ჰალიოტის ირისი — ზღვის ოპალი
ჰალიოტის ირისი — ზღვის ოპალი
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ახალი ზელანდიიდან
ერთ-ერთი სახეობის მოზრდილი მოლუსკი ოკეანეში ქვების გასწვრივ ნელ-ნელა მიცურავს და გზადაგზა მადიანად შეექცევა წყალში მოლივლივე მცენარეებს. მართალია, მოლუსკის ნიჟარის ზედაპირი, რომელიც კირის დანალექებითა და პაწაწინა ორგანიზმებითაა დაფარული, დიდი სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სამაგიეროდ, მის შიგნით საოცარი ფერთა გამა იმალება — ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ლურჯი, მწვანე, მელნისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი.
ეს საოცარი ქმნილება ერთ-ერთი სახეობის მოლუსკი ჰალიოტის ირისია, რომელიც გავრცელებულია ახალ ზელანდიაში. როგორც ირისი, ისე ჰალიოტის სხვა სახეობები წყალქვეშ ბინადრობენ ქვიან სანაპიროებზე. მართალია, ჰალიოტის ირისი, ძირითადად, იმით ფასობს, რომ მისი ნიჟარის შიდა შრე საუცხოოდ არის შეფერილი და მისგან ლამაზ სამკაულებს ამზადებენ, მაგრამ ბევრისთვის იგი გემრიელი დელიკატესიც არის. უფრო მეტიც, მისი საშუალებით ხელოვნურად გამოჰყავთ მბზინვარე მარგალიტი.
ჰალიოტისი 100-ზე მეტ სახეობას ითვლის. ჰალიოტის ირისი მათგან ერთ-ერთია. სამხრეთ აფრიკასა და კალიფორნიაშიც არსებობს სხვადასხვა სახეობის ჰალიოტისი. იაპონიაში ჰალიოტისს ეძახიან „ავაბის“, ავსტრალიაში — „მუტონფიშს“, ხოლო ინგლისის არხში მდებარე კუნძულ გერნზზე — „ორმერს“. არაჩვეულებრივად შეფერილი ჰალიოტის ირისი კი მხოლოდ ახალ ზელანდიაში, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ბინადრობს.
ბიოლოგიური სასწაული
ჰალიოტის ირისის ნიჟარა ფერთა სიმრავლეს ცილისა და კალციუმის რამდენიმე ფენას უნდა უმადლოდეს. ამ მოლუსკის ნიჟარა ოპალისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ამიტომაც ეძახიან ჰალიოტის ირისს ზღვის ოპალს. წყლის ტემპერატურის ვარდნის დროს ჰალიოტის ირისები მიძინებულ მდგომარეობაში არიან. ამ დროს ნიჟარის შრეების რაოდენობა ნელი ტემპით მატულობს. ერთი სპეციალისტის აზრით, ჰალიოტის ნიჟარის ფერთა სიმრავლეს წყლის მასაზრდოებელი ნივთიერებები და წყალმცენარეთა ნაირფეროვნება განაპირობებს.
ჰალიოტის ირისი ყველაფერს არ მიირთმევს და არც ყველასთან მეგობრობს. ის შორს იჭერს თავს ზღვის ზღარბებისგან, რადგან ისინიც იმავე წყალმცენარეებით იკვებებიან, რომლითაც თვითონ. მას განსაკუთრებით ზღვის ვარსკვლავების ეშინია. რამდენიმე მათგანმა შეიძლება ჰალიოტის ირისების დიდი ჯგუფი გაწყვიტოს. ცბიერი ზღვის ვარსკვლავები ჰალიოტის ირისებს საცეცებით უფარავენ სასუნთქ ხვრელებს და გუდავენ. ასე ხდება მკვდარი მოლუსკი ზღვის ვარსკვლავის ლუკმა.
მრავალმხრივი დანიშნულება
თუმცა ჰალიოტის ირისი გარეგნული სილამაზით არ გამოირჩევა, საუკუნეებია, რაც ახალი
ზელანდიის მკვიდრი მაორებისთვის მისი ხორცი ძვირფას საკვებად ითვლება. ჰალიოტის ირისის საჭმელად ვარგისი ნაწილი ერთი დიდი კუნთია, რომლის საშუალებითაც იგი გადაადგილდება. მისი ნიჟარისგან აგრეთვე ამზადებენ თევზების სატყუარებს, სამკაულებს და სხვადასხვა მასალაზე ამოკვეთილ სახეებს თვალებად მის ნიჟარებს უკეთებენ.დღეს ჰალიოტის ირისი ყველაზე ძვირფას მოლუსკად ითვლება. წარმოუდგენელია, ტურისტმა ისე დატოვოს ახალი ზელანდია, რომ არ შეიძინოს ამ მოლუსკის ნიჟარისგან დამზადებული სამკაული.
დღესდღეობით მყვინთავები აკვალანგების გარეშეც კი დიდი რაოდენობით ჰალიოტის ირისს იჭერენ. ქვეყნის გარეთ მილიონობით დოლარის ჰალიოტის ირისი გააქვთ. მოლუსკების ეს სახეობა რომ არ გადაშენდეს, დადგენილია ნორმა, თუ ყოველწლიურად რამდენის დაჭერა შეიძლება. ჰალიოტის ირისის ხორცის ძირითად ნაწილს აკონსერვებენ აზიური ბაზრებისთვის, ნაწილს კი ყინავენ და სინგაპურსა და ჰონკონგში გააქვთ, სადაც ამ მოლუსკის ხორცი დელიკატესად ითვლება. ჰალიოტის ირისის ხორცის თხელ ნაჭრებს ხშირად უმადაც მიირთმევენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოლუსკი ახალ ზელანდიაში დიდი რაოდენობითაა, მისი ხორცი ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას არასოდეს გაუსინჯავს, რადგან მასზე დიდი მოთხოვნაა საზღვარგარეთ.
ჰალიოტის ირისზე მზარდი მოთხოვნა რომ დააკმაყოფილონ, მათი მოშენება ხელოვნურადაც ხდება. ამ მეთოდით სარგებლობენ ავსტრალიაში, იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ჰალიოტის ირისებს ამრავლებენ სპეციალურ ავზებში, სადაც ხელოვნურად რეგულირდება წყლის ტემპერატურა, თუმცა ეს პირობები რადიკალურად განსხვავდება იმ ბუნებრივი გარემო პირობებისგან, სადაც ეს მოლუსკები ბინადრობენ.
ხელოვნურად გამოყვანილი ჰალიოტის ირისები ისეთივე ღორმუცელები არიან, როგორიც ბუნებრივ პირობებში ბინადარი ამავე სახეობის მოლუსკები. მათ შეუძლიათ ყოველ კვირას თავიანთი წონის ნახევარი შეჭამონ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰალიოტის ირისები საკმაოდ ათლეტურები არიან. თუ გადაატრიალებ, უმალვე გადმოტრიალდებიან. ხელოვნურად გამოყვანილი ჰალიოტის ირისები საკმაოდ დამჯერები არიან. როგორც ერთი სპეციალისტი აღნიშნავს, ამ პაწაწინა არსებების მოვლა სულაც არ არის ძნელი, რადგან არ ახასიათებთ ურჩობა.
მარგალიტის გამომყვანი
ჰალიოტის ირისებს მხოლოდ საჭმელად როდი იყენებენ და მათი ნიჟარებისგან მხოლოდ სამკაულებს როდი ამზადებენ. ეს მოლუსკები მბზინვარე მარგალიტებსაც წარმოქმნიან, თუმცა ბუნებრივად ეს ძალიან იშვიათად ხდება. მარგალიტების წარმოქმნის ხელოვნური მეთოდი მე-19 საუკუნის 90-იან წლებში პირველად დანერგა ფრანგმა მეცნიერმა, ლუი ბუტამ. ამ მეთოდით მან ხელოვნურად წარმოქმნა არაჩვეულებრივად ლამაზი ნახევარსფერული ძვირფასი ქვა, რომელსაც ისეთივე ფერები ჰქონდა, როგორიც ჰალიოტის ირისის ნიჟარას. გავეცნოთ ამ მეთოდს.
ჰალიოტის ირისის ორგანიზმში ხელოვნურად შეჰყავთ რისამე პატარა ნაწილაკები, ორი — გვერდებიდან, მესამე კი — უკანა ნაწილიდან. დროთა განმავლობაში ეს ნაწილაკები გარედან იფარება სადაფითა და ბოჭკოვანი ცილით. სულ მცირე 18 თვეში, მას შემდეგ, რაც ეს ნაწილაკები ათასობით ფენით დაიფარება, წარმოიქმნება პატარა ფერადი ქვა (იხილეთ ჩარჩო ქვემოთ). მოზრდილი ფერადი ქვის წარმოსაქმნელად დაახლოებით 6 წელია საჭირო. აღსანიშნავია ის, რომ 50 მოლუსკიდან ერთი თუ წარმოქმნის ნამდვილ მარგალიტს, თვალისმომჭრელი ფერის ძვირფას ქვას გლუვი და საოცრად მბზინვარე ზედაპირით.
სპეციალისტებმა დღემდე ვერ მიაღწიეს იმას, რომ სფერული მარგალიტი გამოიყვანონ. ეს იმიტომ რომ, ხამანწკისგან გასხვავებით, ჰალიოტის ირისს ერთ-ერთი კუნთის მეშვეობით საჭმლის მომნელებელი სისტემიდან შეუძლია ხელოვნურად შეყვანილი ნაწილაკი უკან ამოაგდოს. იმედია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამოიხსნება სფერული მარგალიტის გამოყვანის საიდუმლო.
მანამდე კი შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ იმით, რასაც ეს მრავალმხრივი დანიშნულების მქონე მოლუსკი იძლევა — ესენია ძვირფასი ქვები და სამკაულები, გემრიელი საკვები და ნაირფეროვანი ნიჟარები. განა მადლიერნი არ უნდა ვიყოთ ღმერთის, რომელმაც ასეთი საუცხოო ძღვენი გვიბოძა? (იაკობი 1:17)
[ჩარჩო⁄სურათი 24, 25 გვერდებზე]
გამძლე სახლი
ჰალიოტის ირისის ნიჟარა, უმთავრესად, კალციუმის კარბონატისგან შედგება. მისგანვე მზადდება ცარციც. თუმცა ჰალიოტის ირისის ნიჟარა, სულ მცირე, 30-ჯერ უფრო მაგარია.
ეს მოლუსკი კალციუმის კარბონატს ზღვიდან იღებს და სწორედ მისგან ამზადებს სადაფის უთხელეს ფენებს. ამიტომ არის მისი ნიჟარა საკმაოდ მაგარი და, ამავე დროს, მბზინვარე და ნაირფეროვანი. სადაფის ფენები ერთმანეთთან მიმაგრებულია ბოჭკოვანი ცილისა და შაქრის შემცველი წებოვანი ნივთიერებით. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა, რომ დამუშავებული ნიჟარის ზედაპირი სარკესავით პრიალებს.
მეცნიერებმა დღემდე ვერ შეძლეს ასეთი წებოვანი ნივთიერებისა და ნიჟარის მსგავსი სტრუქტურის მქონე გამძლე მასალის შექმნა. ჰალიოტის ირისის ნიჟარას ნებისმიერი ბზარის ამოვსების უნარი აქვს. გარდა ამისა, მას, სულ ცოტა, ხუთი მექანიზმი აქვს იმისათვის, რომ არ გატყდეს. ჰალიოტის ირისი ღვთის შემოქმედების კიდევ ერთი სასწაულია.
[საავტორო უფლება]
© Humann/gt photo
[სურათის საავტორო უფლებები 23 გვერდზე]
Top left: © K.L. Gowlett-Holmes; top right: Marcus Byrne/Photographers Direct
[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]
Silverdale Marine Hatchery, New Zealand