მთავარი თემა | ტრაგედიის პირისპირ
საყვარელი ადამიანის დაკარგვა
ბრაზილიაში მცხოვრები რონალდო ავტოკატასტროფაში მოჰყვა, რომლის დროსაც ოჯახის ხუთი წევრი დაეღუპა, მათ შორის მშობლები და ორი ძმა. „ორი თვე საავადმყოფოში ვიწექი და არ მეუბნებოდნენ, რომ ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ“, — ამბობს რონალდო.
„თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სინამდვილე იყო. ყველა ერთად რატომ უნდა მომკვდარიყო? შოკში ჩავვარდი, როცა რეალობას თვალი გავუსწორე. ასეთ საშინელ დღეში არასოდეს ვყოფილვარ. ვფიქრობდი, რომ მათ გარეშე სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა. თვეების განმავლობაში ყოველდღე ვტიროდი. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ სხვა დავსვი საჭესთან. მე რომ საჭესთან ვყოფილიყავი, შეიძლება ასეთი რამ არ მომხდარიყო.
მას შემდეგ თექვსმეტი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში როგორღაც შევძელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. თუმცა მათმა ტრაგიკულმა სიკვდილმა გულში შეუვსებელი სიცარიელე დამიტოვა“.
ტრაგედიასთან გამკლავება
იგლოვეთ, როდესაც საყვარელი ადამიანი გიკვდებათ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ არის „ტირილის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 4). რონალდო ამბობს: „ყოველთვის, როცა ტირილი მომინდებოდა, ვტიროდი. ტირილისგან თავს არ ვიკავებდი, რადგან ეს შვებას მგვრიდა“. ცხადია, ყველას ერთნაირად არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა. თუ მწუხარების გამოხატვა ცრემლებით არ შეგიძლიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძნობებს მალავთ; არც ის უნდა ეცადოთ, რომ ძალით იტიროთ.
არ ჩაიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში (იგავები 18:1). „არავისთან ურთიერთობის სურვილი არ მქონდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი, რომ არ განვმარტოებულიყავი. სტუმრებს გულთბილად ვხვდებოდი. ჩემს ცოლთან და ახლო მეგობრებთან გულს ვღვრიდი“, — ამბობს რონალდო.
არ გაღიზიანდეთ, თუ ვინმე გულსატკენ სიტყვებს გეუბნებათ, მაგალითად ასეთს: „იქნებ ასე ჯობდა“. რონალდო იხსენებს: „ზოგის ნათქვამი მანუგეშებელი სიტყვები ჩემზე პირიქით მოქმედებდა“. ყურადღებას ნუ მიაქცევთ საწყენ სიტყვებს, გაითვალისწინეთ ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული რჩევა: „გულთან ნუ მიიტან ყველა სიტყვას, რასაც ხალხი ამბობს“ (ეკლესიასტე 7:21).
გაიგეთ ჭეშმარიტება მკვდრების მდგომარეობის შესახებ. რონალდო ამბობს: „ეკლესიასტეს 9:5-ში წერია, რომ მკვდრები არ იტანჯებიან და ამის ცოდნა შინაგან სიმშვიდეს მგვრის. ბიბლია იმასაც ამბობს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა და მიცვალებულებს კვლავ დაუბრუნდებათ სიცოცხლე. ახლა ჩემი ოჯახის დაღუპულ წევრებზე ისე ვფიქრობ, თითქოს სამოგზაუროდ არიან წასულები“ (საქმეები 24:15).
იცოდით თუ არა? ბიბლია გვპირდება, რომ ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“ * (ესაია 25:8).
^ აბზ. 11 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 7.