არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ სჭირდება კაცობრიობას დამხმარე

რატომ სჭირდება კაცობრიობას დამხმარე

რატომ სჭირდება კაცობრიობას დამხმარე

‘მე სასტიკი მდევნელი ვიყავი’, — აღიარა მამაკაცმა, რომელსაც ერთ დროს ამაყ და დაუნდობელ ადამიანად იცნობდნენ. ის აგრესიული და ღვთის მგმობელი იყო; მხეცურად ესხმოდა თავს და არ ინდობდა იესო ქრისტეს ღვთისმოშიშ მიმდევრებს. „მაგრამ შეწყალებულ ვიქენი“, — მადლიერებით აღნიშნა მან. როგორ დაუჯერებლადაც უნდა გვეჩვენებოდეს, ეს დაუნდობელი მდევნელი ერთგული ქრისტიანი, მოციქული პავლე, გახდა (1 ტიმოთე 1:12—16; საქმეები 9:1—19).

ყველა არ ვეწეოდით ისეთ ცხოვრებას, როგორსაც პავლე, მაგრამ მაინც არც ერთი შევესაბამებით ღვთის ნორმებს. რატომ? იმიტომ რომ ‘ყველამ შევცოდეთ და მოკლებულნი ვართ ღვთის დიდებას’ (რომაელთა 3:23). უფრო მეტიც, ძალიან ადვილად შეიძლება დაგვძლიოს გულგატეხილობამ და იმაზე ფიქრმა, რომ მეტისმეტად ცუდები ვართ და ღვთის შეწყალებას ვერ მივიღებთ. როდესაც თავის ცოდვილ მიდრეკილებებზე ფიქრობდა, პავლემ შესძახა: „უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?“ შემდეგ თვითონვე უპასუხა თავის კითხვას: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ“ (რომაელთა 7:24, 25).

როგორ შეეძლო სამართლიან შემოქმედს, ურთიერთობა ჰქონოდა ცოდვილებთან? (ფსალმუნი 5:5). ყურადღება მიაქციე, რა თქვა პავლემ: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ“. სხვა ადამიანმა, რომელიც ღმერთმა შეიწყალა, თქვა: «თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი [„დამხმარე“, აქ] მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი» (1 იოანე 2:1, 2).

რატომ ეწოდება იესოს „დამხმარე მამის წინაშე“? რანაირად არის ის „ცოდვების მიმტევებელი“?

რატომ ვსაჭიროებთ დამხმარეს

იესო იმისათვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ‘თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). გამოსასყიდი არის ფასი, რასაც იმისათვის იხდიან, რომ დაიბრუნონ ან გაათავისუფლონ ვინმე ან რამე. ებრაული სიტყვა, რომელიც „გამოსყიდვად“ არის ნათარგმნი, ნიშნავს ცოდვების დაფარვას ან მიტევებას (ფსალმუნი 77:38). ბერძნული სიტყვა, რომელიც მათეს 20:28-ში გვხვდება, ძირითადად, ომის დროს ტყვეობაში მყოფთა ან მონების გასათავისუფლებლად გადახდილ გამოსასყიდთან დაკავშირებით გამოიყენება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ გამოსასყიდი იმის შესაბამისი ფასი იყოს, რისთვისაც იხდიან.

ღვთის წინააღმდეგ პირველი ადამიანის ამბოხების გამო ყველა მონობის უღელში აღმოჩნდა. როგორც „დაბადების“ მესამე თავში ვკითხულობთ, პირველმა ადამიანმა, ადამმა, იეჰოვა ღმერთისადმი დაუმორჩილებლობა არჩია. ასეთნაირად ის და მისი ჯერ არ შობილი შთამომავლები ცოდვისა და სიკვდილის მონები გახდნენ. ამიტომ ადამმა თავისთვისაც და თავისი შთამომავლობისთვისაც დაკარგა სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის ძღვენი (რომაელთა 5:12, 18, 19; 7:14).

ძველად ისრაელს ღმერთმა ცხოველური შესაწირავი დაუწესა, რომ ხალხს თავისი ცოდვები გამოესყიდა, ანუ დაეფარა (ლევიანნი 1:4; 4:20, 35). ფაქტობრივად, ცხოველის სიცოცხლე ცოდვილი ადამიანის სიცოცხლის ნაცვლად იწირებოდა (ლევიანნი 17:11). ამიტომ „შენდობის დღეს“ შეიძლება „გამოსყიდვის დღეც“ ეწოდოს (ლევიანნი 23:26—28).

რადგანაც ადამიანი ცხოველზე მაღლა დგას, შეუძლებელი იყო „ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების [სამუდამოდ] მოსპობა“ (ებრაელთა 10:1—4). შესაწირს რომ ცოდვების გამოსყიდვა ან დაფარვა შეძლებოდა, იმის შესაბამისი ფასი უნდა ჰქონოდა, რაც ადამმა დაკარგა. სამართლიანობის სასწორი მოითხოვდა, სრულყოფილი ადამიანის (ადამის) მიერ დაკარგული სრულყოფილ ადამიანსვე (იესო ქრისტეს) გაეწონასწორებინა. მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს შეეძლო ადამის შთამომავლობის გამოსყიდვა იმ მონობიდან, რომელშიც ადამის დაუმორჩილებლობის გამო აღმოჩნდნენ. „სიცოცხლე სიცოცხლის წილ“ სამართლიანი მოთხოვნა იყო (გამოსვლა 21:23—25).

როდესაც ადამმა შესცოდა, მისი ჯერ არშობილი შთამომავლობა მასთან ერთად დაექვემდებარა სიკვდილის განაჩენს. სრულყოფილმა ადამიანმა, იესომ, „უკანასკნელმა ადამმა“, ნებაყოფლობით თქვა უარი ოჯახის შექმნაზე (1 კორინთელთა 15:45). მას არ ჰყავდა შვილები, როდესაც სრულყოფილ ადამიანად შეეწირა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მისი შთამომავლობა, რომელიც შეიძლებოდა ჰყოლოდა, ასე ვთქვათ, მასთან ერთად მოკვდა. ადამის ცოდვილი და მოკვდავი მოდგმა იესომ თავისად მიიჩნია. მან უარი თქვა საკუთარი ოჯახის შექმნაზე. თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის შეწირვით, იესომ ადამის მთელი შთამომავლობა გამოისყიდა, ისე რომ, ის მისი ოჯახი, თვითონ კი მათი „მარადისობის მამა“ გახდა (ესაია 9:5, 6).

იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა მორჩილ კაცობრიობას ღვთის პატიების მიღებისა და მარადიული სიცოცხლის მიღწევის საშუალება მისცა. ამიტომ წერდა მოციქული პავლე: „ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23). ჩვენ აღძრულები ვართ, განვადიდოთ იეჰოვა იმ სიყვარულისა და თანაგძნობისათვის, რომელიც გამოსყიდვით გამოავლინა, რაც უდიდესი მსხვერპლი იყო მისთვის და მისი საყვარელი ძისთვის (იოანე 3:16). იესომ, უეჭველად, დაამტკიცა, რომ ის ჩვენი ‘დამხმარეა მამის წინაშე’ (აქ), როდესაც ზეციური ცხოვრებისთვის აღდგა და წარუდგინა ღმერთს გამომსყიდველური მსხვერპლის ფასი (ებრაელთა 9:11, 12, 24; 1 პეტრე 3:18) *. მაგრამ ახლა როგორ ამტკიცებს იესო ქრისტე, რომ ჩვენი დამხმარეა ზეცაში?

[სქოლიო]

^ აბზ. 12 იხილეთ მე-4 და მე-7 თავები საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“.

[სურათი 4 გვერდზე]

იესოს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე ადამის შთამომავლობის გამოსასყიდი ფასი გახდა.