იეჰოვას ძიება მომზადებული გულით
იეჰოვას ძიება მომზადებული გულით
ისრაელი მღვდელი ეზრა ცნობილი მკვლევარი, სწავლული, გადამწერი და რჯულის მასწავლებელი იყო. დღეს ის ქრისტიანებისთვისაც მთელი გულით მსახურების კარგი მაგალითია. რა მხრივ? მაგალითად, მან ღვთისადმი ერთგულება ბაბილონში ცხოვრების დროსაც კი შეინარჩუნა, იმ ქალაქში, რომელიც სავსე იყო ცრუ ღვთაებებითა და დემონთა თაყვანისცემით.
ეზრას ღვთისადმი ერთგულება თავისთავად არ გასჩენია, ის მუშაობდა ამაზე. ეზრა გვეუბნება: „განუმზადა გული თჳისი, რათა მოიძიოს სჯული უფლისა, და რათა ქმნას“ (პირველი ეზრა 7:10, ძვო).
ეზრას მსგავსად, იეჰოვას ხალხსაც სურს ყველაფრის კეთება, რასაც იეჰოვა მოითხოვს მათგან, თუმცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი მტრულად განწყობილ წუთისოფელში ცხოვრობენ. ასე რომ, მოდი გამოვნახოთ საშუალებები, რომლითაც ჩვენი გულის, ჩვენი შინაგანი პიროვნების, მომზადებას შევძლებთ — აზროვნების, განწყობილების, სურვილებისა და მოტივების ჩათვლით — ‘უფლის რჯულის საძიებლად [და] მის შესასრულებლად’.
გულის მომზადება
„მომზადება“ ნიშნავს „წინასწარ ნიადაგის, საფუძვლის, სათანადო პირობების შექმნას რისამე განსახორციელებლად“. რა თქმა უნდა, თუ შეიცანი ღვთის სიტყვის ზუსტი შემეცნება და იეჰოვას მიუძღვენი თავი, შენი გული უკვე მომზადებულია და შეიძლება შეედაროს იმ „პოხიერ ნიადაგს“, რომელზეც იესო საუბრობდა მთესველის შესახებ იგავში (მათე 13:18—23).
მიუხედავად ამისა, ჩვენი გული მუდმივ ყურადღებასა და გაწმენდას საჭიროებს. რატომ? ორი მიზეზის გამო. პირველი, რადგანაც მავნე მიდრეკილებებს, ბაღში ამოსული სარეველა ბალახივით, ადვილად შეუძლიათ ფესვების გადგმა, განსაკუთრებით კი ამ „უკანასკნელ დღეებში“, როდესაც სატანის სისტემის „ჰაერი“, ისე როგორც არასდროს, სავსეა ხორციელი აზროვნების მავნე თესლებით (2 ტიმოთე 3:1—5; ეფესელთა 2:2). მეორე მიზეზი თვითონ ნიადაგს ეხება; მოუვლელად მიტოვებული ნიადაგი შეიძლება მალე გამოშრეს, გახმეს და უნაყოფო გახდეს. ან უამრავმა ხალხმა შეიძლება უთავბოლოდ იაროს ბაღში და გათელოს, დატკეპნოს მისი ნიადაგი. ჩვენი გულის ფიგურალურ ნიადაგსაც შეიძლება იგივე დაემართოს; შეიძლება უნაყოფო გახდეს, თუ მივატოვებთ ან ისეთ ხალხს გავათელინებთ, ვისაც არ აინტერესებს ჩვენი სულიერი კეთილდღეობა.
მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის, გავითვალისწინოთ ბიბლიის გაფრთხილება: „შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავნი 4:23).
ფაქტორები, რომელიც ანოყიერებს ჩვენი გულის „ნიადაგს“
მოდი განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი, ანუ თვისება, რომელიც გაანოყიერებს ჩვენი გულის „ნიადაგს“, ისე რომ, ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს ჯანსაღ სულიერ ზრდას. რაღა თქმა უნდა, არსებობს ბევრი რამ, რაც გააუმჯობესებს ჩვენს გულს, მაგრამ ახლა მხოლოდ ექვს მათგანს განვიხილავთ: სულიერი მოთხოვნილებების შეგნება, თავმდაბლობა, პატიოსნება, ღვთისმოშიშება, რწმენა და სიყვარული.
„ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“, — თქვა იესომ (მათე 5:3, აქ). ფიზიკური შიმშილის მსგავსად, რომელიც საკვების მიღების აუცილებლობას შეგვახსენებს, ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების გათვითცნობიერება სულიერი საზრდოსადმი განუწყვეტელ შიმშილს გვინარჩუნებს. ადამიანებისთვის ბუნებრივია ასეთი საკვებისადმი ლტოლვა, რადგან ის აძლევს მათ ცხოვრებას აზრსა და მიზანს. სატანის სისტემის ზეგავლენამ ან აშკარა სიზარმაცემ შეიძლება ჩვენთვის მოსაბეზრებელი გახადოს ბიბლიის შესწავლა და ამის საჭიროება უგულებელვყოთ. მაგრამ იესომ თქვა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).
რეგულარული, გაწონასწორებული და ჯანსაღი კვება ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და მადის აღძვრას. იგივე ხდება სულიერი გაგებითაც. შეიძლება თავს ბეჯითად არ თვლი, მაგრამ, თუ ჩვევად გაიხდი ღვთის სიტყვის ყოველდღიურ კითხვას და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების რეგულარულ შესწავლას, დარწმუნდები, რომ მადა ჭამაში მოდის. მოუთმენლად დაელოდები ბიბლიის შესწავლისთვის დანიშნული დროის დადგომას. ასე რომ, იოლად ნუ დაყრი ფარ-ხმალს; იმუშავე ბევრი, რომ ჯანსაღმა სულიერმა მადამ გაიღვიძოს შენში.
თავმდაბლობა გულს ალბობს
თავმდაბლობა გულის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ის გვეხმარება სიყვარულით მოცემული რჩევა-დარიგებისა და შენიშვნის ადვილად მიღებაში. განვიხილოთ მეფე იოშიას შესანიშნავი მაგალითი. მისი მეფობის პერიოდში ნაპოვნი იქნა მოსეს მეშვეობით გადაცემული ღვთის რჯული. როდესაც იოშიამ მოისმინა რჯულის სიტყვები და დაინახა, რამდენად დაშორებია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას მისი მამა-პაპა, ტანსაცმელი შემოიხია და იეჰოვას წინაშე ატირდა. რატომ შეეხო ღვთის სიტყვა მეფის გულს ასე ძლიერ? ბიბლია გვიჩვენებს, რომ მას გული „ლმობიერი“ (აქ) ჰქონდა და ქედი მოიდრიკა. იეჰოვამ ყურადღების გარეშე არ დატოვა იოშიას თავმდაბალი, დამყოლი გული და შესაბამისად აკურთხა (მეოთხე მეფეთა 22:11, 18—20).
თავმდაბლობა აძლევდა იესოს „უწიგნურ და უმეცარ“ მოწაფეებს იმის საშუალებას, რომ ჩასწვდომოდნენ და გამოეყენებინათ სულიერი ჭეშმარიტებები, რომლებიც დაფარული იყო ‘ხორციელად ბრძენთა და გონიერთათვის’ (საქმეები 4:13; ლუკა 10:21; 1 კორინთელთა 1:26). ეს უკანასკნელები მომზადებული არ იყვნენ იეჰოვას სიტყვის მისაღებად, რადგან გული ქედმაღლობით ჰქონდათ გაქვავებული. გასაკვირია, რომ იეჰოვას ქედმაღლობა სძულს? (იგავნი 8:13; დანიელი 5:20).
პატიოსნება და ღვთისმოშიშება
წინასწარმეტყველმა იერემიამ დაწერა: „უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9). ეს უნდობლობა სხვადასხვა სახით იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, როდესაც თავს ვიმართლებთ არასწორი მოქმედების დროს. ეს აგრეთვე ჩანს პიროვნების სერიოზული ნაკლოვანებების გამართლების ძებნაში. მაგრამ პატიოსნება უნდო გულზე გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარება. ის დაგვეხმარება, გაბედულად შევხედოთ ჩვენს შესახებ ნათქვამ სიმართლეს თვალებში და მზად ვიყოთ გამოსასწორებლად. ფსალმუნმომღერალმა სწორედ ასეთი პატიოსნება გამოავლინა, როდესაც ლოცულობდა: „გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი“. ნათელია, ფსალმუნმომღერალს თავისი გული მომზადებული ჰქონდა, რომ გამოსწორებულიყო და გამოცდილიყო იეჰოვასგან, მაშინაც კი, თუ ეს ხენჯის მსგავსი თვისებების აღიარებას ნიშნავდა, რომლებიც ბრძმედში გატარებას და მოცილებას საჭიროებდა (ფსალმუნი 16:3; 25:2).
ღვთისმოშიშება, რომელსაც „სძულს ბოროტება“, ძლიერი დამხმარეა გაწმენდის ამ პროცესში (იგავნი 8:13). ადამიანი, რომელსაც ნამდვილად აქვს იეჰოვასადმი შიში, მიუხედავად იმისა, რომ აფასებს იეჰოვასგან მომდინარე მადლსა და სიკეთეს, იმასაც ყოველთვის გრძნობს, რომ იეჰოვას შესწევს ძალა, დასაჯოს და დახოცოს კიდეც ურჩები. იეჰოვამ ნათელყო, რომ ვისაც მისადმი შიში ჰქონდა, უნდა დამორჩილებოდა კიდეც მას. მან ისრაელებს მიმართა: „ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ“ (მეორე რჯული 5:26).
ნათელია, ღვთისმოშიშების მიზანი ის კი არ არის, რომ ძრწოლით ვიყოთ მორჩილებაში, არამედ მისი მიზანია, სიხარულით დავემორჩილოთ ჩვენს მოსიყვარულე მამას, რომელსაც საუკეთესო სურს ჩვენთვის. სინამდვილეში, ასეთი ღვთისმოშიშება, რომელსაც სრულად ავლენდა იესო ქრისტე, გამაკეთილშობილებელი და სიხარულის წყაროა (ესაია 11:3; ლუკა 12:5).
მომზადებული გული რწმენით მდიდარია
მტკიცე რწმენის მქონე გულმა იცის, რომ რასაც უნდა ითხოვდეს იეჰოვა ან გვითითებდეს მათე 6:33). სრულიად სამართლიანია, რომ იეჰოვა ურწმუნო გულს „ბოროტად“ მიიჩნევს (ებრაელთა 3:12).
თავისი სიტყვის მეშვეობით, ყოველთვის სწორია და ჩვენს ინტერესებს საუკეთესოდ ემსახურება (ესაი 48:17, 18). ასეთი გულის ადამიანი უდიდესი კმაყოფილების გრძნობას შეიძენს, თუ გამოიყენებს იგავის 3:5, 6-ში ჩაწერილ მოწოდებას: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. მაგრამ გულს, რომელსაც რწმენა აკლია, არ ექნება სურვილი, იეჰოვას მიენდოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასე მოქცევა ისეთ მსხვერპლს მოითხოვს, როგორიც არის ცხოვრების გაუბრალოება სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მიზნით (იეჰოვასადმი ჩვენი რწმენა მრავალ რამეში ვლინდება; ამაში შედის ის საქმეებიც, რასაც სახლში ვაკეთებთ, როდესაც ვერავინ გვხედავს. მაგალითისთვის ავიღოთ გალატელთა 6:7-ში მოცემული პრინციპი: „ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“. ამ პრინციპისადმი ჩვენი რწმენა აირეკლება იმაზე, თუ როგორ კინოფილმებს ვუყურებთ, როგორ წიგნებს ვკითხულობთ, რამდენად ხშირად ვიკვლევთ ბიბლიას და ვლოცულობთ. დიახ, მტკიცე რწმენა, რომელიც აღგვძრავს „სულისთვის“ დასათესად, მთავარი ფაქტორია ისეთი გულის შესაძენად, რომელიც მზად არის იეჰოვას სიტყვის მისაღებად და მისადმი დასამორჩილებლად (გალატელთა 6:8).
სიყვარული — უდიდესი თვისება
ჩვენი თვისებებიდან გულის ნიადაგს ყველაზე მეტად სიყვარული აქცევს ისეთად, რომ გამოეხმაუროს იეჰოვას სიტყვას. ამიტომ რწმენასა და იმედთან შედარებისას მოციქულმა პავლემ სიყვარული „უდიდეს“ თვისებად მოიხსენია (1 კორინთელთა 13:13, აქ). ღვთის სიყვარულით სავსე გული უდიდეს კმაყოფილებასა და სიხარულს პოულობს მისადმი მორჩილებით; რაღა თქმა უნდა, მას არ აღიზიანებს ღვთის მოთხოვნები. მოციქულმა იოანემ თქვა: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). იგივე თქვა იესო ქრისტემაც: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას“ (იოანე 14:23). ყურადღება მიაქციე, რომ ასეთ სიყვარულს სიყვარულითვე მიეგება სანაცვლო. დიახ, იეჰოვას ძლიერ უყვარს ისინი, ვინც იგივე გრძნობით არის გამსჭვალული მის მიმართ.
იეჰოვამ იცის, რომ არასრულყოფილები ვართ და ხშირად ვცოდავთ მის წინაშე. მიუხედავად ამისა, ის ჩვენგან შორს არ იჭერს თავს. იეჰოვა თავის მსახურებში ეძებს „წრფელ გულს“, რაც აღგვძრავს, ვემსახუროთ მზადყოფნითა და „ხალისიანი სულით“ (პირველი ნეშტთა 28:9). რა თქმა უნდა, იეჰოვამ იცის, რომ გულის კარგი თვისებებისა და სულის ნაყოფების განსავითარებლად დრო და ძალისხმევაა საჭირო (გალატელთა 5:22, 23). ამიტომ ის სულგრძელია ჩვენდამი, „რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:14). რადგან იესო მამის მსგავსად იქცეოდა, არასდროს აკრიტიკებდა თავის მოწაფეებს შეცდომების გამო, არამედ სულგრძელად ეხმარებოდა და ამხნევებდა მათ. ნუთუ არ აღგძრავს იეჰოვასა და იესოს ასეთი სიყვარული, გულმოწყალება და მოთმინება, უფრო მეტად გიყვარდეს ისინი? (ლუკა 7:47; 2 პეტრე 3:9).
თუ ხანდახან გიხდებათ ღრმად ფესვგადგმული, სარეველას მაგვარი ჩვევების წინააღმდეგ ბრძოლა ან სისხლსა და ხორცში გამჯდარი თვისებების ამოძირკვა, გულს ნუ გაიტეხთ და ხალისს ნუ დაკარგავთ. ნაცვლად ამისა, განაგრძეთ მუშაობა გასაუმჯობესებლად, იყავით „ლოცვაში მდგრადნი“, სთხოვეთ იეჰოვას სულიწმიდით დახმარება (რომაელთა 12:12). მისი გულმოდგინე დახმარებით შეძლებთ, ეზრას მსგავსად მთლიანად მოამზადოთ გული, რომ ‘ეძიოთ უფლის რჯული და შეასრულოთ’.
[სურათი 31 გვერდზე]
ეზრამ ბაბილონშიც კი შეინარჩუნა ღვთისადმი ერთგულება.
[საავტორო უფლება 29 გვერდზე]
Garo Nalbandian