არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩაუნერგეთ შვილებს ჯანსაღი ფასეულობები

ჩაუნერგეთ შვილებს ჯანსაღი ფასეულობები

გონიერი მშობლები შვილებს ბიბლიაში ჩაწერილ ჯანსაღ ფასეულობებს უნერგავენ

„ადრე ბიბლიური პრინციპების თანახმად არ ვცხოვრობდი და ძალიან მიჭირდა შვილების აღზრდა. მაგრამ ახლა ეს გაცილებით ადვილია“ (ელისაბეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

პრობლემა.

მსოფლიოში გავრცელებული უზნეობა და თანატოლების წნეხი დიდ გავლენას ახდენს ოჯახებზე. ასეთი უარყოფითი გავლენისგან რომ დავიცვათ ბავშვები, აუცილებელია, მათ ჯანსაღი ფასეულობები ჩავუნერგოთ. სხვაგვარად ისინი ვერასოდეს გახდებიან პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები, პრინციპულები და თავაზიანები.

რჩევები.

მრავალი მარტოხელა მშობელი, მათ შორის ამ ჟურნალში მოხსენიებული მშობლები, ბიბლიას მიმართავენ ხელმძღვანელობისთვის, რადგან იციან, რომ ბიბლიაში ღვთის უბადლო სიბრძნეა მოცემული. მაგალითისთვის განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ჭეშმარიტ სიყვარულთან დაკავშირებით.

„სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს . . . ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8).

როდესაც მშობლები ამგვარ სიყვარულს ავლენენ, ეს ბავშვებზე დადებითად მოქმედებს. საფრანგეთში მცხოვრები კოლეტი აღნიშნავს: «ჩემს შვილებს ხშირად ვეუბნებოდი, რომ ძალიან მიყვარდნენ. იმასაც ვეუბნებოდი, რომ მათი თავი ღმერთმა მაჩუქა და მინდოდა, კარგად გავფრთხილებოდი ამ „საჩუქარს“. იმაზეც ვსაუბრობდით, რომ საჭირო იყო თავაზიანობა, როგორც ჩემთან, ისე ცალკე მცხოვრებ მათ მამასთან. ოჯახის წევრები ერთმანეთს ყველაფერში ვენდობოდით და დიდ პატივს ვცემდით, ამაში კი, გარკვეულწილად, ის ბიბლიური აზრი გვეხმარებოდა, რომ შვილები მშობლებისთვის ძვირფასი საჩუქარია ღვთისგან» (ფსალმუნი 127:3).

პოლონეთში მცხოვრები ანა ამბობს: „როცა ჩემი შვილები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, იესოს სიტყვებს ვახსენებ ხოლმე, რომ სხვებს ისე უნდა მოექცნენ, როგორც თვითონ უნდათ, რომ ექცეოდნენ სხვები“ (მათე 7:12). წინა სტატიებში მოხსენიებული რობერტოს პრობლემა ნაცნობია ბევრი მარტოხელა მშობლისთვის. ის აღნიშნავს: „ისე ხდება, რომ ჩვენს შვილებს ორგვარ ფასეულობებს ვუნერგავთ, ერთს ერთი მშობელი, მეორეს — მეორე. როცა მათ ბიბლიური პრინციპების დაცვას ვთხოვ, ვიცი, რომ იმ მომენტში არა ვარ მათთვის საყვარელი მშობელი. მეორე მშობელმა კი შეიძლება ამ დროს საჩუქრებით მოიგოს ბავშვების გული და აფიქრებინოს, რომ ის უკეთესი მშობელია. ასეთ პრობლემასთან ჭიდილი ადვილი არ არის, მაგრამ თუ ბავშვთან კარგი ურთიერთობა გაქვს, ყველაფერი იოლად გვარდება“.

ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრება ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ შედეგი ღირს ძალისხმევად! სამხრეთ აფრიკელი სარა ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები იეჰოვას ხელმძღვანელობით იზრდებიან. პრობლემები ბევრი გვქონდა, მაგრამ იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივარ“.