ახალგაზრდების შეკითხვები
ახალგაზრდების შეკითხვები
ვისთან ვიმეგობრო?
„21 წლის ვარ. ირგვლივ ჩემს თანატოლებს ვერ ნახავ, ამიტომ, ჩემზე უმცროსების ან დაოჯახებულების წრეში მიწევს ყოფნა. ერთნი სულ გამოცდებზე ლაპარაკობენ, მეორენი კი — ოჯახსა და სახლზე. არადა, მე სულ არ მაღელვებს ეს საკითხები და არც ძილს მიფრთხობს ღამით. ნეტავ, ისეთ ხალხთან მქონდეს ურთიერთობა, ვისთანაც მეტი საერთო მაქვს!“ (კარმენი) *
თითქმის ყველას, რა ასაკისაც უნდა იყოს, სურს ვინმეს წრეში ყოფნა. შენც, უეჭველად, იმავეს ისურვებდი. აი, რატომ გვტკივა გული, როცა არაფრად გვაგდებენ, არც კი გვამჩნევენ, თითქოს უხილავი ვიყოთ. 15 წლის მიქაელი საკუთარ თავზე ამბობს: „გეგონება, არ ვარსებობ“.
რასაკვირველია, თუ ქრისტიანი ხარ, „მთელ საძმოთან“ ასე თუ ისე შეგიძლია საერთო გამონახო (1 პეტრე 2:17). მაგრამ ზოგჯერ თანამორწმუნეებთან ურთიერთობის დროსაც შეიძლება თავს მაინცდამაინც კომფორტულად არ გრძნობდე. „როცა ქრისტიანული შეხვედრებიდან სახლში ვბრუნდებოდი, მანქანაში უკან ვჯდებოდი და ვტიროდი. რაც უფრო მეტად ვცდილობდი, და-ძმებთან საერთო ენის გამონახვას, მით მეტად მიტყდებოდა გული“, — იხსენებს 20 წლის ჰელენა.
რა უნდა გააკეთო, თუ გიჭირს სხვებთან საერთო ენის გამონახვა? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გასცემ, პირველ რიგში, კარგი იქნება, თუ გაერკვევი 1) როგორი კატეგორიის ადამიანებთან გიჭირს საერთოს გამონახვა და 2) როგორ იქცევი, ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანების გარემოცვაში.
ვისთან გიჭირს საერთო ენის გამონახვა? დასვი ნიშანი ✔.
1. ასაკი
□ უმცროსი □ თანატოლი □ უფროსი
2. უნარი
სპორტული □ ნიჭიერი □ ინტელექტუალური
3. დამახასიათებელი თავისებურება
საკუთარ თავში დარწმუნებული □ პოპულარული □ თავისი „კუტოკი“ აქვს
როგორ იქცევი იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთანაც საერთო ენას ვერ ნახულობ? დასვი ნიშანი ✔.
□ თავს ისე ვაჩვენებ, თითქოს მათნაირი ინტერესები და უნარი მაქვს.
□
არ ვინტერესდები მათი საუბრის თემებით და მხოლოდ ჩემთვის სასურველ თემებზე ვსაუბრობ.□ ვდუმვარ და პირველივე შესაძლებლობისთანავე ვტოვებ მათ კომპანიას.
ვინაიდან გამოიკვეთა, როგორ ადამიანებთან გიჭირს საერთო ენის გამონახვა და როგორ იქცევი მათ გარემოცვაში, ახლა გავარკვიოთ, რა შეგიძლია, გააკეთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა ჯერ გაიგე ის რამდენიმე მიზეზი, რაც ხელს გიშლის ხალხთან ურთიერთობაში, და შემდეგ აღმოფხვერი ისინი.
მიზეზი 1: განმარტოება
პრობლემა. როდესაც ისეთ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, ვისაც შენგან განსხვავებული ნიჭი და უნარი აქვს და ამას შენი სიმორცხვეც ემატება, შეიძლება ჩათვალო, რომ უცნაური ადამიანი ხარ. „საშინლად ვერ ვიტან საუბრის წამოწყებას. მეშინია, რამე შეცდომით არ ვთქვა“, — ამბობს 18 წლის ანიტა.
რას ამბობს ბიბლია. „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1 ). ერთი რამ ცხადია, თუ საკუთარ ნაჭუჭში იკეტები, უარესია. როცა ხალხისგან იზოლირებული ხარ, საკუთარ თავს ეგრეთ წოდებულ დაუსრულებელ წრეში აქცევ: განმარტოებული შეიძლება შენს თავს შთააგონებდე, რომ ვერავისთან გამონახავ საერთოს, რაც თავის მხრივ გიკარგავს ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს. ამ დროს თავს მარტოდ გრძნობ და კიდევ ერთხელ რწმუნდები იმაში, რომ საერთო ენის გამონახვა გიჭირს. ამგვარად შენ ვერ დააღწევ ამ წრეს თავს, სანამ რაიმე ზომებს არ მიიღებ.
„ადამიანებს აზრების წაკითხვა არ შეუძლიათ. როგორ მიიღებ იმას, რაც გინდა, თუ ამის შესახებ არ იტყვი?! თუ საკუთარ თავში ჩაიკეტები, ვერასოდეს შეიძენ მეგობრებს. იმოქმედე და ნუ დაელოდები სხვას. ცალმხრივი მეგობრობა ხომ არ არსებობს?!“, — ამბობს 19 წლის მელინდა.
მიზეზი 2: იმედის გადაწურვა
პრობლემა. ზოგს გადაწურული აქვს იმის იმედი, რომ შესაფერის სამეგობრო წრეს იპოვის. ამიტომ, ცუდ წრეს ირჩევს და ფიქრობს, რომ სულ უმეგობროდ ყოფნას, ვიღაცასთან მეგობრობა სჯობია. «ძალიან განვიცდიდი, რომ სკოლის ერთ-ერთ პოპულარულ „სასტავში“ არ ვიყავი. იმდენად მინდოდა მათ წრეში მოვხვედრილიყავი, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი», — ამბობს 15 წლის რენე.
რას ამბობს ბიბლია. „სულელებთან საქმის დამჭერი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). არ გეგონოთ, რომ „სულელში“ მაინცდამაინც უცოდინარი ადამიანი იგულისხმება. სულელი შეიძლება წარჩინებული მოსწავლეც იყოს. ღვთის თვალში სულელი ისაა, ვინც არაფრად აგდებს ბიბლიურ ნორმებს. ნუ დაემსგავსები ქამელეონს, რომელიც ფერებს იცვლის და ნუ ეცდები, მოერგო მათ, რადგან ამით მხოლოდ ხიფათს გადაეყრები (1 კორინთელები 15:33).
„ყველასთან მეგობრობა არ ღირს. შენ არ გჭირდება ისეთი მეგობრები, რომლებიც მათ წრეში რომ მოხვდე, იძულებულს გხდიან, შეიცვალო. შენ გჭირდება ისეთი მეგობრები, რომლებსაც ეყვარები და იზრუნებენ შენზე“, — ამბობს 21 წლის პაულა.
გამოიჩინე ინიციატივა
ნუ დაელოდები, სხვა როდის მოვა შენთან და როდის შემოგთავაზებს ურთიერთობას. „ყოველთვის არ უნდა ველოდოთ, რომ სხვები მოვლენ და გაგვეცნობიან. ჩვენ ინიციატივა უნდა გამოვავლინოთ“, — ამბობს 21 წლის ჯინი. ამაში ორი რჩევა დაგვეხმარება:
ნუ შემოიფარგლები შენი თანატოლებით. ბიბლიურ პერსონაჟებს, იონათანსა და დავითს შორის სხვაობა დაახლოებით 30 წელი იყო. მიუხედავად ამისა, ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ * (1 სამუელი 18:1). რას ვსწავლობთ აქედან? უფროსი ასაკის ადამიანებთან მეგობრობა შესაძლებელია. რატომ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ თანატოლებთან ურთიერთობით და მერე თქვა, რომ მეგობრებს ვერ პოულობ?! ეს იგივეა, უკაცრიელ კუნძულზე შიმშილით კვდებოდე მაშინ, როცა გარშემო აურაცხელი თევზია. ფაქტია, რომ შენ გარშემო ბევრი კარგი ადამიანია, ვისთანაც საერთო ენის გამონახვა შეგიძლია. ამისთვის კი მხოლოდ შენი ასაკის ადამიანებით არ უნდა შემოიფარგლო.
„დედა მირჩევდა, კრებაში ურთიერთობა მქონოდა უფროსი ასაკის სულიერად მოწიფულ ქრისტიანებთან. მისი თქმით, გავვოცდებოდი, რამდენ საერთოს ვიპოვიდი მათთან. დედა მართალი იყო. დღეს მე ბევრი მეგობარი მყავს“, — ამბობს 20 წლის ჰელენა.
ისწავლე საუბარი. საუბარი ძალისხმევას მოითხოვს განსაკუთრებით მაშინ, თუ მორცხვი ხარ. შენ ეს გამოგივა! მთავარია, თანამოსაუბრეს 1) მოუსმინო, 2) დაუსვა კითხვები და 3) მისით გულწრფელად დაინტერესდე.
„ვცდილობ უფრო მომსმენი ვიყო, ვიდრე მოლაპარაკე, საკუთარ თავზე ნაკლები ვილაპარაკო და სხვები ცუდ შუქში არ წარმოვაჩინო“, — ამბობს 18 წლის სერენა.
„თუ ადამიანი ჩემთვის უცნობ თემაზე ლაპარაკობს, ვთხოვ განმიმარტოს, რაც მას ამ თემაზე უფრო მეტის თქმის საშუალებას მისცემს“, — ამბობს 21 წლის იარედი.
შეიძლება ბუნებით თავდაჭერილი ხარ. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია. არ არის აუცილებელი, ურთიერთობაში ზედმეტად თავისუფალი იყო. მაგრამ თუ ატყობ, რომ გიჭირს ხალხთან საერთო ენის გამონახვა, სცადე და გამოიყენე ამ სტატიაში შემოთავაზებული რჩევები. შენ, ალბათ, იგივე განცდა გეუფლება, როგორიც ლეას. ის ამბობს: „მე ბუნებით მორცხვი ვარ, ამიტომ, თავს ვაიძულებ, რომ სხვებს ველაპარაკო. მეგობრები რომ გყავდეს, თავად უნდა იყო მეგობრული. ასე რომ, ბარიერი უკვე გადავლახე“.
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
[სქოლიო]
^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.
^ აბზ. 29 დავითი, როგორც ჩანს, მოზარდი იყო, როცა იონათანს დაუმეგობრდა.
[ჩარჩო⁄სურათები 19 გვერდზე]
შენი თანატოლები ამბობენ . . .
„ვცდილობ, ქრისტიანული კრების შეხვედრებზე, სულ მცირე, ერთ ადამიანს მაინც გამოველაპარაკო. უბრალო მისალმებაც კი შეიძლება მეგობრული ურთიერთობის წინაპირობად იქცეს“
„ადვილია, გულხელდაკრეფილი იჯდე და ამბობდე, რომ გულზე არავის ეხატები და საერთოს ვერავისთან გამონახავ. ძალიან შევეცადე, რომ შევცვლილიყავი. თუ ინიციატივას გამოიჩენ, ეს ბევრ რამეში წაგადგება და კარგ თვისებებსაც შეგძენს“
„თავიდან მეუხერხულებოდა, მაგრამ ახლა უკვე მიადვილდება უფროსებთან საუბარში ჩაბმა. ამან ბევრი რამ მომცა — ადრეულ ასაკში შევიძინე ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან“
[სურათები]
ლორენი
რაიენი
კარისა
[ჩარჩო 20 გვერდზე]
ჰკითხე მშობლებს
გიჭირდა ჩემს ასაკში სხვებთან საერთო ენის გამონახვა? ყველაზე მეტად ვისთან გიძნელდებოდა შეწყობა? როგორ გაართვი თავი ამ პრობლემას?
․․․․․
[დიაგრამა 20 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მარტოობის დაუსრულებელი წრე
მარტოსული ვარ, რაც . . .
. . . განდეგილივით ვარ, რაც . . .
. . . ყველასგან იზოლირებული ვარ, რაც . . .