არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეხვედრა დიდ მეკონგთან

შეხვედრა დიდ მეკონგთან

შეხვედრა დიდ მეკონგთან

მდინარე მეკონგი აზიის ექვს ქვეყანაზე გადის. ის დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს ასაზრდოებს, მათ შორის 100-მდე ადგილობრივ თუ ეთნიკურ ჯგუფს. ყოველწლიურად მდინარეში 1, 3 მილიონ ტონამდე თევზს იჭერენ, რაც ოთხჯერ აღემატება ჩრდილოეთის ზღვაში დაჭერილი თევზის რაოდენობას. მისი სიგრძე 4 350 კილომეტრია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ის უდიდესი მდინარეა. რადგან ეს მდინარე რამდენიმე ქვეყანაზე გადის, მას უამრავი სახელი აქვს; ამათგან ყველაზე ცნობილია მეკონგი. ეს არის შემოკლებული სახელი, რომელიც ტაი ენაზე წარმოითქმის როგორც „მე ნამ კონგ“.

მეკონგი სათავეს იღებს ჰიმალაის მთებში. ის მთელი ძალით ეშვება მთის ფერდობებზე და ღრმა ხეობებში ჩაედინება. მდინარის უმეტესი ნაწილი ჩინეთზე გადის, სადაც მას ლანცანძიანი ეწოდება. ჩინეთიდან გასვლისას ის სათავესთან შედარებით 4 500 მეტრით დაბლაა, ხოლო მისი ბოლო ნაწილი მხოლოდ 500 მეტრის დაქანებით მიედინება. შედეგად, მდინარის ამ მონაკვეთში უფრო მშვიდი დინებაა. მას შემდეგ, რაც მდინარე ჩინეთს გასცდება, ის ერთმანეთისგან მიჯნავს მიანმასა და ლაოსს. მეკონგი ლაოსსა და ტაილანდს შორის არსებულ უმეტეს საზღვარსაც ქმნის. ის ორად იყოფა კამბოჯაში და ვიეტნამზე გადის, შემდეგ კვლავ იტოტება და ჩაედინება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

1860-იანი წლების მიწურულს ფრანგები შეეცადნენ მეკონგის საშუალებით ჩინეთში გასვლას. მათი იმედი გამტყუნდა, როცა კამბოჯაში, ქალაქ კრატიეჰთან სწრაფმა დინებამ მათ ხელი შეუშალა; სამხრეთ ლაოსში კი კონის შთამბეჭდავმა ჩანჩქერებმა მათ დაბრკოლება შეუქმნა. კონის ჩანჩქერების წყლის მასა აღემატება მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ჩანჩქერის წყლის მასას. მისი მასა ორჯერ მეტია ნიაგარას ჩანჩქერებზე, რომლებიც კანადისა და შეერთებული შტატების საზღვართან არის.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდინარე

მეკონგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკაში. მისი საპორტო ქალაქებია ლაოსის დედაქალაქი ვიენტიანი და კამბოჯის დედაქალაქი პნომპენი. ვიეტნამელთათვის მდინარე მეკონგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიეტნამში ის შვიდ ნაწილად იტოტება და ქმნის დელტას, რომლის ფართობიც 40 000 კვადრატული კილომეტრია, არხების საერთო სიგრძე კი — დაახლოებით 3 200 კილომეტრი. ამ წყალუხვ მდინარეს მინდვრებისა და ბრინჯის პლანტაციების სარწყავად იყენებენ. ის ნიადაგს ანოყიერებს შლამით, რის წყალობითაც წელიწადში ბრინჯის მოსავალს სამჯერ იღებენ. ბრინჯის ექსპორტიორთა შორის ტაილანდის მერე ვიეტნამი მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მდინარე მეკონგში დაახლოებით 1 200 სახეობის თევზია. კრევეტებსა და თევზის ზოგ სახეობას კომერციული მიზნით აშენებენ. საინტერესოა, რომ კამბოჯური ვალუტა, რიელი, ატარებს თევზის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობის სახელწოდებას (Cirrhinus caudimaculatus). მეკონგში აგრეთვე მოიპოვება ლოქოს სახეობა, რომლის სიგრძე დაახლოებით 2, 75 მეტრს აღწევს; ის გადაშენების ზღვარზეა. 2005 წელს მეთევზეებმა ამ მდინარეში 290-კილოგრამიანი ლოქო დაიჭირეს. შესაძლოა, ის მტკნარი წყლის ყველაზე დიდი ბინადარი იყო. მდინარე მეკონგში გადაშენების პირასაა ირავადის დელფინიც (Orcaella brevirostris). მეცნიერები ამბობენ, რომ მდინარეში სულ რაღაც 100 ირავადის დელფინიღა დარჩა.

მეკონგი არა მარტო მილიონობით ადამიანს ასაზრდოებს, არამედ გემთა მიმოსვლის საშუალებასაც იძლევა — მასზე პატარა გემებით მგზავრები გადაჰყავთ, დიდი გემებით კი საქონელი გადააქვთ; ასევე მოძრაობენ სატვირთო გემებიც, რომლებიც ოკეანეში გადიან. მდინარე უამრავ ტურისტს იზიდავს; ბევრი მათგანი კონის ჩანჩქერების გავლით ვიენტიანში მიდის. ვიენტიანი ცნობილია თავისი არხებით, პაგოდებით, ანუ კოშკებით, და წყალზე აშენებული სახლებით. ათ საუკუნეზე მეტია, რაც ის პოლიტიკური, რელიგიური და სავაჭრო ცენტრია. მდინარით შესაძლებელია ვიენტიანიდან ლუანგპრაბანგში გადასვლა. ეს საპორტო ქალაქი ერთ დროს ტაი-ლაოს დედაქალაქი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ფრანგთა მმართველობის დროს, ის ლაოსის სატახტო ქალაქი იყო. ფრანგების გავლენა დღესაც შეიმჩნევა ამ ისტორიულ ქალაქში.

ბოლო დროს იმ ქვეყნებში, სადაც მდინარე მეკონგი გადის, მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა. არასწორი მეთოდებით თევზჭერას მოჰყვა წყლის სხვა ბინადრების განადგურება, გაიჩეხა ტყეები და აიგო უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგურის კაშხლები. მრავალი ფიქრობს, რომ სიტუაციის მართვა შეუძლებელი გახდა. მაგრამ იმედი არსებობს.

ბიბლია გვპირდება, რომ მოსიყვარულე შემოქმედი თავისი სამეფოს მეშვეობით მალე ჩაერევა ადამიანების საქმეებში (დანიელი 2:44; 7:13, 14; მათე 6:10). ღვთის სრულყოფილი მთავრობის მეშვეობით მთელი დედამიწა განახლდება და მდინარეები სიხარულით ‘ტაშს შემოჰკრავენ’ (ფსალმუნი 98:7—9). იმ დროს მეკონგიც „ტაშს შემოჰკრავს“.

[რუკა 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჩინეთი

მიანმა

ლაოსი

ტაილანდი

კამბოჯა

ვიეტნამი

მდინარე მეკონგი

[სურათი 24 გვერდზე]

ბრინჯის პლანტაციები (მეკონგის დელტა).

[სურათი 24 გვერდზე]

მდინარე მეკონგში დაახლოებით 1 200 სახეობის თევზია.

[სურათი 25 გვერდზე]

მოტივტივე ბაზარი ვიეტნამში.

[სურათის საავტორო უფლებები 24 გვერდზე]

Rice paddies: ©Jordi Camí/age fotostock; fishing: ©Stuart Pearce/World Pictures/age fotostock; background: © Chris Sattlberger/Panos Pictures

[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]

Market: ©Lorne Resnick/age fotostock; woman:

©Stuart Pearce/World Pictures/age fotostock