არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აინ ჯალუტის ბრძოლა — მოვლენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია

აინ ჯალუტის ბრძოლა — მოვლენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია

აინ ჯალუტის ბრძოლა — მოვლენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია

მონღოლეთიდან წამოსული გაშმაგებული ურდო გზად ყველა ქალაქსა და სოფელს პირწმინდად ანადგურებდა. 1258 წლის თებერვალში მათ ბაღდადზე მიიტანეს იერიში და გაარღვიეს ქალაქის გალავანი. ერთ კვირაში გაჟლიტეს მოსახლეობა და გაძარცვეს ქალაქი. მთელი ისლამური სამყარო მონღოლთა შიშმა მოიცვა. *

1260 წლის იანვარში მონღოლები დასავლეთისკენ დაიძრნენ და სირიის ქალაქ ჰალაბსაც იგივე ბედი აწიეს, რაც ბაღდადს. მარტში დამასკომ თავისი ნებით გაუღო ქალაქის კარიბჭე დამპყრობლებს და სრული მორჩილება გამოუცხადა. მალე მონღოლებმა ხელთ იგდეს პალესტინის ქალაქები ნაბლუსი (ძველი შექემის მახლობლად) და ღაზა.

მონღოლთა მხედართმთავარმა ჰულაგუმ ეგვიპტის მუსლიმან მბრძანებელს, სულთან ალ-მუზაფარ საიფ ად-დინ კუტუზს, უპირობო მორჩილება მოსთხოვა. ჰულაგუ იმუქრებოდა, რომ ეგვიპტეს ძვირად დაუსვამდა დაუმორჩილებლობას. მონღოლთა ურდო ბევრად აღემატებოდა ეგვიპტის 20 000-იან ლაშქარს. 1 ეგვიპტელზე 15 მონღოლი მოდიოდა. „მუსულმანური სამყარო გაქრობის პირას იდგა“, — ამბობს ისლამის ისტორიათმცოდნე, პროფესორი ნაზირ ახმედი. რა უნდა ექნა სულთან კუტუზს?

კუტუზი და მამლუქები

კუტუზი მამლუქი, ეგვიპტეში გაყიდული თურქი მონა იყო. მამლუქები კაიროს აიუბიდების დინასტიის სულთნების ჯარში მსახურობდნენ. მაგრამ 1250 წელს ეს მონები თავიანთ ბატონებს აუჯანყდნენ და ხელთ იგდეს ეგვიპტის მმართველობა. ერთ დროს კუტუზიც ასეთი მონა-მებრძოლი იყო. 1259 წელს ის ეგვიპტის სულთანი გახდა. გამოცდილი მეომარი უბრძოლველად ნამდვილად ვერ დანებდებოდა მომხვდურთ. თუმცაღა, მონღოლების დამარცხება იმ დროისთვის მეტად საძნელო საქმე გახლდათ. შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა მსოფლიო ისტორია.

ჰულაგუს დიდი ყაენის, განჯის ხანის შვილიშვილის, მანგუს გარდაცვალების ამბავი დააწიეს გზაში. მანაც გადაწყვიტა, რომ ყაენის ტახტისთვის ბრძოლაში ჩაბმულიყო და თავისი ჯარის დიდი ნაწილით უკან გაბრუნდა შორეულ მონღოლეთში. ფიქრობდა, რომ დაახლოებით 20 000 მეომრითაც ადვილად შეძლებდა ეგვიპტის დაპყრობას და სწორედ ამდენი მებრძოლი დატოვა საქმის ბოლომდე მისაყვანად. ამ ამბის გაგების შემდეგ კუტუზმა იფიქრა, რომ მის წარმატებას ხელს უკვე ვეღარაფერი შეუშლიდა და მონღოლ დამპყრობლებს კუდით ქვას ასროლინებდა.

ამ პერიოდში მუსულმანების სხვა მტერი მოევლინა სამყაროს ჯვაროსნების სახით, რომლებიც პალესტინაში „წმინდა მიწისთვის“ იბრძოდნენ. კუტუზმა ჯვაროსნებს გასასვლელი სთხოვა. ის ფიქრობდა, რომ მისი ჯარის პალესტინაში გამოჩენა მონღოლებისთვის ომის დაწყების ნიშანი იქნებოდა. ჯვაროსნები უმალვე დასთანხმდნენ კუტუზს. მან ჯარისთვის აუცილებელი მარაგიც მათგან იყიდა. რეალურად, კუტუზი ერთადერთი იმედი იყო ჯვაროსნებისთვის; ისინი ფიქრობდნენ, რომ მამლუქების დახმარებით განდევნიდნენ მონღოლებს პალესტინიდან, რომლებიც დიდ თავსატეხს უჩენდნენ როგორც თავად ჯვაროსნებს, ისე მთელ მუსულმანურ სამყაროს.

 . . . მამლუქები და მონღოლები სასიკვდილოდ შეებნენ ერთმანეთს.

აინ ჯალუტი

1260 წლის სექტემბერში ეზდრაელონის ველზე აინ ჯალუტთან მამლუქებსა და მონღოლებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა. ფიქრობენ, რომ აინ ჯალუტი ძველი ქალაქის, მეგიდოს მახლობლად მდებარეობდა. *

ისტორიკოსი რაშიდ ალ-დინი გვიამბობს, რომ მამლუქებმა მონღოლები მეგიდოს ველზე მოიმწყვდიეს. კუტუზმა ლაშქრის უმეტესი ნაწილი მთებში გადამალა; დარჩენილმა მცირე ნაწილმა კი მონღოლთა ურდოს შეუტია. მონღოლებმა იფიქრეს, მამლუქთა ამ მცირერიცხოვანი ჯარის დამარცხებას იოლად შევძლებთო და ბრძოლაში ჩაებნენ. სწორედ ამ დროს კუტუზმა ბრძანება გასცა და მთებში გადამალული ჯარი მტერს ეკვეთა. მამლუქებმა ქარიშხალივით გადაუარეს მტრის ჯარს. დიახ, დამპყრობლები სასტიკად დამარცხდნენ.

43-წლიანი დაუმარცხებელი ბრძოლების შემდეგ მონღოლები პირველად დამარცხდნენ. მართალია, არც ერთ მხარეს არ ჰყოლია ურიცხვი ჯარი, მაგრამ აინ ჯალუტთან გამართულმა ამ უშეღავათო ბრძოლამ უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაზე. ამ გამარჯვებამ მუსულმანები გადაშენებისგან იხსნა და ხალხში დაამსხვრია სტერეოტიპი, თითქოს მონღოლები დაუმარცხებლები იყვნენ. გარდა ამისა, მამლუქებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საშუალება მისცა.

შედეგები

მას მერე მონღოლებმა არაერთხელ გაილაშქრეს სირიასა და პალესტინაზე. მაგრამ ეგვიპტისკენ მეტად აღარ გაუხედავთ. ჰულაგუს შთამომავლები სპარსეთში დასახლდნენ, ისლამზე მოექცნენ და მოგვიანებით ისლამური კულტურის დიდი ქომაგები გახდნენ. მათი ტერიტორია ცნობილი გახდა, როგორც „სპარსული ილ-სახანო“, რაც „დამორჩილებულ სახანოს“ ნიშნავს.

სამწუხაროდ, კუტუზის სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა. ის მალევე მოკლეს შიდა მტრებმა, რომელთა შორისაც იყო ეგვიპტისა და სირიის ხელახლა გაერთიანებული სამეფოს პირველი სულთანი ბაიბარს I. ბევრი თვლის, რომ სწორედ ის იყო მამლუქთა ინსტიტუტის მთავარი დამაარსებელი. მისმა შექმნილმა ახალმა, კარგად ორგანიზებულმა სახელმწიფო სისტემამ ორსაუკუნე-ნახევარი გასტანა და 1517 წელს შეწყვიტა არსებობა.

მამლუქები თითქმის 250 წლის განმავლობაში წმენდდნენ წმინდა მიწას ჯვაროსნებისგან და ბოლოს საერთოდ განდევნეს იქიდან. წამოიწყეს ვაჭრობა და სამრეწველო საქმიანობა, აშენებდნენ საავადმყოფოებს, მეჩეთებსა და სკოლებს; დიდი ყურადღება დაეთმო აგრეთვე ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებას. მამლუქთა მმართველობის პერიოდში ეგვიპტე მუსლიმანური სამყაროს ცენტრად ითვლებოდა.

აინ ჯალუტის ბრძოლის შედეგები ახლო აღმოსავლეთის საზღვრებსაც გასცდა. მან დასავლურ ცივილიზაციაზეც იქონია გავლენა. „მონღოლებს რომ ეგვიპტე აეღოთ, რაც არ იქნებოდა იმ დროს დიდი საკვირველება, ჰულაგუს დაბრუნება უკვე ჩრდილოეთ აფრიკასა და გიბრალტარის სრუტეს შეუყენებდა წყალს“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში (Saudi Aramco World). რადგან მონღოლებმა იმ დროისთვის პოლონეთამდეც მიაღწიეს, საფრთხე ევროპასაც ემუქრებოდა.

„იხილავდა ოდესმე ევროპა რენესანსის ეპოქას, მონღოლების ხელში რომ ჩავარდნილიყო? — ასეთ კითხვას სვამს ზემოხსენებული ჟურნალი. — ეს რომ ასე მომხდარიყო, ალბათ, მსოფლიოს დღეს სულ სხვაგვარი სახე ექნებოდა“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 მონღოლებისა და მათი დაპყრობითი ომების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ 2008 წლის მაისის „გამოიღვიძეთ!“-ის ნომერში.

^ აბზ. 11 ეს ადგილი უამრავი გადამწყვეტი ბრძოლის მოწმე გამხდარა, ამიტომ სიტყვა „მეგიდო“ საყოველთაოდ ცნობილი ბრძოლის, არმაგედონის, სინონიმად იქცა (ებრაულად „ჰარ-მაგედონ“). ბიბლია არმაგედონს „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს გამართულ ბრძოლას“ უკავშირებს (გამოცხადება 16:14, 16, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“).

[რუკა 12 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

დამასკო

სირია

თაბორის მთა

ეზდრაელონის ველი

აინ ჯალუტი (მეგიდოს მახლობლად)

ნაბლუსი (შექემი)

იერუსალიმი

ღაზა

ეგვიპტე

[სურათი 12 გვერდზე]

მეგიდოს ნაქალაქარი

[სურათი 13 გვერდზე]

აქ, ამ ადგილას, 1260 წლის სექტემბერში მამლუქები და მონღოლები ერთმანეთს სასიკვდილოდ შეებნენ (აინ ჯალუტი, ეზდრაელონის ველი)

[საავტორო უფლება]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

[სურათი 14 გვერდზე]

ძველი შექემის ნანგრევები. უკან მოჩანს ქალაქი ნაბლუსი