არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

ვასწავლოთ ბავშვებს, იყვნენ ყურადღებიანები ამ პირველობის მოყვარულ მსოფლიოში

ვასწავლოთ ბავშვებს, იყვნენ ყურადღებიანები ამ პირველობის მოყვარულ მსოფლიოში

ყოველდღე ადამიანს სიკეთის კეთების უამრავი შესაძლებლობა ეძლევა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამის მაგალითს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. ტყუილი, ლანძღვა, თავშეუკავებლობა და აგრესია ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილი გახდა.

პირველობის სულს დღეს მრავალ ოჯახშიც მყარად აქვს ფეხი მოკიდებული. მაგალითად, ზოგი ოჯახი იმის გამო ინგრევა, რომ ერთ-ერთი მეუღლის აზრით, ის „უკეთესს იმსახურებს“. ზოგი მშობელი შვილში თავისდაუნებურად თესავს პირველობის სულს — შვილებს ყოველ ახირებას უსრულებენ და არასოდეს სჯიან.

ამის საპირისპიროდ, მრავალი მშობელი შვილებს სხვების პატივისცემას ასწავლის და კარგ შედეგებსაც იმკის. ყურადღებიანი ბავშვები უფრო ადვილად იძენენ მეგობრებს და ინარჩუნებენ სხვებთან სტაბილურ ურთიერთობას. შინაგანადაც უფრო კმაყოფილები არიან, რადგან, როგორც ბიბლია ამბობს: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

როგორ შეგიძლიათ შვილებს ასწავლოთ სიკეთის კეთება და დაიცვათ ისინი ქვეყნიერებაში გავრცელებული პირველობის სულის გავლენისგან? ვისაუბროთ სამ ხელის შემშლელ ფაქტორზე და იმაზე, თუ როგორ დავიცვათ თავი ამ სულისგან.

1 მეტისმეტი შექება

პრობლემა. მკვლევრებმა შეამჩნიეს მეტად სამწუხარო ტენდენცია: მრავალი ახალგაზრდა სამუშაოს იწყებს საკმაოდ ამბიციური განწყობით და მოელის, რომ წარმატებული იქნება მაშინაც კი, თუ ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს გააკეთებს. ზოგი ჯერ თავის საქმეში არ დახელოვნებულა და უკვე დაწინაურებაზე ფიქრობს. სხვები თვლიან, რომ განსაკუთრებულები არიან და გარშემომყოფთაგანაც განსაკუთრებულ მოპყრობას მოელიან და როცა აღმოაჩენენ, რომ მათ შეხედულებას არავინ უჭერს მხარს, დეპრესიაში ვარდებიან.

რა დგას ამის მიღმა. ზოგჯერ ამ ყველაფერს აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ზოგი მშობელი ბოლო დროს გავრცელებული შეხედულების გავლენაში ექცევა. თითქოს დამაჯერებლად ჟღერს პრინციპი, რომელსაც ეს შეხედულებები ეფუძნება: თუ ცოტა შექება კარგია ბავშვისთვის, ბევრი შექება უკეთესი იქნება. არსებობს ასეთი შეხედულებაც: თუ ბავშვს ყველაფერზე შენიშვნას მისცემ, გული გაუტყდება. და თუ მშობელი ამ გავრცელებულ ტენდენციას არ მიჰყვება, ანუ არ იზრუნებს ბავშვის ღირსების გრძნობის ამაღლებაზე, ის უპასუხისმგებლო მშობლად ჩაითვლება. მშობლებს ეუბნებიან: ბავშვებმა არასდროს უნდა იგრძნონ, რომ უხეირონი არიან.

ამიტომაც არის, რომ ხშირად დედიკოებსა და მამიკოებს საქებარი სიტყვებით ცამდე აჰყავთ შვილები მაშინაც კი, თუ ბავშვები დიდს არაფერს აკეთებენ. უმნიშვნელო მიღწევასაც კი დღესასწაულად აქცევენ მაშინ, როცა სერიოზულ შეცდომებზე თვალს ხუჭავენ. ასეთი მშობლების ღრმა რწმენით, ღირსების გრძნობის ამაღლების საიდუმლო იმაშია, რომ შეაქო ბავშვი ყოველ წვრილმანზე და არაფრად ჩათვალო მისი ცუდი საქციელი. ის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ ბავშვს საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა ჰქონდეს, ვიდრე იმის სწავლება, რომ მიაღწიოს რაღაცა ღირებულს, რაც მას მართლა ღირსეულ ადამიანად აგრძნობინებს თავს.

რას ამბობს ბიბლია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დამსახურებული შექება სავსებით ნორმალურია (მათე 25:19—21). მხოლოდ იმის გამო შექებამ, რომ ბავშვმა თავი კარგად იგრძნოს, მას შეიძლება დამახინჯებული შეხედულება ჩამოუყალიბოს საკუთარ თავზე. მსგავს აზრს ბიბლიაშიც ვხვდებით: „თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, სინამდვილეში კი არაფერს წარმოადგენს, თავს იტყუებს“ (გალატელები 6:3). ბიბლია მშობლებს ურჩევს: „ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას; ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება“ (იგავები 23:13). *

რა შეგიძლიათ გააკეთოთ. დასაჯეთ თქვენი შვილი, როცა საჭიროა და შეაქეთ მაშინ, როცა იმსახურებს. ნუ შეაქებთ ბავშვს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენა შეექმნას. ეს არ გაამართლებს. „სინამდვილეში, ღირსების გრძნობა ადამიანს მაშინ უმაღლდება, როცა ცოდნას იძენს და ამა თუ იმ საქმეში ხელოვნდება და არა მაშინ, როცა აქებენ უბრალოდ იმის გამო, რომ ის არსებობს“ — აღნიშნულია წიგნში „თაობა მე“.

„თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ“ (რომაელები 12:3)

2 მეტისმეტი დაცვა

პრობლემა. ბევრი ახალგაზრდა სამუშაოს ისე იწყებს, რომ მზად არ არის სირთულეებთან გასამკლავებლად. ზოგი უბრალო შენიშვნასაც მტკივნეულად აღიქვამს. არიან ისეთებიც, რომლებსაც ძნელად თუ ასიამოვნებ და მხოლოდ ისეთ სამუშაოზე თანხმდებიან, რომელიც მათ მაღალ სტანდარტებში ჯდება. მაგალითად, თავის წიგნში, „გაექეცი დაუსრულებელ მოზარდობის წლებს“, დოქტორი ჯოზეფ ალენი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც სამსახურის დაწყების მიზნით გასაუბრებისას თავად ჯოზეფს ასეთი რამ უთხრა: „მგონი ეს სამუშაო ზოგჯერ მოსაწყენი იქნება; ასეთი სამუშაო მე ნამდვილად არ მომწონს“. ბატონი ალენი წერს: „როგორც ჩანს, მან არ იცოდა, რომ ნებისმიერი სამუშაოს დროს არის რაღაც, რაც შეიძლება მოსაწყენი იყოს. მიკვირს, ოცდასამი წლის კაცმა ეს როგორ არ იცოდა“.

რა დგას ამის მიღმა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი მშობელი თავს ვალდებულად თვლის, დაიცვას შვილი ნებისმიერი პრობლემისგან. თქვენმა ქალიშვილმა გამოცდა ვერ ჩააბარა? მიდით და მის მასწავლებელს მოსთხოვეთ, რომ მაღალი ქულები დაუწეროს. თქვენს ბიჭს მოძრაობის წესების დარღვევის გამო საჯარიმო ქვითარი გამოუწერეს? თქვენ გადაუხადეთ. თქვენს შვილს სიყვარულში არ გაუმართლა? ყველაფერში სხვა დაადანაშაულეთ.

შვილის დაცვის სურვილი ბუნებრივია, მაგრამ მეტისმეტმა დაცვამ შეიძლება ბავშვს აფიქრებინოს, რომ ისინი არ არიან პასუხისმგებლები თავიანთ საქციელზე. „იმის ნაცვლად, რომ ისწავლონ ტკივილთან და გულგატეხილობასთან ბრძოლა, ისინი ეგოისტებად იზრდებიან და ფიქრობენ, რომ მშობლები და მთელი მსოფლიო მათთან ვალში არიან“ — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც მოზარდების სწორ აღზრდას ეხება (Positive Discipline for Teenagers).

რას ამბობს ბიბლია. სირთულეები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამას ბიბლიაც ადასტურებს: „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ — ნათქვამია ეკლესიასტეს 9:11-ში. ყველაში კარგი ადამიანებიც შედიან. მაგალითად, მოციქული პავლე მსახურების დროს თითქმის ყველანაირ სირთულეს შეხვდა, მაგრამ ეს მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. მან დაწერა: „ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო . . . ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე, რა არის სიმაძღრე და შიმშილი, რა არის სიუხვე და სიდუხჭირე“ (ფილიპელები 4:11, 12).

რა შეგიძლიათ გააკეთოთ. გაითვალისწინეთ ის, თუ რამდენად მოწიფულია თქვენი შვილი და მიჰყევით შემდეგ ბიბლიურ პრინციპს: „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5). თუ თქვენმა ბიჭმა საჯარიმო ქვითარი მიიღო, უმჯობესი იქნება, თუ ფულს თავისი დანაზოგიდან ან ხელფასიდან გადაიხდის. თუ თქვენმა ქალიშვილმა გამოცდა ვერ ჩააბარა, ეს მისთვის გამომაფხიზლებელი უნდა იყოს, რომ სხვა დროს უკეთესად მოემზადოს. თუ თქვენს შვილს სიყვარულში არ გაუმართლა, დაამშვიდეთ, მაგრამ შესაფერის დროს დააფიქრეთ შემდეგ კითხვაზე: რა მასწავლა ამ შემთხვევამ? როცა მოზარდები თავად სწავლობენ, გაუმკლავდნენ პრობლემებს, ისინი უფრო ძლიერები ხდებიან და საკუთარი თავის რწმენაც ემატებათ.

„თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი“ (გალატელები 6:4)

3 მეტისმეტი ზრუნვა

პრობლემა. ერთი გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდების 81-მა პროცენტმა თქვა, რომ მათი თაობისთვის უფრო მნიშვნელოვანი გამდიდრება იყო, ვიდრე სხვების დახმარება. მაგრამ სინამდვილეში, სიმდიდრეს არ მოაქვს კმაყოფილება. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ისინი ვინც ნივთებზე არიან კონცენტრირებულნი, ნაკლებად არიან ბედნიერები და უფრო მეტად ვარდებიან დეპრესიაში. მათ ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემებიც აწუხებთ.

რა დგას ამის მიღმა. ბევრი ბავშვი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც სიხარბისა და მომხვეჭელობის სული სუფევს. «მშობლებს უნდათ, რომ ბავშვები გაახარონ, ბავშვებს, თავის მხრივ, მატერიალური ნივთები ახარებთ, — ნათქვამია წიგნში „ნარცისიზმის ეპიდემია“. — ამიტომ მშობლები ყიდულობენ მათთვის სხვადასხვა ნივთს. ბავშვებიც ბედნიერები არიან, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. შემდეგ კი უფრო და უფრო მეტი უნდებათ».

მომხმარებლების მოზიდვაში დიდ როლს სარეკლამო ინდუსტრია ასრულებს. „შენ საუკეთესოს იმსახურებ“, „ეს ზუსტად ის არის, რაც შენ გჭირდება“, — მსგავს ფრაზებს ყველგან მოისმენთ. ბევრი ახალგაზრდა აჰყვა ცდუნებას, ვალებში ჩაეფლო და ვერ იხდის იმის საფასურს, რასაც „იმსახურებს“.

რას ამბობს ბიბლია. ბიბლია არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ფული საჭიროა (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ ამავე დროს ის გვაფრთხილებს, რომ „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთებმა, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს . . . მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:10). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ არ ვისწრაფოთ სიმდიდრის დაგროვებისკენ და დავკმაყოფილდეთ აუცილებლით (1 ტიმოთე 6:7, 8).

„ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში“ (1 ტიმოთე 6:9)

რა შეგიძლიათ გააკეთოთ. თავად თქვენ, როგორც მშობლებს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ფულის მიმართ? დაადგინეთ პრიორიტეტები და შვილებსაც ასწავლეთ ფულის ყადრი. წიგნი „ნარცისიზმის ეპიდემია“ გვირჩევს: „მშობლებმა და შვილებმა უნდა ისაუბრონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: როდის ღირს ფასდაკლებით საქონლის ყიდვა და როდის არა? რა რისკებთანაა დაკავშირებული რაიმე ნივთის განვადებით შეძენა? ღირს რამის ყიდვა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გირჩევს ამას?“

მატერიალური ნივთები წამალი არ არის, რომ ოჯახური პრობლემები დაგავიწყოთ. „ყველამ კარგად იცის, რომ მატერიალური ნივთებით შეუძლებელია პრობლემების მოგვარება. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ფიქრი, გამჭრიახობა და გაგების უნარი, და არა ახალ-ახალი ფეხსაცმელები და ჩანთები“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Price of Privilege).

^ აბზ. 11 ბიბლია მხარს არ უჭერს ბავშვზე ფიზიკურ თუ ემოციურ ძალადობას (ეფესოელები 4:29, 31; 6:4). დასჯის მიზანი რისხვის გადმონთხევა კი არ უნდა იყოს, არამედ სწავლება.