ყარყატისგან ნასწავლი გაკვეთილი
ყარყატისგან ნასწავლი გაკვეთილი
«ყანჩამაც [„ყარყატმაც“, აქ] იცის ცაში თავისი დრო... ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება» (იერემია 8:7). ამ სიტყვებით განუცხადა წინასწარმეტყველმა იერემიამ იეჰოვას განაჩენი იმ განდგომილ იუდეველებს, რომლებმაც იეჰოვა, თავინთი ღმერთი, მიატოვეს და უცხო ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს (იერემია 7:18, 31). რატომ გამოიყენა იერემიამ ორგული იუდეველებისთვის თვალსაჩინო მაგალითად მაინცდამაინც ყარყატი?
ისრაელებისთვის ყარყატი, და განსაკუთრებით კი ლაკლაკი, ნაცნობი ფრინველი იყო, რადგან ბიბლიურ ქვეყნებში სეზონურად მოფრინავდნენ ყოველთვის. ამ დიდი, გრძელფეხა ფრინველის ებრაული სახელწოდება „ერთგულს და მოწყალეს“ ნიშნავს. ფრინველთა უმეტესობისგან განსხვავებით, დედალ-მამალი ლაკლაკი ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთის ერთგული რჩება. თბილ ქვეყნებში გამოზამთრების შემდეგ ყარყატების უმეტესობა ყოველთვის თავის ძველ ბუდეს უბრუნდება.
ყარყატის ინსტინქტური ერთგულება სხვა რამეშიც ჩანს. როგორც დედალი, ისე მამალი ყარყატი იღებს მონაწილეობას ბარტყების გამოჩეკასა და მათ გამოკვებაში. წიგნში „ჩვენი საოცარი ბუნება“ ახსნილია: „როგორც მშობლები, ყარყატები საოცრად ერთგულნი არიან. გერმანიაში ერთი მამალი ყარყატი მაღალი ძაბვის მავთულებზე გადაფრენისას ძაბვის სადენებს შეეხო და მოკვდა. დედალი ყარყატი კი სამი დღე მარტო იჯდა კვერცხებზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ცოტა ხნით დატოვა ბუდე, რომ საჭმელი ეშოვა... სხვა შემთხვევაში კი, როდესაც დედალი ყარყატი მონადირეებმა მოკლეს, მამალი ყარყატი ზრდიდა შვილებს“.
მართლაცდა, ცხოვრების თანამგზავრისადმი ინსტინქტური ერთგულების გამოვლენითა და შვილებზე სათუთი ზრუნვით, ყარყატი თავისი სახელის მნიშვნელობას ამართლებს. ამიტომაც იყო ყარყატი ორგული და დაუმორჩილებელი ისრაელებისთვის საკმაოდ კარგი მაგალითის მიმცემი.
ბევრისთვის ერთგულების ცნება დღესაც დრომოჭმულია. ერთგულება ბევრს მოსწონს, მაგრამ პრაქტიკაში ნაკლებად თუ იყენებს ვინმე. განქორწინებების, ოჯახის მიტოვების, სხვისი ფულის მითვისებისა და სხვა სახის თაღლითობის მომრავლება იმაზე მიუთითებს, რომ ერთგულებას არ აფასებენ. ამისგან განსხვავებით, ბიბლია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ ერთგულებას, რომელიც სიყვარულითა და სიკეთით არის ნაკარნახები. ღვთის სიტყვა ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ‘შეიმოსონ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:24). დიახ, მართალია ახალი პიროვნება გვეხმარება, რომ ერთგულები ვიყოთ, მაგრამ ყარყატის მაგალითიდანაც ვსწავლობთ ერთგულებას.