რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში „ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის 100 000 ადამიანი . . . მოკლეს“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, აშშ).
▪ ინტერნეტის ვებ-გვერდებიდან წაშალეს იმ 29 000 ადამიანის პირადი მონაცემები, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით სექსუალურ ძალადობას მიმართავდნენ. „ასეთი მოძალადეების მომრავლების გამო დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო“, — აღნიშნავს კონექტიკუტის გენერალური პროკურორი რიჩარდ ბლუმენტალი (საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“, აშშ).
▪ „ჩინელები გვარების ნაკლებობას განიცდიან . . . 2006 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ჩინეთის მოსახლეობიდან, რომელიც 1,4 მილიარდია, . . . 85 პროცენტი მხოლოდ 100 გვარს ატარებს“ („ჩაინა დეილი“, ჩინეთი).
▪ ყოველ ერთ კილომეტრზე „მოტოციკლით მგზავრობისას სიკვდილიანობის შემთხვევები 32-ჯერ მეტია“, ვიდრე მანქანით მგზავრობისას (UC BERKELEY WELLNESS LETTER, აშშ).
თურქეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეები რეგისტრაციაში გაატარა
2007 წლის 31 ივლისს იეჰოვას მოწმეებმა თურქეთში ოფიციალური შეტყობინება მიიღეს, რომ ისინი მთავრობამ რეგისტრაციაში გაატარა, როგორც რელიგიური იურიდიული პირი. ეს სტატუსი მათ უძრავი ქონების შეძენის, კრების შეხვედრების ჩასატარებელი ადგილების დაქირავების, შესაწირავების აღების და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვის საშუალებას აძლევს.
ინტერნეტი „მეტ თავისუფლებას იძლევა“
ერთ-ერთი პრეს-რელიზი იტყობინებოდა, რომ ერთი გერმანული სააგენტოს ვებ-გვერდს, რომელიც დაქორწინებულებს სხვებთან სქესობრივ ურთიერთობას სთავაზობდა, 310 000 მომხმარებელი ჰყავს და ყოველდღიურად კიდევ 1 000 კაცი რეგისტრირდება. ეს სააგენტო თავს იწონებს იმით, რომ მომხმარებელთა „100 პროცენტიან ანონიმურობას“ უზრუნველყოფს. სააგენტოს ერთმა ხელმძღვანელმა აღნიშნა: „ანონიმურობა მეტ თავისუფლებას იძლევა“ და „ხელს უწყობს მომხმარებელთა შორის გულახდილ საუბრებს“. მეორე ხელმძღვანელი კი დარწმუნებით ამბობს, რომ ინტერნეტის მეშვეობით სხვებთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება უფრო პოპულარული გახდება.
უძველესი ნამარხები მეცნიერებს თავსატეხს უჩენს
მეცნიერები ადამიანის განვითარების საფეხურებს ხშირად ამგვარად ყოფენ: ადამიანის თავდაპირველი ტიპის, ჰომო ჰაბილისის განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა ჰომო ერექტუსი, ამ უკანასკნელის განვითარების შედეგად კი — თანამედროვე ადამიანის ტიპი, ჰომო საპიენსი. თუმცა კენიაში ერთმანეთის ახლოს მდებარე ორი ნამარხის აღმოჩენის შედეგად გაირკვა, რომ ადამიანის ისეთი ტიპები, რომლებსაც ჰომო ჰაბილისსა და ჰომო ერექტუსს უწოდებენ, კაცობრიობის ეგრეთ წოდებული წინაპრები, ერთსა და იმავე პერიოდში ცხოვრობდნენ. პალეონტოლოგი მივი ლიკი ასეთ დასკვნას აკეთებს: „რამდენადაც ადამიანის ეს ორი განსხვავებული ტიპი ერთსა და იმავე დროს ცხოვრობდა, საეჭვოა, რომ ჰომო ერექტუსი ჰომო ჰაბილისის განვითარების შედეგად ჩამოყალიბებულიყო“.
მართლა უარესდება ამინდი შაბათ-კვირას?
ბევრი გერმანელის აზრით, შაბათ-კვირას ამინდი უარესდება. გაზეთ „შპიგელის“ თანახმად, 15-წლიანმა დაკვირვებამ გამოააშკარავა, რომ ისინი სიმართლესთან ახლოს არიან. როგორც დაფიქსირდა, ყველაზე თბილი დღე ოთხშაბათობითაა, ხოლო ყველაზე ცივი — შაბათობით. შაბათობით წვიმის სახით მოსული ნალექი 15 პროცენტით მეტია დანარჩენ დღეებთან შედარებით და საშუალოდ 10 პროცენტით მეტი ნალექი მოდის, ვიდრე ორშაბათობით, კვირის ყველაზე მშრალ დღეს. სამშაბათობით საშუალოდ 15 წუთით მეტხანს ანათებს მზე, ვიდრე შაბათობით. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ კვირის ბოლოს დაგროვილი გამონაბოლქვი მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კონდენსირდება და ღრუბლის მასებში წყლის წვეთების შემცველობა იზრდება.