არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიბრაზის სინდრომი

სიბრაზის სინდრომი

სიბრაზის სინდრომი

მამაკაცმა სწრაფი კვების ობიექტში ჰამბურგერი შეუკვეთა. ცოტათი დაუგვიანეს. გაცეცხლებული შიგნით შევარდა, გამყიდველს ჩხუბი დაუწყო, ხელი ჰკრა და გვერდზე მიაგდო, თან ერთი კაი ლაწანიც გაადინა. დაავლო ხელი თავის ჰამბურგერს და გარეთ გამოვარდა.

დროდადრო, რა თქმა უნდა, ყველანი ვბრაზდებით. საერთოდ, გაბრაზება ჩვენი ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი სახეა, ისევე, როგორიც სიყვარული, იმედი, აღელვება, მწუხარება და შიში. ბრაზი, რომელიც კონტროლს ექვემდებარება, შეიძლება სათანადო სახითაც გამოვლინდეს და გარკვეული სარგებლობაც მოიტანოს. მაგალითად, ბრაზმა შეიძლება ადამიანს ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინოს, რითაც გარკვეული პრობლემებისა და დაბრკოლებების გადალახვას შეძლებდა.

მოყვანილი მაგალითიდან გამოჩნდა, რომ გაბრაზებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ზოგიერთი სხვებთან შედარებით უფრო ადვილად და ხშირად ბრაზდება. ზოგიც, თუ გაბრაზდა მტრისას. თუ ცოტა გადაბრუნებულად ეტყვი რამეს, კაი გვარიანად გამოგლანძღავს ან შეიძლება არც ეს გაკმაროს და ხელითაც შეგეხოს. სინამდვილეში, მათ ბრაზი მართავთ, არადა პირიქით უნდა იყოს. „თავის ნებაზე მიშვებული“ ბრაზი საშიშია. ხშირად მას „სიბრაზის სინდრომს“ უწოდებენ. *

ბრაზით გამოწვეული პრობლემები მარტო მის „ავტორს“ როდი აზარალებს. გარშემომყოფებიც არანაკლებ ზარალდებიან ამ დროს. შეიძლება ვინმეს პატარა წვრილმანზე მოეშალოს ნერვები და ეს „დიდი სამამულო ომის“ გამჩაღებელი ნაპერწკალი აღმოჩნდეს. ასეთ დროს ტრაგიკული შედეგებიც სავსებით ლოგიკურია. მოდი, ასეთი სიტუაციები წარმოიდგინეთ:

ბიჭი მეგობრებთან ერთად ქუჩაში მიდიოდა. შემთხვევით მისმა ერთმა მეგობარმა გამვლელს ჩანთა გაჰკრა. მამაკაცი გაბრაზდა, ამოიღო იარაღი და ესროლა. ტყვია შემთხვევით ამ ბიჭს მოხვდა პირდაპირ კისერში.

19 წლის ბიჭი თამაშობს ძალადობრივ ვიდეოთამაშს. მისი 11 თვის გერი შემთხვევით ღილაკზე აჭერს ხელს. კომპიუტერი ითიშება და გაშმაგებული მამობილი სასიკვდილოდ სცემს ბავშვს.

ეს და ამის მსგავსი მილიონობით შემთხვევა ერთ რამეს ამტკიცებს: მსოფლიო მოსახლეობა „სიბრაზის სინდრომითაა“ დაავადებული. საინტერესოა, რა ხდება, რა მოსდის ხალხს?

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ბროშურა „აფეთქების პიკი — სიბრაზის სინდრომი და მისი დაძლევის მეთოდები“ „სიბრაზის სინდრომს“ აღწერს, როგორც ბრაზის მართვის არაპროდუქტიულ გზას, რომელიც ადამიანს განუწყვეტლივ უქმნის დიდ სირთულეებს. ამასთანავე, ის აისახება ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებზე, საქციელსა და გარეშეებთან ურთიერთობაზე“.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

ბრაზი ჩვენში არსებული ემოციების ერთ-ერთი ჩვეულებრივი სახეა. ზომიერების ფარგლებში გაბრაზება ზოგჯერ მართებულია. თუმცა ამ სტატიებში ჩვენ გაბრაზების ისეთ ფორმებზე ვისაუბრებთ, რომლებიც როგორც ჩვენ, ისე სხვებს, ემოციურ, ფიზიკურ და სულიერ ტკივილს აყენებს.