განადიდეთ იეჰოვა თავისი დიდებული საქმეებისთვის!
განადიდეთ იეჰოვა თავისი დიდებული საქმეებისთვის!
„ადიდებს სული ჩემი უფალსა. . . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა“ (ლუკა 1:46—49).
1. რომელი დიდებული საქმეებისთვის ვასხამთ ხოტბას იეჰოვას სამართლიანად?
იეჰოვა იმსახურებს განდიდებას თავისი დიდებული საქმეებისთვის. როდესაც წინასწარმეტყველი მოსე ისრაელებს ეგვიპტიდან გათავისუფლების შესახებ ელაპარაკებოდა, უთხრა: „უხილავთ თქვენს თვალებს უფლის დიადი საქმეები“ (მეორე რჯული 11:1—7). მსგავსად ამისა, ქალწულმა მარიამმა, როდესაც ანგელოზმა გაბრიელმა ამცნო, რომ იესოს შობდა, თქვა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა. . . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა“ (ლუკა 1:46—49). როგორც იეჰოვას მოწმეები, ჩვენ ხოტბას ვასხამთ ღმერთს ისეთი დიდებული საქმეებისთვის, როგორიცაა ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლება და თავისი საყვარელი ძის სასწაულებრივად ჩასახვა.
2. ა) რას ნიშნავს მორჩილი კაცობრიობისთვის ღვთის „საუკუნო განზრახვა“? ბ) რა შეემთხვა იოანეს კუნძულ პატმოსზე?
2 იეჰოვას მრავალი დიდებული საქმე მესიისა და მისი სამეფო მმართველობის საშუალებით მორჩილი კაცობრიობის კურთხევის შესახებ ‘საუკუნო განზრახვასთან’ არის დაკავშირებული (ეფესელთა 3:8—13). ეს განზრახვა თანდათანობით ვითარდებოდა, როდესაც ხანდაზმულ მოციქულ იოანეს ხილვის საშუალებით ზეცის კარი გაეხსნა და შიგ შეხედვის საშუალება მიეცა. მოციქულს საყვირისმაგვარი ხმა შემოესმა: „ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ“ (გამოცხადება 4:1). რომის მთავრობის მიერ „ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“ კუნძულ პატმოსზე გადასახლებულმა იოანემ „გამოცხადება იესო ქრისტესი“ მიიღო. მოციქულის მიერ ნანახსა და მოსმენილში ღვთის საუკუნო განზრახვასთან დაკავშირებით ბევრი ისეთი რამ გამოჩნდა, რაც ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის სულიერი განათლებისა და დროული გამხნევების წყარო იყო (გამოცხადება 1:1, 9, 10).
3. ვინ არის წარმოდგენილი იოანეს მიერ ხილვაში ნანახი 24 უხუცესით?
3 ზეცაში გახსნილ კარს მიღმა იოანემ 24 უხუცესი იხილა, რომლებიც ტახტებზე ისხდნენ და მეფეებივით თავზე გვირგვინები ედგათ. ისინი დაემხნენ ღვთის წინაშე და თქვეს: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11). ამ უხუცესებით მკვდრეთით აღმდგარი ყველა ცხებული ქრისტიანია წარმოდგენილი; მათ ღვთის მიერ აღთქმული განდიდებული მდგომარეობა უკავიათ. ისინი აღძრული არიან, განადიდონ იეჰოვა დიდებული შემოქმედებითი საქმეებისთვის. ჩვენც გვაოცებს იეჰოვას ‘მარადიული ძალისა და ღვთაებრიობის’ მტკიცებების ხილვა (რომაელთა 1:20). და, რაც უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვას შესახებ, მით უფრო მეტი საფუძველი გვაქვს, დიდებული საქმეებისთვის ხოტბა შევასხათ მას.
აუწყეთ იეჰოვას საქებარი საქმეები!
4, 5. მოიყვანეთ იმის მაგალითები, თუ როგორ განადიდებდა დავითი იეჰოვას.
4 ფსალმუნმომღერალი დავითი დიდებული საქმეებისთვის ხოტბას ასხამდა ღმერთს. მაგალითად, ის მღეროდა: „უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს. შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან, რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა“ (ფსალმუნი 9:12, 14, 15). თავისი ძისთვის, სოლომონისთვის, ტაძრის არქიტექტურული გეგმის გადაცემის შემდეგ, დავითმა აკურთხა და განადიდა ღმერთი: „შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება. . . შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად. სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს. . . აწ გაქებთ შენ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს“ (პირველი ნეშტთა 29:10—13).
5 საღვთო წერილი არაერთხელ გვიწვევს, დიახ, მოგვიწოდებს, განვადიდოთ ღმერთი, როგორც ამას დავითი აკეთებდა. ფსალმუნების წიგნი შეიცავს ღვთის განმადიდებელ მრავალ გამოთქმას; ამ ფსალმუნთა დაახლოებით ნახევარს კი დავითს მიაკუთვნებენ. ის გამუდმებით განადიდებდა და მადლობდა იეჰოვას (ფსალმუნი 68:31). გარდა ამისა, ძველთაგანვე დავითისა და სხვების მიერ ღვთის შთაგონებით შედგენილი ფსალმუნები იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენებოდა.
6. როგორ არის ჩვენთვის სასარგებლო ღვთის შთაგონებით დაწერილი ფსალმუნები?
6 რაოდენ სასარგებლოა ფსალმუნები იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის! როდესაც გვინდა, ღმერთს მადლობა გადავუხადოთ იმ ყოველი დიდებული საქმისთვის, რომლებიც ჩვენ სასარგებლოდ მოიმოქმედა, შეიძლება მივმართოთ ფსალმუნებში ჩაწერილ შესანიშნავ სიტყვებს. მაგალითად, ყოველი ახალი დღის გათენებისას შეიძლება მსგავსი სიტყვების სათქმელად აღვიძრათ: „კარგია ვადიდოთ უფალი და ვუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო! გაუწყოთ დილ-დილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამ-ღამობით. . . რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ“ (ფსალმუნი 91:2—5). როდესაც სულიერი წინსვლის გზაზე დაბრკოლებებს ვლახავთ, შეიძლება აღძრული ვიყოთ, ლოცვაში გამოვხატოთ სიხარული და მადლიერება, როგორც ამას ფსალმუნმომღერალი აკეთებდა, როცა მღეროდა: „მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს. სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას“ (ფსალმუნი 94:1, 2).
7. ა) რა არის აღსანიშნავი იმ მრავალ სიმღერაში, რომლებსაც ქრისტიანები მღერიან? ბ) რა არის იმის ერთი მიზეზი, რომ ადრე მივიდეთ და ბოლომდე დავრჩეთ კრების შეხვედრაზე?
7 ხშირად კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე მღერაში მონაწილეობით ხოტბას ვასხამთ იეჰოვას. აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერებიდან ბევრი ღვთის შთაგონებით დაწერილ ფსალმუნებზეა დაფუძნებული. რამდენად ბედნიერები ვართ ჩვენ, რამეთუ გვაქვს სულის გამათბობელი სიმღერების თანამედროვე კრებული, რომელიც ხოტბას ასხამს იეჰოვას! ღვთის განსადიდებელი სიმღერების მღერა ერთი საუკეთესო მიზეზია კრების შეხვედრებზე ადრე მისასვლელად და მასზე ბოლომდე დასასწრებად, რაც ჩვენს თანამორწმუნეებთან ერთად სიმღერითა და ლოცვით იეჰოვას განდიდების საშუალებას გვაძლევს.
„ადიდეთ იაჰ“
8. რა მნიშვნელობას შეიცავს სიტყვა „ალილუია“ და როგორ ითარგმნება ის?
8 იეჰოვას განდიდებას შეიცავს სიტყვა „ალილუია“; ეს არის ებრაული გამოთქმის ტრანსლიტერაცია, რომელიც ითარგმნება, როგორც: „ადიდეთ იაჰ“. მაგალითად, ფსალმუნის 134:1—3-ში მოცემულია გულითადი, განსაკუთრებული გრძნობით გადმოცემული მოწვევა: «ადიდეთ უფალი! [„ადიდეთ იაჰ“, აქ] ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა! რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა. ადიდეთ უფალი [„ადიდეთ იაჰ“, აქ], რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია».
9. რა აღგვძრავს იეჰოვას განსადიდებლად?
9 როდესაც ღვთის სასწაულებრივ შემოქმედებით საქმეებსა და ჩვენს სასარგებლოდ გაკეთებულ მის ყველა საქმეს ვაკვირდებით, გულწრფელი მადლიერების გრძნობა მის განსადიდებლად აღგვძრავს. როდესაც ვფიქრობთ იმ სასწაულებზე, რომლებიც იეჰოვამ თავისი ხალხისთვის წარსულში მოიმოქმედა, მთელი გულით აღვიძვრებით მისთვის ხოტბის შესასხმელად. აგრეთვე, როდესაც ვააანალიზებთ იმ დიდებულ აღთქმებს, რომლებსაც იეჰოვა მომავალში შეასრულებს, მისთვის ხოტბის შესხმისა და მადლიერების გამოხატვის საშუალებებს ვეძებთ.
10, 11. ის ფაქტი, რომ ვცოცხლობთ, როგორ გვაძლევს ღვთის განდიდების საფუძველს?
10 მხოლოდ ისიც კი, რომ ვცოცხლობთ, იაჰის განდიდების საფუძველს გვაძლევს. დავითი მღეროდა: „გადიდებ [იეჰოვა], რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“ (ფსალმუნი 138:14). დიახ, ჩვენ ‘საოცრებით ვართ შენივთული’ და გვაქვს ისეთი ძვირფასი საჩუქრები, როგორიცაა: მხედველობა, სმენა თუ აზროვნების უნარი. ამიტომ, განა ჩვენი ცხოვრება ისე არ უნდა წარვმართოთ, რომ განვადიდოთ ჩვენი შემოქმედი? პავლემ მსგავსი აზრი გამოთქვა, როდესაც დაწერა: „ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“ (1 კორინთელთა 10:31).
11 თუ იეჰოვა ნამდვილად გვიყვარს, ყველაფერს გავაკეთებთ მის განსადიდებლად. იესომ თქვა, რომ პირველი მცნებაა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენით, და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“ (მარკოზი 12:30; მეორე რჯული 6:5). ჩვენ ნამდვილად უნდა გვიყვარდეს იეჰოვა და განვადიდებდეთ მას, როგორც ჩვენს შემოქმედსა და ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და სრულყოფილი ნიჭის’ მომცემს (იაკობი 1:17; ესაია 51:13; საქმეები 17:28). ბოლოს და ბოლოს, ჩვენი აზროვნების უნარი, სულიერი ხედვა და ფიზიკური ძალა — ყველა თვისება და შესაძლებლობა — იეჰოვასგან მოდის. ის, როგორც ჩვენი შემოქმედი, სიყვარულისა და განდიდების ღირსია.
12. რას ფიქრობთ იეჰოვას დიდებული საქმეებისა და ფსალმუნის 39:6-ში ჩაწერილი სიტყვების შესახებ?
12 იეჰოვას დიდებული საქმეები იმის უთვალავ მიზეზს გვაძლევს, რის გამოც უნდა გვიყვარდეს და განვადიდებდეთ მას! „ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ, — მღეროდა დავითი; — ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად“ (ფსალმუნი 39:6). დავითისთვის ძნელი იყო სათქმელად, ვერ ითვლიდა იეჰოვას ყველა შესანიშნავ საქმეს; ამის გაკეთებას ვერც ჩვენ შევძლებთ. მაგრამ მოდი ყოველთვის განვადიდოთ ღმერთი იმ ნებისმიერი დიდებული საქმისთვის, რომელიც ჩვენი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება.
ღვთის მარადიულ განზრახვასთან დაკავშირებული საქმეები
13. როგორ არის ჩვენი იმედი ღვთის დიდებულ საქმეებთან მჭიდროდ დაკავშირებული?
13 ჩვენი მომავლის იმედი მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთის დიდებული და სანაქებო საქმეების შესახებ მის მარადიულ განზრახვასთან. ედემის ბაღში აჯანყების შემდეგ იეჰოვამ დამაიმედებელი პირველი წინასწარმეტყველება წარმოთქვა. გველისთვის განაჩენის გამოტანისას ღმერთმა თქვა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). იმედი აღთქმული ‘ქალის თესლის’ შესახებ სიცოცხლეს განაგრძობდა ერთგულ ადამიანთა გულებში მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ნოეს დღეებში დიდებული საქმე გააკეთა და ნოეს ოჯახი გლობალურ წარღვნას გადაარჩინა — წარღვნას, რომელმაც ბოროტი წუთისოფელი მიწის პირიდან აღგავა (2 პეტრე 2:5). ისეთი რწმენის მამაკაცებისადმი, როგორებიც იყვნენ აბრაამი და დავითი, იეჰოვას მიერ წინასწარმეტყველური აღთქმების მიცემამ კიდევ უფრო ღრმად ჩაგვახედა იმაში, თუ რას აღასრულებდა ღმერთი იმ თესლის მეშვეობით (დაბადება 22:15—18; მეორე მეფეთა 7:12).
14. რომელია კაცობრიობის სასარგებლოდ იეჰოვას დიდებული საქმეების უდიდესი გამოვლენის მაგალითი?
14 კაცობრიობის სასარგებლოდ იეჰოვას დიდებული საქმეები გამოვლინდა მაშინ, როდესაც მან საკუთარი მხოლოდშობილი ძე — აღთქმული თესლი, იესო ქრისტე — გამომსყიდველურ მსხვერპლად გაიღო (იოანე 3:16; საქმეები 2:29—36). გამოსყიდვამ ღმერთთან შერიგებისთვის საფუძველი შექმნა (მათე 20:28; რომაელთა 5:11). იეჰოვამ პირველ შემორიგებულებს ქრისტიანულ კრებაში მოუყარა თავი; ეს კრება კი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაფუძნდა. სულიწმიდის დახმარებით ქრისტიანები კეთილ ცნობას ყველგან ქადაგებდნენ; ისინი ხალხს უჩვენებდნენ, თუ როგორ გაუხსნა იესოს სიკვდილმა და მკვდრეთით აღდგომამ მორჩილ ადამიანებს მარადიული კურთხევებისკენ მიმავალი გზა — კურთხევებისა, რომლებსაც ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველობისას მიიღებდნენ.
15. როგორ იმოქმედა იეჰოვამ ბრწყინვალედ ჩვენს დღეებში?
15 ჩვენს დღეებში იეჰოვამ ბრწყინვალედ იმოქმედა ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილის უკანასკნელი წევრების შესაგროვებლად. გამანადგურებელი ქარები შეკავებულ იქნა იმ მიზნით, რომ დაბეჭდილიყო 144 000-ის დარჩენილი წევრები, რომლებმაც ზეცაში ქრისტესთან ერთად უნდა იმეფონ (გამოცხადება 7:1—4; 20:6). ღმერთმა იზრუნა იმისათვის, რომ ცხებული ქრისტიანები „დიდი ბაბილონის“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, სულიერი ტყვეობიდან გათავისუფლებულიყვნენ (გამოცხადება 17:1—5). 1919 წელს იმ გათავისუფლებამ და მას შემდეგ ღვთის მფარველობამ ცხებულთა დარჩენილ ნაწილს რის საშუალება მისცა? იმის, რომ ანათონ და საბოლოოდ დაუმოწმონ ადამიანებს, ვიდრე იეჰოვა სატანის ბოროტ წუთისოფელს გაანადგურებს „დიდ გასაჭირში“, რომელიც ძალიან სწრაფად ახლოვდება (მათე 24:21; დანიელი 12:3; გამოცხადება 7:14).
16. რა ხდება დღეს სამეფოს შესახებ ქადაგებასთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს?
16 იეჰოვას ცხებულმა მოწმეებმა მსოფლიო მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობა დიდი ენთუზიაზმით წამოიწყეს. შედეგად, „სხვა ცხვრების“ რაოდენობა, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები ხდებიან, უფრო და უფრო იზრდება (იოანე 10:16). ჩვენ მოხარული ვართ იმით, რომ ჯერ კიდევ არის იეჰოვას განდიდებაში დედამიწაზე მცხოვრებ თვინიერთა შემოერთების შესაძლებლობა. ისინი, რომლებიც მოწვევას, „მოდი!“, დადებითად ეხმაურებიან, დიდი გასაჭირის გადამტანთა შორის იქნებიან და იეჰოვას მარადიულად განდიდების პერსპექტივა აქვთ (გამოცხადება 22:17).
ათასები იყრიან თავს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში
17. ა) როგორ აკეთებს იეჰოვა დიდებულ საქმეებს ჩვენს სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ სრულდება ზაქარიას 8:23?
17 იეჰოვა ახლა ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით დიდებულ და სანაქებო საქმეებს აკეთებს (მარკოზი 13:10). გასულ წლებში მან ‘გააღო ღვაწლის ფართე კარი’ (1 კორინთელთა 16:9). ამან შესაძლებელი გახადა კეთილი ცნობის ქადაგება იმ ვრცელ ტერიტორიებზე, რომლებზეც ადრე ჭეშმარიტების მტრები ეღობებოდნენ. მრავალი ადამიანი, რომლებიც ადრე სულიერ წყვდიადში ცხოვრობდნენ, ახლა ეხმაურება იეჰოვასადმი თაყვანისცემისთვის მიწვევას. მათზე სრულდება წინასწარმეტყველური სიტყვები: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ისინი, ვისაც „ათი კაცი“ მიმართავს, სულიერი იუდაელები, დღევანდელი სულითცხებულების დარჩენილი ნაწილის წევრები არიან. რადგან ათი მიწიერი სისრულის მაჩვენებელია, „ათი კაცი“ „უამრავი ხალხია“, რომლებიც „ღვთის ისრაელთან“ არიან დაკავშირებული, რის შემდეგაც ისინი, ქმნიან „ერთ ფარას“ (გამოცხადება 7:9, 10; გალატელთა 6:16). რაოდენ სასიხარულოა ამდენი ადამიანის წმინდა მსახურებაში გაერთიანება და მათი იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლებად ხილვა!
18, 19. რა მტკიცება არსებობს, რომ სამქადაგებლო საქმიანობა იეჰოვას მიერაა კურთხეული?
18 ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ ათობით და ასობით ათასები ხდებიან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იმ ქვეყნებში, სადაც ერთ დროს ცრუ რელიგია ზეობდა და სადაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს ხალხი არასოდეს მიიღებდა კეთილ ცნობას. გადახედეთ 2000 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულს“ და შენიშნეთ ის ქვეყნები, რომლებიდანაც ამჟამად მაუწყებელთა 100 000-დან დაახლოებით 1 000 000 მდე რიცხვს იტყობინებიან. ეს საკმაოდ მტკიცედ ადასტურებს, რომ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა იეჰოვას მიერ არის კურთხეული (იგავნი 10:22).
19 როგორც იეჰოვას ხალხი, ჩვენ განვადიდებთ და მადლობას ვწირავთ ზეციერ მამას იმისათვის, რომ ცხოვრების ნამდვილი აზრი გვაპოვნინა, ჯილდოს მომტან მსახურებაში მონაწილეობა შეგვაძლებინა და მომავლის ბრწყინვალე იმედი მოგვცა. მთელი გულით მოველით ღვთის ყველა აღთქმის შესრულებას და გადაწყვეტილი გვაქვს, ‘დავიცვათ ჩვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაველოდოთ წყალობას საუკუნო სიცოცხლისთვის’ (იუდა 20, 21). რამდენად აღფრთოვანებული ვართ, როდესაც ვხედავთ ღვთის განმადიდებელ უამრავ ხალხს, რომელთა რიგებიც ახლა დაახლოებით 6 000 000 ითვლის! იეჰოვას აშკარა კურთხევით, ცხებულთა დარჩენილი ნაწილი თავის თანამსახურ სხვა ცხვრებთან ერთად ორგანიზებულად მსახურობს 235 ქვეყნის დაახლოებით 91 000 კრებაში. „ერთგული და გონიერი მონის“ დაუცხრომელი ძალისხმევის წყალობით ყველა დაპურებული ვართ სულიერად (მათე 24:45). პროგრესული თეოკრატიული ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეთა 110 ფილიალის მეშვეობით სიყვარულით უწევს მეთვალყურეობას სამეფო საქმიანობას. დიდად მადლობლები ვართ იმისათვის, რომ იეჰოვამ თავისი ხალხის გული აღძრა იმისათვის, რომ ‘პატივი მიეგოთ მისთვის თავიანთი ქონებიდან’ (იგავნი 3:9, 10). ასე რომ, მსოფლიო მასშტაბით ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა გრძელდება; ამისათვის ვიყენებთ სტამბებს, ბეთელებსა და მისიონერთა სახლებს, სამეფო და საკონგრესო დარბაზებს, რომლებსაც საჭიროებისდა მიხედვით ვაგებთ.
20. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იეჰოვას დიდებულ და სანაქებო საქმეებზე დაფიქრებამ?
20 შეუძლებელია ჩამოვთვალოთ ჩვენი ზეციერი მამის ყველა დიდებული და სანაქებო საქმე. მაგრამ შეუძლია კი სუფთა გულის რომელიმე ადამიანს, არ შეუერთდეს იეჰოვას განმადიდებლებს? რასაკვირველია, არა! ამიტომ, დაე ღვთის ყველა მოყვარულმა სიხარულით შესძახოს: „ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში. ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო. . . ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში“ (ფსალმუნი 148:1, 2, 12, 13). დიახ, ახლაც და მარადიულადაც, მოდი ყოველთვის ვადიდოთ იეჰოვა თავისი დიდებული საქმეებისთვის!
როგორ უპასუხებდით?
• რომელია იეჰოვას ზოგი სანაქებო საქმე?
• რა აღგძრავთ იეჰოვას განსადიდებლად?
• როგორ არის ჩვენი იმედი ღვთის დიდებულ საქმეებთან დაკავშირებული?
• როგორ აკეთებს იეჰოვა სანაქებო საქმეებს სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 10 გვერდზე]
მთელი გულით უერთდებით თუ არა იეჰოვას განსადიდებელი სიმღერების შემსრულებელთ?
[სურათები 13 გვერდზე]
ჩვენ ვხარობთ იმით, რომ თვინიერ ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ იეჰოვას განმადიდებლებთან შეერთების შესაძლებლობა.