შუა საუკუნეების გენიოსები მექანიკაში
ავტომატიზაციამ მთელი ინდუსტრია მოიცვა, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მუდმივ რეჟიმში მომუშავე მოწყობილობებზე. მაინც, როდის გაჩნდა პირველად ავტომატური, პროგრამირებული მოწყობილობა? ორი საუკუნის წინ ხომ არა, მაშინ როცა ევროპაში ინდუსტრიულმა რევოლუციამ იფეთქა? ალბათ, გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ ავტომატური მანქანები გაცილებით ადრე გამოიგონეს.
დაახლოებით VIII—XIII საუკუნეებში, მაშინ როცა ისლამურ მეცნიერებაში ოქროს ხანა იდგა, ახლო აღმოსავლელმა სწავლულებმა არაბულ ენაზე თარგმნეს სამეცნიერო და ფილოსოფიური ნაშრომები ისეთი ცნობილი ბერძენი მეცნიერებისა, როგორებიც იყვნენ: არქიმედე, არისტოტელე, ჰერონ ალექსანდრიელი და ფილონ ბიზანტიელი. * ამ და სხვა ნაშრომების წყალობით, ისლამურმა სამყარომ, რომელიც ვრცელდებოდა ესპანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე და ახლო აღმოსავლეთიდან ავღანეთამდე, შეიძინა საკმარისი ცოდნა საიმისოდ, რომ შეექმნა ავტომატური მოწყობილობები.
ისტორიკოსი ტექნოლოგიის დარგში, დონალდ ჰილი ამბობს: „ამ მანქანა-დანადგარებს შეეძლოთ ადამიანის დახმარების გარეშე ემუშავათ ხანგრძლივად — საათობით, დღეობით და უფრო მეტ ხანსაც კი“. როგორ? ინჟინრებმა გამოიგონეს ეფექტური მაკონტროლებელი მექანიზმები, რაც შესაძლებელს ხდიდა მექანიზმის ავტომატურად მუშაობას. ამ მექანიზმების ასამუშავებლად მის ზემოთ დამონტაჟებული იყო წყლის ავზი ანუ ენერგიის უწყვეტი წყარო. ასევე ავტომატური ჩამრთველი სარქველების დასახურად და გასაღებად და წყლის ნაკადის მიმართულების შესაცვლელად. ავარიის შემთხვევაში მექანიზმს ჰქონდა თვითგამომრთველი სისტემა, რომელსაც ბატონმა ჰილმა „პირველი უსაფრთხო მექანიკური მოწყობილობა“ უწოდა. განვიხილოთ რამდენიმე ასეთი დანადგარი.
მართლაც საოცარია ადამიანის მეცნიერული მიღწევები. მაგრამ ის, რაც ახლა მოგიყევით, მხოლოდ საინტერესო ისტორია როდია. ის გარკვეულწილად მომავლის პერსპექტივებს გვისახავს. ნამდვილად ღირს, შევიხსენოთ საუკუნეების წინათ მცხოვრები გენიოსების დიდი ამაგი და ღვაწლი.
საზრიანი ბანუ მუსა
მე-9 საუკუნეში ბაღდადში ცხოვრობდა სამი „ბანუ მუსა“. ეს არაბული გამონათქვამი ქართულად ნიშნავს „მუსას ძეებს“. მათ 100-ზე მეტი მოწყობილობა გამოიგონეს. ამაში მათ დიდი სამსახური გაუწიეს ბერძენი სწავლულების, ფილონისა და ჰერონის ნაშრომებმა და ასევე ჩინელი, ინდოელი და სპარსი ინჟინრების მიღწევებმა. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი აქსან მასოუდი ამბობს, რომ მუსას ძეებმა შექმნეს შადრევნები, რომელშიც წყლის ნაკადი დროის განსაზღვრულ მომენტში იცვლიდა მიმართულებას, სხვადასხვანაირი საათები და წყლის ჭურჭლები, საიდანაც ავტომატურად იღვრებოდა წყალი და ივსებოდა მარაგი, რასაც განაპირობებდა ტივტივების, სარქველებისა და სიფონის ერთობლივი მუშაობა. მუსას ძეებმა შექმნეს ადამიანის სიმაღლის, ჩაის ჩამოსასხმელი მარტივი ავტომატი, რომელსაც „ჩაის გოგონა“ უწოდეს. მათ აგრეთვე შექმნეს მექანიკური ფლეიტა. „შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი პროგრამირებული მოწყობილობები“, — დაწერა მეცნიერ-ისტორიკოსმა ჯიმ ალ-ხალილიმ.
ეს ავტომატური სისტემები თანამედროვე სისტემების მსგავსია. მართალია, „ისინი ძირითადად წყალზე მუშაობდნენ და არა ელექტროენერგიაზე, მაგრამ ბევრი ოპერაცია, რასაც ისინი ასრულებდნენ, ერთი და იგივეა“, — აღნიშნავს აქსან მასოუდი.
ალ-ჯაზარი — „რობოტების მამა“
1206 წელს იბნ ალ-რაზაზ ალ-ჯაზარიმ დაასრულა თავისი ნაშრომი, რომელიც ითარგმნება, როგორც „მოძღვრება სისტემური მექანიზმის დიზაინის შესახებ“. მას აგრეთვე უწოდეს „ცოდნის წიგნი გონებამახვილური მექანიკური მოწყობილობების შესახებ“. ალ-ჯაზარის შექმნილმა ზოგიერთმა ტექნოლოგიამ უკან ჩამოიტოვა ბანუ მუსას მანამდე შექმნილი ტექნოლოგიური მიღწევები. მისი განმარტებები და დიაგრამები იმდენად დეტალურია, რომ თანამედროვე ინჟინრებს მისი მოწყობილობების ხელახლა შექმნა შეუძლიათ.
ალ-ჯაზარის წიგნში ჩახატულია და აღწერილია წყლის საქაჩი მოწყობილობები, წყლის საათები, სანთლის საათები, წყლის ჩამოსასხმელი მოწყობილობები, მუსიკალური სათამაშოები და როტაციულად მოძრავი ტუმბო, რომელიც წყლის ბორბალს წინ და უკან აბრუნებს და წყალს დიდი წნევით ქაჩავს ზემოთ. ისტორიკოსების თქმით, სანამ დასავლეთში ვინმე გამოიგონებდა ჰიდრავლიკურ წყალსაქაჩ მოწყობილობას, ალ-ჯაზარიმ სამი საუკუნით ადრე შექმნა ზუსტად იგივე სისტემა.
ალ-ჯაზარიმ აგრეთვე შექმნა უცნაური და ამავე დროს პრაქტიკული საათები. ერთი მათგანი, რომელიც აქვეა ილუსტრირებული, აღდგენილ იქნა დუბაის სავაჭრო ცენტრში. დროის მაჩვენებელ მექანიზმს წარმოადგენს გახვრეტილი ჯამი, რომელიც მოთავსებულია სპილოს მუცელში არსებულ წყლის რეზერვუარში. ჯამი 30 წუთში ივსება და იძირება, შემდეგ ჩახმახების მთელი სერია იწყებს ამოქმედებას, რომელშიც ჩართულია თოკები და ბურთები. თოკები და ბურთები სპილოს ზურგზე დამაგრებული „ეტლიდან“ ეშვებიან ძირს. როდესაც ეს ნახევარსაათიანი წრებრუნვა დამთავრდება, წყლის ჯამი ავტომატურად მაღლა ატივტივდება და პროცესი მეორდება. ამ და სხვა მექანიკურმა მოწყობილობებმა სახელი გაუთქვა ალ-ჯაზარის და ის „რობოტების მამად“ იქნა აღიარებული.
^ აბზ. 3 ის, თუ რა მეთოდებს მიმართავდნენ არაბი სწავლულები თარგმნისას, იხილეთ 2012 წლის თებერვლის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ დაბეჭდილ სტატიაში „როგორ იქცა არაბული ენა სწავლულთა ენად?“.