სულიერად მტკიცე ოჯახის აშენება
სულიერად მტკიცე ოჯახის აშენება
„აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).
1. რა იყო ოჯახთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა, მაგრამ რა მოხდა?
„ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28). ადამისა და ევასთვის ნათქვამი ამ სიტყვებით იეჰოვამ ოჯახი დააფუძნა (ეფესელთა 3:14, 15, აქ). ამ პირველ წყვილს წინასწარ შეეძლო წარმოედგინა თავიანთი შთამომავლებით დასახლებული დედამიწა; შეეძლოთ წარმოედგინათ სრულყოფილი ადამიანებისგან შემდგარი ერთი დიდი ოჯახი, რომელიც დედამიწაზე სამოთხეში ბედნიერად იცხოვრებდა და გაერთიანებულად თაყვანს სცემდა დიდებულ შემოქმედს. მაგრამ ადამმა და ევამ შესცოდეს და დედამიწა ვეღარ აივსო სამართლიანი, ღვთისმოშიში ადამიანებით (რომაელთა 5:12). ნაცვლად ამისა, ოჯახური ცხოვრება მალე გაუარესდა და მასში ფეხი მოიკიდა სიძულვილმა, ძალადობამ და „არამოყვარულობამ“, რაც განსაკუთრებით ამ „უკანასკნელ დღეებში“ შეინიშნება (2 ტიმოთე 3:1—5, აფ; დაბადება 4:8, 23; 6:5, 11, 12).
2. რისი უნარი ჰქონდათ ადამის შთამომავლებს, მაგრამ რა დასჭირდებოდათ მათ სულიერად ძლიერი ოჯახის ასაშენებლად?
2 ადამი და ევა ღვთის ხატად იყვნენ შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცოდვილები გახდნენ, იეჰოვამ ადამს შვილების ყოლის ნება დართო (დაბადება 1:27; 5:1—4). თავიანთი მამის მსგავსად, ადამის შთამომავლებსაც ჰქონდათ ზნეობრივი პრინციპების აღქმის უნარი და შეეძლოთ ესწავლათ სწორისა და არასწორის გარჩევა. მათ შეეძლოთ ესწავლათ, როგორ ეცათ თაყვანი თავიანთი შემოქმედისთვის; აგრეთვე სცოდნოდათ, რომ მნიშვნელოვანია ღვთის მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით შეყვარება (მარკოზი 12:30; იოანე 4:24; იაკობი 1:27). გარდა ამისა, შეეძლოთ გაწვრთნილიყვნენ ‘სიმართლის ქმნასა და წყალობის სიყვარულში, უფლის წინაშე მოწიწებით სიარულში’ (მიქა 6:8). მაგრამ, როგორც ცოდვილებს, მათ საკმაოდ დიდი ყურადღების მიქცევა დასჭირდებოდათ სულიერად ძლიერი ოჯახის ასაშენებლად.
მოივაჭრეთ ჟამი
3. როგორ შეუძლიათ მშობლებს ქრისტიანი შვილების აღსაზრდელად ‘ჟამის მოვაჭრება’?
3 ამ რთულ, კრიტიკულ დროს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმას, რომ შვილები ‘უფლის მოყვარულებად’ და ‘ბოროტების მოძულეებად’ აღიზარდონ (ფსალმუნი 96:10). გონიერი მშობლები ‘ჟამს მოივაჭრებენ’ ამ რთული დავალების შესასრულებლად (ეფესელთა 5:15—17). თუ მშობელი ხართ, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? უპირველეს ყოვლისა, დაადგინეთ პრიორიტეტები და მეტი ყურადღება დაუთმეთ ‘უმჯობეს’ საქმეებს, რომლებშიც თქვენი შვილების დამოძღვრა და გაწვრთნაც შედის (ფილიპელთა 1:10, 11). მეორე: გაიმარტივეთ ცხოვრების წესი. შეიძლება მოგიწიოთ იმ საქმიანობების გვერდზე გადადება, რომლებიც არცთუ ისე აუცილებელია. ან, შესაძლოა, ისეთი ქონების მოშორება იყოს საჭირო, რომელიც აუცილებელი არ არის და ამასთანავე მის მოვლას დრო სჭირდება. როგორც ქრისტიანი მშობელი, არასოდეს ინანებ, რომ ყველაფერს აკეთებდი შვილების ღვთისმოშიშ ადამიანებად აღზრდისათვის (იგავნი 29:15, 17).
4. როგორ შეიძლება ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება?
4 შვილებთან ერთად დროის გატარება, განსაკუთრებით კი, სულიერ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, ნამდვილად ღირს ძალისხმევად და ოჯახის ერთიანობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი თავისთავად მოხდება. წინასწარ დაგეგმეთ, თუ როდის გაატარებთ დროს ერთად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ, უბრალოდ, ყველა ერთ სახლში იყოთ და ვისაც რა უნდა ის აკეთოს. ბავშვები საუკეთესოდ მაშინ იზრდებიან, როდესაც ხედავენ, რომ ყოველდღიურად პირადად მათდამი ავლენენ ინტერესს. საჭიროა სიყვარულისა და მზრუნველობის დაუშურვებლად გამოვლენა. ცოლ-ქმარმა შვილების ყოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდეც კი სერიოზულად უნდა იფიქროს ამ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობაზე (ლუკა 14:28). მაშინ შვილების აღზრდას საძნელო საქმედ არ ჩათვლიან. პირიქით, მშობლები ამას კურთხევად მისჩნევენ (დაბადება 33:5; ფსალმუნი 126:3).
ასწავლეთ სიტყვითა და მაგალითით
5. ა) საიდან იწყება ბავშვებისთვის იეჰოვას სიყვარულის ჩანერგვა? ბ) რა რჩევა ეძლევათ მშობლებს მეორე რჯულის 6:5—7-ში?
5 შვილებისთვის იეჰოვასადმი სიყვარულის ჩანერგვა ღვთისადმი თქვენივე სიყვარულიდან იწყება. ღვთისადმი ძლიერი სიყვარული აღგძრავთ, რომ მისი ყველა მითითება ერთგულად შეასრულოთ. ამაში შედის შვილების „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღზრდა (ეფესელთა 6:4). ღმერთი მშობლებს ურჩევს, მაგალითი მისცენ შვილებს, ჰქონდეთ მათთან ურთიერთობა და ასწავლონ. მეორე რჯულის 6:5—7-ში ნათქვამია: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“. ხშირი დარიგებებითა და გამეორებით შეძლებთ ღვთის მცნებების შვილებისთვის ჩაგონებას. ამგვარად, თქვენი შვილები დაინახავენ, თუ როგორ გიყვართ იეჰოვა, ეს კი, თავის მხრივ, მათაც აღძრავს ღმერთთან ახლო ურთიერთობის გასავითარებლად (იგავნი 20:7).
6 როგორ შეუძლიათ მშობლებს ისარგებლონ იმით, რომ ბავშვები მათი მაგალითიდან სწავლობენ?
6 ბავშვები სწავლას მოწყურებული არიან. მათ მთელი გულისყურით მოსმენა და დაკვირვებულობა ახასიათებთ და მაშინვე ჰბაძავენ სხვების მაგალითს. როდესაც ისინი ხედავენ, რომ თქვენი მთავარი მიზანი ქონების დაგროვება არ არის, ეს მათ იესოს რჩევის გათვალისწინებაში ეხმარება. ასწავლით, რომ მეტისმეტად არ იზრუნონ მატერიალური საგნების შეძენაზე, არამედ უწინარეს ‘ეძებონ ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ]’ (მათე 6:25—33). ბიბლიური ჭეშმარიტების, ღვთის კრებისა და დანიშნული უხუცესების შესახებ ჯანსაღი, აღმშენებლობითი საუბრებით შვილებს იეჰოვასადმი პატივისცემასა და მისი სულიერი ღონისძიებების დაფასებას ასწავლით. ბავშვები ძალიან სწრაფად ამჩნევენ წინააღმდეგობრიობას, ამიტომ დარიგებები თქვენი ისეთი მოქმედებითა და საქმისადმი დამოკიდებულებით უნდა იქნეს განმტკიცებული, რომლებშიც ჩანს, რომ თავადვე ძალიან აფასებთ სულიერ საკითხებს. რამხელა კურთხევაა, როდესაც მშობლები ხედავენ, რომ თავიანთი კარგი მაგალითით შვილებში იეჰოვასადმი მთელი გულით სიყვარული ჩანერგეს! (იგავნი 23:24, 25).
7, 8. რომელი მაგალითი ცხადყოს ბავშვების დაბადებიდანვე აღზრდის ფასეულობას და ვისი წყალობით ხდება ასეთი წინსვლა?
7 ბავშვების დაბადებიდანვე აღზრდის ფასეულობის დანახვა ერთი ვენესუელელი ოჯახის მაგალითით შეგვიძლია (2 ტიმოთე 3:15). ეს მაგალითი ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, ფელიქსმა და მაიერლინმა, მოგვცა. ისინი პიონერები არიან. როდესაც შვილი, ფელიტო, შეეძინათ, მთელი გულით მოწადინებული იყვნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლად მის აღსაზრდელად. მაიერლინმა ფელიტოს იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნის „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ ხმამაღლა კითხვა დაუწყო. ძალიან პატარა იყო ფელიტო, როდესაც ისეთი გამოხედვა ჰქონდა, რომ თითქოს სცნობდა მოსესა და წიგნში დახატულ სხვა ადამიანებს.
8 ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა იყო ფელიტო, როდესაც დამოუკიდებლად ქადაგება დაიწყო. მან აისრულა თავისი სურვილი, გამხდარიყო სამეფოს მაუწყებელი, მოგვიანებით კი მოინათლა. გარკვეული დროის შემდეგ ფელიტო პიონერი გახდა. მისი მშობლები ამბობდნენ: „როდესაც შვილის წინსვლას ვუყურებთ, გვესმის, რომ მის ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბებას იეჰოვასა და მის ხელმძღვანელობას უნდა ვუმადლოდეთ“.
დაეხმარეთ ბავშვებს სულიერ ზრდაში
9. რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი ერთგული და გონიერი მონის კლასის მეშვეობით მოწოდებული სულიერი დასწავლებისთვის?
9 უამრავი ჟურნალი, ასობით წიგნი და ინტერნეტის ათასობით ვებ-საიტი იძლევა რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღზარდონ მშობლებმა შვილები. ძალიან ხშირად „ინფორმაცია წინააღმდეგობრივია, — აღნიშნავს „ნიუსუიკის“ ბავშვებისადმი მიძღვნილი სპეციალური ნომერი. — უფრო აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ, ინფორმაცია, რომელზეც ფიქრობ, რომ სანდოა, მთლიანად უსარგებლო აღმოჩნდება ხოლმე“. რამდენად მადლიერები ვართ, რომ იეჰოვამ უხვად უზრუნველგვყო ოჯახის დასამოძღვრავად და სულიერად განსავითარებლად საჭირო ინფორმაციით! სარგებლობთ თუ არა სრულად ერთგული და გონიერი მონის კლასის მეშვეობით უზრუნველყოფილი ყველა ღონისძიებით? (მათე 24:45—47).
10. რა მხრივ არის ბიბლიის ეფექტური ოჯახური შესწავლა სასარგებლო როგორც მშობლებისთვის, ისე შვილებისთვის?
10 ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან აუცილებლობას ბიბლიის რეგულარული, თანამიმდევრული შესწავლა წარმოადგენს, რაც მშვიდ ატმოსფეროში უნდა ხდებოდეს. იმისათვის, რომ შესწავლა სასარგებლო, სასიამოვნო და გამამხნევებელი იყოს, კარგი მომზადებაა საჭირო. გულახდილი საუბრისთვის ატმოსფეროს შექმნით მშობლებს შეუძლიათ გაიგონ, თუ რა არის შვილების გულსა და გონებაში. ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეიძლება განისაზღვროს ოჯახური შესწავლის ეფექტურობა, არის იმაზე დაკვირვება, ოჯახის ყველა წევრი მთელი გულით მოელის თუ არა მის დაწყებას.
11. ა) რა მიზნების დასახვაში შეუძლიათ მშობლებს, შვილებს დაეხმარონ? ბ) რა მოჰყვა შედეგად იმას, რომ ერთმა იაპონელმა გოგონამ კონკრეტულად დაისახა მიზანი?
11 სულიერი მიზნების დასახვაც ხელს უწყობს ოჯახის სულიერობის განმტკიცებას; ამიტომაც მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მათ დასახვაში. მაგალითად, შეგვეძლო შემდეგი მიზნების დასახვა: ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, კეთილი ცნობის რეგულარულ მქადაგებლად გახდომა და სულიერი წინსვლა, რასაც მიძღვნა და მონათვლა მოჰყვება. სხვა მიზნებში შეიძლება ჩართოთ: სრული დროით პიონერად, ბეთელში ან მისიონერად მსახურება. იაპონიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოწაფე გოგონამ, აიუმიმ, მიზნად დაისახა, კლასში ყველასთვის ექადაგა. მასწავლებლისა და თანაკლასელების დასაინტერესებლად იმის ნებართვა აიღო, რომ რამდენიმე ბიბლიური პუბლიკაცია ბიბლიოთეკაში დაედო. შედეგად, სკოლაში ყოფნის 6 წლის განმავლობაში ბიბლიის 13 შესწავლას ატარებდა. იმ შემსწავლელთაგან ერთი გოგონა და მისი ოჯახის სხვა წევრები მონათლული ქრისტიანები გახდნენ.
12. როგორ შეუძლიათ ბავშვებს უდიდესი სარგებლობის მიღება ქრისტიანული შეხვედრებიდან?
12 კარგი სულიერი ჯანმრთელობისთვის კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრებაც არის აუცილებელი. მოციქული პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა, ‘არ მიეტოვებინათ შესაკრებელი, როგორც ზოგიერთებს სჩვეოდათ’. დაე ეს ჩვენც არ გადაგვეზარდოს ჩვევაში, რადგან ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებას (ებრაელთა 10:24, 25; მეორე რჯული 31:12). ბავშვებს მშობლებმა ყურადღებით მოსმენა უნდა ასწავლონ. შეხვედრებისთვის მომზადებაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან უდიდესი სარგებლობა მოაქვს კომენტარების მიცემით აქტიურ მონაწილეობას. თუმცა პატარებმა შეიძლება კომენტარების მიცემა რამდენიმე სიტყვით ან აბზაცის პატარა ნაწილის წაკითხვით დაიწყონ, ყველაზე სასარგებლო იქნებოდა, თუ ბავშვს პასუხის პოვნას და აზრის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას ასწავლიდა მშობელი. მშობლებო, აძლევთ თუ არა შვილებს მაგალითს რეგულარულად, გააზრებული კომენტარების წარმოთქმით? აგრეთვე კარგია, ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს ბიბლია, სიმღერათა კრებული და ის პუბლიკაცია, რომელიც ბიბლიური განხილვისას გამოიყენება.
13, 14. ა) რატომ უნდა წაიყოლონ მშობლებმა შვილები სამქადაგებლო მსახურებაში? ბ) რით შეგვიძლია ბავშვებს დავეხმაროთ, რომ სამქადაგებლო მსახურება მათთვის სასარგებლო და სასიხარულო იყოს?
13 გონიერი მშობლები თავიანთი შვილების ახალგაზრდულ ენერგიას იეჰოვასთვის მსახურებისკენ წარმართავენ და დაეხმარებიან, რომ ქადაგება ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად აქციონ (ებრაელთა 13:15). მხოლოდ და მხოლოდ შვილებთან ერთად მსახურებაში მონაწილეობას შეუძლია დაარწმუნოს მშობელი იმაში, რომ ბავშვები სათანადოდ იწვრთნებიან მსახურებად და „შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15). მაშ, რის გაკეთება შეგიძლიათ თქვენ? თუ მშობელი ხართ, ეხმარებით შვილებს სამქადაგებლო მსახურებისთვის მომზადებაში? ამით დაეხმარებით, რომ მათთვის მსახურებაში მონაწილეობა სასიხარულო, აზრიანი და ნაყოფიერი იყოს.
14 რატომ არის მშობლებისა და შვილებისთვის მსახურებაში ერთად მონაწილეობა სასარგებლო? ამგვარად, ბავშვები მშობლების კარგი მაგალითის დანახვასა და მიბაძვას შესძლებენ. ამავე დროს, მშობლებიც შესძლებენ თვალყური მიადევნონ იმას, თუ რა დამოკიდებულება აქვთ შვილებს მსახურებისადმი, აგრეთვე დააკვირდნენ მათ მანერებსა და ქადაგების უნარს. აუცილებლად წაიყვანეთ შვილები თქვენთან ერთად მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობის მისაღებად. თუ შესაძლებელია, სასურველია, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თავისი ჩანთა სამქადაგებლო სამსახურისთვის და ასწავლეთ მათ, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ ეს ჩანთა კოხტა და მოწესრიგებული. გამუდმებული სწავლებისა და გამხნევების წყალობით ბავშვი მსახურების მთელი გულით დაფასებას ისწავლის და დაინახავს, რომ სამქადაგებლო საქმიანობა ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენის საშუალებაა (მათე 22:37—39; 28:19, 20).
შეინარჩუნეთ სულიერობა
15. ვინაიდან ოჯახის სულიერობის შენარჩუნება ასე მნიშვნელოვანია, რა საშუალებებით შეიძლება ამის მიღწევა?
15 ოჯახისთვის სულიერობის შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია (ფსალმუნი 118:93). ამის ერთ-ერთ საშუალება ნებისმიერი შესაძლებლობისას ოჯახთან სულიერ საკითხებზე საუბარია. განიხილავთ თუ არა მათთან ერთად ბიბლიის ყოველდღიურ მუხლს? გაქვთ თუ არა ჩვევაში „გზაზე სიარულისას“ ოჯახს გაუზიაროთ სამქადაგებლო მსახურებაში მომხდარი შემთხვევები ან უახლესი „საგუშაგო კოშკიდან“ და „გამოიღვიძეთ!“-იდან აზრები? „დაწოლისას და ადგომისას“ გახსენდებათ თუ არა, ლოცვაში მადლობა გადაუხადოთ იეჰოვას ყოველი დღისთვის და მისი დიდებული მზრუნველობისთვის? (მეორე რჯული 6:6—9). როდესაც ღვთისადმი სიყვარულს ბავშვები ხედავენ ყველაფერში, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს მათ ჭეშმარიტების გათავისებაში დაეხმარება.
16. რა სარგებლობა მოაქვს შვილებისთვის იმის სწავლებას, რომ თავად გამოიკვლიონ ესა თუ ის საკითხი?
16 დროდადრო ბავშვებს წამოჭრილ პრობლემებთან ან ამა თუ იმ სიტუაციასთან წარმატებით გამკლავებაში ხელმძღვანელობის გაწევა დასჭირდებათ. ნაცვლად იმისა, რომ ყოველთვის უთხრათ, თუ რა გააკეთონ, რატომ არ უნდა გეჩვენებინათ მათთვის, როგორ ეპოვათ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი და რატომ არ უნდა გერჩიათ მისი დამოუკიდებლად გამოკვლევა? „ერთგული მონის“ მეშვეობით მოწოდებული პუბლიკაციებისა და სხვა ყველა დამხმარე საშუალების გამოყენების სწავლებით მათ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარებით (პირველი მეფეთა 2:21ბ). და როდესაც ისინი ოჯახის რომელიმე წევრს თავიანთი ბიბლიური გამოკვლევის შედეგებს უზიარებენ, ოჯახის სულიერობა კიდევ უფრო ძლიერდება.
სრულად მიენდეთ იეჰოვას
17. რატომ არ უნდა გაიტეხონ გული მარტოხელა მშობლებმა, როდესაც შვილების ქრისტიანებად აღზრდის მოვალეობის წინაშე დგანან?
17 რა შეიძლება ითქვას ოჯახებზე, სადაც მარტოხელა მშობლებია? შვილების აღზრდისას ისინი დამატებით სირთულეებს აწყდებიან. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ! წარმატების მიღწევა შესაძლებელია, როგორც ეს ცხადყო მრავალმა მარტოხელა მშობელმა, რომლებიც იეჰოვას მიენდნენ, მორჩილად ასრულებდნენ მის რჩევებს და შესანიშნავი, სულიერად ძლიერი შვილები აღზარდეს (იგავნი 22:6). რა თქმა უნდა, მარტოხელა ქრისტიანი მშობლები მთლიანად იეჰოვას უნდა მიენდონ. მათ უნდა სწამდეთ, რომ ღმერთი დაეხმარებათ (ფსალმუნი 120:1—3).
18. შვილების რა გონებრივ და ფიზიკურ მოთხოვნილებას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, მაგრამ რას უნდა გაესვას ხაზი?
18 გონიერ მშობლებს ესმით, რომ არის „ჟამი სიცილისა. . . და ჟამი ლხინისა“ (ეკლესიასტე 3:1, 4). ბავშვების გონებისა და სხეულის ნორმალურად განვითარებისთვის დასვენება და გაწონასწორებული, ჯანსაღი გართობა აუცილებელია. აღმშენებლობითი მუსიკა და განსაკუთრებით ღვთისთვის ხოტბის შემსხმელი სიმღერების მღერა ბავშვს ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება; ამას კი მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია იეჰოვასთან მისი ურთიერთობის განმტკიცებაში (კოლასელთა 3:16). ახალგაზრდობა — ეს ის დროცაა, როდესაც ადამიანი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ ღვთისმოშიშ მოწიფულ პიროვნებად იქცეს დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებით მარადიულად დასატკბობად (გალატელთა 6:8).
19. რატომ შეუძლიათ მშობლებს დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა აკურთხებს შვილების აღსაზრდელად გამოვლენილ ძალისხმევას?
19 იეჰოვას სურვილია, ყველა ქრისტიანული ოჯახი წარმატებული იყოს და მათში მტკიცე სულიერი ერთიანობა სუფევდეს. თუ ნამდვილად გვიყვარს ღმერთი და ყველაფერს ვაკეთებთ მისი სიტყვისადმი მორჩილებისთვის, ის აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას და მოგვცემს იმისათვის საჭირო ძალას, რომ მივყვეთ მისი შთაგონებით დაწერილ მითითებას (ესაია 48:17; ფილიპელთა 4:13). გახსოვდეთ, რომ დრო, რომელიც შვილების დასამოძღვრად და გასაწვრთნელად გაქვთ, შეზღუდულია და ამ დროს ვერასოდეს დაიბრუნებთ. ყველაფერი გააკეთეთ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევის შესასრულებლად, და იეჰოვა აკურთხებს სულიერად მტკიცე ოჯახის ასაშენებლად გამოვლენილ თქვენს ძალისხმევას.
რა ვისწავლეთ?
• რატომ არის ჟამის მოვაჭრება ასე მნიშვნელოვანი ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით?
• რატომ არის მშობლის კარგი მაგალითი აუცილებელი?
• რა მნიშვნელოვანი საშუალებებით შეიძლება შვილებისთვის სულიერ ზრდაში დახმარების აღმოჩენა?
• როგორ შეიძლება ოჯახის სულიერობის შენარჩუნება?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 24, 25 გვერდებზე]
სულიერად ძლიერი ოჯახები რეგულარულად სწავლობენ ღვთის სიტყვას, ესწრებიან ქრისტიანულ შეხვედრებს და ერთად მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში.