ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიის თვალსაზრისი
ეთანხმება ბიბლია მეცნიერებას?
„პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო მომენტები მაშინ დგება, როცა რაღაც ახალს აღმოვაჩენ და ჩემთვის ვამბობ: აი, თურმე როგორ შეუქმნია ეს ღმერთს!“ (ჰენრი შეფერი, პროფესორი და ქიმიკოსი).
მეცნიერებამ ბევრ რამეს ახადა ფარდა — ბუნებაში არსებულ წესრიგს, სიზუსტესა და რთულ მექანიზმებს, რაც ბევრის აზრით უსაზღვრო ინტელექტისა და ძალის მქონე ღმერთის არსებობაზე მეტყველებს. მათი აზრით მეცნიერება მხოლოდ ბუნებაში მიმდინარე პროცესებს კი არ გვიხსნის, არამედ ღვთის აზროვნებაზეც გვიქმნის წარმოდგენას.
ამ მოსაზრებას ბიბლიაც აშკარად უჭერს მხარს. რომაელების 1:20-ში ნათქვამია: „მისი [ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“. ფსალმუნის 19:1, 2-ში წერია: „ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს. დღითი დღე გადასცემენ სიტყვას, ღამიდან ღამემდე ამხელენ ცოდნას“. მაგრამ ბუნებაში არსებული სასწაულები მაინც ვერ გვიქმნის სრულ წარმოდგენას შემოქმედზე.
ის, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის
მეცნიერებას არ შეუძლია ყველაფერი აგვიხსნას ღვთის შესახებ. მაგალითად, მეცნიერს შეუძლია გვითხრას, რა ხდება შოკოლადის ნამცხვრის თითოეულ მოლეკულაში, მაგრამ მის მიერ გაკეთებული ანალიზით შეუძლებელია იმის დადგენა, რატომ ან ვისთვის გამოაცხვეს ნამცხვარი. ჩვეულებრივ ადამიანებს სწორედ ასეთ კითხვებზე აინტერესებთ პასუხები. ამ შემთხვევაში სწორ პასუხს მხოლოდ ნამცხვრის მცხობელი თუ გაგვცემს.
ავსტრიელი ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ერვინ შრედინგერი წერდა: „მეცნიერება ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ სამარესავით დუმს . . . ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე“. როგორც შრედინგერმა განაცხადა, ამაში „ღმერთი და მარადიულობაც“ შედის. მაგალითად, მხოლოდ ღმერთს შეუძლია გვიპასუხოს ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა: რატომ არსებობს სამყარო? რატომ არის ჩვენს პლანეტაზე ამდენი ცოცხალი არსება, მათ შორის გონიერი ქმნილებები? თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ არსებობს ბოროტება და ტანჯვა? რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
ამ კითხვებზე პასუხს ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვცემს (2 ტიმოთე 3:16). მაგრამ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: საიდან ვიცით, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთისგანაა? მეცნიერული თვალსაზრისით, ის, რასაც ბიბლია ამბობს ჩვენ ირგვლივ არსებულ სამყაროზე, უნდა შეესაბამებოდეს მეცნიერულ ფაქტებს, რადგან ბიბლია და ღვთის შემოქმედება ერთმანეთს ეთანხმება. საიდან ვიცით, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია ეთანხმება მეცნიერულ ფაქტებს? განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
წიგნი, რომელმაც მეცნიერული თვალსაზრისით დროს გაუსწრო
როცა ბიბლია დაიწერა, მრავალს სჯეროდა, რომ სამყაროს — მზეს, მთვარეს, ამინდს, ნაყოფიერებასა თუ სხვა მოვლენებს ღმერთები განაგებდნენ და არა ბუნების კანონები. მაგრამ ღვთის ძველი ებრაელი წინასწარმეტყველები ამ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობდნენ. ფაქტია, მათ იცოდნენ, რომ იეჰოვა ღმერთს შეეძლო ემართა ბუნებრივი მოვლენები, რაც რამდენჯერმე გააკეთა კიდეც იესო ნავეს ძე 10:12—14; 2 მეფეები 20:9—11). მიუხედავად ამისა, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის (ინგლისი) პროფესორი, მათემატიკოსი ჯონ ლენოქსი აღნიშნავს, ამ წინასწარმეტყველებს „არ დასჭირვებიათ სამყაროს მმართველების [მითიური ღმერთების] უარყოფა . . . ერთი მარტივი მიზეზის გამო — მათ არასდროს სჯეროდათ მათი არსებობის. ცრუმორწმუნეობისგან ისინი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, ცისა და მიწის შემოქმედის რწმენამ დაიცვა“.
(როგორ დაიცვა ასეთმა მრწამსმა ისინი ცრურწმენისგან? მათ თავად ჭეშმარიტმა ღმერთმა გაუმჟღავნა, რომ სამყაროს უზუსტესი კანონებითა და წესებით თავად განაგებს. მაგალითად, 3 500-ზე მეტი წლის წინათ იეჰოვა ღმერთმა თავის მსახურს იობს ჰკითხა: „იცი, რა წესებია ზეცაში?“ (იობი 38:33). ძვ. წ. მე-7 საუკუნეში წინასწარმეტყველმა იერემიამაც დაწერა, რომ ღმერთმა „ცისთვის და დედამიწისთვის“ წესები დაადგინა (იერემია 33:25).
აქედან გამომდინარე, ყველა, ვისაც ძველად ბიბლიური წინასწარმეტყველებების სჯეროდა, დარწმუნებული იყო, რომ სამყაროს მითიური და მრისხანე ღმერთები კი არ განაგებდნენ, არამედ ბუნებაში არსებული კანონები. ამის გამო ღვთისმოსავი ადამიანები თაყვანს არ სცემდნენ ქმნილებებს, მაგალითად მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს. ისინი არც ცრურწმენებს იყვნენ აყოლილნი (კანონი 4:15—19). ისინი აკვირდებოდნენ ღვთის შემოქმედებას და მასში მის სიბრძნეს, ძალასა თუ სხვა თვისებებს ხედავდნენ (ფსალმუნი 8:3—9; იგავები 3:19, 20).
ჩვენს დღეებში მოღვაწე მრავალი მეცნიერის მსგავსად, ძველად ებრაელებსაც სჯეროდათ, რომ სამყაროს ჰქონდა დასაბამი. „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“, — ნათქვამია დაბადების 1:1-ში. ღმერთმა თავის მსახურ იობს გაუმხილა, რომ დედამიწა არაფერზე ანუ ცარიელ სივრცეში დაჰკიდა (იობი 26:7). 2 500-ზე მეტი წლის წინათ წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა, რომ დედამიწას წრის ანუ სფეროსებური ფორმა აქვს (ესაია 40:22). *
რაც შეეხება ბუნების კანონებს, ბიბლია და მეცნიერული ფაქტები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. უფრო მეტიც, ეს ორი სფერო ავსებს ერთიმეორეს. თუ რომელიმე მათგანს უარვყოფთ, ღვთის შემეცნების კარს ვეღარ შევაღებთ (ფსალმუნი 119:105; ესაია 40:26).
[სქოლიო]
^ აბზ. 14 ღვთის არსებობისა და ბიბლიის სიზუსტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ბროშურა „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
გიფიქრიათ?
● რას გვეუბნება შემოქმედება ღვთის შესახებ? (რომაელები 1:20)
● რას ვერ გვიხსნის მეცნიერება ღვთის შესახებ? (2 ტიმოთე 3:16)
● რატომ არ იყვნენ ჭეშმარიტი ღვთის ძველი წინასწარმეტყველები ცრუმორწმუნენი? (იერემია 33:25)
[ჩანართი 23 გვერდზე]
სამყაროს განაგებს ზუსტი კანონები, „ცისთვის და დედამიწისთვის“ დადგენილი წესები (იერემია 33:25)