არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სერიოზულად დაავადებულს რწმენა მაძლიერებს

სერიოზულად დაავადებულს რწმენა მაძლიერებს

სერიოზულად დაავადებულს რწმენა მაძლიერებს

მოგვითხრო ჯეისონ სტიუარტმა

„ძალიან ვწუხვარ მისტერ სტიუარტ. თქვენ ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (აგს) ანუ ლიუ გერიგის დაავადება გაქვთ *“. ექიმის თქმით პროგნოზი სავალალო იყო — მალე მოძრაობასა და ლაპარაკს ვეღარ შევძლებდი და ეს ავადმყოფობა თანდათანობით მომკლავდა. „რამდენ ხანს ვიცოცხლებ?“ — ვკითხე მე. „სამიდან ხუთ წლამდე“, — მიპასუხა მან. მაშინ ოციოდე წლის ვიყავი. მაგრამ ამ სამწუხარო ახალი ამბის მიუხედავად, თავს მრავალმხრივ კურთხეულად ვთვლიდი. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, თუ რატომ.

დავიბადე 1978 წლის 2 მარტს კალიფორნიის ქალაქ რედვუდში (აშშ). ჩემი მშობლები იყვნენ ჯიმ და კეიტ სტიუარტები. ოთხ დედმამიშვილს შორის მესამე ბავშვი ვიყავი. დედას და მამას ძალიან უყვარდათ ღმერთი. მათ მე და ჩემს და–ძმებს — მეთიუს, ჯენიფერსა და ჯონათანს — სულიერი ფასეულობებისადმი ღრმა პატივისცემა ჩაგვინერგეს.

რაც თავი მახსოვს, კარდაკარ ქადაგება, ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება ჩვენი ოჯახური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სწორედ ამგვარად აღზრდის შედეგად განმივითარდა იეჰოვა ღმერთისადმი მტკიცე რწმენა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ რა გამოცდას დაექვემდებარებოდა მალე ჩემი რწმენა.

ბავშვობის ოცნება მისრულდება

1985 წელს მამამ მთელი ოჯახი ნიუ–იორკში ბრუკლინის ბეთელის — იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს — დასათვალიერებლად წაგვიყვანა. მაშინ შვიდიოდე წლის ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბეთელი რაღაც განსაკუთრებული იყო. თავისი საქმიანობით ყველა კმაყოფილი ჩანდა. მაშინ ჩემთვის გავიფიქრე: „დიდი რომ გავხდები, ბეთელში წავალ და იეჰოვასთვის ბიბლიების გაკეთებაში მივიღებ მონაწილეობას“.

1992 წლის 18 ოქტომბერს იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. რამდენიმე წლის შემდეგ (მაშინ 17 წლის ვიყავი) მამამ კვლავ წამიყვანა ბეთელში. უკვე შედარებით უფროსი, ბევრად უკეთ ჩავწვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ყველაფერი, რაც იქ კეთდებოდა. ახლა ვეღარაფერი შემაცვლევინებდა გადაწყვეტილებას, მიმეღწია დასახული მიზნისთვის და ბეთელში მემსახურა.

1996 წლის სექტემბერში პიონერად, ანუ სრული დროით მქადაგებლად, მსახურება დავიწყე. მთლიანად სულიერი საქმეებით დავკავდი, რათა გონება ჩემს მიზანზე მქონოდა კონცენტრირებული. უფრო მეტ დროს ვუთმობდი ბიბლიის ყოველდღიურ კითხვასა და პირად შესწავლას. ღამ–ღამობით ვუსმენდი ბიბლიური მოხსენებების აუდიოჩანაწერებს. ზოგ მოხსენებაში მოყვანილი იყო იმ ქრისტიანთა მაგალითები, რომლებმაც სიკვდილის პირისპირ მომავალ სამოთხესა და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით ურყევი რწმენა გამოავლინეს (ლუკა 23:43; გამოცხადება 21:3, 4). მალე ეს მოხსენებები გონებაში მყარად ჩამებეჭდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რა ფასდაუდებელ სამსახურს გამიწევდა ახლო მომავალში ასეთი აღმშენებლური ინფორმაცია.

1998 წლის 11 ივლისს ბრუკლინიდან წერილი მივიღე — ბეთელში მიწვევდნენ. ერთი თვის შემდეგ უკვე ბეთელში ჩემს ოთახში ვიყავი. საამკინძაოში დამნიშნეს, სადაც ვამზადებდით წიგნებს, რომლებიც მრავალ კრებას ეგზავნებოდა. ბავშვობის ოცნება ამიხდა — ბეთელში ვიყავი და „იეჰოვასთვის წიგნებს ვაკეთებდი“!

სერიოზული დაავადება აღმომაჩნდა

ბეთელში წასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე შევნიშნე, რომ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ბოლომდე გაშლა მიჭირდა. იმავე პერიოდისთვის შევამჩნიე, რომ სამუშაოზე (მაშინ საცურაო აუზის მწმენდავად ვმუშაობდი) მალე ვიღლებოდი. მეგონა, სათანადოდ არ ვირჯებოდი, რადგან ადრე ისეთ სამუშაოებზეც მიმუშავია, სადაც ფიზიკურად უფრო მძიმედ მიწევდა შრომა.

ბეთელში მისვლიდან რამდენიმე კვირაში მდგომარეობა უფრო გამირთულდა. მე სხვა ახალგაზრდებივით არ შემეძლო კიბეებზე არბენა და ჩამორბენა. საამკინძაოში ჩემი მოვალეობა წიგნის გარკვეული ნაწილების შეკვრების აწევა იყო. მე არა მარტო ადვილად ვიღლებოდი, არამედ მარჯვენა ხელიც დამეკრუნჩხა. აგრეთვე დამეწყო ცერა თითის ატროფია და მალე ამ თითს საერთოდ ვეღარ ვამოძრავებდი.

შუა ოქტომბერში, ბეთელში მსახურების დაწყებიდან ორიოდე თვის შემდეგ, ექიმმა აგს–ს დიაგნოზი დამისვა. როგორც კი ექიმის კაბინეტიდან გამოვედი, მაშინვე იმ ბიბლიური მოხსენებების გახსენება დავიწყე, რომლებიც ადრე მქონდა მოსმენილი. ალბათ, იეჰოვას სული იყო ჩემთან, რადგან იმ აზრმა, რომ უნდა მოვმკვდარიყავი, არ შემაშინა. უბრალოდ, გამოვედი გარეთ და დაველოდე ძმას, რომელიც უკან, ბეთელში წამიყვანდა. ვლოცულობდი, რომ იეჰოვას გაეძლიერებინა ჩემი ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ეს ახალი ამბავი უნდა მეცნობებინა.

როგორც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიე, თავს მაინც კურთხეულად ვგრძნობდი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ბეთელში მოვხვედრილიყავი და ეს ოცნება ამიხდა. იმ საღამოს ბრუკლინის ხიდზე გადავდიოდი და იეჰოვას მადლობას ვეუბნებოდი იმისათვის, რომ ჩემი მიზნისთვის მიმაღწევინა. აგრეთვე მხურვალედ ვევედრებოდი, დამხმარებოდა ამ საშინელ განსაცდელთან გამკლავებაში.

მრავალი მეგობარი მირეკავდა, მამხნევებდა და დახმარებას მთავაზობდა. ვცდილობდი, მხიარული ვყოფილიყავი და დადებითზე მელაპარაკა. ამ საშინელი დიაგნოზის დასმიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, დედამ დამირეკა; მან შემაქო, რომ თავი ასე კარგად მეჭირა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ არც ტირილი იქნებოდა გაუმართლებელი. ამ სიტყვების მოსმენისთანავე გულამოსკვნით ავტირდი. უცებ ბოლომდე გავაცნობიერე, რომ ვკარგავდი ყველაფერს, რის მიღწევაზეც ვოცნებობდი.

დედ–მამას სურდა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი; ასე რომ, ოქტომბრის მიწურულს მათ კარზე მომიკაკუნეს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ბეთელში დამყავდა, ვაცნობდი ჩემს მეგობრებსა და ბეთელის ოჯახის ხანდაზმულ წევრებს, რომლებიც დიდი ხანი იყო, რაც ბეთელში მსახურობდნენ. ეს დღეები, როდესაც მშობლებს ბეთელის ცხოვრებას ვაცნობდი, ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეები იყო.

კურთხევებზე ვფიქრობ

ამის შემდეგ იეჰოვა კვლავაც განაგრძობდა მრავალმხრივ ჩემს კურთხევას. 1999 წლის სექტემბერში პირველი საჯარო მოხსენება გავაკეთე. შევძელი რამდენიმე მოხსენების წარმოთქმა სხვადასხვა კრებაშიც, მაგრამ მალე მეტყველება იმდენად დამიმახინჯდა, რომ იძულებული გავხდი, შემეწყვიტა საჯარო მოხსენებების წარმოთქმა.

სხვა კურთხევა იყო ჩემი ოჯახისა და და–ძმებისგან შემდგარი სულიერი ოჯახის მხრიდან დიდი სიყვარულისა და მხარდაჭერის მიღება. ფეხები რომ მომისუსტდა, მეგობრები მხარში ამომიდგნენ და მსახურებაში მატარებდნენ. ზოგიერთი მათგანი სახლშიც კი მოდიოდა ჩვენთან, რათა ჩემზე ეზრუნათ.

უდიდეს კურთხევებს შორის მინდა მოვიხსენიო, ჩემი მეუღლე, ამანდა. ბეთელიდან რომ დავბრუნდი, ჩვენ დავმეგობრდით. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა სულიერმა მოწიფულობამ. მე მას ყველაფერი მოვუყევი აგს–სა და იმის შესახებ, თუ რა მელოდა მომავალში. სანამ ერთმანეთთან დაქორწინების მიზნით შეხვედრას დავიწყებით, ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად მსახურებაში. 2000 წლის 5 აგვისტოს კი დავქორწინდით.

ამანდა ყვება: „ჯეისონისკენ იმან მიმიზიდა, რომ ძალიან უყვარდა იეჰოვა და ყოველივე სულიერისადმი დიდ გულმოდგინებას ავლენდა. ყველას, დიდსა თუ პატარას, სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. მე ბუნებით წყნარი და ჩაკეტილი ადამიანი ვარ, ის კი ცოცხალი და ენერგიულია და ძალიან ადვილად ამყარებს სხვებთან ურთიერთობას. ჩვენ ორივეს გვაქვს იუმორის გრძნობა, ამიტომ ბევრს ვიცინოდით ერთად. მასთან თავს ისე კარგად ვგრძნობდი, თითქოს ჩვენ ყოველთვის ვიცნობდით ერთმანეთს. ჯეისონმა ყველაფერი მითხრა თავისი დაავადებისა და იმის შესახებ, თუ რა მოუვიდოდა ახლო მომავალში. მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ერთად იმდენ ხანს ვიქნებოდით, რამდენის შესაძლებლობაც მოგვეცემოდა. გარდა ამისა, ამ სისტემაში ‘ჟამისა და შემთხვევისგან’ არავინ არის დაზღვეული, ისინიც კი, ვინც ჯანმრთელია (ეკლესიასტე 9:11).

ურთიერთობისთვის გზების გამონახვა

ჩემი ლაპარაკი თანდათანობით გაუგებარი გახდა, რის გამოც ამანდას ჩემს თარჯიმნად უწევდა ყოფნა. მაგრამ როდესაც ლაპარაკი საერთოდ აღარ შემეძლო, მე და ამანდამ ურთიერთობის სპეციალური სისტემა შევიმუშავეთ. ამანდა წარმოთქვამდა ანბანის ასოებს და, როდესაც იმ ასოს ამბობდა, რომელიც მე მინდოდა, თვალებით ვანიშნებდი. ის იმახსოვრებდა მას და შემდეგ მომდევნო ასოზე გადავდიოდით. ამგვარად ვეუბნებოდი მთელ წინადადებებს. მე და ამანდა საკმაოდ დავხელოვნდით ასეთი სახით ურთიერთობის დამყარებაში.

ახლა, თანამედროვე ტექნიკის წყალობით, მაქვს კომპიუტერი, რომლის დახმარებითაც სხვებთან ურთიერთობის დამყარება შემიძლია. ვბეჭდავ იმას, რის თქმაც მინდა და კომპიუტერი ახმოვანებს ჩემს ნაბეჭდს. დღეს აღარც ხელების გამოყენება შემიძლია და ლოყასთან მიმაგრებული მაქვს ინფრაწითელი სენსორი, რომელიც ნებისმიერ მოძრაობაზე რეაგირებს. კომპიუტერის ეკრანზე, კუთხეში, ჩნდება ჩარჩო, რომელშიც ანბანია მოცემული. ლოყის მოძრაობით შემიძლია მოვნიშნო ასო, რომელიც მინდა, და ამგვარად დავბეჭდო სიტყვები.

კომპიუტერის დახმარებით შემიძლია წერილები მივწერო ხალხს, რომელთაც ბიბლია აინტერესებთ და რომელთაც ჩემი მეუღლე ხვდება მსახურებისას. ნაბეჭდის კომპიუტერული გახმოვანებით შემიძლია კარდაკარ მსახურებისას წინასწარ მომზადებული შეთავაზების გაკეთება და ბიბლიის შესწავლების ჩატარება. ამგვარად მაქვს შესაძლებლობა, განვაგრძო სრული დროით პიონერად მსახურება. არც ისე დიდი ხნის წინ კვლავ შევძელი მოხსენებების წარმოთქმა და სხვა სასწავლო დავალებების შესრულება კრებაში, სადაც თანაშემწედ ვმსახურობ.

იუმორის გრძნობას არ ვკარგავ

ჩვენ არაერთი რთული განსაცდელი გამოვიარეთ. ფეხების კუნთების მოსუსტებასთან ერთად, მოულოდნელად დაცემა ჩემს ცხოვრებაში უფრო და უფრო ხშირი მოვლენა გახდა. რამდენჯერმე დავეცი გულაღმა და თავი გავიტეხე. ვინაიდან ჩემი კუნთები თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა, მოჭრილ ხესავით ვეცემოდი. ჩემს ირგვლივ მყოფთ ეს ძალიან აშინებდა და მაშინვე გამორბოდნენ საშველად. მაგრამ მდგომარეობის განსამუხტავად, ხშირად ვხუმრობდი. ყოველთვის ვცდილობდი იუმორის გრძნობის შენარჩუნებას. სხვა რაღა დამრჩენია? შეიძლებოდა ამ უბედურებას გავებოროტებინე, მაგრამ ეს კარგს რას მომიტანდა?

ერთ საღამოს, როდესაც ამანდასა და ორ მეგობართან ერთად გარეთ ვიყავი გასული, მოულოდნელად ზურგზე დავეცი და თავი დავარტყი. მახსოვს, ზემოდან სამი შეშინებული სახე დამყურებდა; ერთ–ერთმა მეგობარმა მკითხა:

— ხომ ყველაფერი რიგზეა?

— კი, — ვუთხარი მე, — მაგრამ ვარსკვლავებს ვხედავ.

— სერიოზულად? — მკითხა მეგობარმა.

— მართლა, — ვუპასუხე მე და ხელი ზეცისკენ გავიშვირე. — შეხედეთ, რა ლამაზები არიან.

ყველამ სიცილი დაიწყო.

ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება

კუნთების ატროფიის პროგრესირებასთან ერთად, მეტი და მეტი სირთულეები შემექმნა. სრულიად უბრალო საქმეებიც კი, მაგალითად ჭამა, ბანაობა, საპირფარეშოში სიარული და ტანსაცმელზე ღილის შეკვრა მალე ჩემთვის ძალების გამომცლელი, დამქანცველი, ყოველდღიური საზრუნავი გახდა. ახლა უკვე ჩემი მდგომარეობა იმდენად არის გაუარესებული, რომ დახმარების გარეშე არ შემიძლია მოძრაობა, ლაპარაკი, ჭამა ან სუნთქვა. ჩადგმული მაქვს მილი, რომლის საშუალებითაც თხევად საკვებს მაძლევენ. ხორხში კი ჩაყენებული მაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატთან შეერთებული მილი, რომელიც სუნთქვის საშუალებას მაძლევს.

გადაწყვეტილი მქონდა, რომ მაქსიმალურად თავად მეზრუნა საკუთარ თავზე, მაგრამ ამანდა ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. თანდათანობით სულ უფრო ვხდებოდი სხვაზე დამოკიდებული, თუმცა ამანდას არასდროს უგრძნობინებია ეს. ამანდა ყოველთვის ისე მექცეოდა, რომ პირადი ღირსების გრძნობა არ შემლახვოდა. ის, რასაც იგი ჩემთვის აკეთებს, მართლაც რომ საოცარია, მაგრამ ვიცი, რომ ამის კეთება მისთვის ადვილი არ არის.

ამანდა ასე აღგვიწერს თავის გრძნობებს: „ჯეისონს თანდათანობით უუარესდებოდა მდგომარეობა, ამიტომ მე ვასწრებდი იმის სწავლას, თუ როგორ მეზრუნა მასზე. ვინაიდან ის სუნთქვის ხელოვნურ აპარატს იყენებს, მას 24 საათის განმავლობაში სჭირდება ყურადღება. ფილტვებში დიდი რაოდენობით ნახველი და ნერწყვი უგროვდება და საჭიროა ამომწოვი საშუალების გამოყენებით მათი ამოსუფთავება. შედეგად, არც ერთს არ გვძინავს ღამე ნორმალურად. ზოგჯერ თავს მარტოდ და უმწეოდ ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ერთად ვართ, რთულია ურთიერთობის დამყარება. ის ასეთი ცოცხალი პიროვნება იყო, ახლა კი მხოლოდ თვალებიღა შემორჩა ძველებური. ჯეისონი დღემდე ძალიან ხუმარა და გონებამახვილია. მაგრამ ძალიან მაკლია მისი ხმა. მენატრება ისიც, რომ გულში ჩამიკრას ან, უბრალოდ, ხელი ჩამკიდოს.

სხვები ზოგჯერ მეკითხებიან, თუ როგორ ვუმკლავდები ასეთ მდგომარეობას. შექმნილმა სიტუაციამ მასწავლა, რამდენად მჭირდება იეჰოვაზე მინდობა. საკუთარ თავზე რომ ვიყო მინდობილი, ეს მდგომარეობა გამანადგურებდა. ლოცვა ძალიან მეხმარება, რადგან იეჰოვაა ერთადერთი პიროვნება, ვისაც ნამდვილად ესმის ჩემი და ის, თუ რის ატანა მიწევს. ჯეისონის მშობლები დიდ დახმარებას მიწევენ. ისინი ყოველთვის მზად არიან შემენაცვლონ, როდესაც ცოტა დასვენება ან საქადაგებლად გასვლა მჭირდება. ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი კრების და–ძმები გვიწევენ. აგრეთვე ძალებს მმატებს ის აზრი, რომ ამ სისტემაში ნებისმიერი ტანჯვა–წვალება „ხანმოკლე და მსუბუქია“ (2 კორინთელები 4:17). ვცდილობ, მთელი ყურადღება ახალ ქვეყნიერებაზე მქონდეს გადატანილი, სადაც იეჰოვა ყველა პრობლემას გადაჭრის. ალბათ, ძალიან ბევრს ვიცინებ და ვიტირებ, როდესაც მთელი ეს რთული პერიოდი გაივლის და ჯეისონი ისევ ის ჯეისონი იქნება, რაც ავადმყოფობამდე იყო“.

დეპრესიასთან ბრძოლა

უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ გულგატეხილობასთან მიწევს ბრძოლა, რადგან ინვალიდის სავარძელში სრულიად უმწეო ვარ. ერთხელ მახსოვს, ჩემს დასთან მთელი ოჯახი შევიკრიბეთ. საჭმელი ნაჭამი არ მქონდა და მშიერი ვიყავი. ყველა ჰამბურგერსა და ბატიბუტს მიირთმევდა. სევდა დამეუფლა, როდესაც ვუყურებდი, როგორ მიირთმევდნენ სხვები საჭმელს და ეთამაშებოდნენ ბავშვებს. ვიფიქრე: „ეს უსამართლობაა! მე რატომ ვარ ყოველივე ამას მოკლებული?“ არ მინდოდა საღამო ყველასთვის გამეფუჭებინა, ამიტომ იეჰოვას ვთხოვდი, დამხმარებოდა, რათა არ ავტირებულიყავი.

საკუთარ თავს შევახსენე, რომ ერთგულების შენარჩუნებით იეჰოვას იმის შესაძლებლობას მივცემდი, რომ პასუხი გაეცა სატანისთვის, რომელიც მას ‘დასცინის’ (იგავები 27:11, აქ). ამ აზრმა ძალები შემმატა, რადგან მივხვდი, რომ ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რომ შემძლებოდა ბატიბუტის ჭამა ან ბავშვებთან თამაში.

ძალიან ადვილია ჩემნაირი ავადმყოფისთვის, საკუთარ პრობლემებში ჩაეფლოს და სხვა ვერაფერი დაინახოს. მაგრამ ‘უფლის საქმეში ბევრი შრომა‘ ძალიან მეხმარება (1 კორინთელები 15:58). აქტიურად ვიღებ მსახურებაში მონაწილეობას, რის გამოც საკუთარ პრობლემებზე სადარდებლად დრო აღარ მრჩება. ბედნიერი ვარ უმთავრესად იმით, რომ მთელი ყურადღება იმაზე მაქვს გამახვილებული, სხვებს იეჰოვასადმი რწმენის განვითარებაში დავეხმარო.

დეპრესიასთან ბრძოლაში კიდევ ერთი რამ მეხმარება. ვფიქრობ იმ ერთგულ ქრისტიანთა მაგალითებზე, რომლებიც დააპატიმრეს (ზოგი კი სამარტოო სატუსაღოში ჩასვეს) იმის გამო, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება არ შეწყვიტეს. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ჩემი ოთახი ციხის საკანია და რწმენის გამო ვარ დაპატიმრებული. ვფიქრობ იმ უპირატესობაზე, რომლებიც იმ პატიმარ და–ძმებთან შედარებით მაქვს. მე მაქვს ბიბლიური ლიტერატურა. შემიძლია დავესწრო ქრისტიანულ შეხვედრებს პირადად ან ტელეფონით მოვისმინო ისინი. შემიძლია თავისუფლად ვიქადაგო. გვერდით მყავს ძვირფასი მეუღლე. ამგვარად ფიქრი მეხმარება, დავინახო, თუ რამდენად ვარ კურთხეული.

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოციქულ პავლეს სიტყვებს: „სულით არ ვეცემით და თუ ჩვენი გარეგანი კაცი ჭკნება, შინაგანი დღითი დღე ახლდება“. მე ზუსტად ის ადამიანი ვარ, რომელიც გარეგნულად დღითი დღე ჭკნება. მაგრამ მთელი გულით მაქვს გადაწყვეტილი, ფარ–ხმალი არ დავყარო. ამტანობას მაძლევს რწმენის თვალების ‘უხილავისთვის’ მიპყრობა. ამ უხილავში მომავალი ახალი ქვეყნიერების კურთხევებიც შედის; ახალი ქვეყნიერებისა, სადაც ვიცი, რომ იეჰოვა კვლავ გამამრთელებს (2 კორინთელები 4:16, 18).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ადამიანის ორგანიზმზე ამ დაავადების გავლენის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, კარგი იქნებოდა, გადაგეხედათ 27–ე გვერდზე მოცემული ჩარჩოსთვის: „ინფორმაცია აგს–ს შესახებ“.

[ჩარჩო/სურათი 27 გვერდზე]

ინფორმაცია აგს-ს შესახებ

რა არის აგს? აგს (ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი) არის დაავადება, რომელიც სწრაფად პროგრესირებს და აზიანებს მოტორულ ნეირონებს (ნერვულ უჯრედებს) ზურგის ტვინსა და ტვინის ღეროში. მოტორული ნეირონების საშუალებით ხდება ტვინიდან ნებით კუნთებზე ინფორმაციის გადაცემა. აგს იწვევს მოტორული ნეირონების დეგენერაციას ანუ კვდომას, რასაც პროგრესული პარალიზი მოჰყვება *.

რატომ ეწოდება აგს-ს ლიუ გერიგის დაავადება? ლიუ გერიგი ცნობილი ამერიკელი ბეისბოლელი იყო, რომელსაც 1939 წელს აგს-ს დიაგნოზი დაუსვეს და 1941 წელს ამ დაავადების გამო 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზოგ ქვეყანაში აგს-ს მოტორულ ნეირონთა დაავადება ეწოდება. ეს სახელწოდება მოიცავს აღნიშნული კატეგორიის უფრო მეტ დაავადებას, რომლებშიც აგს-ც შედის. აგს-ს ზოგჯერ შარკოს დაავადებასაც უწოდებენ ფრანგი ნევროლოგის ჟან-მარტინ შარკოს პატივსაცემად, რომელმაც 1869 წელს პირველად აღწერა ეს დაავადება.

რა იწვევს აგს-ს? მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მკვლევარების აზრით, ის შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა, ცილების უკმარისობამ, გენეტიკურმა დეფექტმა (განსაკუთრებით ოჯახური აგს-ს შემთხვევაში), მძიმე მეტალებმა, ნეიროტოქსინებმა (განსაკუთრებით გუამური აგს-ს შემთხვევაში) იმუნური სისტემისა და ფერმენტთა პათოლოგიებმა.

როგორია პროგნოზი? დაავადების პროგრესირებასთან ერთად კუნთები სუსტდება და ატროფია მთელ სხეულზე ვრცელდება. ბოლო სტადიებზე დაავადება ასუსტებს სასუნთქ კუნთებს და პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დამოკიდებული ხდება. ეს დაავადება მხოლოდ მოტორულ ნეირონებს აზიანებს, ამიტომ ის არ ეხება პაციენტის გონებას, პიროვნებას, ინტელექტს თუ მეხსიერებას. იგი არც გრძნობათა ორგანოებს ეხება. პაციენტს შენარჩუნებული აქვს მხედველობა, ყნოსვა, გემოვნება, სმენა და გრძნობს შეხებას. აგს, ჩვეულებრივ, სიმპტომთა პირველი გამოვლინებიდან 3—5 წელიწადში სიკვდილით მთავრდება; მაგრამ დაახლოებით 10 პროცენტი ათ წელს და მეტ ხანსაც ცოცხლობს.

რის გაკეთება შეიძლება? დღესდღეობით აგს არ იკურნება. ექიმმა შეიძლება გამოწეროს წამლები, რომლებიც ამ დაავადების ზოგ სიმპტომთან დაკავშირებულ დისკომფორტს ამცირებს. სიმპტომებისა და დაავადების სტადიიდან გამომდინარე, პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ გარკვეული სარეაბილიტაციო მომსახურებით, რომელშიც შედის მეტყველების თერაპია და ფიზიოთერაპია; აგრეთვე დახმარების მიზნით სხვადასხვა დანადგარების გამოყენება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 50 არსებობს სამი ტიპის აგს: სპორადული (ყველაზე ხშირად გვხვდება), ოჯახური (შემთხვევათა 5-10 პროცენტში შთამომავლობაში აღენიშნებოდა ვინმეს) და გუამური (ძალიან ხშირად გვხვდება გუამსა და წყნარი ოკეანის სხვა ტერიტორიებზე).

[საავტორო უფლებები დაცულია]

Lou Gehrig: Photo by Hulton Archive/Getty Images

[სურათი 25 გვერდზე]

1985 წელს ბეთელში ექსკურსიაზე.

[სურათი 26, 27 გვერდებზე]

ამანდასთან ერთად ქორწილის დღეს.

[სურათი 28 გვერდზე]

სხვებთან ურთიერთობას სპეციალური კომპიუტერის საშუალებით ვახერხებ.

[სურათი 28, 29 გვერდებზე]

ჩვენს კრებაში მოხსენებას წარმოვთქვამ.