პრობლემები სასჯელია ღვთისგან?
ბიბლიის თვალსაზრისი
პრობლემები სასჯელია ღვთისგან?
„მგონია, რომ ეს სასჯელია“, — ამბობს 50 წელს გადაცილებული მანდილოსანი, რომელსაც კიბო აღმოაჩნდა. წარსულში ჩადენილ დანაშაულს როცა იხსენებს, ასეთ დასკვნას აკეთებს: „ალბათ, ამით მსჯის ღმერთი“.
ადამიანთა უმეტესობა თავსდატეხილი უბედურების დროს ფიქრობს, რომ ღმერთი სჯის წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის. ამ დროს ადამიანს შეიძლება აღმოხდეს: „რატომ მაინცდამაინც მე? განა ისეთი რა გავაკეთე?!“ უნდა დავასკვნათ, რომ რადგან პრობლემებს ვხვდებით, ღმერთმა აგვითვალწუნა? მართლა ღმერთი გვსჯის?
პრობლემებს ღვთის ერთგული მსახურებიც ხვდებოდნენ
გავიხსენოთ ბიბლიური პერსონაჟის, იობის შემთხვევა. მან მოულოდნელად დაკარგა მთელი თავისი ქონება. ძლიერმა ქარიშხალმა ათივე შვილი გამოაცალა ხელიდან, შემდეგ კი საშინელი სენი შეეყარა (იობი 1:13—19; 2:7, 8). გამწარებულ იობს აღმოხდა: „ღვთის ხელი შემეხო“ (იობი 19:21). როგორც ჩანს, იობიც ფიქრობდა, რომ ღმერთი სჯიდა.
თუმცა, როგორც ბიბლიიდან ვიცით, ვიდრე იობს უბედურება დაატყდებოდა თავს, ღმერთმა იგი ‘უმწიკვლო, მართალ, ღვთისმოშიშ და ბოროტებისგან შორს მდგარ კაცად’ დაახასიათა (იობი 1:8). განა დასჯიდა ღმერთი იობს, თუკი ასეთ ადამიანად თვლიდა?!
ბიბლიაში არაერთი მაგალითია იმისა, რომ მართალ ადამიანებს თავს ატყდებოდათ უბედურებები.
მაგალითად, ღვთის ერთგული მსახური იოსები წლების მანძილზე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული (დაბადება 39:10—20; 40:15). ერთგული ქრისტიანი, ტიმოთე ‘ხშირად ავადმყოფობდა’ (1 ტიმოთე 5:23). უცოდველი იესო ქრისტეც კი საშინელი წამებით მოკლეს (1 პეტრე 2:21—24). აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ პრობლემები ღვთის სასჯელია. თუ ღმერთი არა, მაშ, ვინღაა ამაში დამნაშავე?
პრობლემების მიზეზი
ბიბლიიდან ჩანს, რომ იობის უბედურების მიზეზი სატანა ეშმაკი იყო (იობი 1:7—12; 2:3—8). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ პრობლემები დღესაც, ძირითადად, სატანისგან არის გამოწვეული: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). სატანა ეშმაკმა, „ამ ქვეყნიერების მმართველმა“, არაერთ ადამიანს უბიძგა საშინელი, ენით აუწერელი ბოროტების ჩადენისკენ (იოანე 12:31; ფსალმუნი 37:12, 14). *
თუმცა ყველაფერში სატანას ვერ დავადანაშაულებთ. ვინაიდან მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა და არასრულყოფილება, ხშირად არაგონივრულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რასაც ცუდი შედეგები მოსდევს (ფსალმუნი 51:5; რომაელები 5:12). მაგალითად, თუ ადამიანი, რომელიც კარგად არ იკვებება და დასვენებაზეც უარს ამბობს, სერიოზულად დაავადდება, განა ეს სატანის ბრალი იქნება? რასაკვირველია არა, მან თავისი უგუნურების შედეგები მოიმკა (გალატელები 6:7). როგორც იგავების 19:3-ში წერია, „კაცს თავისივე უგუნურება უმრუდებს გზას“.
უბედურებების კიდევ ერთი მიზეზი „დრო და შემთხვევაა“ (ეკლესიასტე 9:11). დავუშვათ, მოულოდნელად კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ოდნავ დასველდებით თუ გაილუმპებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, სად იმყოფებით იმ დროს. დღესაც, „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ადამიანი შეიძლება ნებისმიერ დროს აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, რაც შესაძლოა დიდი უბედურების მიზეზი გახდეს (2 ტიმოთე 3:1—5). ის, თუ რამდენად დაზარალდება ამ დროს ადამიანი, ეს დროსა და შემთხვევაზეა დამოკიდებული, რისი გაკონტროლებაც თითქმის შეუძლებელია. ნიშნავს ეს იმას, რომ უბედურებას ვერასდროს ავარიდებთ თავს?
მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაჰბარდება
საბედნიეროდ, ძალიან მალე იეჰოვა ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ უბედურებას (ესაია 25:8; გამოცხადება 1:3; 21:3, 4). მანამდე კი იეჰოვა ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე, რადგან ‘გვასწავლის’ და ‘წმინდა წერილებით გვანუგეშებს’, რათა გავუძლოთ განსაცდელებს ბედნიერი მომავლის მოლოდინში (რომაელები 15:4; 1 პეტრე 5:7). იმ დროს ისინი, ვინც იეჰოვას თვალში მართლები იქნებიან, მარადიულად იცხოვრებენ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც აღარავინ დაიტანჯება (ფსალმუნი 37:29, 37).
[სქოლიო]
^ აბზ. 11 იხილეთ სტატია „ვინ არის სატანა? რეალურია ის?“ რუბრიკიდან „ბიბლიის თვალსაზრისი“, 2007 წლის თებერვლის „გამოიღვიძეთ!“.
გიფიქრიათ?
▪ მხოლოდ ბოროტებს ატყდებათ თავს უბედურება? (იობი 1:8)
▪ ყველა პრობლემის მიზეზი ეშმაკია? (გალატელები 6:7)
▪ ყოველთვის იარსებებს ტანჯვა? (გამოცხადება 21:3, 4)
[ჩანართი 29 გვერდზე]
„ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11)