არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რით განსხვავდება ხელმძღვანელი საბჭო იურიდიული კორპორაციისგან

რით განსხვავდება ხელმძღვანელი საბჭო იურიდიული კორპორაციისგან

რით განსხვავდება ხელმძღვანელი საბჭო იურიდიული კორპორაციისგან

პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოველწლიური შეხვედრა 1885 წლის იანვრიდან ტარდება. XIX საუკუნის მიწურულს, როდესაც ცხებულ ქრისტიანთა შეკრება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, ამ კორპორაციის დირექტორატის წევრებსა და პასუხისმგებელ პირებს ზეციერი ცხოვრების იმედი ჰქონდათ. ფაქტობრივად, ეს თითქმის ყოველთვის ასე იყო.

იყო მხოლოდ ერთი გამონაკლისი. 1940 წელს ჰეიდენ კოვინგტონი — საზოგადოების მაშინდელი იურისკონსულტი და დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე „სხვა ცხვრების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი — საზოგადოების დირექტორატის წევრად იქნა არჩეული (იოანე 10:16). 1942—1945 წლებში ის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტადაც მსახურობდა. 1945 წელს ძმა კოვინგტონმა მორჩილად დატოვა დირექტორთა რიგები, რათა შეესრულებინა, როგორც მაშინ ჩანდა, იეჰოვას ნება და პენსილვანიის კორპორაციაში ყველა დირექტორი და პასუხისმგებელი პირი ცხებული ქრისტიანი ყოფილიყო. დირექტორატში კოვინგტონი ლაიმენ სვინგლმა შეცვალა, ვიცე-პრეზიდენტად კი ფრედერიკ ფრენცი დანიშნეს.

რატომ იყვნენ იეჰოვას მსახურები დარწმუნებული, რომ პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დირექტორატის ყველა წევრი და ყველა პასუხისმგებელი პირი ცხებული ქრისტიანი უნდა ყოფილიყო? იმიტომ რომ იმხანად პენსილვანიის კორპორაციის დირეტქორატის წევრებსა და პასუხისმგებელ პირებს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოსთან აიგივებდნენ. ხელმძღვანელი საბჭო კი ყოველთვის მხოლოდ სულითცხებული მამაკაცებისგან შედგებოდა.

ისტორიული ყოველწლიური შეხვედრა

1944 წლის 2 ოქტომბერს პიცბურგში ჩატარებულ ყოველწლიურ შეხვედრაზე პენსილვანიის კორპორაციის წევრებმა მიიღეს ექვსი რეზოლუცია, რომლებსაც გარკვეული შესწორებები შეჰქონდა წესდებაში. იმ წესდების თანახმად, ხმის უფლებისთვის შეწირული თანხა საზოგადოების საქმიანობის ფონდში ირიცხებოდა, მაგრამ მესამე შესწორების თანახმად, ეს ღონისძიება გაუქმდა. ყოველწლიური შეხვედრის ანგარიშში ნათქვამი იყო: „საზოგადოების წევრთა რაოდენობა შეიზღუდა, ის არ უნდა აღემატებოდეს 500-ს. . . ყოველი, ვისაც აირჩევენ, საზოგადოების სრული დროით მსახური უნდა იყოს ან იეჰოვას მოწმეთა [კრების] არასრული დროით მსახური, და უფლის სულს უნდა ავლენდეს“.

ამგვარად, საზოგადოების დირექტორატის წევრებს ისინი აირჩევდნენ, რომლებიც იეჰოვასადმი იყვნენ მთლიანად მიძღვნილი და დამოკიდებული არ იქნებოდა იმ ფულის რაოდენობაზე, რომელსაც ისინი სამეფოს საქმიანობის წინ წასაწევად შესწირავდნენ. ეს სწორედ ისე თანდათანობით მოხდა, როგორც იყო ესაიას 60:17-ში ნაწინასწარმეტყველები: „სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“. ამ წინასწარმეტყველებაში „განმგებლისა“ და „ზედამხედველის“ მოხსენიება იეჰოვას ხალხს შორის ორგანიზაციული საკითხების გაუმჯობესებაზე მიუთითებდა.

ორგანიზაციის თეოკრატიულ რელსებზე გადასვლის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი დანიელის 8:14-ში მოხსენიებულ „ორიათას სამასი საღამოსა და დილის“ დასასრულს გადაიდგა. ამ დროს ‘განიწმიდა საწმიდარი’.

მაგრამ 1944 წლის ისტორიული ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დარჩა უპასუხოდ. რადგან მაშინ ხელმძღვანელ საბჭოს პენსილვანიის კორპორაციის შვიდწევრიან დირექტორატთან აიგივებდნენ, ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრთა რაოდენობა ვერასოდეს იქნებოდა შვიდ ცხებულ ქრისტიანზე მეტი? გარდა ამისა, რადგან დირექტორატს კორპორაციის წევრები ირჩევდნენ, ყოველწლიურად ირჩევდნენ თუ არა კორპორაციის წევრები ხელმძღვანელი საბჭოს წევრებსაც წლიურ შეხვედრაზე? არიან თუ არა პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დირექტორატის წევრები და პასუხისმგებელი პირები და ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ერთი და იგივე თუ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

სხვა დაუვიწყარი ყოველწლიური შეხვედრა

ამ კითხვებს 1971 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ ყოველწლიურ შეხვედრაზე გაეცა პასუხები. მაშინ ერთმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელმა საბჭომ პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკზე“ ასობით წელზე მეტი ხნით ადრე დაიწყო მოქმედება (მათე 24:45—47). ხელმძღვანელი საბჭო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩამოყალიბდა და პენსილვანიის კორპორაციის დაფუძნებამდე 18 საუკუნით ადრე არსებობდა. თავიდან ხელმძღვანელი საბჭო შედგებოდა არა 7 კაცისგან, არამედ 12 მოციქულისგან. როგორც ჩანს, მათი რაოდენობა მოგვიანებით გაიზარდა, რადგან ‘მოციქულები და ხუცესები’ ხელმძღვანელობდნენ (საქმეები 15:2).

1971 წელს იმავე მომხსენებელმა განმარტა, რომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წევრები ვერ აირჩევდნენ ხელმძღვანელი საბჭოს ცხებულ წევრებს. რატომ? „იმიტომ რომ, — აღნიშნა მან, — ‘მონის’ კლასის ხელმძღვანელი საბჭო ადამიანების მიერ არ ინიშნება. მას. . . ჭეშმარიტი ქრისტიანული კრების თავი და ‘ერთგული და გონიერი მონის’ კლასის უფალი და მოძღვარი, იესო ქრისტე, ნიშნავს“. მაშ, ცხადია, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს ვერც ერთი იურიდიული კორპორაციის წევრები ვერ აირჩევენ.

შემდეგ მომხსენებელმა შემდეგი მნიშვნელოვანი რამ განაცხადა: „ხელმძღვანელ საბჭოს არა ჰყავს ისეთი პასუხისმგებელი პირები, როგორებიც საზოგადოების დირექტორატს ჰყავს, კერძოდ კი, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ხაზინადარი და ხაზინადრის თანაშემწე. მას მხოლოდ თავმჯდომარე ჰყავს“. მრავალი წლის განმავლობაში პენსილვანიის კორპორაციის პრეზიდენტი ხელმძღვანელ საბჭოში მთავარი წევრი იყო. ეს ასე აღარ იქნებოდა. თუმცა ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს თანაბარი გამოცდილება და უნარი არა აქვთ, მათ თანაბარი პასუხისმგებლობები ექნებოდათ. მომხსენებელმა დასძინა: „ხელმძღვანელი საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია იყოს თავმჯდომარე და ამავე დროს არ იყოს. . . საზოგადოების პრეზიდენტი. . . ყოველივე ეს დამოკიდებულია ხელმძღვანელ საბჭოში თავმჯდომარეობის მონაცვლეობით სისტემაზე“.

1971 წლის იმ დაუვიწყარ ყოველწლიურ შეხვედრაზე ნათლად იქნა დანახვებული სულითცხებული წევრებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოსა და პენსილვანიის კორპორაციის დირექტორატს შორის არსებული განსხვავება. და მაინც, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები კვლავაც მსახურობდნენ როგორც საზოგადოების დირექტორატის წევრები და პასუხისმგებელი პირები. მაგრამ დღეს იბადება კითხვა: არის იმისათვის რაიმე ბიბლიური საფუძველი, რომ პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დირექტორატის წევრი ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყოს?

არა,— ასეთია პასუხი. პენსილვანიის კორპორაცია არ არის მხოლოდ ერთადერთი იურიდიული კორპორაცია, რომელსაც იეჰოვას მოწმეები იყენებენ. არსებობს სხვა კორპორაციებიც. ერთ-ერთი მათგანია ნიუ-იორკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“. ის ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში ჩვენს საქმიანობას. იეჰოვას მიერ ამ კორპორაციის კურთხევა აშკარაა, თუმცა მისი დირექტორატის წევრები და პასუხისმგებელი პირები, ძირითადად, „სხვა ცხვრების“ წარმომადგენლები არიან. ბრიტანეთში იყენებენ ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციას. სხვა ქვეყნებში სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად სხვა იურიდიული ორგანოები გამოიყენება. ისინი, ყველა, ერთმანეთთან თანამშრომლობენ და თავიანთ როლს ასრულებენ მსოფლიოს მასშტაბით კეთილი ცნობის ქადაგებაში. მნიშვნელობა არა აქვს, სად არიან ეს იურიდიული ორგანოები ან ვინ არიან მათი წევრები, მთავარია, რომ ისინი თეოკრატიულ კურსს მიჰყვებიან და მათ იყენებს ხელმძღვანელი საბჭო. მაშასადამე, ასეთი იურიდიული ორგანოები სამეფო ინტერესების წინ წასაწევად არსებობს.

ჩვენთვის ძალზე სასარგებლოა იურიდიული ორგანოების არსებობა. ამგვარად, ჩვენ ვემორჩილებით ადგილობრივ და საერთაშორისო კანონებს, რაც ღვთის სიტყვით მოგვეთხოვება (იერემია 32:11; რომაელთა 13:1). იურიდიული კორპორაციები ბიბლიის, წიგნების, ჟურნალების, ბროშურებისა და სხვა მასალების ბეჭდვით ხელს უწყობს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას. ასეთი იურიდიული ორგანოები იმის კანონიერი საშუალებაცაა, რომ მოგვარდეს საკითხები, რომლებიც საკუთრების ფლობას, დახმარების აღმოჩენას, საკონგრესო შენობებისთვის კონტრაქტების დადებასა და სხვა მსგავს საქმეებს ეხება. ჩვენ დიდად მადლიერები ვართ ასეთი იურიდიული ორგანოების მომსახურებისთვის.

იეჰოვას სახელის წინა პლანზე წამოწევა

1944 წელს პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წესდების მეორე პუნქტში შეტანილ იქნა შესწორება იმასთან დაკავშირებით, რომ ხაზგასმული ყოფილიყო ამ კორპორაციის მიზნები. ამ წესდების თანახმად, საზოგადოების მთავარი მიზანია შემდეგი: „ექადაგოს სახარება ღვთის სამეფოზე, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს, ყველა ხალხს იეჰოვა ღმერთის სახელის, სიტყვისა და უზენაესი ღვთაებრივობის შესახებ დასამოწმებლად“.

1926 წლიდან „ერთგულმა მონამ“ წინა პლანზე წამოსწია იეჰოვას სახელი. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო 1931 წელი, როდესაც ბიბლიის მკვლევარებს იეჰოვას მოწმეები ეწოდათ (ესაია 43:10—12). საზოგადოების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში ხაზი ესმებოდა ღვთის სახელს; ამ პუბლიკაციებს შორის იყო: „იეჰოვა“ (1934), „წმიდა იყოს სახელი შენი“ (1961) და „ერები დაინახავენ, რომ მე ვარ იეჰოვა — როგორ?“ (1971).

განსაკუთრებით უნდა მოვიხსენიოთ „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც ინგლისურ ენაზე მთლიანად 1960 წელს გამოიცა. მასში მოცემულია იეჰოვას სახელი ყველგან, სადაც ებრაულ წერილებში ტეტრაგრამატონი გვხვდება. ამ თარგმანში ღვთის სახელი მოცემულია ბერძნული წერილების 237 იმ ადგილას, რომლებშიც გულმოდგინე ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ უნდა ყოფილიყო. რამდენად მადლიერები ვართ, რომ იეჰოვამ „მონასა“ და მის ხელმძღვანელ საბჭოს ბეჭდვითი სიტყვისა და იურიდიული ორგანოების მეშვეობით თავისი სახელის მთელი დედამიწისთვის უწყების საშუალება მისცა!

ღვთის სიტყვის გავრცელებისთვის უპირატესობის მინიჭება

იეჰოვას ხალხი გამუდმებით ამოწმებდა ღვთის სახელზე და — ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებისა და ბიბლიის გამოცემით, ამასთანავე ქადაგებით — მხარს უჭერდა მის სიტყვას. XX საუკუნის დასაწყისში საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ბენჯამინ ვილსონის ბერძნულ-ინგლისური სტრიქონობრივი თარგმანის „ემფეტიკ დიაგლოტის“ საავტორო უფლების მფლობელი გახდა. საზოგადოებამ გამოსცა „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ ბიბლიის მკვლევართა გამოცემა 500-გვერდიანი დანართით. 1942 წელს გამოიცა „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ პარალელური ადგილებით. შემდეგ, 1944 წელს, საზოგადოებამ დაიწყო „ამერიკული სტანდარტული თარგმანის“ ბეჭდვა, რომელშიც გამოყენებულია ღვთის სახელი. იეჰოვას სახელი მოცემული იყო აგრეთვე ბიბლიის სხვა თარგმანში („The Bible in Living English“), რომელიც საზოგადოებამ 1972 წელს გამოსცა.

იეჰოვას მოწმეების იურიდიული ორგანოები ხელს უწყობდნენ ბიბლიის ყველა ამ თარგმანის ბეჭდვასა და გავრცელებას. მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი იყო საზოგადოება „საგუშაგო კოშკისა“ და იეჰოვას იმ ცხებულ მოწმეთა თანამშრომლობა, რომლებიც ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტში შედიოდნენ. დიდად გვახარებს ის ფაქტი, რომ დღემდე ამ თარგმანის 106 400 000 ეგზემპლარი, მთლიანად ან ნაწილობრივ, 38 ენაზეა დაბეჭდილი. პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ნამდვილად ბიბლიის საზოგადოებაა!

‘ერთგული მონა ბატონმა თავის საბადებელზე დააყენა’. ამ საბადებელში შედის ნიუ-იორკის შტატში მდებარე მთავარი სამმართველო და მსოფლიოში ამჟამად მოქმედი 110 ფილიალი. მონის კლასის წევრებმა იციან, რომ მათ მოუწევთ ანგარიშის ჩაბარება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებდნენ იმას, რაც მიანდეს (მათე 25:14—30). მაგრამ ეს „მონას“ არ აკავებს იმისაგან, რომ იურიდიული და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შესასრულებლად „სხვა ცხვრების“ წარმომადგენელი დახელოვნებული ზედამხედველები გამოიყენოს. ფაქტობრივად, ეს ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს ‘ლოცვისა და სიტყვის მსახურებისთვის’ მეტი დროის დათმობის შესაძლებლობას უქმნის (საქმეები 6:4).

ვიდრე წუთისოფლის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც ‘ერთგული და გონიერი მონის’ წარმომადგენელია, გამოიყენებს იურიდიულ ორგანოებს. ეს მოსახერხებელია, მაგრამ არა აუცილებელი. თუ კანონიერი კორპორაცია ხელმძღვანელი საბჭოს მიერ გაუქმდება, სამქადაგებლო საქმიანობა მაინც გაგრძელდება. ახლაც კი იმ ქვეყნებში, სადაც აკრძალვებია და არავითარი იურიდიული ორგანოები არ ფუნქციონირებს, სამეფოს ცნობის ქადაგება, მოწაფეების მომზადება და თეოკრატიული ზრდა გრძელდება. ეს ხდება იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმეები რგავენ და რწყავენ, ხოლო ‘ღმერთი ზრდის’ (1 კორინთელთა 3:6, 7).

რაც შეეხება მომავალს, დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა იზრუნებს თავისი ხალხის სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებებზე. ის და თავისი ძე, იესო ქრისტე, კვლავაც განაგრძობენ ზეციერი მითითებებითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფას, რაც სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის დასასრულებლად არის საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც ღვთის მსახურთა, მიღწევები განპირობებულია „არა ძალითა და ძლიერებით“, არამედ ‘იეჰოვას სულით’ (ზაქარია 4:6). ამიტომ ვლოცულობთ ღვთის დახმარებისთვის და ვიცით, რომ იეჰოვას ძალით შევძლებთ იმ საქმის შესრულებას, რომლის კეთებაც მან ამ სისტემის აღსასრულის ჟამს დაგვავალა!