ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ გავერთო?
თუ ქრისტიანი ხარ, ამ საკითხზე დაფიქრება მოგიწევს. სხვამ არ უნდა გიკარნახოს, რას უყურო, რა წაიკითხო და რას უსმინო. დღევანდელი გართობების უმეტესობაში უზნეობა, ძალადობა და სპირიტიზმი სრულ ზენიტშია აყვანილი. შენ კი, როგორც ქრისტიანი, ამ ყველაფერს უნდა ერიდო. იცოდე, რომ გართობის ღვთისმოსაწონი სახეობებიც არსებობს. მოდი, პატარა მიმოხილვა ჩავატაროთ. *
ფილმები
ქვემოთ აღნიშნე, რომელი ჟანრის ფილმები მოგწონს.
-
კომედია
-
დრამა
-
სათავგადასავლო
-
სამეცნიერო ფანტასტიკა
-
სხვა
იცოდი, რომ . . . ინდოეთში ხშირად ათასზე მეტ ფილმს იღებენ წელიწადში, გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში.
რას უნდა მოერიდო? ბევრი ფილმი დადებით შუქში წარმოგვიდგენს ისეთ ფასეულობებს, რომლებსაც ბიბლია გმობს. ზოგ ფილმში ცოცხლად არის გადმოცემული სექსუალური სცენები და ძალადობა, ზოგში კი ზებუნებრივი ძალების მოქმედებაა აღწერილი. ბიბლიაში კი ნათქვამია: „მოიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები“ (კოლოსელები 3:8). ამასთან, ღმერთი გმობს სპირიტიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქციელს (კანონი 18:10—13).
იყავი გამრჩევი. „თუ ფილმის ტრეილერი არ მომწონს, არ ვუყურებ ამ ფილმს“ (ჯერინი). *
„არავის რეკომენდაციას არ ვუჯერებ, სანამ მე თვითონ არ დავრწმუნდები, რომ იმ ადამიანს, ვინც რომელიმე ფილმის ყურებას მირჩევს, ჩემნაირი შეხედულებები აქვს“ (კატლინი)
„თუ კინოთეატრში ვარ და ვხედავ, რომ ფილმში უხერხული მომენტები იწყება, ვდგები და მოვდივარ“ (მარინა).
„ფილმის შინაარსის გასაგებად ინტერნეტში ვათვალიერებ, ხომ არ არის მასში სექსი, ძალადობა და ბილწსიტყვაობა“ (ნატაშა).
რჩევა: ისეთ ფილმებს უყურეთ, სადაც ნაკლებია იმის ალბათობა, რომ არასასიამოვნო სცენები შეგხვდეთ. „ძველი ფილმების ყურება მირჩევნია, კლასიკურ ნაწარმოებებზე რომ არის შექმნილი“, — ამბობს ახალგაზრდა გოგონა მასამი.
ჰკითხე საკუთარ თავს
ხომ არ აღმძრავს ფილმები, რომლებსაც ვუყურებ, ღვთის ნების საწინააღმდეგო საქციელისკენ, მაგალითად, სექსისკენ, ძალადობისკენ ან სპირიტიზმისკენ, თუ პირიქით, კარგისკენ მიბიძგებს?
წიგნები
ქვემოთ აღნიშნე, რა სახის ლიტერატურის კითხვას ანიჭებ უპირატესობას.
-
მხატვრულ ლიტერატურას
-
დოკუმენტურ მასალებს
-
კლასიკურ ნაწარმოებებს
-
სხვას
იცოდი, რომ . . . მარტო შეერთებულ შტატებში კვირაში ათასზე მეტი წიგნი იბეჭდება.
თუ არ მოუსმენ ბიბლიით გაწვრთნილ სინდისს და უყურებ, წაიკითხავ ან მოუსმენ იმას, რაც მასებისთვის პოპულარულია, გართობის ინდუსტრია ამით არც არაფერს დაკარგავს და არც არაფერს მოიგებს.
რას უნდა მოერიდო? კინოფილმების მსგავსად, ბევრ წიგნში წინა პლანზე არაბიბლიური ფასეულობებია წამოწეული. მაგალითად, ზოგში ცოცხლად არის აღწერილი სექსუალური სცენები ან სპირიტული მომენტები. ბიბლიაში წერია: „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის“ (ეფესოელები 5:3). ის აგრეთვე გვაფრთხილებს, რომ სპირიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება ბოროტებაა იეჰოვას თვალში (2 მეფეები 17:17).
იყავი გამრჩევი. „კარგი წიგნი რომ შევარჩიო, სარჩევს გადავხედავ ხოლმე და თავებს ვათვალიერებ. თუ რაიმე ისეთს წავაწყდები, არ ვყიდულობ“ (მარი).
„როცა წამოვიზარდე და ჭკუაში ჩავვარდი, მივხვდი, რომ ჩემი სინდისის ხმისთვის უნდა მომესმინა. თუ დავინახავდი, რომ წიგნი არ ვარგოდა, აღარ ვკითხულობდი; ვხვდებოდი, რომ ის ღვთის აზროვნებას არ ირეკლავდა“ (კორინი).
რჩევა: გაიფართოვე ინტერესების სფერო. „თანამედროვე ლიტერატურას კლასიკური ნაწარმოებების კითხვა მირჩევნია. ამ წიგნებში ლამაზი ენაა გამოყენებული და ფანტასტიკურად ვითარდება სიუჟეტი“ (17 წლის ლარა).
ჰკითხე საკუთარ თავს
ღვთისთვის მიუღებელი საქციელისკენ ხომ არ მიბიძგებს წიგნები, რომლებსაც ვკითხულობ?
მუსიკა
ქვემოთ აღნიშნე, რა სახის მუსიკას უსმენ.
-
როკს
-
კლასიკას
-
ჯაზს
-
ბლუზს
-
ჰიპ-ჰოპს
-
სხვას
იცოდი, რომ . . . ოთხი წამყვანი ხმის ჩამწერი კომპანია 30 000 მუსიკალურ ალბომს უშვებს წელიწადში.
რას უნდა მოერიდო? ფილმებისა და წიგნებისა არ იყოს, დღესდღეობით სიმღერების უმეტესობაც ვერ დაიკვეხნის ზნეობრივი სისპეტაკით. უწმაწურმა სიტყვებმა და კლიპებში ცოცხლად ასახულმა სცენებმა შეიძლება თქვენშიც გააღვიძოს სექსუალური მოთხოვნილებები (1 კორინთელები 6:18). „დღევანდელი მუსიკა ადამიანს არაბიბლიური საქციელის ჩადენისკენ უბიძგებს და ისეთი რიტმი აქვს, რომ ცეკვას მოგანდომებს, თანაც გიჟურს და ვნებიანს,“ — ამბობს 21 წლის ლი.
იყავი გამრჩევი. „უფროსი ასაკის ქრისტიანებს ჩემი სიმღერების კრებული რომ შეემოწმებინათ, სირცხვილისგან ხომ არ დავიწვებოდი? ასეთი აზროვნება მეხმარება, არ მოვუსმინო იმას, რაც მიუღებელია“ (ლიანი).
რჩევა: სხვა ჟანრის მუსიკასაც ეზიარე. „მამაჩემს კლასიკური მუსიკა უყვარს და როცა პატარა ვიყავი, ხშირად იყო ხოლმე ჩართული ჩვენს სახლში კლასიკური მუსიკები. ნელ-ნელა გავერკვიე ამ ჟანრში, თან პიანინოზე დაკვრასაც ვსწავლობდი და დავინახე, რომ მუსიკის ამ მიმდინარეობას შეუძლია უდიდესი სიამოვნება მიანიჭოს ადამიანს“, — ეს არის 18 წლის რობერტოს სიტყვები.
ჰკითხე საკუთარ თავს
ხომ არ მიჭირს ვნებების დაოკება, როცა ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმენ, თუ პირიქით?
დამატებითი ინფორმაციისთვის
გადახედე წიგნს „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავები 31 და 32. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 3 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ არ გმობს არც ერთ ფილმს, წიგნსა თუ სიმღერას და არც რეკლამას უწევს. ამ სტატიით ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ახალგაზრდებს, ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მცნებებით გაიწაფონ სინდისი, რომელსაც სათანადო რეაგირება ექნება ბიბლიურ ნორმებზე (ფსალმუნი 119:104; რომაელები 12:9).
^ აბზ. 13 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.