დაქორწინდებიან.

გარდა ამისა, მშობლებმა შვილებიც უნდა შეაქონ, რაც ბავშვებს საკუთარი ღირსების გრძნობას განუვითარებს. მართლაცდა, როგორ შეიძლება ადამიანს ‘საკუთარი თავივით უყვარდეს მოყვასი’, თუ საკუთარი ღირსების გრძნობა არ გააჩნია? (მათე 22:39). მაგრამ თუ მშობლები ყოველთვის აკრიტიკებენ შვილებს და არასდროს აქებენ, ბავშვებმა პირადი ღირსების გრძნობა შეიძლება ადვილად დაკარგონ და სხვების მიმართ სიყვარულის გამოხატვა გაუჭირდეთ (ეფესელთა 4:31, 32).

გამოსავალი არსებობს

რა შეიძლება ვთქვათ იმ შემთხვევაში, თუ ისეთ ოჯახში გაიზარდეთ, სადაც სიყვარულს არ გამოხატავდნენ? მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სიყვარულის გამოხატვა. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ის არის, რომ დაინახოთ პრობლემა და შემდეგ მის გამოსწორებაზე იზრუნოთ. ამაში დიდ დახმარებას ღვთის სიტყვა, ბიბლია გაგიწევთ. ის სარკესავით იქნება. როდესაც სარკეში ვიყურებით, ესე იგი, ბიბლიის სწავლებებს ვეცნობით, საკუთარ ნაკლოვანებებს ვხედავთ (იაკობი 1:23). ბიბლიის სწავლებების დახმარებით არასწორი მიდრეკილებების გამოსწორება შეგვიძლია (ეფესელთა 4:20—24; ფილიპელთა 4:8, 9). ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ეს და არასდროს ‘მოვიშალოთ კარგის კეთება’ (გალატელთა 6:9, აქ).

ზოგიერთს შეიძლება აღზრდის ან კულტურის გამო გაუჭირდეს სიყვარულის გამოხატვა. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ასეთი ხელის შემშლელი ფაქტორების დაძლევა შეიძლება. დოქტორი დენიელ გოულმენი, ფსიქოლოგი, ხსნის, რომ „ბავშვობაში ღრმად ფესვგადგმული ჩვევების შეცვლაც კი შესაძლებელია“. ცხრამეტ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ბიბლია აღნიშნავდა, რომ ღვთის სულიწმიდის დახმარებით ღრმად ფესვგადგმული ჩვევების შეცვლაც კი შეიძლება. აი, რას გვირჩევს ის: „გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (კოლასელთა 3:9, 10, აქ).

როდესაც ოჯახის წევრები ხედავენ, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, თავიანთი საჭიროებების გათვალისწინებით უნდა შეისწავლონ ბიბლია. მაგალითად, განა კარგი არ იქნებოდა სიტყვა „სიყვარული“ ბიბლიის სიმფონიაში მოგეძებნათ? შეიძლება ამის მსგავსი მუხლი იპოვოთ: „გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის ბოლოს, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11, აქ). შემდეგ გაიხსენეთ იობის ისტორია და ყურადღება მიაქციეთ, როგორ სათუთ გრძნობასა და მოწყალებას ავლენდა იეჰოვა მის მიმართ. უეჭველია, თქვენც მოისურვებთ, მიჰბაძოთ იეჰოვას ოჯახში სათუთი გრძნობებისა და მოწყალების გამოვლენაში.

მაგრამ რადგან არასრულყოფილები ვართ, საუბრისას „ყველანი ბევრს ვცოდავთ“ (იაკობი 3:2). შეიძლება ოჯახის წევრებთან ჩვენი საუბარი ყოველთვის არ არის აღმშენებლური. სწორედ ამიტომ გვჭირდება იეჰოვასადმი ლოცვა და მასზე მინდობა. არ დაყაროთ ფარ-ხმალი. „ილოცეთ განუწყვეტლივ“ (1 თესალონიკელთა 5:17). იეჰოვა დაეხმარება ყველას, ვინც ოჯახურ სითბოს არის მონატრებული და ვისაც სურს, რომ სიყვარული გამოავლინოს ოჯახში, მაგრამ არ გამოსდის.

გარდა ამისა, იეჰოვა ქრისტიანული კრების მეშვეობითაც გვეხმარება. იაკობმა დაწერა: „ავად არის [სულიერად] რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით“ (იაკობი 5:14, აქ). დიახ, იეჰოვას მოწმეთა კრებების უხუცესებს დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ იმ ოჯახებისთვის, რომელთა წევრებსაც ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოხატვა უჭირთ. მართალია ისინი ფსიქოლოგები არ არიან, მაგრამ უხუცესებს თანამორწმუნეთათვის დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. ისინი იმას კი არ ეუბნებიან მათ, როგორ მოიქცნენ, არამედ შეახსენებენ იეჰოვას თვალსაზრისს და მათთან ერთად და მათთვის ლოცულობენ (ფსალმუნი 118:105; გალატელთა 6:1).

ქრისტიანი უხუცესები ყოველთვის უსმენდნენ თორუსა და იოკოს, როდესაც პრობლემები ჰქონდათ და ანუგეშებდნენ (1 პეტრე 5:2, 3). ზოგჯერ რომელიმე უხუცესი მეუღლესთან ერთად ესტუმრებათ ხოლმე და იოკოს შეუძლია ურთიერთობა იქონიოს გამოცდილ ქრისტიან დასთან, რომელსაც შეუძლია დაარიგოს იოკო, რომ ‘უყვარდეს ქმარი’ (ტიტე 2:3, 4). რადგან უხუცესები თანაქრისტიანების პრობლემებს გულისხმიერებითა და თანაგრძნობით ეკიდებიან, ისინი არიან როგორც „საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში“ (ესაია 32:1, 2).

მოსიყვარულე უხუცესების დახმარებით თორუ მიხვდა, რომ სიყვარულის გამოხატვასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და რომ „უკანასკნელ დღეებში“ სატანა ოჯახებზე ახდენს თავდასხმას (2 ტიმოთე 3:1). თორუმ გადაწყვიტა, პრობლემა მოეგვარებინა. თანდათანობით დაინახა, ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ თვითონ გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც სიყვარულს არ ავლენდნენ. ბიბლიის სერიოზული შესწავლისა და ლოცვის წყალობით თორუ თანდათან უფრო უკეთესად ზრუნავდა იოკოს ემოციურ მოთხოვნილებებზე.

თუმცა იოკო თორუზე გაბრაზებული იყო, მაგრამ როდესაც გაიგო, თუ როგორ ოჯახში აღიზარდა ის და თავის შეცდომებსაც მიხვდა, ყველანაირად ცდილობდა, რომ ქმარში კარგი თვისებები დაენახა (მათე 7:1—3; რომაელთა 5:12; კოლასელთა 3:12—14). ის გამუდმებით სთხოვდა იეჰოვას ძალებს, რომ ქმარი კვლავაც ჰყვარებოდა (ფილიპელთა 4:6, 7). საბოლოოდ, ცოლის გულის გასახარად თორუმ ისწავლა სიყვარულის გამოვლენა.

დიახ, თუ გიძნელდებათ ოჯახის წევრების სიყვარული ან მათდამი ამ გრძნობის გამოხატვა, ამის დაძლევა შეგიძლიათ. ღვთის სიტყვა სასარგებლო ხელმძღვანელობას გაგიწევთ (ფსალმუნი 18:8). თუ გააცნობიერებთ ამ საკითხის სერიოზულობას, თუ ეცდებით, კარგი თვისებები დაინახოთ ოჯახის წევრებში, შეისწავლით და გამოიყენებთ ღვთის სიტყვას, გულითად ლოცვებში მიენდობით იეჰოვას და დახმარებისთვის მოწიფულ ქრისტიან უხუცესებს მიმართავთ, თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრებს შორის აღმართული კედლის დანგრევას შეძლებთ (1 პეტრე 5:7). ერთი ამერიკელი მამაკაცის მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ გაიხაროთ. მას ურჩევდნენ, სიყვარული გამოევლინა ცოლისადმი. ერთხელ, როდესაც გამბედაობა მოიკრიბა და ცოლს უთხრა, მიყვარხარო, მეუღლის რეაქციით გაკვირვებული დარჩა. აცრემლებულმა მეუღლემ უთხრა: „მეც მიყვარხარ, მაგრამ 25 წლის განმავლობაში პირველად მესმის შენგან ასეთი სიტყვები“. ნუ დაელოდებით 25 წლის გასვლას მეუღლისა და შვილების მიმართ სიყვარულის გამოსახატავად!

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

[სურათი 28 გვერდზე]

იეჰოვა თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გვეხმარება.