შეხვედრები, რომლებიც გვახალისებენ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის
„მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“
შეხვედრები, რომლებიც გვახალისებენ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის
ტორონტოდან ტოკიომდე, მოსკოვიდან მონტევიდეომდე — კვირაში რამდენიმეჯერ — იეჰოვას მილიონობით მოწმე და მათი მეგობრები თავიანთი თაყვანისცემის ადგილებისკენ მიედინებიან. მათ შორის ვხვდებით ოჯახზე მზრუნველ, გრძელი სამუშაო დღით გადაღლილ, გამრჯე მამაკაცებს, მუყაით ცოლებსა და ჩვილ-ბავშვებიან დედებს, სიცოცხლით აღსავსე სკოლის მოსწავლეებსა და ტკივილით გათანგულ, მოკლე ნაბიჯებით მიმავალ მოხუცებს, მხნე ქვრივებსა და ობლებს; მწუხარე სულებს, რომლებიც ნუგეშს საჭიროებენ.
იეჰოვას ეს მოწმეები კრების შეხვედრებზე მისასვლელად სარგებლობენ როგორც სწრაფი მატარებლებით, ასევე სახედრებით, მეტროს გადაჭედილი ვაგონებითა თუ სატვირთო ავტომობილებით. ზოგს ნიანგებით სავსე მდინარეების გადალახვა უწევს იმ დროს, როცა სხვები დიდ ქალაქებში უამრავი ტრანსპორტის გამაღიზიანებელ მოძრაობას იტანენ. რატომ ხარჯავენ ისინი ასეთ დიდ ძალ-ღონეს?
პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება, იეჰოვა ღმერთისადმი თაყვანისცემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია (ებრაელთა 13:15). მოციქულმა პავლემ მოიხსენია დამატებითი მიზეზიც: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს,.. არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). პავლე აქ გამოეხმაურა ფსალმუნმომღერალ დავითის გრძნობებს: „გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ“ (ფსალმუნი 121:1).
რატომ ხარობენ ქრისტიანები კრებებზე დასწრებით? იმიტომ, რომ დამსწრეები მხოლოდ დამკვირვებლის მოვალეობას არ ასრულებენ. პირიქით, ისინი კრების შეხვედრებზე უკეთ ეცნობიან ერთმანეთს. და რაც ყველაზე მთავარია, შეხვედრებზე ეძლევათ შესაძლებლობა, გასცენ და არა მხოლოდ მიიღონ. ასევე წაახალისონ დამსწრეები, გამოავლინონ სიყვარული ერთმანეთის მიმართ და აღძრან კეთილი საქმეებისათვის, რაც კრებებს სულიერად განმამტკიცებელს ხდის. გარდა ამისა, ქრისტიანული შეხვედრები ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც იესო ასრულებს თავის დანაპირებს: „მოდით მათე 11:28, აქ).
ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“ (ნუგეშისა და მზრუნველობის ოაზისი
იეჰოვას მოწმეები მართლაც გრძნობენ გამოცოცხლებას კრების შეხვედრებზე. მაგალითად, იქ წარმოდგენილია „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული დროული სულიერი საზრდო (მათე 24:45). შეხვედრები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იეჰოვას მსახურების ღვთის სიტყვის დახელოვნებულ და თავგამოდებულ მასწავლებლებად ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, სამეფო დარბაზში შეიძლება მოსიყვარულე, თანამგრძნობი და მზრუნველი მეგობრების შეძენა; მეგობრებისა, რომლებიც მზად არიან, დაგეხმარონ და განუგეშონ გაჭირვების დროს (2 კორინთელთა 7:5—7).
მოდით ვნახოთ ქვრივის, სახელად ფილისის შემთხვევა, რომელსაც ქმარი დაეღუპა და ხუთი და რვა წლის ასაკის შვილები დარჩა. თუ რაოდენ გამომაცოცხლებელი იყო მისთვის და მისი შვილებისთვის ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება, ფილისმა ასე აღგვიწერა: „სწორედ სამეფო დარბაზში მისვლისას ვგრძნობდით ნუგეშისცემას. თანამორწმუნეები ყოველთვის გვესიყვარულებოდნენ და თანაგრძნობით გვიკრავდნენ ხოლმე გულში, ხან ბიბლიური აზრებით გვამხნევებდნენ და ხანაც მხნედ ჩამოგვართმევდნენ ხოლმე ხელს. არასდროს არ მინდოდა იქიდან წამოსვლა“ (1 თესალონიკელთა 5:14).
სერიოზული ოპერაციის მერე ქირურგმა უთხრა მარიამს, რომ სრული გამოჯანმრთელებისთვის ექვსი კვირა დაგჭირდებაო. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მარიამი ვერ ესწრებოდა შეხვედრებს. აღარც ისეთი მხიარული იყო, როგორც ადრე. ექიმს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. როცა მარიამმა აუხსნა, რომ მიზეზი შეხვედრების გაცდენა იყო, ექიმმა კრებაზე წასვლა ურჩია. მარიამმა უპასუხა, რომ მეუღლე ჩემს რწმენას არ იზიარებს და ავადმყოფობის გამო კრებაზეც არ გამიშვებსო. ამიტომ ექიმმა გამოუწერა რეცეპტი, რომელიც „ავალდებულებდა“ მარიამს სამეფო დარბაზში სიარულს გამამხნევებელი და აღმშენებლობითი ურთიერთობისთვის. მარიამი დასძენს: „ერთ შეხვედრაზე დასწრებითაც კი ბევრად უკეთესად ვიგრძენი თავი. კვლავ მომეცა მადა, მშვიდად მეძინა მთელი ღამე, აღარ ვიღებდი ტკივილგამაყუჩებლებს ისე ხშირად და კვლავ ვიღიმოდი!“ (იგავნი 16:24).
ქრისტიანულ შეხვედრებზე სიყვარულით აღსავსე ატმოსფერო არც გარეშეებისთვის არის შეუმჩნეველი. ერთ-ერთი კოლეჯის ეთნოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტს დაავალეს თემის მომზადება. მან გადაწყვიტა დაეწერა იეჰოვას მოწმეებზე, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ რა ატმოსფერო სუფევს კრების შეხვედრებზე: „გულთბილად მიმიღეს... და ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... იეჰოვას მოწმეებს კეთილმოსურნეობა ახასიათებთ და ვფიქრობ, ეს მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია“ (1 კორინთელთა 14:25).
ამ პრობლემებით აღსავსე ქვეყნიერებაში ქრისტიანული კრება ნამდვილი სულიერი ოაზისია, სადაც მშვიდობა და სიყვარული სუფევს. შეხვედრებზე დასწრებით თავად შეიგრძნობთ ფსალმუნმომღერლის სიტყვების ჭეშმარიტებას: „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალმუნი 132:1).
[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]
განსაკუთრებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება
როგორ შეუძლიათ ქრისტიანული შეხვედრებიდან სარგებლობის მიღება სმენადაქვეითებულ ადამიანებს? მსოფლიო მასშტაბით, იეჰოვას მოწმეები აყალიბებენ კრებებს ჟესტების ენაზე. ბოლო 13 წლის განმავლობაში 27 ასეთი კრება და 43 ჯგუფი ჩამოყალიბდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სხვა 40 ქვეყანაში ახლა ჟესტების ენაზე 140-მდე კრება ფუნქციონირებს. მათთვის ქრისტიანული პუბლიკაციების ვიდეო ვერსიები ხელმისაწვდომია ჟესტების 13 ენაზე.
ქრისტიანული კრება სმენადაქვეითებულებს იეჰოვას განდიდების შესაძლებლობას აძლევს. ოდილი, ყოფილი კათოლიკე საფრანგეთში, მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა და თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. ის უაღრესად მადლიერი იყო ქრისტიანულ შეხვედრებზე მიღებული ბიბლიური განათლებისთვის. ოდილი ამბობს: „მე გამოვჯანმრთელდი და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ჭეშმარიტება და სიცოცხლის აზრი ვიპოვე“.