დიდრონი თვალები — პაწაწინა ტანი!
უმრავლესობისთვის ის საყვარელი არსებაა, ზოგიერთისთვის კი — უცნაური. მას გრძელი და წვრილი კიდურები, ფაფუკი ბეწვი და დიდრონი, ბრჭყვიალა თვალები აქვს. მისი სხეულის სიგრძე დაახლოებით 12,5 სანტიმეტრია, წონა კი დაახლოებით —114 გრამი. ხვდებით, რომელ ცხოველზეა საუბარი? გრძელტერფაზე.
მოდი, უფრო ახლოს გავიცნოთ გრძელტერფასებრთა ერთი სახეობა, ფილიპინური გრძელტერფა. პაწაწინა სხეულთან შედარებით ამ პრიმატს ძალიან დიდი თვალები, ყურები, კიდურები და გრძელი კუდი აქვს. თუმცა ამ უცნაურ ცხოველზე დაკვირვება დაგვანახვებს, რომ სინამდვილეში ის ძალიან გონივრულად არის შექმნილი.
სმენა: ქაღალდივით თხელი ყურები ძალიან ადვილად შეიძლება დაიკეცოს და გაიშალოს და ყველაზე სუსტი ბგერებიც კი დაიჭიროს. მახვილი სმენის წყალობით ის მარტო თავს კი არ იცავს მტრისგან, მაგალითად, გარეული კატებისგან, არამედ შეუძლია მსხვერპლის ადგილმდებარეობაც განსაზღვროს. შებინდდება თუ არა, მის ყურებს არ გამოეპარება ჭრიჭინების, მწერების, ღამურების, ჩიტებისა და ბაყაყების ხმა. მერე კი თავს იქით აბრუნებს და გადმოკარკლული თვალებით უმზერს მსხვერპლს, რომელიც წამიც და მისი კერძი გახდება.
მოჭიდება: გრძელტერფას თითები სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ წვრილ ტოტებს კარგად მოეჭიდოს. თითის წვერებზე თავისებური ბალიშები აქვს ხაზებით, რაც მას ეხმარება ტოტს ისე შემოეხვიოს, როგორც მანქანის დისკს საბურავი. ძილის დროსაც კი, ტოტზე მჭიდროდ უნდა იყოს შემოხვეული, სხვაგვარად არ შეუძლია. კუდის შიდა მხარეზე ისე აქვს აღბეჭდილი ხაზები, როგორც ადამიანს ხელისგულებზე, რაც ცხოველს იმაში ეხმარება, რომ ძილის დროს მყარად იყოს ხეზე მიბჯენილი.
მხედველობა: არც ერთ სხვა ძუძუმწოვარს არა აქვს თავის სხეულთან შედარებით ისეთი დიდი თვალები, როგორიც მას. ფაქტობრივად, ამ არსებას თვალი უფრო დიდი ზომის აქვს, ვიდრე ტვინი. მის თვალებს არ შეუძლიათ ბუდეში მოძრაობა, ისინი ყოველთვის პირდაპირ იყურებიან. ეს ნაკლი ხომ არ არის? ნამდვილად არა. ამ ცხოველს იმდენად ელასტიური კისერი აქვს, რომ 180 გრადუსზე შეუძლია შემობრუნება ორივე მიმართულებით.
სისხარტე: გრძელი კიდურების წყალობით გრძელტერფას შეუძლია დაახლოებით 6 მეტრზე გადახტეს, რაც მის სიგრძეს 40-ჯერ აღემატება. ეს პაწია მტაცებელი ღამითაც ნადირობს და ისე კარგად ჩაავლებს ხოლმე მსხვერპლს თითებს, რომ მიზანს თითქმის არასოდეს აცდენს.
გრძელტერფა ძნელად ეგუება ტყვეობას. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ ღორმუცელაა და მწერებს ვერ ელევა; მეორეც, არ უყვარს, როცა ადამიანები ხელით ეხებიან. ყველაფრის მიუხედავად, ეს უნიკალური არსება დღემდე ატყვევებს ფილიპინელ ხალხს. ტყის ეს დიდრონთვალება, საყვარელი ბინადარი თითქმის ყველაფრით აოცებს მნახველს.