არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაყოფილი ოჯახი — ტრაგედია შვილებისთვის

გაყოფილი ოჯახი — ტრაგედია შვილებისთვის

გაყოფილი ოჯახი — ტრაგედია შვილებისთვის

ოჯახის მრჩევლები დანგრევის პირას მისულ ოჯახებს ადრე ურჩევდნენ: „საკუთარ ბედნიერებაზე იფიქრეთ! ბავშვების დარდი ნუ გექნებათ, მალე დაივიწყებენ. ისინი ოჯახის დანგრევას უფრო ადვილად შეეგუებიან, ვიდრე მუდმივად თქვენი კამათის მოსმენას“. მრჩევლების აზრით, განქორწინება საუკეთესო გამოსავალი იყო.

ზოგი, ვინც ასეთ რჩევას იძლეოდა, დღეს სრულიად საპირისპიროს ამბობს: „განქორწინება ომია, ამ ომში ყველა, მშობელიც და ბავშვიც დაჭრილი რჩება“.

მითი განქორწინების შესახებ

წარმოიდგინეთ სატელევიზიო იუმორისტული შოუს ასეთი სიუჟეტი: დედ-მამა ერთმანეთს ეყრება. ბავშვები დედასთან რჩებიან. ცოტა ხნის შემდეგ ქმარგაცილებული ქალი გაიცნობს შვილებიან დაქვრივებულ მამაკაცს და ახალი ოჯახი იქმნება. ყოველკვირა ამ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აბსურდული უთანხმოებები მოსდით, რომლებსაც სულ რაღაც 30 წუთში აგვარებენ და თანაც ჭარბი იუმორით.

ამგვარი სატელევიზიო შოუ შეიძლება სახალისო იყოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში გაყრას სახალისოს ვერ დავარქმევთ. პირიქით, ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია. მწერალი გარი ნიუმენი თავის წიგნში წერს: „გაყრა სასამართლოში ბრძოლას ნიშნავს. ერთი მხარე მეორეს უჩივის. თუ გაყრას გადაწყვეტთ, შეიძლება შვილზე მეურვეობის უფლება დაკარგოთ, შეიცვალოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ისიც კი საფიქრალი გაგიხდეთ, თუ სად იცხოვრებთ. ეს პრობლემები შეიძლება შუამავლის მეშვეობით მოაგვაროთ ან სულაც მოუგვარებელი დაგრჩეთ. ბოლოს, თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანი, მოსამართლე, გადაწყვეტს, რამდენ ხანში ერთხელ ნახავთ შვილს და რა დაგრჩებათ საერთო ქონებიდან. სამწუხაროდ, მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება თქვენს სურვილს არ დაემთხვას“ (Emotional Infidelity).

გაყრის შემდეგ ხშირად ძველ პრობლემებს ახალი პრობლემები ცვლის. შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს — ცხოვრების პირობებიდან დაწყებული ფინანსური მდგომარეობით დამთავრებული, თანაც საეჭვოა, რომ უკეთესობისკენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახის დანგრევა უარყოფითად აისახება ბავშვებზეც.

ტრავმირებული ბავშვები

ასაკის მიუხედავად ოჯახის დანგრევა ბავშვებისთვის დიდი დარტყმაა. ზოგი ფიქრობს, რომ მოზარდებს ადვილად უშუშდებათ ჭრილობა, რადგან ისინი უკვე დიდები არიან და ისედაც მალე მოუწევთ მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყველა ზემოხსენებული მიზეზის გამო ოჯახის დანგრევა ყველაზე რთულად სწორედ მოზარდებს გადააქვთ. * დავფიქრდეთ ქვემოთ მოცემულ აზრებზე.

▪ სანამ ზრდასრულობის ასაკში შეაბიჯებენ, მოზარდები გაცილებით დაუცველები არიან, ვიდრე მაშინ, როცა პატარები იყვნენ. ნუ შეგაცდენთ მათი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი! მოზარდებს როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ ძლიერი ოჯახის მხარდაჭერა.

▪ ადამიანი სხვებთან გააზრებულ ურთიერთობას მოზარდობის ასაკში სწავლობს, მშობლების განქორწინება კი მას სკეპტიკურ შეხედულებას უყალიბებს ისეთ ფასეულობებზე, როგორიცაა ნდობა, ერთგულება და სიყვარული. აქედან გამომდინარე, ზრდასრულმა შეიძლება არავისთან მოინდომოს ახლო ურთიერთობა.

▪ ჩვეულებრივ, პატარები თავიანთ განცდებს აშკარად გამოხატავენ, მაგრამ მოზარდების პროტესტი უფრო სახიფათო ფორმით ვლინდება, კერძოდ კრიმინალურ ქმედებებში, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაში.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ განქორწინებული მშობლების შვილები განწირულები არიან. მათ შეუძლიათ შეიმსუბუქონ ემოციური ტკივილი, თუ ორივე მშობელთან ექნებათ ურთიერთობა. * თავს იტყუებს ის, ვინც ფიქრობს, რომ განქორწინება, როგორც ზოგი ამბობს, ბავშვებისთვის უკეთესია ან ოჯახში ყოველგვარ დაძაბულობას წერტილს დაუსვამს. ზოგს განქორწინების შემდეგ უფრო ხშირად მოუწია „აუტანელ“ მეუღლესთან ურთიერთობა, ვიდრე განქორწინებამდე, განსაკუთრებით ისეთი საკამათო საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა ფინანსური მხარდაჭერა თუ შვილზე მეურვეობის უფლება. ასეთ შემთხვევაში ოჯახური პრობლემები კი არ გვარდება, არამედ ოჯახიდან სასამართლოში ინაცვლებს.

კიდევ ერთი გამოსავალი

რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი ოჯახი დანგრევის პირასაა? ამ სტატიაში მოყვანილია საფუძვლიანი მიზეზები იმისა, რომ კიდევ ერთხელ კარგად აწონ-დაწონოთ ყველაფერი. გაყრა არ არის ოჯახური პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა.

მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ოჯახის შენარჩუნება მეორე ნახევართან იძულებით ცხოვრებას ნიშნავს. არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი — თუ თქვენს ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა, ყველანაირად ეცადეთ, გამოასწოროთ მდგომარეობა. ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ თქვენს ოჯახს არაფერი ეშველება. ჰკითხეთ საკუთარ თავს:

▪ თავიდან მეუღლის რომელმა თვისებებმა მიმიზიდა? ნუთუ ამ თვისებების ნასახიც არ შერჩა მას? (იგავები 31:10, 29).

▪ შემიძლია იმ გრძნობების გაღვიძება, რომელიც დაქორწინებამდე მქონდა მეუღლის მიმართ? (ქებათა ქება 2:2; 4:7).

▪ იმის მიუხედავად, როგორ მექცევა მეუღლე, მე რა შემიძლია გავაკეთო, ამ ჟურნალის მე-3—9 გვერდებზე მოცემული რჩევები რომ გამოვიყენო? (რომაელები 12:18).

▪ შემიძლია ვუთხრა ჩემს მეუღლეს (პირისპირ თუ წერილობით), რომ მსურს მასთან ურთიერთობის გაუმჯობესება? (იობი 10:1).

▪ შეგვიძლია მე და ჩემს მეუღლეს გონიერ მეგობარს მივმართოთ, რომელიც ჩვენი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად რეალური მიზნების დასახვაში დაგვეხმარება? (იგავები 27:17).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული . . . აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). ეს პრინციპი გამოგადგებათ როგორც მეუღლის არჩევისას, ისე მაშინ, როცა ოჯახს დანგრევის საფრთხე ემუქრება. როგორც ამ ჟურნალის მე-9 გვერდზეა აღნიშნული, ბედნიერ ოჯახებსაც აქვთ პრობლემები, მაგრამ მათ იციან მათი მოგვარება.

წარმოიდგინეთ, რომ მანქანით შორ მანძილზე გადაწყვიტეთ მოგზაურობა. გზად ვერ გაექცევით ისეთ დაბრკოლებებს, როგორიცაა უამინდობა, საცობები და ბლოკპოსტები. დროდადრო შეიძლება გზაც აგებნათ. რას გააკეთებთ? მობრუნდებით და უკან წამოხვალთ თუ გადალახავთ დაბრკოლებებს და გზას განაგრძობთ? ქორწილის დღეს თქვენ დაადექით გრძელ გზას, რომელიც არ იქნებოდა ია-ვარდებით მოფენილი. ბიბლია ამბობს, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორინთელები 7:28). პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ გადალახავთ მათ. თქვენ უნდა იპოვოთ დაბრკოლებების გადალახვის საშუალება და გზა განაგრძოთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ოჯახი დასანგრევად განწირულია, დახმარება ითხოვეთ (იაკობი 5:14).

ქორწინება ღმერთმა დააფუძნა

ქორწინება ღვთის დაფუძნებულია და მას არასერიოზულად არ უნდა მოეკიდოთ (დაბადება 2:24). როცა პრობლემა, ერთი შეხედვით, გადაუჭრელია, გაიხსენეთ ამ სტატიაში განხილული რჩევები.

1. შეეცადეთ, გააღვიძოთ ის სიყვარული, რომელიც თავდაპირველად გქონდათ მეუღლის მიმართ (ქებათა ქება 8:6).

2. იფიქრეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, და შემდეგ იმოქმედეთ (იაკობი 1:22).

3. გასაგებად, მაგრამ პატივისცემით უთხარით მეუღლეს — პირისპირ ან წერილობით — რა ცვლილებები უნდა მოახდინოთ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად (იობი 7:11).

4. ითხოვეთ დახმარება. ნუ ეცდებით, მხოლოდ საკუთარი ძალით ოჯახის გადარჩენას!

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ამ სტატიაში, ძირითადად, ტრავმირებულ მოზარდებზე მიდის საუბარი, თუმცა ოჯახის დანგრევას პატარებიც არანაკლებ განიცდიან. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1997 წლის 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—12 (რუს.) და 1995 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 15—24 (რუს.).

^ აბზ. 13 რასაკვირველია, ყოველთვის შეუძლებელია ორივე მშობელთან ურთიერთობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთმა მშობელმა მიატოვა ოჯახი, აშკარად უპასუხისმგებლოა ან სახიფათოც კია მასთან ურთიერთობა (1 ტიმოთე 5:8).

[ჩარჩო⁄სურათი 19 გვერდზე]

„ამჯერად გამიმართლებს!“

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ განქორწინების ალბათობა მეორედ დაქორწინების შემთხვევაში უფრო დიდია, ვიდრე პირველი ქორწინების შემთხვევაში. საქმე კიდევ უფრო უარესად დგას მესამე ქორწინებისას. თავის წიგნში გარი ნიუმენი ამის ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს: „თუ ოჯახი გენგრევათ, მიზეზი ის არ არის, რომ ცუდი არჩევანი გააკეთეთ. პრობლემა თქვენშია. თქვენ ხომ შეგიყვარდათ ეს ადამიანი და ერთობლივი ძალით ბევრს მიაღწიეთ?!“. ბოლოს ნიუმენი ასკვნის: „ჯობს პრობლემას დააღწიოთ თავი და მეუღლესთან დარჩეთ, ვიდრე მეუღლეს დააღწიოთ თავი, პრობლემა კი გადაუჭრელი დაგრჩეთ“ (Emotional Infidelity).

[ჩარჩო 21 გვერდზე]

თუ ოჯახი დაინგრა

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გაეყაროს. * თუ ოჯახი დაგენგრათ, როგორ შეგიძლიათ მოზარდ შვილებს ამ ფაქტთან შეგუებაში დაეხმაროთ?

უთხარით შვილს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. თუ შესაძლებელია, ეს ორივე მშობელმა უნდა გააკეთოს. უთხარით შვილს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. დაარწმუნეთ, რომ ის არ არის ამაში დამნაშავე და რომ ორივეს ყოველთვის გეყვარებათ.

დატოვეთ ბრძოლის ველი — ბრძოლა დამთავრებულია. ზოგი მშობელი განქორწინების შემდეგაც განაგრძობს ბრძოლას ყოფილ მეუღლესთან. ერთი ფსიქოლოგის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად განქორწინებულები არიან, ისინი ემოციურად ანადგურებენ ერთმანეთს და არც ერთი არ ფიქრობს ზავის დადებაზე“. გარდა იმისა, რომ მშობლების მუდმივი ქიშპობა შვილებს მშობლებისგან აშორებს, ბავშვებს იმისკენაც უბიძგებს, რომ ეს მდგომარეობა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია. მაგალითად, ბიჭმა შეიძლება დედას უთხრას: „მამა ნებას მაძლევს, გვიანობამდე შინ არ მოვიდე. შენ რატომ არ მაძლევ ამის უფლებას?!“ ცხადია, დედას არ უნდა, რომ შვილი „მტრის ბანაკში“ გადავიდეს, ამიტომ დათმობაზე მიდის.

მიეცი შვილს აზრის გამოთქმის საშუალება. მოზარდმა შეიძლება იფიქროს: თუ მშობლებს ერთმანეთი აღარ უყვართ, შეიძლება ჩემ მიმართაც გაუნელდეთ სიყვარული; თუ მშობლები თავად არღვევენ წესებს, რა მოხდება, მეც რომ დავარღვიო? მიეცით შვილს აზრის გამოთქმის საშუალება, რათა ასეთი ფიქრები გაუქარწყლოთ. მაგრამ გახსოვდეთ: როლებს ნუ გაცვლით — ნუ ეცდებით შვილისგან ემოციური მხარდაჭერის მიღებას. ის თქვენი შვილია და არა მესაიდუმლე.

ხელი შეუწყვეთ შვილს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თქვენს ყოფილ მეუღლესთან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ყოფილი მეუღლე დღესაც თქვენი შვილის მშობელია. მასზე ნეგატიურად ლაპარაკი ცუდ გავლენას მოახდენს ბავშვზე. ერთ წიგნში ნათქვამია: „მშობლები, რომლებიც შვილებს მეუღლესთან ბრძოლაში იარაღად იყენებენ, იმას მოიმკიან, რასაც დათესავენ“ ( Teens in Turmoil—A Path to Change for Parents, Adolescents, and Their Families).

საკუთარ თავზეც იზრუნეთ. ზოგჯერ შეიძლება გამოიფიტოთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. განაგრძეთ ჩვეული რიტმით ცხოვრება. თუ ქრისტიანი ხართ, ნუ შეწყვეტთ სულიერ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, რადგან ეს თქვენ და თქვენს შვილს წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ (ფსალმუნი 18:2; მათე 28:19, 20; ებრაელები 10:24, 25).

[სქოლიო]

^ აბზ. 38 ბიბლიის თანახმად, განქორწინების და კვლავ დაქორწინების ერთადერთი მიზეზი მეუღლის ღალატია (მათე 19:9). მრუშობის შემთხვევაში ნაღალატები მეუღლე წყვეტს, განქორწინდეს თუ არა და არა ოჯახის წევრები ან სხვები (გალატელები 6:5).

[სურათი 20 გვერდზე]

უერთგულეთ ქორწილის დღეს დადებულ აღთქმას

[სურათი 21 გვერდზე]

თუ ბავშვი თქვენთან ცხოვრობს, ხელი შეუწყვეთ, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თქვენს ყოფილ მეუღლესთან