არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვიქცე, როცა მშობლები კამათობენ?

როგორ მოვიქცე, როცა მშობლები კამათობენ?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, როცა მშობლები კამათობენ?

თუ მშობლები კამათობენ, ცხადია, ეს შენზე იმოქმედებს. შენ ხომ გიყვარს ისინი და მათი მხარდაჭერის იმედი გაქვს. როცა ისინი ერთმანეთს ვერ ეწყობიან, ამან შეიძლება აგაღელვოს. რატომ ხდება, რომ ზოგჯერ მშობლები ერთმანეთს ვერ უგებენ და თითქოს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ?

განსხვავებული შეხედულებები

იესომ თქვა, რომ დაქორწინების შემდეგ ქალი და კაცი „ერთი ხორცი“ ხდებიან (მათე 19:5). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ შენი მშობლები ყოველთვის ერთი აზრის იქნებიან? სრულებითაც არა. სინამდვილეში ნებისმიერი ორი ადამიანი — თუნდაც ცოლ-ქმარი — დროდადრო არ დაეთანხმება ერთმანეთს.

თუ შენი მშობლები რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახი დანგრევის პირასაა. მაშინაც კი, როცა შენი მშობლები ზოგჯერ ერთმანეთს ნერვებს უშლიან, მათ ალბათ მაინც უყვართ ერთმანეთი. მაშ, რატომ კამათობენ ისინი? შეიძლება ამის მიზეზი ის იყოს, რომ სხვადასხვა საკითხს ისინი სხვადასხვანაირად უყურებენ. ეს ყოველთვის საგანგაშო არ არის და არც იმას ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობას წერტილი დაესმება.

მოვიყვანოთ მაგალითი: შეკრებილხართ მეგობრები ფილმის საყურებლად და შეგიმჩნევიათ, რომ ფილმზე ყველას სხვადასხვა აზრი რჩება? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. იმ ადამიანების შეხედულებებიც კი, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ერთიმეორისგან.

იმავეს თქმა შეიძლება შენს მშობლებზეც. შესაძლოა ორივე ზრუნავს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ მათ შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ იმაზე, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ფული; ორივეს სურს ოჯახთან ერთად დასვენება, მაგრამ ერთს ერთი სახის დასვენება მოსწონს, მეორეს კი — მეორე; ორივე დაინტერესებულია იმით, რომ კარგად სწავლობდე სკოლაში, მაგრამ თითოეული სხვადასხვანაირად უყურებს იმას, თუ როგორ შეგაყვარონ სწავლა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ორი ადამიანი აბსოლუტურად ერთნაირი იქნება. „ერთ ხორცად“ გაერთიანებული ორი ადამიანიც კი შეიძლება სხვადასხვანაირად უყურებდეს ამა თუ იმ საკითხს.

მაგრამ, რა არის იმის მიზეზი, რომ შენი მშობლები განსხვავებული აზრების გამო ზოგჯერ კამათს იწყებენ? რა იწვევს იმას, რომ ისეთი უწყინარი რამის გამო, როგორიცაა ვინმეს განსხვავებული შეხედულება, საუბარი ცხარე კამათში გადადის?

არასრულყოფილების როლი

მრავალი მშობელი ზოგჯერ არასრულყოფილების გამო კამათობს. ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2). შენი მშობლები არ არიან სრულყოფილები და არც შენა ხარ სრულყოფილი. ზოგჯერ ყველანი ვამბობთ ისეთ რამეს, რისი თქმაც არ გვინდოდა, და შეიძლება ისეთი სიტყვებიც კი გვითქვამს, რომლებიც „მახვილივით ჭრის“ (იგავები 12:18).

შეიძლება შენც მოგსვლია ასეთი რამ. მაგალითად, შეგიძლია გაიხსენო ისეთი შემთხვევა, როდესაც მწვავე კამათი მოგივიდა ახლობელთან? ალბათ, გქონია ასეთი შემთხვევა. „ყველას მოსდის უთანხმოება, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად მარი *. — სინამდვილეში ყველაზე მეტად შეიძლება იმ ადამიანებმა მაწყენინონ, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, და ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მათგან მეტს მოველი“. ქრისტიანი ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან ბევრს მოელის და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბიბლია ცოლებსა და ქმრებს მაღალ ნორმებს უდგენს (ეფესოელები 5:24, 25). რადგან მშობლები არასრულყოფილები არიან, ადრე თუ გვიან ისინი დაუშვებენ შეცდომებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23; 5:12).

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, თუ ზოგჯერ შენს მშობლებს შორის დაძაბულობა იჩენს თავს. პავლე მოციქულმა თქვა კიდეც, რომ დაქორწინებულებს ექნებოდათ „ხორციელი გასაჭირი“, ანუ როგორც ეს ფრაზა „ახალ ინგლისურ ბიბლიაშია“ ნათარგმნი, მათ ექნებოდათ „ტკივილი და მწუხარება“ (1 კორინთელები 7:28). მომთხოვნი უფროსი, გზებზე წარმოქმნილი საცობები, გაუთვალისწინებელი ხარჯები — ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მიზეზთა შორის, რომელთა გამოც შეიძლება ოჯახში უთანხმოება წამოიჭრას.

როდესაც იცი, რომ შენი მშობლები არასრულყოფილები არიან და ზოგჯერ დიდ სტრესთან უწევთ გამკლავება, ეს დაგეხმარება, რომ რეალურად შეაფასო მათ შორის წამოჭრილი უთანხმოება. მარის სწორედ ამის ცოდნა დაეხმარა. ის ამბობს: „ჩემი მშობლები ადრინდელთან შედარებით ახლა უფრო ხშირად კამათობენ. ზოგჯერ მგონია, რომ მათ ერთმანეთს თავი მოაბეზრეს. მაგრამ მერე ჩემს თავს ვეუბნები, რომ რეალურად შევხედო ყველაფერს — ადვილი ხომ არ არის 25 წელი ერთად ცხოვრება და ხუთი შვილის გაზრდა?!“ ალბათ შენც შეძლებ გულისხმიერების გამოვლენას, თუ გაითვალისწინებ, რომ შენს მშობლებს ბევრი საფიქრალი აქვთ (1 პეტრე 3:8).

რა დაგეხმარება?

შეიძლება გესმის, რომ შენი მშობლები არასრულყოფილები არიან და ყოველდღიური საზრუნავიც არ აკლიათ. და მაინც, როგორ უნდა მოიქცე, როცა შენი მშობლები კამათობენ? შეეცადე, გაითვალისწინო შემდეგი რჩევები:

არ ჩაერიო (იგავები 26:17). შენს პასუხისმგებლობაში არ შედის ის, რომ საკუთარ თავზე აიღო კონსულტანტის როლი, რომელიც ქორწინების საკითხებში ერკვევა, და არც ის გევალება, რომ მშობლების უთანხმოება მოაგვარო. შენი მხრიდან ნებისმიერი ასეთი მცდელობა უფრო გაამწვავებს სიტუაციას. „ადრე ვცდილობდი, რომ მშობლების უთანხმოება მომეგვარებინა, მაგრამ ისინი ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მათ საქმეში არ ჩავრეულიყავი“, — ამბობს 18 წლის შარლინი. დაე, მშობლებმა თვითონ მოაგვარონ თავიანთი პრობლემები.

რეალურად შეაფასე სიტუაცია (კოლოსელები 3:13). როგორც ზემოთაც მოვიხსენიეთ, როდესაც შენი მშობლები შიგადაშიგ კამათობენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გაიყრებიან. ამიტომ, ზოგჯერ თუ მათ უთანხმოება მოსდით, პანიკაში ნუ ჩავარდები. 20 წლის მელანი თავისი მშობლების შესახებ ამბობს: „მაშინაც კი, როდესაც ჩემი მშობლები ჩხუბობენ, ვიცი, რომ მათ მაინც უყვართ ერთმანეთი და ჩვენც ვუყვარვართ. ისინი თვითონ მოაგვარებენ თავიანთ პრობლემებს“. შენს მშობლებზეც ალბათ იმავეს თქმა შეიძლება.

ილოცე იმაზე, რაც გაწუხებს. გულში არ ჩაიტოვო ის, რაც გაწუხებს. ბიბლია ამბობს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). ლოცვას დიდი ძალა აქვს. პავლე მოციქულმა ფილიპელებს მისწერა: „აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).

იფიქრე საკუთარ თავზე. არ ღირს ზედმეტად ნერვიულობა იმაზე, რასაც შენ ვერ მოაგვარებ. ამან შეიძლება შენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ბიბლიაში ნათქვამია: „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს“ (იგავები 12:25). ნაკლებად რომ ინერვიულო, ამაში დაგეხმარება სასარგებლო საქმეებით დაკავება და ისეთ მეგობრებთან ურთიერთობა, რომლებიც მხარში ამოგიდგებიან.

ესაუბრე მშობლებს. მართალია, შენ არ უნდა ჩაერიო შენი მშობლების კამათში, მაგრამ შეგიძლია აუხსნა, როგორ მოქმედებს შენზე მათი უთანხმოება. შესაფერისი დრო შეარჩიე დედასთან ან მამასთან დასალაპარაკებლად (იგავები 25:11). „რბილად და ღრმა პატივისცემით“ დაელაპარაკე მათ (1 პეტრე 3:15). ნუ დაადანაშაულებ მშობლებს. უბრალოდ აუხსენი, რას გრძნობ, როცა ისინი კამათობენ.

შეეცადე, გამოიყენო ზემოთ მოყვანილი რჩევები. შეიძლება შენმა მშობლებმა გაითვალისწინონ შენი ნათქვამი. მაგრამ, ეს ასეც რომ არ მოხდეს, ერთი რამით მაინც იქნები კმაყოფილი — მართალია, შენ შეიძლება ვერ გადაჭრა მშობლების პრობლემები, მაგრამ ის მაინც გეცოდინება, თუ რა შეგიძლია გააკეთო, როდესაც მშობლები კამათობენ.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე: www.watchtower.org/ype

დაფიქრდი:

▪ რატომ ვერ უგებენ ზოგჯერ მშობლები ერთმანეთს?

▪ რას ეტყოდი უმცროს დას ან ძმას, რომელზეც ძალიან ცუდად იმოქმედა მშობლების კამათმა?

[სქოლიო]

^ აბზ. 12 ამ სტატიაში მოხსენიებული სახელები შეცვლილია.

[ჩარჩო 20 გვერდზე]

მშობლების საყურადღებოდ

ცოლ-ქმარს შორის ზოგჯერ შეიძლება წამოიჭრას უთანხმოება. ამას ვერ გაექცევი. მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გაართმევთ თავს უთანხმოებებს. შვილებზე ძალიან მოქმედებს მშობლების კამათი. ამაზე ღირს დაფიქრება, რადგან თქვენი ქორწინება, ფაქტობრივად, თქვენი შვილებისთვის წარმოადგენს ნიმუშს, რომლის მიხედვითაც ისინი შემდგომ საკუთარ ოჯახში მოიქცევიან (იგავები 22:6). კარგი იქნება, თუ თქვენ შორის წამოჭრილ უთანხმოებებს ისე შეხედავთ, როგორც შესაძლებლობას, რომელიც მოგეცათ იმისთვის, რომ აჩვენოთ შვილებს, როგორ შეიძლება პრობლემის საუკეთესოდ გადაჭრა. შეეცადეთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

მოუსმინეთ ერთმანეთს. ბიბლია გვეუბნება, რომ ‘სწრაფი ვიყოთ მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში’ (იაკობი 1:19). ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამთ და ნუ „გადაუხდით სამაგიეროს“ ერთმანეთს (რომაელები 12:17). თქვენს მეუღლეს კიდეც რომ არ სურდეს თქვენი მოსმენა, თქვენ მაინც შეგიძლიათ ამის გაკეთება.

კრიტიკის ნაცვლად აუხსენით მეუღლეს, რას გრძნობთ. მშვიდად დაელაპარაკეთ მეუღლეს და უთხარით, როგორ მოქმედებს თქვენზე მისი სიტყვები და საქციელი („გული მტკივა, როცა შენ  . . .“). მოერიდე დადანაშაულებას და გაკრიტიკებას („შენ სულ არ ფიქრობ ჩემზე“, „შენ არასოდეს მისმენ“).

პრობლემის მოგვარება სხვა დროისთვის გადადეთ. ზოგჯერ უმჯობესია შეწყვიტოთ რაიმე პრობლემატური საკითხის გარჩევა და სხვა დროს განაგრძოთ საუბარი, როდესაც უფრო დაწყნარებული იქნებით. ბიბლიაში ნათქვამია: „დავის დასაწყისი წყლის გაშვებას ჰგავს; სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (იგავები 17:14).

მოუბოდიშეთ ერთმანეთს და, თუ საჭიროა, შვილებსაც. 14 წლის ბრიანი ამბობს: „ზოგჯერ, როდესაც მშობლები კამათობენ, ისინი ბოდიშს გვიხდიან მე და ჩემს უფროს ძმას, რადგან იციან, როგორ მოქმედებს ჩვენზე მათი დავა“. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგიძლიათ შვილებს ასწავლოთ, თავმდაბლად ნათქვამი შემდეგი სიტყვაა: „მაპატიე“.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2001 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 8—14, და 1994 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—12 (რუს.).

[სურათი 19 გვერდზე]

ნუ დაადანაშაულებ მშობლებს, უბრალოდ აუხსენი მათ, რას გრძნობ