არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გააუმჯობესებს სექსი ჩვენს ურთიერთობას?

გააუმჯობესებს სექსი ჩვენს ურთიერთობას?

ახალგაზრდების შეკითხვები

გააუმჯობესებს სექსი ჩვენს ურთიერთობას?

სარა ორი თვეა რაც ჯონის ხვდება, მაგრამ ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობს. ისინი გამუდმებით უგზავნიან ერთმანეთს SMS-ებს, საათობით ლაპარაკობენ ტელეფონზე და, შეიძლება ითქვას, უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. ახლა ისინი მანქანაში სხედან და მთვარის შუქზე ერთმანეთს ებაასებიან, მაგრამ ჯონს უფრო მეტი სურს.

გასული ორი თვის განმავლობაში ჯონი და სარა მხოლოდ ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ და მოკრძალებული კოცნით შემოიფარგლებოდნენ. სარას არ სურს ღრმად შეტოპვა, თუმცა არც ჯონის დაკარგვა უნდა. ის ერთადერთია, ვინც აგრძნობინებს, რომ ძალიან ლამაზი და განსაკუთრებულია. სარა გულში ამბობს: „მე და ჯონს ხომ გვიყვარს ერთმანეთი . . .?“

ალბათ ხვდებით, რაზეა საუბარი. მაგრამ შესაძლოა ვერც კი წარმოიდგინოთ, როგორ რადიკალურად შეიძლება შეცვალოს სექსმა სარასა და ჯონის ურთიერთობა ცუდისკენ.

ფიზიკური კანონების, მაგალითად, მიზიდულობის კანონის უგულებელყოფა, ძვირად დაგიჯდება. იმავეს თქმა შეიძლება ზნეობრივ კანონზე. ერთ-ერთი ასეთი კანონი მოგვიწოდებს, მოვერიდოთ სიძვას * (1 თესალონიკელები 4:3). რა შედეგები მოჰყვება ამ კანონის უგულებელყოფას? ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორინთელები 6:18). რა გაგებით შეიძლება სხეულის წინააღმდეგ შესცოდო? ქვემოთ ჩამოწერე სამი საზიანო შედეგი, რაც შეიძლება ქორწინებამდე სექსს მოჰყვეს.

1. ․․․․․

2. ․․․․․

3. ․․․․․

ახლა გადახედე იმას, რაც დაწერე. მოიხსენიე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა ან ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვა? ასეთ საშინელ შედეგებს მოიმკის ნებისმიერი, ვინც ღვთის ზნეობრივ ნორმებს უგულებელყოფს და სიძვას სჩადის.

ყველაფრის მიუხედავად, ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს მას არ დაემართება. სქესობრივ ურთიერთობაზე უარს ხომ არავინ ამბობს? შენი თანატოლები შეიძლება ტრაბახობენ კიდეც ამით და მათი შემხედვარე, ვერ იტყვი, რომ სქესობრივ კავშირს რაიმე ცუდი შედეგი მოაქვს. იქნებ სარას მსგავსად შენც ფიქრობ, რომ სექსი შეყვარებულთან დაგაახლოებს? თანაც არ გინდა, ვინმემ ჩამორჩენილად ჩაგთვალოს იმის გამო, რომ სექსი ჯერ არავისთან გქონია. შეიძლება ამბობ, არ ჯობია სხვებივით ვიყო?

დასკვნებს სწრაფად ნუ გამოიტან; პირველ რიგში იცოდე, რომ ბევრი უარს ამბობს სექსზე. სტატისტიკური მონაცემებიდან შეიძლება იცი, რომ ახალგაზრდების უმეტესობა სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. მაგალითად, ერთი გამოკვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში სკოლის დამთავრებამდე 3-დან 2 ახალგაზრდა სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ ეს მონაცემები იმასაც გვატყობინებს, რომ 3-დან 1-ს არა აქვს სქესობრივი კავშირი; ეს კი არცთუ ისე ცოტაა. და მაინც, რას ვიტყვით მათზე, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა? გამოკვლევების თანახმად, ბევრი ახალგაზრდა ღრმა სინანულს განიცდის. ეს შეიძლება იყოს:

№1. წუხილი. ახალგაზრდების უმეტესობა ძალიან ნანობდა, რომ ქორწინებამდე ჰქონდა სექსი.

№2. უნდობლობა. ინტიმური ურთიერთობის შემდეგ თითოეული იმაზე იწყებს ფიქრს, კიდევ ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდა მის პარტნიორს სექსი.

№3. ღალატი. სექსის შემდეგ დიდია იმის ალბათობა, რომ ბიჭმა გაწყვიტოს ურთიერთობა გოგოსთან და სხვას დაადგას თვალი.

№4. იმედგაცრუება. გულის სიღრმეში ნებისმიერი გოგო ოცნებობს ისეთ ბიჭზე, რომელიც დაიცავს მას და თავისი ეგოისტური მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, დაფიქრდი კიდევ ერთ რამეზე: არაერთ ბიჭს უთქვამს, რომ არასდროს მოიყვანს ცოლად იმ გოგოს, რომელთანაც სექსი ჰქონდა. და იცი, რატომ? ისინი პატიოსნებს ამჯობინებენ.

სიახლე ხომ არ იყო ეს შენთვის ან ხომ არ გაბრაზდი? გახსოვდეს, რომ ქორწინებამდელი სექსი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებში წარმოგვიდგენენ. გართობის ინდუსტრია მიმზიდველს ხდის სექსს მოზარდებისთვის და მას ნამდვილ სიყვარულთან აიგივებს. მაგრამ ამას მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი თუ დაიჯერებს. ვინც ცდილობს, ქორწინებამდე დაამყაროს შენთან სქესობრივი კავშირი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს (1 კორინთელები 13:4, 5). აბა დაფიქრდი, ვისაც ნამდვილად უყვარხარ, საფრთხეს შეუქმნის შენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას? (იგავები 5:3, 4). ან ის, ვისთვისაც შენ ძვირფასი ხარ, შეეცდება, რომ ღმერთთან ურთიერთობა გაგიფუჭოს? (ებრაელები 13:4).

ფაქტია, ქორწინებამდე სექსით შენ უმწიკვლობას თმობ, რაც ძალიან ღირებულია და ამგვარად, საკუთარ თავს შეურაცხყოფ (რომაელები 1:24). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ ურთიერთობის შემდეგ ბევრი თავს უღირსად გრძნობს, თითქოს თავისი დაუდევრობით რაღაც ძვირფასი მოპარეს. არ დაუშვა, რომ ეს შენც დაგემართოს! თუ ვინმე ცდილობს, სექსზე დაგიყოლიოს და გეუბნება: „თუ გიყვარვარ, დაწექი ჩემთან“, მტკიცედ უთხარი: „რომ გიყვარდე, ამას არ მთხოვდი!“.

უმწიკვლობა ძალიან ძვირფასია და დასაკარგავად არ ღირს. შენი საქციელით დაამტკიცე, რომ შეგიძლია დაემორჩილო ღვთის კანონს და თავი აარიდო სიძვას. ერთ მშვენიერ დღეს ოჯახს შექმნი და მაშინ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის, სინანულისა და შიშის გარეშე გექნება სქესობრივი ურთიერთობა შენს მეუღლესთან (იგავები 7:22, 23; 1 კორინთელები 7:3).

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ბიბლიაში სიტყვა „სიძვა“ არა მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობას გულისხმობს დაუქორწინებელ პირებს შორის, არამედ ისეთ უმსგავსო ქმედებებსაც, როგორიცაა სასქესო ორგანოებზე ალერსი ან ორალური და ანალური სექსი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, გვერდები 42—47.

დაფიქრდი

● მართალია, არასრულყოფილი სხეული გიბიძგებს ქორწინებამდელი სექსისკენ, მაგრამ რატომ იქნება ეს შენთვის საზიანო?

● როგორ მოიქცევი, თუ ვინმე სქესობრივ ურთიერთობას შემოგთავაზებს?

[ჩარჩო⁄სურათები 27 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ. . .

„მხოლოდ არას თქმა საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ მან თავი დაგანებოს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ეტყვი უარს. თუ უარს მორიდებულად და ორჭოფულად ეტყვი, ეს მისთვის უარი არ იქნება. უარი გადაჭრით უნდა უთხრა!“

„არას თქმა ყოველთვის არ ჭრის. ზოგჯერ იმის თქმაც არ გიშველის, რომ იეჰოვას მოწმე ხარ. ვიცნობ ისეთებსაც, რომლებიც იკვეხნიან, რომ ქრისტიანებს უზნეობა ჩაადენინეს. ხანდახან უკეთესია, სალაპარაკოდაც არ გაუჩერდე ასეთ ადამიანს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ღირს ამის გაკეთება“

„შენი ქრისტიანული თვისებებით შეიძლება ბევრი მოიხიბლოს. ამიტომ ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო და უარი თქვა უზნეო საქციელზე. გაუფრთხილდი ამ თვისებებს და ნუ დაკარგავ!“

[სურათები]

დიანა

ჯეიმზი

ჯოშუა

[ჩარჩო 28 გვერდზე]

თავი მოაწონე

თუ გოგო გიყვარს, ნამდვილად ზრუნავ მასზე? აჩვენე მას, რომ . . .

ძლიერი ხარ ღვთის კანონების შესასრულებლად

გაქვს სიბრძნე, გაერიდო მაცდურ სიტუაციებს

გიყვარს და მისი კეთილდღეობა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თუ ასეთი თვალსაზრისი გექნება, შენი შეყვარებულის გრძნობები შულამელი ქალის გრძნობების მსგავსი იქნება: „ჩემი სატრფო ჩემია, მე კი — მისი“ (ქებათა ქება 2:16).

წაიკითხე იგავების 22:3; 1 კორინთელების 6:18; 13:4—8

[ჩარჩო 28 გვერდზე]

რჩევა

საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობისას გაითვალისწინე: არ გააკეთო ის, რასაც მშობლების თანდასწრებით არ გააკეთებდი.

[სურათი 28 გვერდზე]

ვისაც სექსი ქორწინებამდე აქვს, ის არ აფასებს ღვთის საჩუქარს. ეს შეიძლება შევადაროთ ძვირფასს ნახატს, რომელიც გაჩუქეს, მაგრამ შენ მას ფეხსაწმენდად იყენებ.