რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ 2006 წელს „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 167 კაცი — ჟურნალისტები, მათი მძღოლები და მთარგმნელები“. მათი უმეტესობა აშუქებდა ბოროტმოქმედების მიერ ჩადენილ დანაშაულს, კორუფციას ან პატარა კონფლიქტებს. მათგან 133 მოკლეს („INTERNATIONAL NEWS SAFETY INSTITUTE“, ბელგია).
▪ ყოველწლიურად 10—14 მილიარდი ტყვია მზადდება. „ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში მცხოვრები თითოეული ადამიანის მოსაკლავად გამოყენებულ იქნეს ორი ტყვია“ („ROYAL MELBOURNE INSTITUTE OF TECHNOLOGY“, ავსტრალია).
ადამიანების მიერ არის გამოწვეული მიწისძვრები?
როგორც გერმანული გაზეთი „ცაიტი“ გვატყობინებს, მე-19 საუკუნიდან დღემდე ადამიანების მიზეზით მოხდა 200-ზე მეტი ძლიერი მიწისძვრა. მათგან ნახევარი სამთო-სამუშაოებით არის გამოწვეული. სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან წყლის მოპოვება, ჭაბურღილების გაყვანა და წყლის რეზერვუარების შექმნა. 1989 წელს ნიუკასლში (ავსტრალია) მომხდარი მიწისძვრა მეცნიერების აზრით ქვანახშირის მოპოვების შედეგად იყო გამოწვეული. დაიღუპა 13 ადამიანი, 165 დაშავდა, ზარალმა კი 3,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია. როგორც გამოიანგარიშეს, მიწისძვრით გამოწვეულმა ზარალმა გადააჭარბა ნიუკასლში ორი საუკუნის განმავლობაში სამთო-სამუშაოებით მიღებულ მოგებას.
კათოლიციზმი საფრანგეთში
1994 წელს საფრანგეთის მოსახლეობის 67 პროცენტი თავს კათოლიკედ აცხადებდა. ერთი ჟურნალის თანახმად ეს რიცხვი დღეს 51 პროცენტს შეადგენს („Le Monde des Religions“). როგორც გამოკვლევამ ცხადყო, ფრანგი კათოლიკების ნახევარი ეკლესიაში მხოლოდ განსაკუთრებული მოვლენების, მაგალითად ჯვრისწერის, დროს მიდის. მართალია, 88 პროცენტმა ზეპირად იცის ლოცვა „მამაო ჩვენო“, მაგრამ მათგან 30 პროცენტი საერთოდ არ ლოცულობს. საფრანგეთში კათოლიკების თითქმის ნახევარს აქვს სახლში ბიბლია, მაგრამ ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მას კითხულობენ.
ბავშვებს მეტყველების უნარი არ უვითარდებათ
„სულ უფრო მეტი ბავშვი იდგამს ენას გვიან და მათი სიტყვათა მარაგი ძალიან შეზღუდულია, რადგან უფროსები ძალიან ცოტა დროს უთმობენ მათთან საუბარს“, — ნათქვამია პოლონურ ჟურნალ „ვპროსტში“. დედები დღეში საშუალოდ 30 წუთს უთმობენ ბავშვებს, მამები კი „მხოლოდ 7 წუთს“. ამის შედეგად, თითქმის ყოველ მეხუთე ბავშვს „მეტყველების უნარი არ უვითარდება მხოლოდ და მხოლოდ მშობლების დაუდევრობის გამო“. სილეზიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ლოგოპედი და ლინგვისტი, მიხალ ბიტნიოკი ამბობს: „თუ ასეთ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე არ მიექცევათ ყურადღება, მეტყველებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება სირთულეები შეუქმნას მათ როგორც სკოლაში, ისე მთელი ცხოვრების მანძილზე“.
ცრურწმენა — სისუფთავის დაცვის ხერხი იაპონიაში
უკანონოდ ნაგვის ყრა დიდ თავსატეხს უჩენს იაპონიის ხელისუფლებას. საპატრულო პოლიციის მუშაობის მიუხედავად, რომელიც დღის განმავლობაში აკონტროლებს სიტუაციას, პრობლემა პრობლემად რჩება, რადგან ხალხი ნაგავს ღამით ყრის. ამ პროცესის შესაჩერებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისარგებლა ხალხის ცრურწმენით და ადგილ-ადგილ აღმართა „ტორიი“, წითელი ხის ჭიშკრები, რომლებიც სინტოისტურ ტაძრებში შესასვლელებს ჰგავს. «მიზანი ნათელია, — აღნიშნულია გაზეთ „ასაჰი“-ში, — ხალხისთვის „ტორიი“ წმინდაა, ამიტომ მის გვერდით ნაგვის დაყრა უბედურების მომასწავებელია». როგორც მოსალოდნელი იყო, ხალხმა ამ ადგილებში შეწყვიტა ნაგვის დაყრა. მაგრამ როგორც გაზეთში შემდეგ არის ნათქვამი, „ამ ადგილებიდან ცოტა მოშორებით სულ სხვა სურათს იხილავთ“.