‘წაიცხე თვალებზე მალამო თვალისა’
‘წაიცხე თვალებზე მალამო თვალისა’
ასეთი რჩევა მისცა იესო ქრისტემ მცირე აზიაში, ლაოდიკიაში, პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებას.
იესომ უთხრა მათ: „გირჩევ იყიდო... თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე“. არა პირდაპირი გაგებით თვალის დაავადების სამკურნალოდ, არამედ სულიერი სიბრმავის განსაკურნებლად. ლაოდიკიელ ქრისტიანებზე მათ ქალაქში გამეფებული სიმდიდრის სული ახდენდა ზეგავლენას, რის გამოც ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ თავიანთ სულიერ მოთხოვნილებებს.
იესომ აღნიშნა მათი მხედველობის დასუსტების მიზეზი: „ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი“. თუმცა ვერ გრძნობდნენ ამას, კრების წევრებს სჭირდებოდათ „თვალის მალამო“, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიიღებდნენ, თუ იესო ქრისტეს სწავლებებისა და დარიგებების თანახმად იცხოვრებდნენ. „იყიდე ჩემგან“, — თქვა იესომ (გამოცხადება 3:17, 18).
ლაოდიკიელი ქრისტიანების მსგავსად, დღევანდელ ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც სჭირდებათ დაცვა იმ დიდი, შესაძლოა ჩვენთვის შეუმჩნეველი, ზეგავლენისგან, რომელსაც სიმდიდრის და გართობის მოყვარული გარემო ახდენს. იესო ამ სიტყვებით გვირჩევს სულიერი მხედველობის შენარჩუნებას: „გირჩევ იყიდო ჩემგან... თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე“.
საყურადღებოა, რომ ეს „თვალის მალამო“ ადამიანებმა თავად უნდა შეიძინონ და ამისთვის რაღაც უნდა გაიღონ კიდეც. ეს არის დრო, რომელიც აუცილებლად საჭიროა ღვთის სიტყვის შესწავლისა და მასზე ფიქრისთვის. ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს, რომ ეს სიტყვა „სპეტაკია, შუქს აძლევს [სულიერ] თვალებს“ (ფსალმუნი 18:9).