არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას გრძნობს დეპრესიაში მყოფი ადამიანი?

რას გრძნობს დეპრესიაში მყოფი ადამიანი?

რას გრძნობს დეპრესიაში მყოფი ადამიანი?

„ერთ დილას გავიღვიძე, საწოლზე წამოვჯექი და გავიფიქრე, დღეს ხომ არ მოვკვდები-მეთქი. მაშინ 12 წლისა ვიყავი“, — იხსენებს ჯეიმზი. * იგი ღრმა დეპრესიით იტანჯებოდა. „ყოველდღე მიწევდა ამ საშინელ დაავადებასთან ბრძოლა“, — ამბობს ჯეიმზი ოცდაათი წლის შემდეგ. ის თავს ისე უღირსად გრძნობდა, რომ თავისი ბავშვობის სურათებიც კი დახია. „ვფიქრობდი, რომ გახსენების ღირსიც არ ვიყავი“.

თითოეულ ჩვენგანს დროდადრო სევდა შემოგვაწვება ხოლმე, ამიტომ შეიძლება ვფიქრობთ, რომ გვესმის, რას განიცდის დეპრესიაში მყოფი ადამიანი. მაგრამ, სინამდვილეში რას გრძნობენ ისინი, ვისაც ღრმა დეპრესია აქვთ?

ვერაგი მპყრობელი

ხანმოკლე უგუნებობისგან განსხვავებით, ღრმა დეპრესია არის ემოციური მოშლილობა, რომელიც ხშირად ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიური საქმეების კეთებაში.

მაგალითად, ალვაროს 40 წელი შიში, შფოთი, ნაღველი და დარდი იპყრობდა. „გარშემომყოფთა აზრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. თუკი რამე კარგად არ გამოვიდოდა, ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი“, — ამბობს ის. ალვარო დეპრესიას შემდეგნაირად აღწერს: „ამ დროს გრძნობ ძლიერ ტკივილს, მაგრამ რა გტკივა, არ იცი, გეშინია, მაგრამ რისი, არ იცი. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ამაზე საუბრის სურვილი საერთოდ არ გაქვს“. ალვარომ გარკვეულწილად შვება იგრძნო, როდესაც გაიგო, რატომ გრძნობდა თავს ასე. ის დასძენს: „როცა გავიგე, რომ იგივე პრობლემა სხვებსაც აქვთ, თავი უკეთესად ვიგრძენი“.

49 წლის ბრაზილიელ მარიას დეპრესიის შედეგად უძილობა, ტკივილი, გაღიზიანება და მუდმივად სევდიანი განწყობა დასჩემდა. როცა მარიამ თავისი დიაგნოზი გაიგო, შედარებით დამშვიდდა, რადგან მის დაავადებას, როგორც იქნა, სახელი დაერქვა. მარია ამბობს: „მაგრამ ცოტა ხანში თავი უფრო ცუდად ვიგრძენი, რადგან ბევრმა არ იცის, რა დაავადებაა დეპრესია, ამიტომ თავს უხერხულად ვგრძნობდი“.

უმიზეზოდ გულდამძიმებული

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დეპრესიის გამომწვევი აშკარა მიზეზები არსებობს, ხშირად ის მოულოდნელად იჭრება ადამიანის ცხოვრებაში. „უცაბედად შენი ცხოვრება შავი ღრუბლებით მოქუფრულ ცას ემსგავსება. არავინ დაგღუპვია, თითქოს ცუდიც არაფერი მომხდარა, მაგრამ დათრგუნული და ძალაგამოცლილი ხარ. ფიქრობ, რომ ვერაფერი გაფანტავს ამ ღრუბლებს. სასოწარკვეთილი ხარ და არ იცი, რატომ“, — ასე აღწერს თავის გრძნობებს სამხრეთ აფრიკელი რიჩარდი.

არ უნდა შეგრცხვეს, თუ სხვები გაიგებენ, რომ დეპრესია გაქვს. თუმცა, როცა ბრაზილიელ ანას დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს, თავს სწორედ ასე გრძნობდა. „რვა წელი გავიდა და დღემდე მრცხვენია ჩემი დაავადების გამო“, — აღიარებს ის. მას ძალიან უჭირს ემოციურ ტკივილთან ბრძოლა. „ზოგჯერ ეს ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ფიზიკურ ტკივილში გადადის. ყველა კუნთი მტკივა“. ასეთ დროს საწოლიდან ადგომაც კი შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ ანა შეუჩერებლივ ტიროდა გულამოსკვნილი. „არაქათის გამოცლამდე ვტიროდი, ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ძარღვებში სისხლი მეყინებოდა“, — გვიამბობს იგი.

ბიბლიაც საუბრობს იმაზე, რომ ადამიანებმა შეიძლება თავი უსაზღვროდ დათრგუნულად იგრძნონ. მაგალითად, პავლე მოციქული წუხდა ისეთ ადამიანზე, რომელიც შეიძლება ‘მეტისმეტ ნაღველს შთაენთქა’ (2 კორინთელები 2:7). დეპრესიაში მყოფი ზოგი ადამიანი შეიძლება სიკვდილსაც კი ნატრობდეს. ბევრი ისე გრძნობს თავს, როგორც წინასწარმეტყველი იონა. ერთხელ მან ასეთი სიტყვები თქვა: „სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“ (იონა 4:3).

რა დაეხმარება დეპრესიაში მყოფ ადამიანს თავის დაავადებასთან ბრძოლაში?

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ამ სტატიათა სერიაში სახელები შეცვლილია.

[ჩანართი 3 გვერდზე]

„უცაბედად შენი ცხოვრება შავი ღრუბლებით მოქუფრულ ცას ემსგავსება“