რომაული აკვედუკები — საინჟინრო საოცრება
ანტიკური ხანის საინჟინრო მიღწევებს შორის რომაული აკვედუკები ყველაზე გამორჩეულია. „ამ უბადლო, თაღებიან ნაგებობებთან, რომელთაც უსაზღვროდ დიდი რაოდენობით წყალი გადააქვთ, ახლოსაც ვერ მივა არაფრის მაქნისი პირამიდები და ბერძნების გამოუსადეგარი, თუმცა ცნობილი ნაგებობები!“. ეს სიტყვები ეკუთვნის ახ. წ. 35—103 წლებში მოღვაწე რომის სახელმწიფო მოხელესა და წყალმომარაგების ზედამხედველს, სექსტუს იულიუს ფრონტინუსს. *
რატომ გახდა საჭირო აკვედუკები?
როგორც წესი, ძველად ქალაქებს წყალუხვ ადგილებში აშენებდნენ. გამონაკლისი არც რომი ყოფილა. თავდაპირველად, მდინარე ტიბრის, მიმდებარე ნაკადულებისა და ჭების წყალობით მოსახლეობას საკმარისი რაოდენობის წყალი მიეწოდებოდა. თუმცა ძვ. წ. IV საუკუნიდან რომის ტერიტორიების გაფართოებასთან ერთად, წყალზე მოთხოვნილებაც გაიზარდა.
ვინაიდან იმ დროს ბევრს არ ჰქონდა სახლში გამდინარე წყალი, რომაელებმა ააშენეს ასობით კერძო თუ საზოგადოებრივი აბანო. პირველ საზოგადოებრივ აბანოს, რომელიც რომში ძვ. წ. 19 წელს აშენდა, წყალი „აკვა ვირგოდან“ მიეწოდებოდა. ამ აკვედუკის ინჟინერ-მშენებელმა მარკუს აგრიპამ, რომელიც კეისარ ავგუსტუსის ახლო მეგობარი გახლდათ, დიდძალი ქონება გაიღო რომის წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციისა და გაფართოებისთვის.
აბანოები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც გახდა. დიდ აბანოებს ბაღები და ბიბლიოთეკებიც კი ჰქონდა. უკვე გამოყენებული წყალი აბანოდან აკვედუკებით ჩაედინებოდა საკანალიზაციო მილებში და უწყვეტად რეცხავდა ჭუჭყისა და ნარჩენებისგან. გარდა ამისა, ამ წყლით ირეცხებოდა აბანოების საპირფარეშოებიც.
მშენებლობა და შენახვა
„რომაული აკვედუკების“ გაგონებაზე ზოგს დიდ მანძილზე გადაჭიმული მაღალი თაღები წარმოუდგება თვალწინ. სინამდვილეში, მილების უმეტესი ნაწილი მიწაში იყო ჩაფლული. თაღები კი ამ ნაგებობის 20 პროცენტზე ნაკლებს შეადგენდა. ეს შედარებით ეკონომიური სტრუქტურა მხოლოდ დაჟანგვისგან კი არ იცავდა აკვედუკებს, არამედ ამცირებდა მინდვრების დაზიანების რისკს და გარშემო მცხოვრებ ხალხსაც არ უქმნიდა საფრთხეს. მაგალითად, „აკვა მარკია“, რომლის მშენებლობაც ძვ. წ. 140 წელს დასრულდა, დაახლოებით 92 კილომეტრი სიგრძის იყო, მაგრამ მისი თაღები მხოლოდ 11 კილომეტრზე იყო გადაჭიმული.
აკვედუკების აშენებამდე ინჟინრები საგულდაგულოდ ამოწმებდნენ წყლის ხარისხს — მის სისუფთავეს, გემოს და წნევას. ისინი აგრეთვე აკვირდებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც ამ წყალს სვამდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილი შეირჩეოდა, გეოდეზისტები ადგენდნენ, თუ რა მიმართულება და როგორი დაქანება უნდა მიეცათ მილებისთვის, აგრეთვე არხების ზომასა და სიგრძეს. აკვედუკებს მონებს აშენებინებდნენ. მშენებლობა ზოგჯერ წლები გრძელდებოდა, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუ თაღებიც უნდა აეგოთ.
გარდა ამისა, საჭირო იყო აკვედუკების მოვლა და დაცვა. მაგალითად, მათ მოსავლელად ერთხელ ქალაქ რომის მთავრობამ დაახლოებით 700 ადამიანი დაიქირავა. აკვედუკების შენახვა და დასუფთავება პროექტშივე იყო გათვალისწინებული. მაგალითად, აკვედუკების მიწისქვეშა ნაწილში ჩასასვლელად გაკეთებული იყო სპეციალური ჭები. როდესაც საჭირო ხდებოდა დიდი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ინჟინრები დროებით წყალს მიმართულებას უცვლიდნენ.
ქალაქის აკვედუკები
ახ. წ. III საუკუნის დასაწყისისთვის ქალაქ რომს 11 დიდი აკვედუკი ემსახურებოდა. ამათგან პირველი იყო „აპიუსის წყალი“, რომელიც ძვ. წ. 312 წელს აშენდა. მისი სიგრძე 16 კილომეტრს აღემატებოდა და თითქმის მთლიანად მიწისქვეშ იყო გაყვანილი. ნაწილობრივ შემონახული „აკვა კლაუდია“ სიგრძით დაახლოებით 69 კილომეტრს შეადგენდა, მისი თაღები კი, რომელთა სიმაღლე 27 მეტრს აღწევდა, 10 კილომეტრზე იყო გადაჭიმული.
აკვედუკების მეშვეობით ქალაქს დიდი რაოდენობით წყალი მიეწოდებოდა. ზემოთ ნახსენები „აკვა მარკია“, ყოველდღიურად დაახლოებით 190 000 კუბურ მეტრ წყალს აწვდიდა რომს. როდესაც წყალი ურბანულ ტერიტორიებამდე მიაღწევდა, წყლის გამანაწილებელ ავზებში ჩაედინებოდა, შემდეგ ნაწილდებოდა განშტოებებში, რაც თავის მხრივ, სხვა ავზებს ავსებდა და ამარაგებდა ადგილებს, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა. რომში წყლის მომარაგების სისტემა იმდენად კარგად განვითარდა, რომ ზოგი ვარაუდის თანახმად, თითოეულ მოსახლეს შეეძლო დღიურად 1 ტონაზე მეტი წყალი გამოეყენებინა.
რომის იმპერიის ზრდასთან ერთად „იზრდებოდა აკვედუკების რაოდენობაც“, — აღნიშნულია წიგნში „რომაული აკვედუკები და წყალმომარაგება“. ტურისტები, რომლებიც სტუმრობენ მცირე აზიას, საფრანგეთს, ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას, დღემდე აღფრთოვანებაში მოდიან, როცა ხედავენ ანტიკური ხანის ამ საინჟინრო საოცრებებს.
^ აბზ. 2 რომაელები პირველები არ ყოფილან, რომლებმაც წყლის მილები გაიყვანეს. ამ საქმეში მათ წინ უსწრებდა ისეთი ცივილიზაციები, როგორიც იყო: ასურეთი, ეგვიპტე, ინდოეთი და სპარსეთი.