ნუთუ მარცხი განიცადა ქრისტიანობამ?
ბიბლიის თვალსაზრისი
ნუთუ მარცხი განიცადა ქრისტიანობამ?
დედამიწის მოსახლეობის მესამედი თავს ქრისტიანად აცხადებს. მიუხედავად ამისა, საზოგადოება არასოდეს ყოფილა პოლიტიკურად ასე დაყოფილი და ამდენი ძალადობის მოწმე. ნუთუ მიზეზი ის არის, რომ იესოს სწავლებებს ნაკლი ჰქონდა? თუ ის, რომ ადამიანები არასწორად იყენებენ ქრისტეს სწავლებებს?
ეს სტატია განიხილავს იმას, თუ რას ასწავლიდა ქრისტე სინამდვილეში და როგორ მაგალითს აძლევდა თავის მიმდევრებს. სტატიაში ასევე საუბარი იქნება ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებს შორის გავრცელებულ შეხედულებაზე, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანობას ეწინააღმდეგება.
ქრისტიანობის დამახინჯებული სახე
ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით 400 წლის შემდეგ სახეშეცვლილი ქრისტიანობა რომის იმპერიაში წამყვან რელიგიად იქცა. ეგრეთ წოდებული ქრისტიანები უკვე აღარ იყვნენ საზოგადოებისთვის მიუღებელნი, რადგან აქტიურად ჩაებნენ რომაელთა პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. ასეთი ცვლილების საფუძველზე ეკლესიის წინამძღოლები, მათ შორის ავგუსტინე, ხალხს ასწავლიდნენ, რომ ღვთის სამეფო, რომელსაც ელოდნენ, მოსული იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სახეშეცვლილი პოლიტიკური და რელიგიური სამყარო ასრულებდა ღვთის ნებას დედამიწაზე. ასე რომ, ადამიანებმა საკუთარ თავზე აიღეს ქვეყნიერების მართვის პასუხისმგებლობა.
შედეგად, ბევრს სჯერა, რომ ქრისტიანმა გარკვეული როლი უნდა შეასრულოს საზოგადოების პოლიტიკურ განვითარებაში. ამიტომ, უმეტესობის აზრით, ქრისტიანმა ზოგიერთი რელიგიური შეხედულებები დროდადრო იმ საზოგადოებას უნდა მოარგოს, რომელშიც ცხოვრობს. მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ ქრისტეს სწავლებები სიყვარულისა და მშვიდობისკენ მოუწოდებს, თუმცა ისინი მხარს უჭერენ სისხლისმღვრელ ომებს. ამავე მიზეზით ეკლესიის
წინამძღოლები მრევლს მოუწოდებენ, ილოცონ ღვთის სამეფოსთვის, თუმცა დაუნდობელ პოლიტიკურ ლიდერებს უჭერენ მხარს.ეს ფსევდოქრისტიანობა ის არ არის, რაც ქრისტემ დააფუძნა. ეს ადამიანური მოძღვრებაა, რომელსაც დღეს ბევრი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი იზიარებს. სწორედ ამ ქრისტიანობამ განიცადა მარცხი, რასაც დღეს ქრისტიანულ სამყაროში ბიბლიური პრინციპების უგულებელყოფა მოწმობს.
რას ასწავლიდა იესო სინამდვილეში?
ზოგი შეიძლება გააოცოს იმის გაგებამ, რომ იესოს მიმდევრები არ უნდა ყოფილიყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი, როგორც [თვითონ არ იყო] ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:15, 16). რატომ მოუწოდებდა ქრისტე თავის მოწაფეებს ასეთი პოზიციისკენ? ამ კითხვაზე იესოს საყვარელი მოციქული იოანე გვპასუხობს. მან დაწერა: „ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19).
ამგვარად, ქრისტეს სწავლებები ხალხის ყურადღებას მიმართავს არა ადამიანთა მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციებისაკენ, არამედ ღვთის ზეციერი სამეფოსკენ, რომელიც დედამიწაზე სამართლიან ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს (მათე 6:10). დედამიწაზე ყოფნისას იესოს აზრადაც არ მოსვლია სოციალური პრობლემების მოგვარება. მან უარი განაცხადა პოლიტიკურ მოღვაწეობაზე (იოანე 6:15). ის არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ძალადობით შეიძლებოდა უთანხმოებების მოგვარება (მათე 26:50—53; იოანე 18:36). იესოს არც სახელმწიფო კონსტიტუცია ჩამოუყალიბებია და არც პოლიტიკურ მოძრაობაში მიუღია მონაწილეობა. მაგალითად, ის არც მონის უფლებათა დამცველად გამოსულა და არც იმისთვის უბრძოლია, რომ იუდეველები რომაელთა ბატონობისგან გაეთავისუფლებინა.
ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იესოს არ ანაღვლებდა ადამიანები და მათი პრობლემები. ის ბევრს ასწავლიდა, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ მოყვასისადმი; თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, კეთილსინდისიერად გადაეხადათ გადასახადები და კანონიერ ხელისუფლებას დამორჩილებოდნენ (მათე 22:17—21). იესო ასწავლიდა, ეზრუნათ მათ კეთილდღეობაზე, ვინც შემწეობას საჭიროებდა; არ შეელახათ სხვების ღირსება; ყოფილიყვნენ თანამგრძნობნი, მიმტევებელნი და გულმოწყალენი (მათე, თავები 5—7). ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ იესოს სწავლებები ღვთისა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნებოდა (მარკოზი 12:30, 31).
ქრისტიანობა დღეს
მაშ, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი? მან ის უნდა აკეთოს, რასაც იესო აკეთებდა. უნდა უერთგულოს ხელისუფლების დადგენილ კანონებს, მაგრამ პოლიტიკისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს (იოანე 12:47, 48). ძლიერი ზეწოლის დროსაც კი არ უნდა დათმოს ქრისტიანული პრინციპები (1 პეტრე 2:21—23). მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი ვერ იქნება მხოლოდ გულგრილი დამკვირვებელი; როგორც იესომ თქვა, მან საქმით უნდა აჩვენოს, რომ ზრუნავს სხვების კეთილდღეობაზე (მარკოზი 6:34). მან დრო, ენერგია და სახსრები არ უნდა დაზოგოს სხვებისთვის ქრისტეს სწავლებების გადასაცემად, რათა ისინიც ბედნიერნი იყვნენ (იოანე 13:17).
იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მიჰბაძონ ქრისტეს და ქვეყნიერების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდეთ, როგორიც იესოს ჰქონდა. ისინი მშვიდობიანი, კანონის მორჩილი მოქალაქეები არიან, მაგრამ არ არიან ქვეყნიერების ნაწილი. იესოს მსგავსად, ისინი არ მიმართავენ ძალადობას და არ ებმებიან პოლიტიკურ დებატებში, როგორც ამას უმრავლესობა აკეთებს. ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ კაცობრიობის პრობლემებს ღვთის სამეფო გადაჭრის. ჭეშმარიტი ქრისტიანები ბედნიერნი არიან და შეხმატკბილებულად ცხოვრობენ (იოანე 13:34, 35). ჭეშმარიტ ქრიატიანობას ნამდვილად არ განუცდია მარცხი!
გიფიქრიათ?
▪ უნდა მონაწილეობდნენ ქრისტიანები პოლიტიკაში? (იოანე 6:15).
▪ უთანხმოებების გადასაჭრელად ძალადობისკენ მოუწოდებდა ქრისტე? (მათე 26:50—53).
▪ რითი ამოიცნობიან ჭეშმარიტი ქრისტიანები? (იოანე 13:34, 35).
[საავტორო უფლებები დაცულია 18 გვერდზე]
EL COMERCIO, Quito, Ecuador